წალენჯიხაში უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად აქცია გაიმართა

წალენჯიხაში უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად აქცია გაიმართა. როგორც წალენჯიხის მერმა გია ხარჩილავამ განაცხადა, შეიქმნა ჰუმანიტარული მისია, რომელიც უკრაინის ქალაქ იავოროვის მოსახლეობას დაეხმარება. მისივე ინფორმაციით, მუნიციპალიტეტი აღნიშნულ ქალაქთან ომის პერიოდში დამეგობრდა.
„აქციას რამდენიმე განზომებილება აქვს. ერთი არის წალენჯიხელების ხმა უკრაინის ხალხის მხარდასაჭერად, ამასთან დამეგობრება გამოცხადდა ომის პირობებში წალენჯიხის ქალაქ იავოროვთან. ეს დამეგობრება ომის პერიოდში ცალკე ისტორიაა, ახალი შეხედულებები. ომის პირობებში შემდგარი დამეგობრება გადაიქცევა გრძელვადიან მშვიდობიან პერიოდში, ნაყოფიერ თანამშრომლობაში. ამავე აქციის ფარგლებში გამოვაცხადეთ ჰუმანიტარული მისია, რის ფარგლებშიც წალენჯიხის მოსახლეობა დაეხმარება დამეგობრებულ ქალაქს. ამასთან, გამოვაცხადეთ ფონდის დაფუძნება, სადაც წალენჯიხის მოსახლეობა, საკუთარ მხარდაჭერას გამოხატავს. ადამიანებს გააზრებული აქვთ, რა პერიოდში, რა ეპოქაში და ვის წინააღმდეგ უწევთ ბრძოლა“, - განაცხადა ხარჩილავამ.

























