მარნეულის მუნიციპალიტეტი უკრაინელი ხალხისადმი სოლიდარობის კამპანიას შეუერთდა

მარნეულის მუნიციპალიტეტი უკრაინელი ხალხისადმი სოლიდარობის კამპანიას შეუერთდა

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის კენან ომაროვის გადაწყვეტილებით, მარნეულის მუნიციპალიტეტი შეუერთდა უკრაინელი ხალხისადმი სოლიდარობის კამპანიას.

ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მარნეულის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მოსახლეობის მიერ, ასევე სკოლების, არასამთავრობო ორგანიზაციების, სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლების აქტიური ჩართულობით, უკრაინელი ხალხისთვის სხვადასხვა სახის ნივთები, მედიკამენტები და არამალფუჭებადი პროდუქტები შეგროვდა.

„გამოიყო თანხა მუნიციპალიტეტის მერიის სარეზერვო ფონდიდან, რომელიც პირველადი მოხმარების ნივთებისა და სამედიცინო დანიშნულების საგნების შეძენას მოხმარდა.

ჰუმანიტარული პროდუქტების შეგროვების პროცესს მერი, ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ადგილზე პირადად გაეცნო. აღსანიშნავია, რომ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირებას საქართველოს მთავრობის დახმარებით უზრუნველყოფს.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია სოლიდარობას უცხადებს უკრაინასა და უკრაინელ ხალხს!“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.