ლაშა ტუღუში - ვის სჭირდება კიევი და თბილისი?

უკრაინა, რომელიც მშვიდობის გზებს ეძებს, მზად არის, უარი თქვას ნატოს პერსპექტივაზე - „წლების განმავლობაში გვესმოდა ნატოს ღია კარის შესახებ, მაგრამ ახლა ისიც გავიგეთ, რომ იქ ვერ შევდივართ და ეს უნდა ვაღიაროთ“- , ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.

მსოფლიოს მნიშვნელოვან ნაწილში ლამის კერპად ქცეული უკრაინის პრეზიდენტი ბრიუსელისგან აშკარად მეტს ელოდა. დღეს მისი ქვეყანა ყველასთვის იბრძვის და, თუ წააგებს, ყველა წააგებს. საქართველოში, რომლის ტერიტორიის 20 პროცენტი რუსეთს აქვს ოკუპირებული, ჩნდება კითხვა: თუ უკრაინა, რომელიც ნატოს კართან რიგში საქართველოსთან ერთად დგას, გაეთიშა მართონს, სად დაგვინახავს ნატო ჩვენ ორივეს?

დღეს პუტინის რუსეთი ებრძვის უკრაინას და მის ხალხს მათი არჩევანის გამო. დღეს პუტინის რუსეთი ებრძვის დასავლეთს უკრაინაში უკრაინელების მხარდაჭერის გამო. დღეს პუტინის რუსეთი ებრძვის ნატოს, ნატო კი ჯერჯერობით სათანადოდ ვერ პასუხობს.

ვფიქრობ, არამარტო უკრაინას სჭირდება ნატო, ნატოს სჭირდება თავისუფლებისთვის მებრძოლი უკრაინა, რომელიც ომში ტოლს არ უდებს უზარმაზარ რუსეთს. არ მგონია, რომ ასეთი წინააღმდეგობა ინდივიდუალურად გაეწია ბევრ წევრ ქვეყანას რუსეთის აგრესიისათვის. უკრაინა პერსპექტივაში არის დასავლეთის უმნიშვნელოვანესი აქტივი. ესეც არის უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის ერთ-ერთი მიზეზი.

ზელენსკის მხრიდან ნატოზე უარი არ ქმნის გარანტიებს, რომ რუსეთი არ შეეცდება უკრაინის დასჯას, ქალაქების განადგურებას, მოსახლეობის, მათ შორის, ბავშვების, ქალებისა და მოხუცების გამწარებას, მათ მოსპობას.

პუტინმა თქვა, რომ უკრაინელი და უკრაინა არ არსებობს, არსებობს რუსი და რუსეთი, და მორჩა. ვინც ამ ლოგიკას არ ეთანხმება, ის ფაშისტია და უნდა განადგურდეს.

და ამ კონკრეტულ დრამატულ მომენტში რას ნიშნავს ზელენსკის სასოწარკვეთილი განაცხადი, რომ უკრაინა ნატოში ვერ შედის?

და, ეს განცხადება ვისი სისუსტის შედეგია?

დახოცილი უკრაინელი ბავშვების საპირწონე არ არის მხოლოდ დანგრეული რუსული ეკონომიკა, უზარმაზარი მსხვერპლის გამღები უკრაინის საპასუხოდ საკმარისი არ არის რუსეთის ცივილიზაციური იზოლირება.

რუსეთის ბარბაროსობის ერთადერთი პასუხია უკრაინის თავისუფლებისა და უკრაინელების სიცოცხლის დაცვა; ფიზიკურად დაცვა, დაცვა ჰაერში და ხმელეთზე. ეს არის პასუხი ბარბაროსობაზე. არ უნდა ჩავკეტოთ ციხე-სიმაგრის ჭიშკარი იმ ხალხისთვის, რომელიც ბარბაროსებს გაურბის, იბრძვის, სისხლს ღვრის იმათთვისაც, ვინც ციხე-სიმაგრის შიგნით რედუტებს აშენებს.

არ არის სწორი ლოგიკა, რომ არ უნდათ მესამე მსოფლიო ომის დაწყება. რუსეთს შეუძლია ეომოს უკრაინას, შეუძლია ეომოს პატარა საქართველოს, შეუძლია მოუწყოს გენოციდი ჩეჩნებს, მაგრამ ის ვერ დაუპირისპირდება ყველა თვალსაზრისით განვითარებულ, დემოკრატიულ სამყაროს. მას ამის არანაირი რესურსი არ აქვს.

მსოფლიოს ეკონომიკის მხოლოდ ორი პროცენტის მქონე, გაცვეთილი საბჭოთადროინდელი სამხედრო მანქანით რუსეთი ვერ შეძლებს ასეთი მასშტაბის საომარ მოქმედებებს, რასაც შეიძლება მესამე მსოფლიო ომი დაერქვას.

დღევანდელი რუსი ჯარისკაცი, რომელსაც სირიელი თუ სხვა სისხლისმსმელი ტერორისტების დახმარება სჭირდება, ასლიც კი არ არის იმ საბჭოთა ჯარისკაცისა, რომელმაც ევროპის დიდი ნაწილი ფეხით და ავტომატით გაიარა, რომლის მაღალი ძეგლი დღესაც დგას ბერლინში. და იმ საბჭოთა ჯარისკაცის იმდროინდელი მოკავშირეები და უმნიშვნელოვანესი გამწევი ძალა, იმავდროულად, ყველაზე დიდი დემოკრატიები იყვნენ. რომ არა დასავლეთი და მეორე ფრონტი, ჰიტლერის ბერლინიც არ დაეცემოდა.

უკრაინელები იბრძვიან, თავს არ ინდობენ, ქართველებიც იბრძვიან, როგორც თავისი, ასევე სხვების უსაფრთხოებისთვის. ეს პრინციპის და ღირებულების საკითხია. ორივე ერს გვინდა თავისუფლება, ორივენი ამას ჩვენი ისტორიით ვამტკიცებთ. ორივენი ევროპული ოჯახის წევრები ვართ. ჩვენ სხვა სახლი არ გვაქვს!

ლაშა ტუღუში

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა