ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2022

ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2022

ზელენსკი ნატო-ზე უარს ამბობს - იძულებითი ტაქტიკური სვლა, თუ იმედგაცრუების გამო მიღებული გადაწყვეტილება

თუ უკრაინა კიდევ რამდენიმე თვეს გაძლებს, ომში ნატო-ც ჩაერთვება, - ძაბირაძე

***

ზელენსკი ნატო-ზე უარს ამბობს - იძულებითი ტაქტიკური სვლა, თუ იმედგაცრუების გამო მიღებული გადაწყვეტილება

“უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ის და მისი ხალხი უკვე მიახვედრეს, რომ ნატოს ღია კარის პოლიტიკა უკრაინაზე არ ვრცელდება. ანალიტიკოსი კახა გოგოლაშვილი მიიჩნევს, რომ ზელენსკი იძულებული გახდა გაეკეთებინა ასეთი განცხადება, რათა შეაჩეროს საკუთარი მოქალაქეების განადგურება რუსეთის მხრიდან. ამასთან, მისივე აზრით, შესაძლოა უკრაინამ ნეიტრალიტეტი გამოაცხადოს, მაგრამ არა სამუდამოდ”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, ზელენსკი ნატო-ზე უარს ამბობს - იძულებითი ტაქტიკური სვლა, თუ იმედგაცრუების გამო მიღებული გადაწყვეტილება

"პრეზიდენტმა ზელენსკიმ ევროპელ ლიდერებთან გამართულ დისტანციურ შეხვედრაზე განაცხადა, რომ უკრაინის სურვილის მიუხედავად, უკვე დარწმუნდნენ, რომ ქვეყანა არ გახდება ნატოს წევრი. „გასაგებია, რომ უკრაინა არ არის ნატოს წევრი, ეს გვესმის, ჩვენ ადეკვატური ხალხი ვართ. წლების განმავლობაში გვესმოდა ღია კარის შესახებ, მაგრამ ახლა იმაშიც დავრწმუნდით, რომ იქ ვერ შევდივართ და ეს უნდა ვაღიაროთ. მოხარული ვარ, რომ ჩვენი ხალხი იწყებს ამის გაგებას და მხოლოდ საკუთარი თავისა და ჩვენი პარტნიორების იმედი აქვთ, რომლებიც გვეხმარებიან", - განაცხადა პრეზიდენტმა. მისივე თქმით, უკრაინას პრაქტიკულად უწყვეტ რეჟიმში სჭრდება სამხედრო დახმარება, რადგანაც ის შეირაღება, რასაც უკრაინელები დასავლეთის ქვეყნებიდან იღებენ, უკრაინაში შეტანიდან ძალიან სწრაფად იხარჯება. „იარაღის ის რაოდენობა, რომელსაც ჩვენ ვიღებთ, როგორც წესი შემოტანიდან 20 საათში იხარჯება", - აღნიშნა პრეზიდენტმა”, - აღნიშნავს გამოცემა.

"ანალიტიკოსი კახა გოგოლაშვილი ზელენსკის განცხადებას ერთგვარ ტაქტიკურ სვლად მიიჩნევს. მისივე თქმით, ის ახლა მხოლოდ იძულებულია ვითარებიდან გამომდინარე გარკვეულ დათმობებზე წავიდეს. სავარაუდოდ, უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკებების შედეგად გამოაცხადებს ნეიტრალიტეტს და ეს იქნება მისი კომპრომისი, თუმცა ეს დიდხანს არ გაგრძელდება, ზელენსკი თანამშრომლობას გააგრძელებს ნატოს წევრ ქვეყნებთან, მიიღებს დაფინანსებას, ააშენებს ახალ სახელმწიფოს და გააძლიერებს თავდაცვას. გოგოლაშვილის თქმით, მთავარია ზელენკი არ დათანხმდეს რუსეთს გადადგომასა და შეიარაღების ჩაბარებაზე, რათა ვერ მოხდეს უკრაინაში პრორუსი ხელისუფლების დაყენება. ამასთან, იგი აღნიშნავს, რომ საქართველოს ჯერჯერობით არ ემუქრება მსგავს კომპრომისებზე წასვლა, მაგრამ თუ ეს მოხდება, აუცილებლად უნდა მოიძებნოს გამოსავალი”, - განაგრძობს გამოცემა.

"ზელენსკის უარი არ უთქვამს ნატო-ზე. უბრალოდ, ის ეძებს კომპრომისს. ახლა მის წინაშე დგას ორი რეალობა: ერთი ის, რომ განაცხადოს უარი იმ მოთხოვნების შესრულებაზე, რაზეც აქამდეც ამბობდა უარს და რაც მოსახლეობის დიდი ნაწილის ისევ განადგურებას გამოიწვევს, ან რუსეთს დაუთმოს რაღაც საკითხები. „დათმობის, ასე ვთქვათ, ყველაზე არასაზიანო ვარიანტი ზელენსკისგან არის იმის თქმა, რომ არ შევა ნატო-ში, მაგრამ ამავე დროს არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუთმოს რუსეთს განიარაღებისა და ხელისუფლების შეცვლის საკითხებში. „რაც შეეხება ნეიტრალიტეტს, ეს დროის საკითხია. პუტინი მუდმივად ვერ იქნება ხელისუფლებაში. ამიტომ, ამ ეტაპზე, შეიძლება თქვას, რომ ახლა არ შევა ნატოში, სამაგიეროდ ის დარჩება ალიანსის წევრი ქვეყნების ახლო პარტნიორად და მოკავშირედ, მიიღებს სამხედრო დახმარებას, ააშენებს უძლიერეს არმიას, რომელსაც ვერავინ შეეხება და გადაარჩენს უკრაინას. ახლა იმისთვის, რომ პუტინმა გაიყვანოს ჯარები და შეწყვიტოს მოსახლეობის დაბომბვა, ალბათ კომპრომისი იქნება დაპირება, რომ უკრაინა ნატო-ში არ შევა. მაგრამ არცერთი დაპირება არ არის სამუდამო. შეიძლება ახლა არ შევა, მაგრამ ამას გააკეთებს 10 წლის შემდეგ. „ამ განცხადების გაკეთება იმიტომ მოუწია უკრაინას, რომ სხვა გამოსავალი არ დარჩა. რაც შეეხება საქართველოს, ჯერჯერობით მას არაფერი ემუქრება, მაგრამ თუ ასეთი საკითხის წინაშე დადგა და რუსეთიდან საფრთხე დაგვემუქრა, ყველაზე ადეკვატური გადაწყვეტილება არის ნეიტრალიტეტი. მაგალითად, ნეიტრალური შვეიცარიაც არის ფინეთიც და შვედეთიც, მაგრამ რუსეთი ვერ ერევა მათ საქმიანობაში", - წერს სტატიის ავტორი.

თუ უკრაინა კიდევ რამდენიმე თვეს გაძლებს, ომში ნატო-ც ჩაერთვება, - ძაბირაძე

„მესამე მსოფლიო ომი, ფაქტიურად, უკვე მიმდინარეობს, ოღონდ ეს არის ჰიბრიდული ომი - ერთდროულად როგორც ცივი, ისე ცხელი ომის სახით. ამის შესახებ „რეზონანსთან“ ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე საუბრობს. მისი შეფასებით, თუკი უკრაინამ კიდევ რამდენიმე თვეს გაძლო, მაშინ ყველაფერი „ცხელ“ მესამე მსოფლიო ომში გადაიზრდება, თუმცა, ამ შემთხვევაშიც კი ბირთვული იარაღის გამოყენების ალბათობა მეტად მცირეა”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, თუ უკრაინა კიდევ რამდენიმე თვეს გაძლებს, ომში ნატო-ც ჩაერთვება, - ძაბირაძე

„13 მარტს რუსეთმა იავოროვში უკრაინის სამხედრო ბაზა დაბომბა, რომელიც ნატო-ს წევრი პოლონეთის საზღვართან 16 კილომეტრში მდებარეობს. ამან გაზარდა ისეთი ინციდენტის ალბათობა, რომლის შემდეგაც ნატო შესაძლოა იძლებული გახდება ომში ჩაერთოს. რა შედეგები შეიძლება მოყვეს რუსეთის მხრიდან რომელიმე ნატო-ს წევრი რომელიმე სახემწიფოს ტერიტორიაზე მიზანმიმართულად ან თუნდაც შეცდომით იერიშის მიტანას? „თუ რუსეთი ნატო-ს რომელიმე ქვეყანას დაემუქრება, ეს იქნება ჰიბრიდული ომიდან ცხელ ომში გადასვლის მიზეზი, რეალურად სხვა არაფერი შეიძლება მოხდეს. უბრალოდ, ნატო ჩაერთვება უკვე თავისი სამხედრო პოტენციალით. „ფაქტიურად, ცივი ომი გამოაცხადა მსოფლიომ რუსეთის წინააღმდეგ. ამიტომ ვფიქრობ, რომ თუ რუსეთი დაიწყებს საომარ მოქმედებებს ნატო-ს რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ, მაშინ ეს გადავა ცხელი ომის ფაზაში”, - აღნიშნავს გამოცემა.

„ამასთანავე, არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეულ ეტაზე ნატო ჩაერთვება ომში, ოღონდეს ეს მოხდება მაშინ, თუ უკრაინამ შეძლო და რამდენიმე თვე კვლავ გაუწია წინააღმდეგობა რუსეთს. „ბირთვული იარაღის გამოყენების მოლოდინი ყოველთვის იყო, მაგრამ იმ შემთხვევაშიც, თუ პუტინსა და მის ძალაუფლებას საფრთხე დაემუქრა, დარწმუნებული ვარ, საქმე ბირთვული იარაღის გამოყენებამდე არ მივა. ამ ნაბიჯის გადადგმა გამოიწვევს ძალიან დიდ ძვრებს და დასრულდება იმით, რომ შეიძლება ევრაზიის კონტინენტი განადგურდეს. ამიტომაც არ ველოდები ამ მიმართულებით ომის გაგრძელებას. „მემგონი, ყველა თანხმდება, რომ ამ კონფლიქტის დასრულების შემდეგ მსოფლიო ისეთი ვერ იქნება, როგორიც უკრაინისა და რუსეთის კონფლიქტამდე იყო. როგორი გახდება მსოფლიო, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ დასრულდება ომი, დიდი იმედი მაქვს, რომ უკრაინის წარმატებით. „ჩემი აზრით, ყველაზე მისაღები უნდა იყოს, რომ აღსდგეს როგორც უკრაინის, ისე მოლდოვისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და რუსეთმა უკან გაიყვანოს სამხედრო ძალები. შესაძლოა ყველაფერი უფრო გაღრმავდეს და პუტინი ჩამოშორდეს ხელისუფლებას. დარწმუნებული ვარ ეს ასე იქნება, მაგრამ როგორ, როდის და რამდენ ხანში შეიძლება ეს მოხდეს, პროგნოზირება ძალიან რთულია“, - აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ”, - წერს სტატიის ავტორი.