სერგეი უტკინი - იმ პროცესების ფონზე, რაც ახლა უკრაინაში ხდება, რუსეთისთვის მოვლენათა განვითარების ვერანაირ პოზიტიურ სცენარს ვერ ვხედავ

სერგეი უტკინი - იმ პროცესების ფონზე, რაც ახლა უკრაინაში ხდება, რუსეთისთვის მოვლენათა განვითარების ვერანაირ პოზიტიურ სცენარს ვერ ვხედავ

უკრაინის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებსა და იმაზე, სავარაუდოდ რა გაგრძელება ექნება უკრაინულ კრიზისს, „ინტერპრესნიუსი“ რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მსოფლიო ეკონომიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის თანამშრომელს, სერგეი უტკინს ესაუბრა.

- ბატონო სერგეი, სოციალურ ქსელში გავეცანი თქვენს საკმაოდ კრიტიკული შეფასებებს იმაზე, რაც ახლა უკრაინაში ხდება და რომლის ავტორი რუსეთის ფედერაცია და მისი პრეზიდენტი და მთავრობაა.

გამახსენდა, რომ წლების წინ „ინტერპრესნიუს“ ჰქონდა თქვენთან ინტერვიუ ჩაწერილი, კოორდინატები მოვიძიე და დაგირეკეთ.

როგორ შეაფასებდით იმას, რაც ახლა უკრაინაში ხდება? მხედველობაში მაქვს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ყველა მხრიდან დაწყებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია, რასაც უამრავი ხალხი ეწირება და ნადგურდება უკრაინის ქალაქები და სოფლები?

- ვიდრე ეს ყველაფერი დაიწყებოდა ვამბობდი, რომ უკრაინასთან ღია და ფართომასშტაბიანი დაპირისპირება იქნებოდა კატასტროფა როგორც უკრაინისთვის, ისე რუსეთისთვის. ეს ბევრჯერ მითქვამს, მაგრამ ვთვლიდი, რომ ეს არ მოხდებოდა. ჩემთვის მოვლენათა ამგვარი განვითარების შემთხვევაში კატასტროფული შედეგები იყო მიზეზი იმისა, რომ წარმოუდგენლად მიმაჩნდა ამგვარი გადაწყვეტილების მიღება.

ვხედავთ, რომ გადაწყვეტილება მიღებულია და უკრაინის ტერიტორიაზე ომი მიმდინარეობს და მისი შედეგები კატასტროფულია არა მხოლოდ უკრაინისთვის, რომლის ტერიტორიაზეც მიდის ომი, არამედ რუსეთისათვის, რომელიც დასავლეთის უპრეცედენტო სანქციების გამო ზეწოლას განიცდის.

ფაქტია, რომ დღეისათვის რუსეთს, რომელმაც უკრაინასთან ომის დაწყების გადაწყვეტილება მიიღო, მთელი სამყარო მისი წინააღმდეგია. ეს ანგრევს რუსეთის რეპუტაციას და ფაქტია ისიც, რომ ამის შემდეგ საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთს ძალიან გაუჭირდება.

დღეისათვის რუსეთს, რომელმაც უკრაინასთან ომის დაწყების გადაწყვეტილება მიიღო, მთელი სამყარო მისი წინააღმდეგია. ეს ანგრევს რუსეთის რეპუტაციას და ფაქტია ისიც, რომ ამის შემდეგ საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთს ძალიან გაუჭირდება

- ჩვენ დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად ვადევნებთ თვალს ომს უკრაინაში. ვხედავთ, რომ უკრაინის მთავრობა და ამ ქვეყნის მოქალაქეები გმირულ წინააღმდეგობას უწევენ აგრესორი ქვეყნის სამხედრო ძალებს.

თქვენი აზრით ეს ყველაფერი რისკენ მიდის და სავარაუდოდ როგორ შეიძლება ეს დასრულდეს?

- ამ კითხვას მეც ხშირად ვუსვამ საკუთარ თავს. პირადად მე, იმ პროცესების ფონზე, რაც ახლა უკრაინაში ხდება, მე რუსეთისთვის მოვლენათა განვითარების ვერანაირ პოზიტიურ სცენარს ვერ ვხედავ.

თუ დავუშვებთ, რომ ის მაქსიმალისტური მიზნები, რომელიც პრეზიდენტმა პუტინმა გააჟღერა, ისინი განხორციელდება, რუსეთისთვის სასიკეთო მაინც არაფერი იქნება. რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ მას სურს უკრაინის „დემილიტარიზაცია“ და დენაციფიკაცია“. ეს ითვალისწინებს უკრაინაზე რუსეთის სრულ კონტროლს.

არ გამოირიცხება ქვეყნის ნაწილებად დაშლა, ამას მე დეელენერეზაციას დავარქმევდი. ჯერ ერთი, ჩემი აზრით, მოვლენათა ამ სცენარით განვითარება ნაკლებად რეალისტურად გამოიყურება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს პროცესი იმ უპრეცედენტო სანქციების ფონზე იქნება, რომელიც რუსეთს დაუწესდა.

თუ რუსეთი უკრაინის დაშლის გზას დაადგა, ეს მისი მხრიდან გარდა იმისა, რომ ყველა საერთაშორისო ნორმების დარღვევების გაგრძელება იქნებოდა, გაუგებარია ეს რამდენად მყარი იქნებოდა.

რატომ? იმიტომ რომ ჩვენ ახლა ვხედავთ თუ როგორ იბრძვიან უკრაინის მოქალაქეები რუსეთის ჯარის წინააღმდეგ და ისიც ცხადია, რომ არანაირი სურვილი არ აქვთ მომავალში რაიმე ფორმით რუსეთის კონტროლის ქვეშ იცხოვრონ.

იმიტომ რომ ჩვენ ახლა ვხედავთ თუ როგორ იბრძვიან უკრაინის მოქალაქეები რუსეთის ჯარის წინააღმდეგ და ისიც ცხადია, რომ არანაირი სურვილი არ აქვთ მომავალში რაიმე ფორმით რუსეთის კონტროლის ქვეშ იცხოვრონ

ფაქტია, რომ რუსეთის სამხედრო დანაყოფებს იმ მიწაზე, სადაც ახლა საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, არანაირი მხარდაჭერა არ აქვთ. მტრულად განწყობილ გარემოში რაიმე ტიპის კონტროლის დაწესებაზე საუბარი არა მარტო რთულია, პრაქტიკულად წარმოუდგენელია.

რუსეთის სამხედრო დანაყოფებს იმ მიწაზე, სადაც ახლა საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, არანაირი მხარდაჭერა არ აქვთ. მტრულად განწყობილ გარემოში რაიმე ტიპის კონტროლის დაწესებაზე საუბარი არა მარტო რთულია, პრაქტიკულად წარმოუდგენელია

რუსეთის მიერ ყირიმის მიერთებამდე სხვა განწყობები იყო. დანარჩენი უკრაინის მთელ ტერიტორიაზე მაშინაც და ახლაც სულ სხვა განწყობებია. შესაძლოა ქვეყნის მოსახლეობა არ იყო აღფრთოვანებული იგივე მაიდნის პროცესით, ანაც უკრაინის ხელისუფლებით, მაგრამ ფაქტია, რომ უკრაინაში არავის უნდა რუსული ტანკების მხარდაჭერა.

ასეთ ვითარებაში როგორ წარმოუდგენია ვინმეს უკრაინაში სიტუაციის მოგება, მე არ მარტო არ მესმის, საერთოდ რთულად წარმომიდგენია. მოვლენათა განვითარების ალტერნატიული ვერსიები, რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ ამის გამკეთებელი რუსეთში ჯერ არავინ ჩანს.

მოვლენათა განვითარების ალტერნატიული ვერსიები, რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ ამის გამკეთებელი რუსეთში ჯერ არავინ ჩანს

ვგულისხმობ იმის აღიარებას, რომ უკრაინული ავანტიურა არ გამოვიდა და წასასვლელია კომპრომისულ გადაწყვეტილებებზე. მაგრამ, ახლა, როცა რუსეთს გადაკვეთილი აქვს ყველა წითელი ხაზი, ძალიან ძნელია დაუბრუნდე ნორმატიულ სამართლებრივ სივრცეს.

ისეთი პირი უჩანს, მათ ვინც ეს ომი დაიწყო და ყველა ნეგატიური შედეგი მიიღო, აქვს ჟინი გააგრძელოს უკრაინაზე ზეწოლა. ეს კი საკმაოდ ცუდი გზაა, როგორც უკრაინისთვის, ისე რუსეთისთვის.

- ვხედავთ, რომ რუსეთში ხალხის გარკვეული ნაწილი აპროტესტებს ომს უკრაინაში. გასაგებია, რომ აქტივისტებს აკავებენ, თან საკმაოდ ცუდადაც ექცევიან.

თქვენი დაკვირვებით რუსეთის მოსახლეობის უდიდესი ნაწილის დამოკიდებულება იმაზე, რაც ახლა უკრაინაში რუსეთი აკეთებს, როგორია?

- დიახ, ვხედავთ, რომ რუსეთში ყალიბდება ომის წინააღმდეგ მოძრაობა, მაგრამ გადაჭარბებული იქნებოდა იმის თქმა, რომ უახლოეს მომავალში მათი აქტივობის შედეგად ომთან დაკავშირებით ხელისუფლების დამოკიდებულება შეიცვლება.

რუსეთში ყალიბდება ომის წინააღმდეგ მოძრაობა, მაგრამ გადაჭარბებული იქნებოდა იმის თქმა, რომ უახლოეს მომავალში მათი აქტივობის შედეგად ომთან დაკავშირებით ხელისუფლების დამოკიდებულება შეიცვლება

ომის საწინააღმდეგო ლოზუნგებით გამოდის ხალხი ინტერნეტში, მაგრამ რაც შეეხება ქუჩას, აქ მოქმედებს შეკრებებზე შეზღუდვები, რომელიც კოვიდს უკავშირდება. ხელისუფლებას აქვს ფორმალური საფუძველი არ დაუშვას თუნდაც ცალკეული ადამიანების პიკეტები, რომელთა ირგვლივ ხალხი მყისიერად იკრიბება, რაც სამართალდამცავებს მათი დაშლის, ან დაკავების საშუალებას აძლევს.

- რუსეთის წინააღმდეგ საკმაოდ დიდი ეკონომიკური სანქციებია დაწესებული. თქვენი დაკვირვებით რამდენად შეეხო და იგრძნო ხალხმა ქვეყნის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები?

- სწრაფად ეცემა რუსული რუბლის კურსი. ხალხი ბანკებს მიაწყდა რომ სახარჯო ფული გამოიტანოს. არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ ბანკები უარს იტყვიან ფულის გაცემაზე. მაგრამ, ამ პანიკის ფონზე გასაკვირი არაა, რომ ხალხმა სახარჯო ფული მოიმარაგა.

ვისაც ომისსაწინააღმდეგო იდეები არ აწუხებს და იმის მიმართ, რაც ხდება უფრო კონფორმისტული დამოკიდებულება აქვს, მათთვის ცხოვრება ჩვეულ რეჟიმში გრძელდება. დამოკიდებულებაც ასეთია - ვიცხოვრებთ და ვნახავთ. ზემოთ რაღაც გადაწყვეტილებები მიიღეს, ჩვენ პატარა ხალხი ვართ და ასე შემდეგ.

ამ ადამიანების გარკვეულ ნაწილს ისიც აკვირვებს, რომ ადამიანები ცდილობენ ბრძოლას ომის წინააღმდეგ. ისინი ასე ფიქრობენ - ჩვენი საქმე არაა პოლიტიკა. არადა, ფაქტია, რომ ვინმეს უნდა თუ არა, პოლიტიკა ყველას კარზე აკაკუნებს.

ადამიანების გარკვეულ ნაწილს ისიც აკვირვებს, რომ ადამიანები ცდილობენ ბრძოლას ომის წინააღმდეგ. ისინი ასე ფიქრობენ - ჩვენი საქმე არაა პოლიტიკა. არადა, ფაქტია, რომ ვინმეს უნდა თუ არა, პოლიტიკა ყველას კარზე აკაკუნებს

მოსახლეობის უმეტესობა იმით რაც უკრაინაში ხდება შოკირებულია, ნაწილი დეზორიენტირებულია და აქტიურობას არ აპირებს. მაგრამ, იმის გათვალისწინებით, რომ ეს კონფლიქტი სავარაუდოდ დიდხანს გაგრძელდება, რასაც მოჰყვება მეტი ნეგატიური შედეგები, ალბათ, ეს გამოიწვევს განწყობებში ცვლილებას. ასეთ ვითარებაში ასე ხდებოდა საკმაოდ განვითარებულ ქვეყნებშიც კი.

- ექსპერტები, ვინც მეტად ერკვევა ფინანსებისა და რესურსების მოძრაობაში, მათ შეზღუდვაში იმ მასშტაბით, რაც ახლა რუსეთს დაუწესდა, რუსეთთან მიმართებაში მათი პროგნოზი საკმაოდ მძიმეა...

- მეც ხშირად მესმის ამ თემებზე საუბრები. რაც მოვისმინე, ვფიქრობ აშკარად გადაჭარბებული პროგნოზებია. რა თქმა უნა, ის ნორმალური პროცესები, რაც მანამდე ეკონომიკურ და საბანკოს სფეროში ხდებოდა, ისე მართლაც არაფერი იქნება. დასჭირდება დიდი ძალისხმევა იმას, რომ ხალხმა მაღაზიებში ის პროდუქტები შეიძინონ, რომელიც უნდათ.

ხელისუფლებამ უკვე გამოაცხადა ზომები, რომლითაც მოხდება პირველადი მოხმარების საქონელზე ფასებზე კონტროლი. როგორც ჩანს, ხელისუფლება გამოყოფს ფინანსებს რომ პირველადი მოხმარების საქონელზე ფასები კატასტროფულად არ გაიზარდოს.

ხელისუფლებამ უკვე გამოაცხადა ზომები, რომლითაც მოხდება პირველადი მოხმარების საქონელზე ფასებზე კონტროლი. როგორც ჩანს, ხელისუფლება გამოყოფს ფინანსებს რომ პირველადი მოხმარების საქონელზე ფასები კატასტროფულად არ გაიზარდოს

ამასთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ დღევანდელი რუსეთი არ ჰგავს არც სსრკ-ს და არც გვიანდელ სსრკ-ს, ახლა ყველაფერი საბაზრო ურთიერთობებს უფუძნება. ისინი საკმაოდ კარგადაა რუსეთში განვითარებული. შესაძლოა საქონლის შემადგენლობაში მოხდეს ცვლილებები, არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეული საქონელი საერთოდ გაქრება, მაგრამ არც ისაა გამორიცხული, რომ ისინი რამე სხვათი ჩანაცვლდეს.

- გასაგებია, რომ რუსეთში შიმშილით არავინ მოკვდება, მაგრამ საუბარია იმაზე, რომ იმ სანქციების პირობებში, რაც რუსეთს დაუწესდა, ქვეყანას განვითარება გაუჭირდება თუნდაც იმიტომ, რომ საგარეო ბაზრებზე რამის შეძენაც გაუჭირდება და რამის გაყიდვაც, მათ შორის ნავთობისა და გაზის გაყიდვაც...

- დიახ, როცა ვამბობ, რომ ომის დაწყება რუსეთისთვის კატასტროფული შედეგი ექნება, სწორედ ამას ვგულისხმობდი. უპირველესად იმ დაწესებულ სანქციებს, რაზეც განცხადებები პრაქტიკულად ყოველ დღე კეთდება.

მიუხედავად ამისა, მაინც ვამბობ - ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთში ყველაფერი გაჩერდება და ეკონომიკა ისე ჩამოიშლება, როგორც ეს სსრკ-ს არსებობის ბოლო წლებიდან გვახსოვს.

მიუხედავად ამისა, მაინც ვამბობ - ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთში ყველაფერი გაჩერდება და ეკონომიკა ისე ჩამოიშლება, როგორც ეს სსრკ-ს არსებობის ბოლო წლებიდან გვახსოვს

- თქვენი დაკვირვებით ომი უკრაინაში კიდევ დიდხანს გაგრძელდება?

- ამ თემაზე სხვადასხვა პროგნოზები კეთდება. ზოგი ამბობს რომ ეს ომი რამდენიმე კვირა გაგრძელდება, ზოგი ვარაუდობს რამდენიმე თვე. ამ თემაზე საუბრისას მთავარია რა შეიძლება ჩაითვალოს ომის დასრულების საფუძვლად.

საკითხავია, თუ რუსეთმა უკრაინაზე კონტროლი დაამყარა, ეს შეიძლება ჩაითვალოს თუ არა ომის დასასრულად? თუ ამის შემდეგ დაიწყება გრძელი ფაზა, რომელიც მეტად დაემსგავსება ომს ავღანეთში. გვახსოვს თუ როგორ აკონტროლებდა ავღანეთს საერთაშორისო კოალიცია, შემდეგ ეს იმით დასრულდა, რომ იგივე საერთაშორისო კოალიცია ავღანეთიდან სამარცხვინოდ გამოვიდა.

თუ რუსეთმა უკრაინაზე კონტროლი დაამყარა, ეს შეიძლება ჩაითვალოს თუ არა ომის დასასრულად? თუ ამის შემდეგ დაიწყება გრძელი ფაზა, რომელიც მეტად დაემსგავსება ომს ავღანეთში

ფაქტია, ვითარებაში, როცა უკრაინის ხალხი რუსულ აგრესიას არ ეგუება, იგი გააგრძელებს წინააღმდეგობას. საბჭოთა ისტორიიდან გვახსოვს, რომ მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ უკრაინელი პარტიზანები, რომლებიც იატაკქვეშეთში არსებობდნენ დასავლეთ უკრაინაში, 1957 წლამდე აგრძელებდნენ საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ბრძოლას.

გასაგებია, რომ ეს სხვა ისტორიულ ვითარებაში ხდებოდა. არაა აუცილებელი ახლაც ყველაფერი ერთი-ერთში განმეორდეს, მაგრამ ეს იმიტომ გავიხსენე, რომ უკრაინაში რუსული კონტროლს დამყარება გრძელვადიანი, მტკივნეული პროცესი იქნება. და ეს ყველაფერი იქნება რუსეთზე იმ უპრეცედენტო ზეწოლის ფონზე, რომელიც რამდენიმე დღეა დაიწყო და იგი კიდევ უფრო გაძლიერდება.

არის კიდევ ერთი სცენარი - ომის სრულდება, რუსეთს გამოჰყავს თავისი ძალები უკრაინიდან. თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, იგი ბევრ კითხვებს გააჩენს. რის გამო დაიწყო ომი რუსეთმა უკრაინაში და რის გამო მიიღო რუსეთმა ის სანქციები, რაც რუსეთს, როგორ ქვეყანას უკრაინაში შეჭრის გამო დაუწესდა? რა საჭირო იყო ის გიგანტური ზარალი რაც ქვეყანამ ამის გამო მიიღო.

მოვლენათა ასეთი განვითარების შემთხვევაში მივალთ ასეთ აზრამდე - უნდა დასრულდეს ის, რისი დაწყებაც საჭირო არ იყო.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი