ქართული პრესის მიმოხილვა 04.03.2022

ქართული პრესის მიმოხილვა 04.03.2022

რუსეთში ბოლშევიკური ცენზურა ბრუნდება - კრემლმა თავისუფლების ბოლო კუნძულებიც გათიშა

ომის მერვე დღე, კვლავ უშედეგოდ დასრულებული შეხვედრა და მაკრონის შიშისმომგვრელი პროგნოზი

სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ “არსენალის” მარტის ნომრის N1 (281) მიმოხილვა

***

რუსეთში ბოლშევიკური ცენზურა ბრუნდება - კრემლმა თავისუფლების ბოლო კუნძულებიც გათიშა

"რუსეთში თავისუფალი სიტყვის უკანასკნელი ფანჯარაც დახურეს. უკრაინის ომის გაშუქების გამო, რადიოსადგური „ეხო მოსკვი" და ტელეარხი „დოჟდი" გათიშეს. რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ მაუწყებლები უკრაინაში რუსეთის საომარი მოქმედებების შესახებ „ყალბი ამბების გავრცელებაში" და „არასანქცირებულ მასობრივ ღონისძიებებში" მონაწილეობისკენ მოქალაქეების წაქეზებაში დაადანაშაულა. წვდომა შეზღუდულია „ლენტა.რუ"-ზე და კიდევ რამდენიმე პორტალზე, „როსკომნადზორი" ასევე რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის საიტის „სვობოდა.ორგ"-ის დაბლოკვითაც იმუქრება”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, რუსეთში ბოლშევიკური ცენზურა ბრუნდება - კრემლმა თავისუფლების ბოლო კუნძულებიც გათიშა

"ეხო მოსკვამ" 32-წლიანი მაუწყებლობა მას შემდეგ შეწყვიტა, რაც რადიოს მაუწყებლობა გაუთიშეს და ვებსაიტი დაუბლოკეს. სადგურის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ მის მიმართ ბრალდებები უსაფუძვლო და შეურაცხმყოფელია და ამის გამო სასამართლოში იდავებს. რადიოსადგური 1990 წლიდან მუშაობს. ის მუშაობას „იუთუბზე" აგრძელებს. „ეხო მასკვის" მთავარი რედაქტორის, ალექსეი ვენედიქტოვის მიერ 3 მარტს, ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, რადიოს დირექტორთა საბჭომ ხმათა უმრავლესობით რადიოარხის და საიტის ლიკვიდაციის გადაწყვეტილება მიიღო. ვენედიქტოვის განაცხადებით, რადიოსადგურს გენერალური პროკურატურის მხრიდან დარღვევების შესახებ შეტყობინება არ მიუღია”, - აღნიშნავს გამოცემა.

„ჩვენ გვჯერა, რომ არაფერი დაგვირღვევია, დარღვევის კვალს ვერ ვხედავთ", - თქვა მან „ინტერფაქსისთვის" მიცემულ ინტერვიუში. გათიშულია ტელეკომპანია „დოჟდი", რომელიც 2010 წლიდან მაუწყებლობს. არხის გენერალურმა დირექტორმა ნატალია სიდნეევამ განაცხადა, რომ 3 მარტის შუადღის საინფორმაციო სეზონის ბოლო გამოშვება იყო. „ჩვენ დროებით ვწყვეტთ მუშაობას ამ გარემოებებში, ვიმედოვნებთ, რომ დავბრუნდებით," - განაცხადა ნატალია სიდნეევამ. რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ეხო მოსკვის და დოჟდის საინფორმაციო რესურსებზე წვდომის შეზღუდვა მოითხოვა. როსკომნადზორმა პროკურატურის მოთხოვნა შეასრულა და 1-ელ მარტს აღნიშნული მედიასაშუალებები გათიშეს. ყველაფერი კი იქიდან დაიწყო, რომ რუსეთის ხელისუფლება მოითხოვს, რომ რუსულმა მედიამ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებს ომი არ უწოდოს და ინფორმაცია მხოლოდ რუსეთის ოფიციალური წყაროების მიხედვით გაავრცელოს”, - წერს სტატიის ავტორი.

ომის მერვე დღე, კვლავ უშედეგოდ დასრულებული შეხვედრა და მაკრონის შიშისმომგვრელი პროგნოზი

„ბელარუსში უკრაინასა და რუსეთს შორის ომიდან მე-8 დღეს კონფლიქტში მონაწილე მხარეების უკვე მეორე შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. კიევი და მოსკოვი შეთანხმდნენ მოლაპარაკებების გაგრძელებაზე. მესამე რაუნდის ჩატარება იგეგმება რაც შეიძლება მალე - ინფორმაციას ზელენსკის ოფისი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, უკრაინულმა მხარემ ვერ მიიღო ის შედეგი, რასაც ელოდა. ამავე დროს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი შიშისმომგვრელ პროგნოზს აკეთებს, რომ უკრაინაში ყველაზე უარესი ჯერ კიდევ წინ არის”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, ომის მერვე დღე, კვლავ უშედეგოდ დასრულებული შეხვედრა და მაკრონის შიშისმომგვრელი პროგნოზი

„ცნობილი გახდა, რომ უკრაინამ და რუსეთმა მიაღწიეს ურთიერთგაგებას მოქალაქეების ევაკუაციისთვის ჰუმანიტარული დერეფნების ერთობლივი უზრუნველყოფის, საკვებისა და მედიკამენტების მიწოდების შესახებ. ზელენსკის მრჩევლის, მიხაილ პოდოლიაკის განცხადებით, უკრაინის დელეგაციამ რუსეთთან მოლაპარაკებების მეორე რაუნდზე ის შედეგები ვერ მიიღო, რასაც იმედოვნებდა და მესამე რაუნდის ფარგლებში განაგრძობს მოლაპარაკებებს. მისი თქმით, მხარეებმა ურთიერთგაგებას მიაღწიეს ჰუმანიტარული დერეფნის ერთობლივი უზრუნველყოფის შესახებ მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის. „ასევე მედიკამენტების და საკვები პროდუქტები მიწოდებისთვის იმ ადგილებში, სადაც ძლიერი საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, ცეცხლის დროებით შეწყვეტის შესაძლებლობასთან ერთად - იმ პერიოდში, როდესაც ევაკუაცია განხორციელდება. ანუ იქ, სადაც იქნება შექმნილი ჰუმანიტარული დერეფანი, დროებით შეწყდება ცეხლი. ამავე მიზნით რუსეთი და უკრაინა უახლოეს პერიოდში შექმნიან კავშირის არხს ურთიერთქმედებისთვის და ფორმირდება ერთობლივი ლოჯისტიკური პროცედურები,“ - განაცხადა პოდოლიაკმა”, - აღნიშნავს გამოცემა.

„3 მარტს რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინსა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ამის შემდეგ, მაკრონი აცხადებს, რომ უკრაინაში ყველაზე უარესი ჯერ კიდევ წინ არის. რუსეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონს განუცხადა, რომ სიტუაცია უფრო გამწვავდება, თუ უკრაინელები მის პირობებს არ მიიღებენ. „პრეზიდენტ მაკრონს ინტუიცია არის ის, რომ ყველაზე უარესი ჯერ კიდევ წინ არის იმის გათვალისწინებით, თუ რა განუცხადა მას პრეზიდენტმა პუტინმა. რუსეთის ამბიცია არის მთელი უკრაინის აღება. ვლადიმერ პუტინის ომის მიზნები არ შეცვლილა“, - აცხადებს წყარო. ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძეც მიიჩნევს, რომ პირველი და მეორე შეხვედრიდან რაიმე შედეგს არც არავინ ელოდა. შეხების წერტილი ორ მხარეს შორის არ არსებობს. ამიტომ ბუნებრივია მოლაპარაკებაზე რაიმე კონსენსუსი ჯერჯერობით ვერც იქნებოდა. „უკრაინა დანებებას არ აპირებს, ხოლო რუსეთს ყველა რესურსი ჯერ არ გამოუყენებია. თუნდაც სამხედრო და თუნდაც ფინანსური. ამიტომაც მოლაპარაკების შედეგის მიღწევა მომავალში უფრო შესაძლებელია. რუსეთში რუბლის კურსი რაც უფრო მეტად დაეცემა, ბანკების ანგარიშები გაიყინება და რუსეთის რამდენიმე ბანკს „სვიფტის“ ქსელიდან გათიშავენ, მისი პოზიცია თუნდაც მოლაპარაკებებზე უფრო დასუსტდება. ამიტომ, შედეგიც ამის შემდეგ შეიძლება მიიღონ. რუსეთი ჯერჯერობით თვლის, რომ ამ ეტაპზე შანსი კვლავ აქვს უკრაინა დათმობაზე წაიყვანოს. ამერიკა უკრაინას ნახევარ მილიარდ დოლარს გამოუყოფს. იაპონია კი ორას მილიონამდე დოლარს. ამიტომ უკრაინა სამხედრო და ფინანსური თვალსაზრისით მაქსიმალურ დახმარებას იღებს. მას ორივე მხრივ უპირატესობა აქვს. უკრაინელებმა იციან, რისთვის იბრძვიან და მეტი მოტივაცია აქვთ. ასევე ქუჩის და პარტიზანულ ბრძოლებში რუსული ჯარის ლიკვიდაციას ადვილად ახერხებენ. სამხედრო კოლონები ფაქტიურად კიევამდე ვერ აღწევენ, რადგან მათ მდგომარეობიდან გამოყვანას კარგად ახერხებენ. ბოლოს და პირველ მანქანას უნდა მოარტყა, რის შემდეგაც ეს კოლონა მდგომარეობიდან ადვილად გამოდის. რეალურად ახლა ომის და მძიმე მდგომარეობის დანაკარგის მიუხედავად, უკრაინა უფრო ძლიერდება. პუტინისთვის დრო ახლა ყველაზე ცუდად მუშაობს. ამიტომ მგონია შემდეგი მოლაპარაკებების დროს უფრო მეტის დათმობისთვის იქნება მზად“, - ამბობს „რეზონანსთან“ ჩიტაძე”, - წერს სტატიის ავტორი.

სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ “არსენალის” მარტის ნომრის N1 (281) მიმოხილვა

უკრაინა რუსეთის სამხედრო აგრესიას იგერიებს / უკრაინა-რუსეთის სამხედრო ბალანსი / კიბერშეტევები საქართველოზე / რუსული სპეცსაშუალებები უკრაინის საზღვრებთან / ევროპის ქვეყნების სატანკო სიახლეები / ქართველის კვალი რეაქტიულ გამანადგურებლებში / პირადი დაცვა კიმის დინასტიისთვის / “ომმა უფრო დააჩქარა ჩემი მონათვლა” / “ბოლო ხანებში ქალების სამხედრო საქმისადმი ინტერესი გაიზარდა” / “უკრაინელები “მინიჯაველინებითაც” შავ დღეს დააყრიან რუსულ ტანკებს

”მესამე რაიხის აღორძინებისა და მსოფლიო დიქტატურის დამყარების გზაზე ჰიტლერმა ჩვენი პლანეტის ისტორიაში სისხლისმღვრელი მეორე მსოფლიო ომი გააჩაღა. რუსეთის იმპერიის აღდგენისთვის პუტინს მსოფლიო მესამე მსოფლიო ომისკენ მიჰყავს... ძალიან ბევრი პარალელია ჰიტლერისა და პუტინის ქმედებებში და იმედია, უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ბლიცკრიგი (ომის სწრაფი მოგება ელვისებური შეტევებით) ისევე ჩაფლავდება, როგორც ჰიტლერის. სტატიის დაწერის მომენტში, 27 თებერვლის მდგომარეობით, უკრაინაზე პუტინის თავდასხმის მეოთხე დღეს, უკვე გარკვეული იყო, თუ რა ოპერატიულ-ტაქტიკური ჩანაფიქრი ჰქონდა რუსეთის გენშტაბს, რა მიმართულებებიდან და როგორი წარმატებით უტევდა ის უკრაინის სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებს (უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების რუკა იხ. “არსენალის” პოსტერზე)”, - წერს სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი “არსენალი” (N1, მარტი, 2022) სტატიაში, სათაურით უკრაინა რუსეთის სამხედრო აგრესიას იგერიებს.

““ისევე, როგორც ჰიტლერს სურდა ბლიცკრიგით სწრაფად აეღო მოსკოვი, ისე პუტინი აჩქარებს თავის სამხედროებს კიევის აღებასა და უკრაინის დედაქალაქში პრორუსული მარიონეტული ხელისუფლების დასმას (როგორც არაერთხელ გაუკეთებია აფხაზეთის, ცხინვალისა თუ ყირიმის ოკუპაციების შემდეგ), რომელსაც ფიქციურ რეფერენდუმს ჩაატარებინებს და შეეცდება მთელ მსოფლიოს თვალებში ნაცარი შეაყაროს, ჩემთან რა გინდათ, რეფერენდუმით თავად უკრაინელმა ხალხმა უარყო დასავლეთის გზა, რათა ისევ მოძმე რუს ხალხს ჩაეხუტოსო. მაგრამ ის, რაც გამოუვიდა პუტინს საქართველოს ნაწილის ოკუპაციის დროს, რაც მაშინდელმა მსოფლიომ გულგრილად გაატარა, ვეღარ განმეორდება - პუტინს ყირიმის ოკუპაციის დროინდელი იოლი გასეირნება აღარ გამოსდის. 24 თებერვლის გამთენიისას უკრაინაზე თავდასხმა (აქაც პარალელი – 1941 წლის 22 ივნისს თუკი ჰიტლერმა ომი დილის 4 საათზე დაიწყო, პუტინმა აგრესიის დასაწყებად დილის 5 საათი შეარჩია) ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების მასირებული დარტყმებით დაიწყო, რომელთა სამიზნეები უკრაინის აეროდრომები, რადიოლოკაციური სადგურები, სამხედრო ნაწილები და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტები გახლდათ”, - აღნიშნავს გამოცემა.

“სარაკეტო თავდასხმას საავიაციო-საარტილერიო დაბომბვები მოჰყვა და უკრაინის ტერიტორიაზე, ძირითადად, სამი მიმართულებიდან რუსეთის არმიის არანაკლებ 80 საბატალიონე-ტაქტიკური ჯგუფი (თითოეულ ასეთ ჯგუფში ათასამდე მებრძოლია გაერთიანებული) შეიჭრა ჯავშანტექნიკის, არტილერიისა და საჰაერო თავდაცვის მობილური საშუალებების თანხლებით. სამი ძირითადი მიმართულებიდან დაწყებული ფართომასშტაბიანი შეტევებით რუსეთმა მოახერხა უკრაინის დამცველების ძალების დაქსაქსვა, თუმცა რვა წლის განმავლობაში დონბასში პოზიციური ბრძოლების დროს შექმნილი უკრაინელების ეშელონირებულმა თავდაცვამ გაუძლო რუსეთის რეგულარული არმიის დანაყოფებით გაძლიერებული სეპარატისტების შეტევებს”... - განაგრძობს გამოცემა.

“ბრიტანული გამოცემა თჰე Mილიტარყ Bალანცე-ს 2021 წლის თანახმად, უკრაინის შეიარაღებული ძალები 210 000 სამხედროს (სხვა მონაცემებით, 250 000) ითვლის. სხვადასხვა ძალოვან სტრუქტურაში (ეროვნული გვარდია, სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტრო და ა.შ.) 102 000 კაცი მსახურობს. რეზერვში 900 000 კაცი ირიცხება. უკრაინის არმიის რიცხოვნობა 145 000 შეადგენს და დასავლეთის, სამხრეთის, აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთის სარდლობებისგან შედგება. დაშლილი საბჭოთა არმიისგან კიევს 6 500 ტანკი (სხვადასხვა მოდიფიკაციის Т-55, Т-62, Т-64, Т-72, Т-80) დარჩა. განსხვავებული ძრავებისა და აღჭურვილობის მქონე ტანკების შენახვის სახსრები უკრაინას არ გააჩნდა, ამიტომ შეიარაღებაში მხოლოდ ხარკოვის სატანკო ქარხნის გამოშვებული ტანკები დაიტოვა. დანარჩენები ჯავშანტექნიკის შენახვის ბაზებს გადასცეს და შემდგომ კომპანია "უკრსპეცექსპორტის" მეშვეობით იარაღის მსოფლიო ბაზარზე იყიდებოდა”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში, სათაურით უკრაინა-რუსეთის სამხედრო ბალანსი.

“უკრაინის სეპარატისტული რეგიონების - ლუგანსკის სამხედრო ფორმირებებს დაახლოებით 15-25 ათასი, ხოლო დონეცკისას კი 21-36 ათასი სამხედრო უნდა ჰყავდეთ. ორივე სეპარატისტული რეგიონის ფორმირებები დაახლოებით 500-მდე ტანკს, 1000-მდე მსუბუქი ჯავშანტექნიკის ერთეულს, 450-მდე საარტილერიო სისტემას, 200-ზე მეტ ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემასა და სხვა შეიარაღებას ფლობენ. ჯავშანტექნიკისა და არტილერიის ნიმუშები უკრაინის არმიის ანალოგიურია, რუსეთიდანაა მიღებული და გამართულია. სეპარატისტებს პირადი შემადგენლობისა და შეიარაღების პრობლემა არა აქვთ, ვინაიდან მათ უკან კბილებამდე შეიარაღებული 150-დან 200 ათასამდე რუსი სამხედრო დგას 1 200 ტანკით (მათ შორისაა – Т-90M, Т-72Б3M, Т-80БВМ და სხვ.), ასეულობით სხვადასხვა საარტილერიო სისტემით, საფრენი აპარატებითა და ა.შ”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ერთ დროს უკრაინა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებიდან ყველაზე მრავალრიცხოვან საავიაციო პარკს ფლობდა. ჰქონდა ასევე კარგად განვითარებული სატრანსპორტო ავიაცია, ჰყავდა მზვერავი და რადიოელექტრონული ბრძოლის თვითმფრინავები. დროთა განმავლობაში მარაგნაწილების უქონლობის გამო მოძველებულ საფრენ აპარატებს შეიარაღებიდან ხსნიდნენ და აკონსერვებდნენ. მეორე მიმართულებას ტექნიკის გაყიდვა წარმოადგენდა. 2005-2012 წლებში კიევმა 231 თვითმფრინავი და შვეულმფრენი გაყიდა. აქედან ახალი მხოლოდ 6 თვითმფრინავი იყო, დანარჩენი კი უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების შეიარაღებაში ირიცხებოდა. ბოლო ათ წელიწადში კიევი ექსპლუატაციაში დარჩენილი საფრენი აპარატების გაუმჯობესება-მოდერნიზაციაზე საკუთარი რესურსებით მუშაობდა”... - განაგრძობს გამოცემა.

“საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობისა და პროდასავლური კურსის გამო ქვეყანა, ჩრდილოელი მეზობლის კიბერთავდასხმების განსაკუთრებული სამიზნეა. საქართველო არაერთხელ გამხდარა კიბერშპიონაჟისა და სრულმასშტაბიანი კიბერთავდასხმის ობიექტი. კიბერდანაშაულთან ბრძოლის ერთ-ერთი პრობლემაა ის, რომ ხშირად ძალიან რთულია ზუსტად დაადგინო არა მარტო უშუალო შემსრულებლები, არამედ მათი ადგილსამყოფელი ან შემტევი ქვეყანა. ამიტომ დამნაშავეს ან დამნაშავეთა ჯგუფს შეუძლია ადვილად დამალოს არა მარტო მონაწილეობა კიბერშეტევის ორგანიზებაში, არამედ თავისი თავი დააფიქსიროს როგორც ქსელის სხვა მომხმარებლად ან საერთოდ, ანონიმურად დარჩეს”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში, სათაურით კიბერშეტევები საქართველოზე.

“სანამ საქართველოს წინააღმდეგ ფართომასშტაბიან კიბერთავდასხმების მაგალითებს განვიხილავთ, ასევე საყურადღებოა ის მოსალოდნელი კიბერსაფრთხეები, რომლებიც შესაძლოა მომდინარეობდეს ისეთი აქტორებისაგან, როგორიცაა: - მაღალგანვითარებული კიბერშეტევითი პოტენციალის მქონე ქვეყნები (რუსეთი, ჩინეთი, ირანი, ჩრდ. კორეა და სხვ.); - ტერორისტული ორგანიზაციების კიბერდანაყოფები და იდეოლოგიურად მოტივირებული ან ექსტრემისტულად განწყობილი ჰაკერები; - არასახელმწიფო აქტორები: ფინანსურად მოტივირებული კიბერდამნაშავეები. ექსპერტების შეფასებით, ირანიდან და ჩინეთიდან მომდინარე კიბერსაფრთხეები საქართველოსთან მეგობრული ურთიერთობის გამო მინიმალურია”, - აღნიშნავს გამოცემა.

“თუმცა არ უნდა გამოგვრჩეს ჩინეთიდან, უპირველეს ყოვლისა, არასახელმწიფო აქტორების კიბერშპიონაჟის ალბათობა. რაც შეეხება ირანის ექსტრემისტულად განწყობილ ჰაკერებს, მათ ინტერესს შესაძლოა წარმოადგენდეს არა უშუალოდ საქართველო, არამედ საქართველოში განთავსებული იმ სახელმწიფოების ინფრასტრუქტურა და მონაცემთა ბაზები, რომელთაც ისინი იდეოლოგიურ მოწინააღმდეგედ განიხილავენ (აშშ, ნატოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნები). საქართველოს კიბერსივრცისთვის ყველაზე რეალური საფრთხის შემცველია რუსეთის ფედერაციიდან მომდინარე კიბერსაფრთხე. კრემლმა არათუ შეცვალა აგრესიული კიბერპოლიტიკა, არამედ მნიშვნელოვნად აამაღლა სახელმწიფოს კიბერშეტევითი პოტენციალი და გააფართოვა კიბეროპერაციების გამოყენების არეალი. ქვემოთ აღწერილი იქნება საქართველოზე ფართომასშტაბიანი კიბერშეტევის მაგალითები”... - განაგრძობს გამოცემა.

“უკრაინის საზღვრებისკენ მიმავალ და სამხედრო ტექნიკით დატვირთულ ათეულობით სარკინიგზო ეშელონზე ტანკების, არტილერიის, ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსების, ჯავშანტექნიკისა და სხვა უამრავ სამხედრო შეჯავშნულ თუ სატვირთო ავტომობილს შორის დაკვირვებული თვალი სამხედრო ტექნიკის იშვიათ, ნაკლებად გავრცელებულ ნიმუშებსაც შეამჩნევდა. საუბარია რადიოელექტრონული ბრძოლისა და ჩახშობის თვითმავალ საშუალებებზე. საერთო ჯამში უკრაინის საზღვრების სიახლოვეს და ბელორუსის ტერიტორიაზე რუსებმა ათამდე სხვადასხვა ტიპის ასეთი ტექნიკური საშუალებები გადაისროლეს. განსხვავებული სიმძლავრისა და სამოქმედო სპეციფიკის მიუხედავად, ყველა ეს კომპლექსი, ფაქტობრივად, ერთი პროფილისაა და ასრულებს მოწინააღმდეგის პოზიციების რადიოტექნიკურ დაზვერვას, რადიო, ფიჭური და თანამგზავრული კავშირების ჩახშობასა და უპილოტო საფრენ აპარატებთან ბრძოლის ამოცანებს”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში, სათაურით რუსული სპეცსაშუალებები უკრაინის საზღვრებთან.

“ეს უკანასკნელი განსაკუთრებით აქტუალური გახდა სომხეთ-აზერბაიჯანის ომის შემდეგ, როდესაც საბრძოლო მოქმედებებში გადამწყვეტი როლი თურქული წარმოების Bაყრაკტარ-ებმა შეასრულეს. დღეს ეს უპილოტოები უკრაინასაც ჰყავს და ბაქო-ერევნის დაპირისპირების შედეგის შემყურე მოსკოვი Bayraktar-ების “გაუვნებლებას” მაქსიმალურად შეეცდება. მოცემულ სტატიაში რადიოელექტრონული ბრძოლისა და სპეციალური ტექნიკის იმ ნიმუშებს განვიხილავთ, რომელთა ამოცნობაც სარკინიგზო პლატფორმებსა თუ ავტოკოლონებში მოხერხდა.... პირველია რადიოელექტრონული ბრძოლის კომპლექსი “ბორისოგლებსკ-2”. ამ კომპლექსზე მუშაობა რუსებმა 1999-2001 წლებში დაიწყეს. სახელმწიფო გამოცდები 2010 წელს დასრულდა, ხოლო ღია წყაროების ცნობით, 2014-2015 წლებში რუსეთის შეიარაღებულ ძალებს 14 კომპლექსი გადასცეს. შტატით კომპლექსი ცხრა მანქანას მოიცავს. მას კომპლექსს შეუძლია რადიოტექნიკური დაზვერვა, მოკლე და ულტრამოკლე ტალღებზე მომუშავე რადიოსიგნალების (სამუშაო დიაპაზონი 1.5-100 მეგაჰერცი) გამოვლენა-ჩახშობა. კომპლექსი სრულიად ავტონომიური ტიპისაა და საბრძოლო დავალების შესრულებისას მოპოვებული ტაქტიკური ინფორმაციის სხვა ქვედანაყოფებისთვის გადაცემა შეუძლია”, - აღნიშნავს გამოცემა.

“რადიოელექტრონული ბრძოლის კომპლექსი “ინფაუნა". ეს საჯარისო დანიშნულების რადიოელექტრონული ბრძოლის მანქანაა. მოდიფიცირებული ჯავშანტრანსპორტიორის შასიზე დამზადებული კომპლექსი მარშის დროს სამხედრო კოლონებსა და პირად შემადგენლობას რადიომართვადი ნაღმებისა და თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობებისგან იცავს. მართვისა და კავშირის საშუალებების რადიოელექტრონული ჩახშობის სისტემებთან ერთად, “ინფაუნას” შემადგენლობაში ოპტიკურ-ელექტრონული დაზვერვის საშუალებებიც შედის. კომპლექსში შემავალი აღჭურვილობის ნაწილი კორპუსზე მაგრდება. ყველაზე შესამჩნევი ელემენტი მრავალკუთხედის ფორმის ზედნაშენია, რომელშიც ტელესკოპური ანტენაა განთავსებული”... - განაგრძობს გამოცემა

“გასული წლის ოქტომბერში გამოცემა We Are The Mighty-ს გავრცელებული მონაცემებით, რუსეთს დაახლოებით 22 000 ტანკი ჰყავდა, ხოლო ნატოს წევრი ქვეყნების არმიები 18 000-მდე ტანკს ითვლიდნენ. აღსანიშნავია, რომ ნატოს წევრი 30 ქვეყნის არმიიდან 11-ის შეიარაღებაში სხვადასხვა მოდიფიკაციის გერმანული “ლეოპარდია”. გერმანიამ ტანკის სერიული გამოშვება 1977 წლიდან დაიწყო და საბრძოლო-საექსპლუატაციო მახასიათებელთა გასაუმჯობესებლად რამდენიმე მოდერნიზაცია ჩაუტარა, მაგრამ სამოდერნიზაციო რესურსი უსასრულო არ არის. ევროპული პერსპექტიული ტანკის შესაქმნელად 2019 წელს წამყვანი გერმანული კონცერნები Rheinmetall-ი და Krauss-Maffei Wegmann-ი ფრანგულ Nexter Systems-თან გაერთიანდნენ პროექტში დასახელებით "ძირითადი სახმელეთო საბრძოლო სისტემა" (Main Ground Combat System – MGCS). ამბიციური პროგრამის საბოლოო შედეგის - ევროპული ტანკის გამოჩენა 2035 წლისთვისაა მოსალოდნელი”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში, სათაურით ევროპის ქვეყნების სატანკო სიახლეები.

“კონცერნ Rheinmetall-ში მომზადებული პროექტი ტანკისთვის დაჯავშნულ კაფსულას ითვალისწინებს მომსახურე ორი ოპერატორით. ეკიპაჟის შემცირებით ტანკის დამცავი ჯავშნის ფართობიც მცირდება და MGCS-ისთვის ნაკლები ფართობი იქნება დასაჯავშნი, რაც საბრძოლო წონას შეამცირებს. კაფსულაში მოთავსებულ ოპერატორებს დამატებით დაცვას შეუქმნის კორპუსის წინა ნაწილში განთავსებული ძრავა, ზემოდან კი - კოშკურისა და ქვემეხის ელემენტები. ტანკისთვის განიხილება ჰიბრიდული ან ელექტროძრავა ელექტროტრანსმისიითა და განივი ელექტროამძრავებით. კორპუსის კიჩოში გაგრილების სისტემებია გადატანილი, ხოლო დარჩენილი სივრცე დამატებით ჭურვების ან დესანტის განთავსების საშუალებას იძლევა. ევროპული პერსპექტიული ტანკი კომპანირებით ისრაელის 70-ტონიანი Merkava-ს ანალოგიურია, მაგრამ წონით მასზე ბევრად მსუბუქი და მანევრული იქნება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“კაფსულიდან დისტანციურად მართვადი უეკიპაჟო კოშკურის შეიარაღების საკითხი განხილვის პროცესშია. არჩევანი პერსპექტიულ 105 მმ-იან გლუვლულიან 105 SB-სა და ჭურვის გამტყორცნი მუხტის ელექტროთერმოქიმიური ანთებით მსროლელ RH 120 LR-ს შორისაა გასაკეთებელი. ქვემეხის დამტენი ავტომატისთვის ჭურვების მისაწოდებლად ორი მექანიზებული ლენტის გამოყენება გადაწყდა. წინა დაკვირვებისთვის ეკიპაჟის განკარგულებაშია ხუთი ფართოკუთხიანი პრიზმული ხელსაწყო. ამავე დანიშნულებისაა კოშკურის პერიმეტრზე დაყენებული თბოვიზორიანი კამერები, ინფორმაცია კი ოპერატორების შლემების ინდიკატორებზე ან დისპლეიზე აისახება. ახალი ტანკის კონვეიერიდან ჩამოსვლამდე სხვადასხვა ქვეყნის არმიის შეიარაღებაში არსებული “ლეოპარდების” მოდერნიზაცია-სრულყოფა გრძელდება. გერმანულმა Krauss-Maffei Wegmann-მა ისრაელში ადგილობრივ Rafael-თან ერთობლივად Leopard 2-ზე აქტიური დაცვის სისტემა Trophy გამოცადა. ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, Trophy-მ მაღალი ეფექტურობა აჩვენა და საფრთხის 90%-ის განეიტრალება შეძლო”... - განაგრძობს გამოცემა.

“სამხედრო ავიაციის განვითარებაში წვლილი ქართველ ავიაკონსტრუქტორებსაც მიუძღვით. ამჯერად აშშ-ში მოღვაწე ალექსანდრე ქართველიშვილის F-105 Thunderchief-ს განვიხილავთ. თვითმფრინავს, რომელსაც აშშ-ის საბრძოლო საფრენ აპარატებში განსაკუთრებული ადგილი უკავია და რომლის გამოჩენა თავის დროზე დიდ წარმატებად შეფასდა. F-105 გამანადგურებელ-ბომბდამშენის კლასიფიკაციით შექმნილი პირველი ამერიკული თვითმფრინავი იყო. მანამდე ამ ფუნქციისთვის საფრენ აპარატებს მოდიფიცირება-გადაკეთების გზით “მორგებას” უკეთებდნენ. ალექსანდრე ქართველიშვილი პროექტირებაში საკუთარ პრინციპს იყენებდა - ირჩევდა ყველაზე მძლავრ არსებულ ძრავას და მომავალ თვითმფრინავს ძრავის გარშემო აგებდა. აღჭურვილობაც და ელექტრონული შიგთავსიც, რა თქმა უნდა, იმ დროისთვის ყველაზე თანამედროვე და მოწინავე უნდა ყოფილიყო”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში, სათაურით ქართველის კვალი რეაქტიულ გამანადგურებლებში.

“ავიაციის ისტორიაში Thunderchief-ი დღემდე ყველაზე დიდი ერთძრავიანი საბრძოლო თვითმფრინავია. საბედნიეროდ, მთავარი ამოცანის - ტაქტიკური ბირთვული დარტყმის გაკეთებამ ამ თვითმფრინავს არ მოუწია. სამაგიეროდ, ვიეტნამის ომში F-105-ებმა აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების მთავარი გამანადგურებელ-ბომბდამშენის ფუნქცია იტვირთეს. ფირმა Republic-მა მომავალ Thunderchief-ზე მუშაობა 1951 წელს დაიწყო. თვითმფრინავი დაბალ სიმაღლეზე საბჭოთა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი ზღუდის გარღვევასა და ბირთვულ დარტყმებზე იყო ორიენტირებული. მაღალი საფრენოსნო მახასიათებლების მისაღწევად ატომურ ბომბს ადგილი შიდა ბომბნაკვეთურში მიუჩინეს. შუბლა წინაღობის შემცირებასთან ერთად, ეს თვითმფრინავის მთავარ იარაღს აეროდინამიკური გახურებისგან დაიცავდა. ფაქტობრივად, F-105 არსებული ძრავისა და ბომბნაკვეთურის გარშემო დაპროექტდა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ჩანაფიქრით სერიული თვითმფრინავის ფრენის სიჩქარე M1.5-ის ფარგლებში უნდა ყოფილიყო. იმ დროისთვის უახლესი სამიზნე-სანავიგაციო კომპლექსი მფრინავს დაბალ სიმაღლეზე ფრენაში, მიზანზე ავტომატურ რეჟიმში გასვლაში დაეხმარებოდა. საპროექტო გათვლებით ერთი ტაქტიკური ატომური ბომბით და სამი ჩამოსაკიდი ავზით აღჭურვილი თვითმფრინავის სამოქმედო რადიუსი 1 200 კმ-ს აღწევდა, რაც დასავლეთ ევროპიდან საბჭოთა ბლოკის ქვეყნებამდე ფრენისთვის სავსებით საკმარისი იყო. მეორეხარისხოვან ამოცანად საჰაერო ბრძოლები განიხილებოდა. პროექტის შესწავლის შემდეგ 1952 წელს სამხედროებმა ალექსანდრე ქართველიშვილის ფირმას 199 ერთეული F-105 დაუკვეთეს. კონტრაქტით სერიული ნიმუში 1955 წლისთვის მზად უნდა ყოფილიყო”... - განაგრძობს გამოცემა.

“კიმის დინასტიის პირადი დაცვის ისტორია 1946 წლიდან იწყება, როცა ჩრდილოეთ კორეის დროებით სახალხო კომიტეტის თავმჯდომარედ კიმ ირ სენი აირჩიეს. კორეელ კომუნისტთა თავკაცმა პირადი დაცვის წევრებად მანჯურიის პარტიზანულ ბრძოლებში გამოწრთობილი, ერთგულებასა და მამაცობაში გამოცდილი ყოფილი თანამებრძოლები შეარჩია. ძალიან მალე, 1946 წლის 1-ლ მარტს, უკვე ნათელი გახდა, რომ კიმ ირ სენმა პირადი დაცვის წევრების შერჩევისას სწორი გადაწყვეტილება მიიღო. საქმე ისაა, რომ 1946 წლის 1-ლ მარტს ფხენიანის რკინიგზის სადგურზე გამართულ მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას ჩრდილოეთ კორეის ლიდერის დაცვა გაძლიერებული იყო საბჭოთა მეომრებით, რომლებიც სტალინის ბრძანებით კორეაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დარჩნენ. მიტინგის მსვლელობისას მოულოდნელად საბჭოთა ოფიცერმა, უმცროსმა ლეიტენანტმა იაკობ ნოვიჩენკომ დაინახა, თუ როგორ ისროლა ბრბოდან ვიღაცამ სამთავრობო ტრიბუნისკენ ხელყუმბარა”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში, სათაურით პირადი დაცვა კიმის დინასტიისთვის.

“ხელყუმბარა ხალხში, ნოვიჩენკოს ახლოს ჩავარდა. ხელყუმბარის უსაფრთხო ადგილას გადაგდება შეუძლებელი იყო, ამიტომ ლეიტენანტმა გადაწყვიტა საკუთარი სხეულით დაეფარა. ხელყუმბარა აფეთქდა და ნოვიჩენკო ნაფლეთებად აქცია. მას დაუზიანდა მკერდის მიდამო, მოსწყდა მარჯვენა ხელი, ბუდიდან ამოუვარდა მარცხენა თვალი, მაგრამ სიკვდილისგან გადაარჩინა წიგნმა, რომელიც მას ქამრის ქვეშ, მუცელთან ჰქონდა მიმაგრებული. დიდი ხნის მკურნალობის შემდეგ ნოვიჩენკო სიკვდილს გადაურჩა, თუმცა მთელი ცხოვრება იტანჯებოდა მიღებული ტრავმებით. ლეიტენანტის თავდადება კიმ ირ სენმა უყურადღებოდ არ დატოვა. 1980-იან წლებში სსრკ-ში ვიზიტით ყოფნისას ნოვიჩენკო მოაძებნინა და თავისი ქვეყნის გმირის მედლით დააჯილდოვა. მეტიც, ოჯახთან ერთად არაერთხელ მიიწვია ჩრდილოეთ კორეაში საპატიო სტუმრის სტატუსით. აღწერილი მოვლენის შემდეგ კიმ ირ სენის დაცვა უფრო გაძლიერდა და რამდენიმე ათეულ კაცს ითვლიდა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“დაცვის წევრების შევსების შემთხვევაშიც, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა ყოფილი სანდო თანამებრძოლები ამჯობინა და 88-ე მსროლელი ბრიგადის მებრძოლები დაამატა, ხოლო მეთაურობა გამოცდილ საბჭოთა ოფიცერს, ხანგერი ელოკოვს ჩააბარა. კორეის ლიდერის რეზიდენციის დასაცავად გამოიყო ცხენოსანთა პოლკი, რომელიც იმავდროულად, ლიდერს თან ახლდა ქვეყანაში მოგზაურობისას. მალე კიმ ირ სენს კიდევ რამდენიმე თავდასხმა ელოდა. ერთ-ერთი დემონსტრაციის დროს მას ცეცხლი გაუხსნა ახალგაზრდა სამხედრომ, რომელიც თარჯიმნად მუშაობდა, მაგრამ ერთმა პირადმა მცველმა მოასწრო და კიმ ირ სენს გადაეფარა. თავდამსხმელი შეიპყრეს. დაკითხვისას მან აღიარა, რომ შეთქმულებაზე ამერიკელებმა დაითანხმეს, თავდასხმის უშუალო დამკვეთი კი ვერ გაიშიფრა. მკვლელი ჩრდილოკორეელ ლიდერს ამჯერად დანით დაესხა თავს. შემდეგ მოძალადემ თავი მოიკლა – ციანიდიანი ამპულა გაკვნიტა”... - განაგრძობს გამოცემა.

“თეთრი არწივის” სადესანტო-მოიერიშე ბატალიონის მებრძოლი მანუჩარ გუგუნაშვილი ის ფერეიდნელი ქართველია, რომელიც სამშობლოში ოთხი საუკუნის შემდეგ დაბრუნდა. ნიკოლოზ გუგუნიშვილმა თავის ხუთ შვილს (სამ ქალსა და ორ ვაჟს) სამშობლო, ქართული ენა და რწმენა ადრეული ბავშვობიდან შეაყვარა. ადვილი არ ყოფილა ეთნიკური იდენტობის შენარჩუნება უცხო მიწაზე, მაგრამ შაჰ-აბასის დროს გადასახლებულმა ფერეიდნელმა ქართველებმა ეს შეძლეს. მანუჩარი საქართველოში პირველად 9 წლისა ჩამოვიდა და კიდეც დარჩა. თითქოს აქ დაიბადა და ენაც აქ ამოიდგა, ისე უცებ შეისისხლხორცა ქართული წესი და კულტურა. თანატოლებსაც ადვილად დაუმეგობრდა და ბოლოს, ცხოვრების დიდ ასპარეზზე გამოსული, საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაშიც ჩაება. წელიწადში ერთხელ ფერეიდანს ეწვევა ხოლმე და ისევ საქართველოში ბრუნდება, სამშობლოში, რომელსაც ვეღარავინ წაართმევს და ვერც მისი წინაპარივით მოსწყვეტს. ახლა მანუჩარ გუგუნაშვილი საქართველოს სრულფასოვანი მოქალაქე და მისი ერთგული დამცველია”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში, სათაურით "ომმა უფრო დააჩქარა ჩემი მონათვლა".

“ჩემი წინაპარი ოთხი საუკუნის წინ მოხვდა ირანში, შაჰ-აბასის დროს, მასობრივი გადასახლებისას. მანამდე მარტყოფში ცხოვრობდნენ. ქართველები მანამდეც იყვნენ იქ, მაგრამ ჩემი წინაპრები გიორგი სააკაძის დროს, მარტყოფის ომის შემდეგ გადაუსახლებიათ. თავიდან თავრიზში ჩაუსახლებიათ, შემდეგ კი - ისპაანში. ცოტა კურიოზულია, მაგრამ ქართველებს ქათმის გულისთვის მოუკლავთ ერთი ირანელი და ისპაანიდან გადაუსახლებიათ ფერეიდანში, სადაც უცხო ტომების შემოსევები ხშირი იყო. სატახტო ქალაქის დასაცავად ქართველები საზარბაზნე ხორცად გამოიყენეს. მართლაც, ისე შეუზღუდავთ უცხო ტომები, მათი თავდასხმები თურმე შეწყდა. როგორც გადმოცემით ვიცი, მთელი გუგუნაშვილების გვარი გადაუსახლებიათ, ხრიოკ ადგილზე, მაგრამ იშრომეს, იწვალეს და იქაურობა ააყვავეს. ძირითადად, დღემდე მესაქონლეობას მისდევენ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მანუჩარ გუგუნაშვილი და შეკითხვაზე - “ენა როგორ შეინარჩუნეს?” - პასუხობს:

“ კომპაქტურად იყვნენ ჩასახლებული და ერთმანეთში ქართულად საუბრობდნენ. ქართველების გარდა იქ არავინ ცხოვრობდა. დღემდე ძველი ქართულით ლაპარაკობენ, იმ ენით, რაც აქედან გაჰყვათ. საქართველოში რომ ჩამოვედი, მეც ძველი ქართულით ვსაუბრობდი. სამწუხაროდ, რელიგია ვერ შეინარჩუნეს. მართლმადიდებლობაზე გართულება ჰქონდათ ირანელებს. როგორც ვიცი, ქეთევან დედოფლის შემდეგ დაიწყეს რელიგიის მხრივ ქართველების შეზღუდვა, თორემ მანამდე პრობლემა არ ჰქონიათ”.

“1975 წელს, ბებიაჩემის გარდა, მთელი ოჯახი ჩამოვედით. მამაჩემი შვილებს სულ საქართველოზე გვესაუბრებოდა და როგორც კი შანსი მიეცა, სამშობლოში დაბრუნდა. მაშინდელმა ხელისუფლებამ ირანიდან დაბრუნებული ქართველები კახეთში, გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბანში ჩაგვასახლა. ბავშვები ქართულ სკოლაში შევედით. მამამ ვენახი გააშენა. ჩემი ოჯახი 1994 წლამდე აქ ცხოვრობდა, მაგრამ როცა ცხოვრება გაჭირდა, ჩემი და ექიმია და ირანში წავიდა სამუშაოდ. მას მშობლებიც გაჰყვნენ. ვითომ დროებით, მაგრამ ჩემი და იქაურ ქართველზე გათხოვდა და ყველანი იქ დარჩნენ. მე და ჩემი ძმა, უშანგი გუგუნაშვილი, სამუდამოდ დავმკვიდრდით საქართველოში. მამა გარდამეცვალა და ირანშია დაკრძალული, დედა კი ხშირად ჩამოდის. 9 წლის ვიყავი, როცა ჩამოვედი, ვაზისუბნის საშუალო სკოლა დავამთავრე. საქართველოს მოქალაქეობა მივიღე. როცა ქართული სახელმწიფო ყალიბდებოდა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მქონდა დამთავრებული, ვაჭრობისა და ეკონომიკის ფაკულტეტი, და ჩემი პროფესიით ვმუშაობდი”... - განაგრძობს რესპონდენტი.

ქართველი სერჟანტი ნანა მეგრელაძე ის ერთ-ერთი მათგანია, ვინც ქართველ საზოგადოებაში “ფორმიან ქალზე” შეხედულება საკუთარი მიღწევებით დაამსხვრია. რამდენჯერმე იყო სამშვიდობო მისიაში, მათ შორის ავღანეთში. ის სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ “არსენალთან” მისიის სირთულეებთან ერთად, ადგილობრივებთან ურთიერთობასაც იხსენებს. “მე-14 წელია საქართველოს თავდაცვის ძალებში ვმსახურობ. 33 წლის ვიყავი, არც ისე პატარა, მაგრამ მაინც მომეცა თვითრეალიზაციის შესაძლებლობა. სამხედრო კონტრაქტით სამსახური ახალი დაწყებული იყო და ამან ძალიან დიდი გავლენა მოახდინა, ამიტომ მივედი კრწანისის ეროვნულ სასწავლო ცენტრში. შემდეგ იმის დასამტკიცებლად, რომ ჯარში სამსახური ნამდვილად შეგვეძლო, სამხედრო კარანტინი გავიარე”, - ამბობს რესპონდენტი, რომლის თქმით, ახლა ნატოს საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) ლოჯისტიკის დეპარტამენტში მსახურობს”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში, სათაურით "ბოლო ხანებში ქალების სამხედრო საქმისადმი ინტერესი გაიზარდა".

“ორჯერ ვიყავი ავღანეთში - ჯერ “მტკიცე მხარდაჭერის მისიაში”, 2015 წლიდან კი ისევ “მტკიცე მხარდაჭერის მისიაში” ბაგრამის ბაზაში 43-ე ბატალიონის პირად შემადგენლობასთან ერთად. ის პერიოდი იყო, როდესაც ქართველ მშვიდობისმყოფელებს ჩეკპოინტები ჯერ კიდევ ჰქონდათ. ავღანეთში მისია ყველა დროს რთული იყო, მუდმივად არსებობდა საფრთხე, მოვლენების განვითარება პროგნოზირებადი არასდროს ყოფილა, 2015 წლის შემდეგ კი ქართველი სამხედროების საბრძოლო ამოცანა ბაზის უსაფრთხოება, ადამიანების შემოსვლის, ასევე ტექნიკის გაკონტროლება იყო. კორეელების ჰოსპიტალში ვმსახურობდი. სხვა სამხედროებთან ერთად მეც ვხვდებოდი ადგილობრივ მოსახლეობას. ჰოსპიტალი მრავალპროფილური იყო. ავღანელებს როგორც ანალიზები, ასევე ოპერაციები უკეთდებოდათ. სამედიცინო პერსონალი კორეელებით იყო დაკომპლექტებული, მაგრამ პაციენტებს პირველად ჩვენ ვხვდებოდით - მისაღებში ქართველები ვისხედით და ვიცოდით, ვის რა სამედიცინო საჭიროება ჰქონდა. ძირითადად, ქალები და ბავშვები შემოდიოდნენ. სკანერის აპარატთან ვიჯექი და ჰოსპიტალში ყველა შემომსვლელს ვატარებდი, რათა სხეულით ასაფეთქებელი ნივთიერება არ შემოეტანა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნანა მეგრელაძე.

“სოფლის მამასახლისი, მალიქი, წინასწარ შედგენილი სიის მიხედვით განსაზღვრავდა, ვინ უნდა შესულიყო ჰოსპიტალში. ყველასთვის არ იყო ხელმისაწვდომი ჰოსპიტალში მოსვლა. ვინც შემოდიოდა, ეტყობოდა, რომ ძალიან უჭირდა, ძალიან ცუდად ეცვათ, მაგრამ მოუვლელი ბავშვი არ მინახავს. პირველ მისიაში ჩემთან ერთად იყო სამხედრო ექიმი ნანა ცხადაძე, რომელმაც 2008 წლის ომი გამოიარა და ძალიან კარგად იცის ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, ომისა და მშვიდობის ფასი. ბავშვებს ტკბილეულს, ქალებს კი ჰიგიენის საშუალებებს ვჩუქნიდით. მათი მადლიერი თვალები არასდროს დამავიწყდება. ამას არავინ გვავალებდა, უბრალოდ ქალური სოლიდარობა იყო. შემდგომ საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე გადავინაცვლეთ და ავღანელ პოლიციელ ქალებთან ვთანამშრომლობდით. ქალებს ისინი ჩხრეკდნენ, ჩვენ კი პოლიციელ ქალებს. ქართველი სამხედროები ყურადღებით ვიყავით, რომ მათი რელიგიური ტრადიციები, ცხოვრების წესი და შეხედულებები მცირედითაც არ შელახულიყო. ამას ვიცავდით სკანერთანაც კი, როდესაც ავღანელი ქალი და მამაკაცი შემოწმებაზე იდგნენ. სამხედრო მამაკაცის ყოფნა ავღანელ ქალს დისკომფორტს უქმნიდა. ამიტომ ძალიან შეწყობილად ვმუშაობდით, რათა ეჭვიც კი არ გასჩენოდათ, რომ ვიღაც მათ რელიგიურ რწმენას ლახავდა”... - განაგრძობს რესპონდენტი.

“2014 წლიდან დაწყებული ბრძოლების ანალიზი მეტყველებს, რომ უკრაინის აღმოსავლეთში უკრაინის არმიის დანაყოფებისა და შენაერთების ალყაში მოქცევისას რუსეთის საარმიო დაჯგუფებების საბატალიონე-ტაქტიკური ჯგუფები ჯავშანტექნიკას იყენებდნენ, განსაკუთრებით კი, ტანკებს. უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების წამოწყების შემთხვევაში, თანაც სხვადასხვა მიმართულებიდან, რუსი გენერლები აქცენტს ისევ ჯავშანტექნიკაზე გააკეთებენ, შესაბამისად, უკრაინის არმიას მათ მოსაგერიებლად დიდი რაოდენობით ეფექტიანი ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღება დასჭირდება. საბჭოთა დროიდან შემორჩენილი “ერ-პე-გე-7”-ებისა თუ მართვადი “ფაგოტების” გარდა, უკრაინის არმიამ ბოლო წლებში მოიმარაგა სამამულო წარმოების მართვადი “სტუგნა-პ” და “კორსარი” (7 ათასამდე რაკეტა), რომლებიც მაღალი საბრძოლო ეფექტიანობით გამოირჩევა”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში, სათაურით უკრაინელები “მინიჯაველინებითაც” შავ დღეს დააყრიან რუსულ ტანკებს.

“სხვათა შორის, “სტუგნა-პ”-ს საექსპორტო უკრაინულ-ბელარუსული ვარიანტი “სკიფი” ქართულმა არმიამაც შეიძინა ათი წლის წინ და დღემდე ჩვენი ყველაზე შორსმსროლელი (5 კმ-მდე) ტანკსაწინააღმდეგო საშუალებაა, რომლის ტანდემურ ორთავიან კუმულაციურ ქობინს ტანკის დინამიკური დაცვის გარღვევის შემდეგ კიდევ 800 მმ სისქის მონოლითური ჯავშნის გახვრეტა შეუძლია. უკრაინის არმიის შეიარაღებაში მესამე წელია, რაც გამოჩნდა ამერიკული “ჯაველინებიც”, რომლებსაც შეტევაზე გადასული რუსული ტანკების აფეთქება ზემოდანაც შეუძლია, თანაც “გაისროლე-დაივიწყე” მოქმედების პრინციპით. ამ ყველაფერს 2022 წლის თებერვლიდან დაემატა ბრიტანულ-შვედური წარმოების მცირე მანძილზე მოქმედი მართვადი ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსი. ვისაც უსვრია "ერ-პე-გე-7", დამეთანხმება, რომ თუკი შენ უკან, ოციოდე მეტრშიც ვინმე დგას, კარგი დღე არ დაადგება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“NLAW-ი ზედგამოჭრილია ქალაქის ბრძოლებისთვის, როდესაც სროლის დისტანცია ერთი დანგრეული კორპუსიდან მეორემდე ორასიოდე მეტრი თუ არის ან ბრძოლა უფრო ახლო მანძილზე მიმდინარეობს. ამასთან, NLAW-ს სროლის მინიმალური მანძილი მხოლოდ 20-ოდე მეტრია, რაც ძალზე გამოსადეგია ქუჩაში ბრძოლისთვისაც, როდესაც კორპუსის მე-3- 4 სართულიდან და თან ოთახიდან შეგიძლია ქუჩაში მიმავალ მოწინააღმდეგის ტანკს ესროლო. ბრიტანულმა სამხედრო-სატრანსპორტო ჩ-17-ებმა კიევის აეროპორტში 2 000 ასეთი სარაკეტო კომპლექსი ჩაიტანეს, რითაც, ჩანს, გეგმები აურიეს პუტინის ბურიატ ტანკისტებს. საქმე ისაა, რომ NLAW-ს სხვანაირად “მინიჯაველინს” ან “იაფფასიან ჯაველინსაც” უწოდებენ, რადგან ისიც მესამე თაობის ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსია, ასევე მოქმედებს “გაისროლე-დაივიწყეს” პრინციპით და ტანკის აფეთქება ზემოდან მასაც შეუძლია, სამაგიეროდ, ამერიკულ “ჯაველინზე” სამჯერ იაფი ღირს”... - განაგრძობს გამოცემა.