აჭარა უკრაინის დამეგობრებულ რეგიონებს და ქალაქებს ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს

აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან უკრაინის დამეგობრებული ოლქების და ქალაქების დასახმარებლად ფინანსებიგამოიყოფა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნული თანხით მოხდება სამედიცინო დახმარების საგნების, მედიკამენტების შესყიდვა და უკრაინული მხარისთვის გადაცემა. ამასთან, აჭარის მთავრობას აქვს აქტიური კომუნიკაცია დამეგობრებულ უკრაინულ რეგიონებთან და ჰუმანიტარული ტვირთის შეძენაც მათი საჭიროებების მიხედვით იგეგმება.
აჭარის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ უკრაინული ქალაქებისთვის ჰუმანიტარული დახმარების პროცესში ჩაერთვება ბათუმი, ქობულეთი, ხელვაჩაური, ქედა, შუახევი და ხულო.
ამასთან, აჭარის მუნიციპალიტეტების მერიების მხრიდან გამოიყოფა ფინანსური რესურსები უკრაინელი ხალხისთვის, პირველადი მოხმარების აუცილებელი ნივთების შესაძენად.
აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან და მუნიციპალიტეტებიდან 200 ათასი ლარის მობილიზება განხორციელდება.
ასევე, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტს დაევალა უკრაინელი ვიზიტორების მასპინძლობისა და სხვადასხვა სერვისებით უზრუნველყოფა.

























