ოზურგეთის მერია - ორგანიზაცია „ალტ-ინფოსთვის“ მერიას საოფისე ფართი არ გადაუცია და არც ქირავნობაზე გაუცია თანხმობა

ოზურგეთის მერიას ორგანიზაცია „ალტ-ინფოსთვის“ საოფისე ფართი არ გადაუცია და არც ქირავნობაზე გაუცია თანხმობა, - ამის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთის მერია Facebook-ის გვერდზე ავრცელებს.
უწყება სიცრუეს უწოდებს ინფორმაციას, რომ ფართი, რომლის დაქირავებაც სავარაუდოდ, ორგანიზაცია „ალტ-ინფოს“ სურდა, ოზურგეთის მერიას ეკუთვნის.
„ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი წარმომადგენლების განცხადებები, თითქოს ოზურგეთში, ჭავჭავაძის 12 ნომერში მდებარე ფართი (რომლის დაქირავებაც სავარაუდოდ, ორგანიზაცია “ალტ-ინფოს” სურდა) ეკუთვნის მერიას - არის სრული სიცრუე და დეზინფორმაცია. სინამდვილეში, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამოქვეყნებული საკუთრების დამადასტურებული დოკუმენტი, ჭავჭავაძის 12-ში მდებარე სხვა ფართს ეხება. ვასაჯაროვებთ ამის დამადასტურებელ ოფიციალურ დოკუმენტებს და ფოტოს. ოზურგეთის მერიას აღნიშნული საკუთრება ორგანიზაცია „ალტ-ინფოსთვის“ არც გადაუცია და არც ქირავნობაზე გაუცია თანხმობა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

























