ნინო ლაცაბიძე - ჩვენ რაც შეიძლება სწრაფად უნდა შევძლოთ სკოლებში არსებული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება

რუსთავში, საჯარო სკოლებში დაგეგმილ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე იმსჯელეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, ქალაქის საკრებულოს ფრაქცია ,, ქართული ოცნების" წევრებთან ერთად, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ვალერიან გობრონიძესა და მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორ დავით ტაბიძეს შეხვდა.
შეხვედრაზე, საჯარო სკოლებში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს, ასევე სამომავლო პრიორიტეტები დასახეს.
,,სამინისიტროს წარმომადგენლებთან და საჯარო სკოლების დირექტორებთან ერთად სკოლის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების საკითხები განვიხილეთ. რუსთავში რამდენიმე მიმდინარე პროექტია, ასევე ვგეგმავთ ახალ პროექტებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სკოლების რეაბილიტაციის პროექტების დაგეგმვასა და განხორციელების პროცესში მუნიციპალიტეტი, სამინისტროსთან ერთად აქტიურად იყოს ჩართული. ჩვენ, რაც შეიძლება სწრაფად უნდა შევძლოთ სკოლებში არსებული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის ვალერიან გობრონიძის განცხადებით, 2023 წლიდან საჯარო სკოლების ავტორიზაციის პროცესი იწყება, რაც ინფრასტრუქტურის მზაობასა და არსებულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას გულისხმობს.
,,ქალაქის მერის ინიციატივით, ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა დღეს რუსთავის სკოლების ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით. ქვეყნის მასშტაბით სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ისევე როგორც გასულ წლებში, წელსაც რამდენიმე ათეული სკოლის რეაბილიტაციაა დაგეგმილი. ამ პროცესში რა თქმა უნდა ჩართულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო, ასევე მუნიციპალური განვითარების ფონდი და ადგილობრივი თვითმმართველობა. სწორედ ამ სამი უწყების ერთობლივი ძალისხმევით მიმდინარეობს სკოლების რეაბილიტაციის პროცესი“, - განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ.
სამუშაო შეხვედრას ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე ილია ჯალაღანია, რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი თამარ ხეჩიკაშვილი, საჯარო სკოლების დირექტორები და რუსთავის მუნიციპალიტეტის სხვა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
სამუშაო შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ სარემონტო სამუშაოები პირველ რიგში იმ საჯარო სკოლებში ჩატარდება, სადაც შენობები ავარიულ მდგომარეობაშია და სასწრაფო რეაბილიტაციას საჭიროებს.
რუსთავის 25-ე და 26-ე საჯარო სკოლებში სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. რეაბილიტაციის შემდეგ ახალ გარემოში ორივე სკოლაში ჯამურად 2 500-მდე მოსწავლის მიღება იქნება შესაძლებელი. პროექტების ღირებულება 8,967,052 ლარია.
უახლოეს მომავალში იგეგმება რუსთავის 21-ე, მე-6, მე-3 და შოთა რუსთაველის სახელობის მე-2 საჯარო სკოლების რეაბილიტაცია.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოს მასშტაბით უწყვეტ რეჟიმში გრძელდება სკოლების მშენებლობა/რეაბილიტაცია და გასული წლის მსგავსად, წელსაც არაერთი ახალი შენობა შეემატება სასკოლო ინფრასტრუქტურას.
2026-27 სასწავლო წლის დაწყებამდე საქართველოს უკლებლივ ყველა სკოლა გაივლის ავტორიზაციას ახალი სტანდარტის მიხედვით.
გარდა იმისა, რომ აღნიშნული მიდგომა ხელს შეუწყობს განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, ამ პერიოდისთვის საქართველოს უკლებლივ ყველა სკოლა ინფრასტრუქტურულად სრულად გამართული იქნება.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სსიპ სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს, მუნიციპალური განვითარების ფონდისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ერთობლივი ძალისხმევით 2012 წლიდან დღემდე აშენდა 174, ხოლო სრულად რეაბილიტირდა 257 საჯარო სკოლა.

























