ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, ჰუმანიტარული ტვირთის მობილიზება მიმდინარეობს

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, ჰუმანიტარული ტვირთის მობილიზება აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, რეგიონის მუნიციპალიტეტების - რუსთავის, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულისა და წალკის მერების ასევე, კერძო და სამოქალაქო სექტორის ერთობლივი ძალისხმევით, პირველადი მოხმარების ნივთებისა და საკვები პროდუქტებისა შეძენა განხორციელდა. პროცესი მომდევნო დღეების განმავლობაშიც აქტიურად გაგრძელდება.
როგორც ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა აღნიშნა, პროცესში რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის მერი, კერძო და სამოქალაქო სექტორია ჩართული.
„კიდევ ერთხელ გამოვხატავ სოლიდარობას უკრაინელი ხალხის მიმართ და მათ დასახმარებლად მიმდინარე ჰუმანიტარულ აქციას აქტიურად ვუერთდებით. პროცესში რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის მერი, კერძო და სამოქალაქო სექტორია ჩართული, რომელთაც განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი სწრაფი და ოპერატიული რეაგირებისთვის. სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელობით, ჰუმანიტარული ტვირთის მობილიზება შემდეგ დღეებშიც აქტიურად გაგრძელდება“, - განაცხადა გიორგი დოხტურიშვილმა.
ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირებას ქვემო ქართლის რეგიონი საქართველოს მთავრობის დახმარებით უზრუნველყოფს.

























