არასამთავრობო ორგანიზაციები ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთების მზაობას მიესალმებიან და მიიჩნევენ, რომ ამ პროცესის სახე სალომე ზურაბიშვილი უნდა იყოს

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი მმართველი პარტიის მიერ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთების მზაობას მიესალმება და „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს ეს პროცესი დღესვე დაიწყოს, ასევე, ხელისუფლებაში საგანგებო სტრუქტურა შექმნას, რომელიც ამ საკითხზე იმუშავებს, პროცესის სახე კი საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უნდა გახდეს.

არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიცია დღეს გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს“ დირექტორმა ქეთი ხუციშვილმა გააცნო.

„დღეს ჩვენ ვაპირებდით, მოგვეწოდებინა ხელისუფლებისთვის, რომ დაეწყო ევროკავშირის წევრობის განაცხადზე მუშაობა. მისასალმებელია, რომ ეს გადაწყვეტილება გუშინ თავად მიიღეს და იმედი გვაქვს, რომ ამ განაცხადს დღესვე გაგზავნიან. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება საქართველოსთვის იმ დიდ გზაზე, რომელსაც ევროინტეგრაცია ჰქვია. ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ამ ნაბიჯს მივესალმებით, მაგრამ აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ ეს არის გზის მხოლოდ დასაწყისი, ეს იქნება რთული გზა, ამ გზაზე კი მთელმა ქვეყანამ ერთად უნდა გავიაროთ, ხელისუფლებამ და ოპოზიციამაც.

პირველი, რაც ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს, ის უნდა დაუბრუნდეს შარლ მიშელის შეთანხმებით აღებულ ვალდებულებას და ასევე, უკრაინასთან ხელისუფლების მხრიდან ურთიერთობა სასწრაფოდ უნდა გამოსწორდეს. ამასთან, ჩვენ თუ განაცხადს ვაკეთებთ და ამ გზაზე ვდგებით, ეს უნდა გავაკეთოთ ერთად ე.წ. ტრიომ, საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ. სამივე ვართ რუსეთის აგრესიის მსხვერპლი, გვაქვს ოკუპირებული მიწები. ასევე, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს პროცესი დღესვე უნდა დაიწყოს. საჭიროა, შეიქმნას საგანგებო სტრუქტურა ხელისუფლებაში, რომელიც ამაზე იმუშავებს და ჩვენ მიგვაჩნია, რომ ყველაზე მისაღებია ამ პროცესის სახე, საქართველოს პრეზიდენტი გახდეს. შესაძლოა, მისმა ოფისმა სრულად ვერ წარმართოს ეს საქმიანობა, მაგრამ სწორედ აღმასრულებელ ხელისუფლებაში შექმნილი საგანგებო სტრუქტურა უნდა დაეხმაროს პრეზიდენტს ამ ფუნქციის განხორციელებაში. ყველას გვესმის, რომ ჩვენი პრეზიდენტი ყველაზე უფრო მისაღები ფიგურაა საქართველოს ხელისუფლებიდან ევროპისთვის. ბოლოს, კიდევ ერთხელ მინდა გამოვუცხადო სოლიდარობა უკრაინელ ხალხს“, - განაცხადა ქეთი ხუციშვილმა.

ხელმომწერი ორგანიზაციები: 1. სამოქალაქო იდეა; 2. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI); 3. ღია საზოგადოების ფონდი; 4. დემოკრატიის ინდექსი - საქართველო; 5. ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტი; 6. აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის; 7. სამოქალაქო საბჭო თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში; 8. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; 9. საქართველოს სასამართლოს გუშაგი; 10. გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება „აი, ფაქტი“; 11. საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG); 12. ადამიანის უფლებათა ცენტრი; 13. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI); 14. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED); 15. სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC); 16. ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი; 17. მომავლის სკოლა; 18. თანასწორობა; 19. დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ; 20. ფონდი „კავკასიური დიალოგი“.

რობინ ვაგენერი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან ერთად ევროკავშირში გაწევრიანება აღარ იქნება - ამის შანსი არ არის
ქართული პრესის მიმოხილვა 11.07.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  ყველაფერი ასე გაგრძელდა, თან ამას დაემატა დასავლეთის მიერ არჩევნების შედეგების არ აღიარება, დასავლეთის საქართველოსთან პარტნიორობა დასრულდება და დასრულდება ყველა მიმართულებით
ფლორენს ბაუერი - დემოგრაფიულ ცვლილებასთან გამკლავების საუკეთესო გზა არის ისეთი პირობების შექმნა, რომელიც ადამიანებს საკუთარი მომავლისა და ოჯახის მიმართ მტკიცე რწმენას გაუჩენს
უპრეცედენტო პირობები Renault Captur-ის ახალი ავტომობილის შეძენისას
თიბისი სტარტაპერებისთვის ახალ კამპანიას იწყებს
ბაზისბანკი სვანეთის IV საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალური სპონსორია