ფოთის მერია უკრაინული ქალაქების დასახმარებლად ჰუმანიტარულ აქციას იწყებს და სარეზერვო ფონდიდან 20 000 ლარს გამოყოფს

უკრაინულ ქალაქებში დაზარალებული მოსახლეობის დახმარების მიზნით, ქალაქ ფოთში ჰუმანიტარული დახმარების შეგროვება იწყება და ამისთვის სარეზერვო ფონდიდან 20 000 ლარი გამოიყოფა. ინფორმაციას ამის შესახებ ფოთის მერია ავრცელებს.
მუნიციპალიტეტის მერია ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს და სამოქალაქო საზოგადოებას აქციაში ჩართვისკენ მოუწოდებს.
„მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ნებისმიერ მოქალაქეს სურვილის შემთხვევაში შეუძლია ჰუმანიტარულ აქციაში ჩაერთოს და არამალფუჭებადი პროდუქცია და ასევე, პირველადი მოხმარების საჭიროების ნივთები მოიტანოს. მერიის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხა გამოყენებული იქნება, უკრაინელი მოსახლეობის პირველადი მოხმარების სამედიცინო ნივთების შესაძენად,“ - განაცხადა ფოთის მერმა, ბექა ვაჭარაძემ.
მათივე ცნობით, ჰუმანიტარული პუნქტი ხვალიდან ფოთში, ნინო ჟვანიას ქ. N7-ში მდებარე, მეორე საჯარო სკოლის ტერიტორიაზე არსებულ სპორტულ დარბაზში გაიხსნება.
აქციაში ჩართვის მსურველებმა ინფორმაციისთვის უნდა დარეკონ ნომერზე: 577 92 78 78
ჰუმანიტარული ტვირთვის ტრანსპორტირებას უკრაინის შესაბამის ოლქებსა და ქალაქებში საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს.

























