სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო,  სემეკმა „ქობულეთის წყალი“ 75 000 ლარით დააჯარიმა

სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო,  სემეკმა „ქობულეთის წყალი“ 75 000 ლარით დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) შპს „ქობულეთის წყალი“ სალიცენზიო პირობებისა და სემეკის მიერ დადგენილი მოთხოვნების დარღვევის გამო, ჯარიმის მაქსიმალური ოდენობით - 75 000 ლარით დააჯარიმა. ინფორმაციას ამის შესახებ სემეკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, კომპანიამ ჯარიმის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტში 10 დღის ვადაში უნდა უზრუნველყოს.

„დაჯარიმების საფუძველს წარმოადგენს შპს „ქობულეთის წყლის“ მიერ ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების ქსელზე მიერთების პირობებისა და ვადების დარღვევა. კერძოდ, კომპანიამ 1 წლის ვადაში განმცხადებლის წყალარინების ქსელზე მიერთება არ უზრუნველყო, ამასთანავე, განმცხადებელს დაავალა მიერთებისათვის საჭირო მასალის შესყიდვა, რაც წარმოადგენს კომისიის წესების უხეშ დარღვევას.

განმცხადებლის ქსელზე მიერთების პირობებისა და ვადების დარღვევის შესახებ შპს „ქობულეთის წყლის“ განმარტებები კომისიამ უსაფუძვლოდ მიიჩნია და დაავალა, განმცხადებლის წყალარინების ქსელზე მიერთება არაუგვიანეს 2022 წლის 15 აპრილისა.

შპს „ქობულეთის წყალს“ განემარტა, რომ დარღვევის აღმოუფხვრელობის ან განმეორების შემთხვევაში, სემეკი უფლებამოსილია კომპანიას გაორმაგებული ჯარიმა დააკისროს. აღსანიშნავია, რომ კომპანია დარღვევების გამო 2019 და 2021 წლებშიც დაჯარიმდა, რის შესახებაც სემეკის მხრიდან ეცნობა ქობულეთის მუნიციპალიტეტსაც, როგორც კომპანიის მესაკუთრეს. თუმცა, სემეკს რეაგირების თაობაზე დღემდე მუნიციპალიტეტისგან პასუხი არ მიუღია”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.