საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქართული რძის პროდუქტების რუსეთის ბაზარზე შეტანის საკითხზე გადაწყვეტილება რუსულმა მხარემ გუშინ, 5 მარტს მიიღო.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, გადაწყვეტილების მიხედვით, რუსეთის ვეტერინარიისა და ფიტოსანიტარიის ფედერალურმა სამსახურმა (როსსელხოზნადზორმა) 15 ქართულ კომპანიას რუსულ ბაზარზე ნაწარმის შეტანის უფლება მისცა.
„გადაწყვეტილება გუშინ მიიღეს. ინფორმაცია "როსსელხოზნადზორმა" გაავრცელა. მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, მაგრამ შეხვედრა არ ყოფილა, ხელმძღვანელობასთან სატელეფონო საუბარი შედგა. „როსსელხოზნადზორმა" გუშინ გაავრცელა ოფიციალურ გვერდზე განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოსთან, მათ შორის აზერბაიჯანთანაც მოლაპარაკებები გამართა. მიღებული გადაწყვეტილებით, 15 ქართულ კომპანიას რუსულ ბაზარზე ნაწარმის შეტანის უფლება მისცა“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.
აღსანიშნავია, რომ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ რუსულ ბაზარზე ქართული რძის პროდუქტი და სხვა ნაწარმი გავა, დღეს განცხადებაც გაავრცელა. როგორც უწყება განმარტავს, ქართული ცხოველური წარმოშობის პროდუქციის ექსპორტთან დაკავშირებით რამდენიმე ქვეყანასთან, მათ შორის რუსეთთან მოლაპარაკება 2020 წლიდან მიმდინარეობდა.
“ქართული აგრარული პროდუქციის მსოფლიო ბაზრებზე ექსპორტის გაზრდის უზრუნველსაყოფად, აქტიური მუშაობა მრავალი წელია მიმდინარეობს. აღნიშნულ პროცესში ჩართულია როგორც შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები, ისე ცნობილი საერთაშორისო მარკეტინგული კომპანიები. მუშაობა მიმდინარეობს ქართული ცხოველური წარმოშობის პროდუქციის ექსპორტის ზრდის მიმართულებითაც.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოლაპარაკებებს აწარმოებს არაერთ ქვეყანასთან, მათ შორის, ერთი კვირის წინ წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები საუდის არაბეთთან. 2020 წლიდან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა რუსეთის ფედერაციის მხარესთანაც, რომლის საფუძველზე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ქართული ცხოველური წარმოშობის პროდუქციის ექსპორტის დაშვებასთან დაკავშირებით, რუსეთის ფედერაციასა და სხვა ქვეყნებში.
ამავდროულად, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა სტანდარტებისა და რეგულაციების დანერგვასთან დაკავშირებით, რათა ქართული ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ექსპორტი შესაძლებელი გახდეს ევროკავშირის ქვეყნებში.
ცხოველური წარმოშობის პროდუქციისთვის ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გატარებული პოლიტიკისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, ევროკავშირის ბაზარზე 2016 წლის დეკემბრიდან დაშვებულია ქართული თაფლის ექსპორტი და შედეგად, გასულ წელს ევროპაში უპრეცედენტო რაოდენობის თაფლია გასული”, - აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"