რადას დეპუტატი ივან კრულკო - რუსეთმა კბილები მოიმტვრია და ახლა შესაძლებლობა გვაქვს ყველაფერი თავის ადგილზე დავაყენოთ - თუ უკრაინა ამ ომს ვერ გაუძლებს, რიგში იქნებიან სხვა ქვეყნები, მათ შორის საქართველო

რადას დეპუტატი ივან კრულკო - რუსეთმა კბილები მოიმტვრია და ახლა შესაძლებლობა გვაქვს ყველაფერი თავის ადგილზე დავაყენოთ - თუ უკრაინა ამ ომს ვერ გაუძლებს, რიგში იქნებიან სხვა ქვეყნები, მათ შორის საქართველო

ომის 23-ე დღეს, რუსეთის ჯარის შეტევისა და მძიმე დაბომბვების მიუხედავად, უკრაინაში აცხადებენ, რომ კრემლის წინაშე მუხლებზე არ დადგებიან და კაპიტულაციას არ გამოაცხადებენ.

როგორია სულისკვეთება ომიდან სამი კვირის თავზე უკრაინაში, როგორ წარმოუდგენიათ უკრაინა და მსოფლიო, ომის დასრულების შემდეგ და რა მხარდაჭერას ელოდა ოფიციალური კიევი პარტნიორებისგან, მათ შორის საქართველოსგან, ამის შესახებ უმაღლესი რადას დეპუტატმა ივან კრულკომ „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.

- პირველ რიგში, მსურს გამოვხატო პირადად ჩემი და ასევე, ჩვენი კომპანიის მხარდაჭერა უკრაინისადმი. მიიღეთ ჩემი ღრმა მწუხარება იმ დანაკარგის გამო, რომელსაც თქვენი ქვეყანა განიცდის. ვფიქრობ, მსოფლიო არ დაივიწყებს იმ გმირობას, რომელსაც უკრაინა აჩვენებს ამ დღეების განმავლობაში.

დღეს ომის 23-ე დღეა - ალბათ, გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვი, რომ მთელი საერთაშორისო საზოგადოება გააოცა უკრაინელების ერთიანობამ და შეუვალობამ - ადამიანები შიშველი ხელებით უპირისპირდებიან მტერს და ცდილობენ მის შეჩერებას. როგორ ფიქრობთ, შეძლებს უკრაინა ამ მუხტის შენარჩუნებას, როცა მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი იმატებს და ალყაში მოქცეულ ქალაქებს ჰუმანიტარული დახმარების პრობლემა აქვს...

- მადლობა მხარდამჭერი სიტყვებისთვის თქვენი კომპანიის და ქართველი ხალხის მხრიდან, რომელიც გამოდიოდა მიტინგებზე უკრაინის მხარდასაჭერად. რა თქმა უნდა, ვისურვებდით უფრო მეტ სოლიდარობას ოფიციალური ხელისუფლების მხრიდან ამ წუთებსა და ამ ვითარებაში, რადგან უკრაინა იბრძვის არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ მთელი ევროპისა და მთელი მსოფლიოსთვის.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ევროპას არასდროს უნახავს მსგავსი მასშტაბის ომი, რომელიც ახლა უკრაინაშია რუსეთის ფედერაციის აგრესიული ქმედებებიდან გამომდინარე, რომელიც თავს კი არ დასხმია მხოლოდ უკრაინას, არამედ აწარმოებს ტოტალურ ომს უკრაინის სახელმწიფოებრიობის გასანადგურებლად, აწარმოებს ომს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, ქალების ბავშვებისა და მოხუცების წინააღმდეგ. რუსები მაროდიორობენ იმ დასახლებულ პუნქტებში, რომელთა დაკავება მათ დროებით შეძლეს. რუსები ყრიან იმ ავიაბომბებს ჩვენს მშვიდობიან ქალაქებში, რომლებიც აკრძალულია ყველა საერთაშორისო კონვენციით. ისინი ანადგურებენ არა მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას, როგორც ამას ამტკიცებენ, არამედ ანადგურებენ საბავშვო ბაღებს, სკოლებს, თეატრებს, საავადმყოფოებს, კლინიკებს ანუ ყველაფერს, რაც უზრუნველყოფს ჩვენი ქალაქების სიცოცხლისუნარიანობას. ავიათავდასხმების შედეგად ნანგრევებში იხოცება მშვიდობიანი მოსახლეობა - ეს, რა თქმა უნდა, საშიშია, მაგრამ ეს ვერ გატეხს უკრაინელების სულს, რადგან უკრაინელები ძალიან მოხერხებულად იბრძვიან, უკრაინის შეიარაღებული ძალები წინააღმდეგობას უწევენ რუსეთს. რუსეთს არასდროს განუცდია მსგავსი მძიმე დანაკარგები, რომელსაც ის განიცდის ახლა უკრაინის მიწაზე - ეს არის უკვე ათასობით განადგურებული ტანკი, ავტომობილი, იარაღი. ეს უკვე 14 ათასზე მეტი შეიარაღებული ჯარისკაცია, რომლებმაც უკრაინაში მხოლოდ სიკვდილი იპოვეს იმის გამო, რომ აქ მოვიდნენ და, რა თქმა უნდა, ჩვენ მივიჩნევთ, რომ ამ ვითარებაში მთელი მსოფლიო სოლიდარული უნდა იყოს უკრაინის მიმართ არა მხოლოდ სიტყვით, არამედ კონკრეტული ქმედებებით. უკრაინამ შექმნა საერთაშორისო ლეგიონი, რომელშიც ეწერებიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები იმისთვის, რომ დაიცვან სამართლიანობა, დააბრუნონ მშვიდობა და დააყენონ პუტინის რეჟიმი თავის ადგილზე. მე პირადად ვიცი, რომ დიდი რაოდენობით ქართველიც გამოეხმაურა ამ მოწვევას და ისინი მზად არიან იბრძოლონ პუტინისტური რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ მე მინდა ვთქვა, რომ მსოფლიო აღარასდროს იქნება ისეთი, როგორიც ის იყო ომამდე, რომელიც დაიწყო რუსეთმა ჯერ კიდევ 2014 წელს და აქტიური მოქმედებები უკრაინის მთელ ტერიტორიაზე ამ წლის 24 თებერვლიდან. მსოფლიო სხვანაირი იქნება და მე იმედი მაქვს, რომ ახალი უსაფრთხოება დაამყარებს ახალ პრინციპებს, სადაც ყველა ის ორგანიზაცია, რომელმაც აჩვენა თავისი ქმედუუნარობა ამ ვითარებაში, უბრალოდ შეწყვეტს არსებობას და დაფუძნდება ახალი ორგანიზაციები, სადაც გადაწყვეტილების მიღების დრო გაგრძელდება არა დღეებისა და კვირების განმავლობაში, არამედ მიღებული იქნება ელვის სისწრაფით, რათა არ იქნას დაშვებული მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი, განადგურება, მკვლელობა და ყველაფერი ის, რასაც ახლა ვხედავთ უკრაინაში.

ზუსტ რიცხვებზე ოპერირება არ შემიძლია, მაგრამ გვაქვს მონაცემები, რომ 50 ქვეყნის 20 ათასზე მეტი მოქალაქე ჩაეწერა მოხალისეთა ლეგიონში და მათი ნაწილი უკვე იმყოფება უკრაინის ტერიტორიაზე, აწარმოებს სამართლიან თავდაცვას რუსი დამპყრობლების წინააღმდეგ.

- თქვენ თქვით, რომ კარგი იქნებოდა გენახათ უფრო მეტი სოლიდარობა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. ჩვენ უკანასკნელ პერიოდში არაერთხელ მოვისმინეთ მსგავსი განაწყენებული პოზიცია როგორც პრეზიდენტ ზელენსკის, ასევე, თუნდაც, რადას სპიკერის მხრიდან. კონკრეტულად, რა დაგაკლდათ საქართველოს მიერ დაფიქსირებულ პოზიციაში?

- პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ სასანქციო რეჟიმს, რომელიც დაწესებულია რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მსოფლიოს ბევრი ქვეყნის მიერ, უნდა შეერთებოდნენ ის ქვეყნებიც, რომლებსაც ჩვენ მივიჩნევთ ჩვენს ახლო მეგობრებად, ვგულისხმობ, მათ შორის, საქართველოს - სრულმასშტაბიანი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, მათ შორის, ნებისმიერი ეკონომიკური კავშირის გაწყვეტა - ეს პირველი. მეორე, ჩვენ მოვისმინეთ უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის განცხადება, რომელმაც მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც სურდათ უკრაინაში ჩამოსვლა და საერთაშორისო ლეგიონში ჩაწერა, შეძლებოდათ ამის გაკეთება. არ ვიცი, შეძლეს თუ არა მათ ამის გაკეთება, მაგრამ უკრაინის მინისტრთა კაბინეტისგან მსგავსი მიმართვა საქართველოს პრემიერის მიმართ იყო. უფრო მეტიც, მე მივიჩნევ, რომ არავის, როგორც საქართველოს, არ ესმის, რა არის რუსული ოკუპაცია და რუსული აგრესია. მივიჩნევ, რომ ახლა დგას ის მომენტი, როდესაც ყველა ქვეყანა, რომელიც დაზარალდა რუსეთის აგრესიული ქმედებებისგან, უნდა წამოდგეს და დაიწყოს თავისი ტერიტორიების დაბრუნება - ეს არის დნესტრისპირეთი, რომელიც ეკუთვნის მოლდოვას და ეს არის აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, რომელიც ეკუთვნის საქართველოს. ახლა არის სამართლიანობის აღდგენის მომენტი ჩვენი რეგიონის მთელს პერიმეტრზე, სადაც რუსეთის ფედერაცია განგებ ქმნიდა არასტაბილურობის წერტილებს თავისი ძალაუფლების დამყარებისთვის, იმისთვის, რომ გავლენა იქონიოს ქვეყნებზე და ჰქონდეს პლაცდარმი შემდგომი თავდასხმებისთვის. რუსეთი არასდროს გაჩერდება, თუ მასთან უკან დახევას დაიწყებ ან ხელს მოაწერ რაღაც შეთანხმებებს კაპიტულაციასთან დაკავშირებით. რუსეთი განაგრძობს შეტევას იქამდე, სანამ ყველა ქვეყანა მის წინაშე მუხლებზე არ დადგება, მაგრამ ჩვენ არ დავდგებით და ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავთანხმდებით პუტინის რეჟიმის იმ ულტიმატუმებს, რომელიც ის უყენებს უკრაინას. ჩვენ არ გვსურს არავისთან ბრძოლა, მაგრამ ჩვენ ვითხოვთ, რომ რუსული ჯარი წავიდეს უკრაინის ტერიტორიიდან, რათა აღვიდგინოთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა საზღვრების მთელ პერიმეტრზე, რათა დავაბრუნოთ ადამიანები თავიანთ სახლებში, რათა შევძლოთ ყველაფერი იმის აღდგენა, რაც დაანგრია რუსეთმა ომის ამ დღეების განმავლობაში და ვფიქრობ, რომ იმავეს გაკეთების მომენტია ახლა საქართველოსთვის. თუ საქართველოს მოსახლეობა, როგორც მე მეჩვენება, ამას მხარს უჭერს, მაშინ ვისურვებდით, რომ ეს სახალხო მხარდაჭერა, ასევე, გამოხატული ყოფილიყო ოფიციალური ხელისუფლების ქმედებებში. ვისურვებდი, რომ ის ქვეყნები, რომლებიც ყველაზე მეტად დავზარალდით რუსეთისგან, ვიყოთ მაქსიმალურად სოლიდარულები და აღვადგინოთ სამართლიანობა, აი რაში მდგომარეობს საკითხი და რისი დანახვა და გაგონება გვსურდა ოფიციალური ხელისუფლებისგან.

- როგორც თქვენ აღნიშნეთ, საქართველოს, ისე როგორც არავის, უნდა ესმოდეს უკრაინის, რადგან საქართველოს 20 % ნამდვილად ოკუპირებულია რუსეთის მიერ, მაგრამ რამდენად შესაძლებელია, რომ უკრაინულ მხარესაც ესმოდეს საქართველოს ხელისუფლების ფრთხილი დამოკიდებულების, იმავე ფაქტორის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია და აქვე გკითხავთ, ხომ არ იჩქარა პრეზიდენტმა ზელენსკიმ, როდესაც საქართველოდან ელჩი კონსულტაციებზე გაიწვია - საქართველო ხომ არ არის მხოლოდ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, არამედ არის, როგორც თქვენც აღნიშნეთ, მისი ხალხი, საზოგადოება, რომელმაც მკაფიო და დიდი სოლიდარობა დააფიქსირა...

- რამდენადაც მე მესმის, მიზეზები მხოლოდ ამასთან არ იყო დაკავშირებული. არის სხვა მიზეზებიც მსგავსი ქმედებისთვის, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნა, რომელიც არის უკრაინის მოქალაქე და რომელიც დააკავეს და დააპატიმრეს საქართველოში. ჩვენს ელჩს საქართველოში მე პირადად ვიცნობ, პროფესიონალი დიპლომატია, ის ახლა კონსულტაციებზე იმყოფება და იმედი მაქვს, რომ ის უახლოეს პერიოდში დაუბრუნდება მოვალეობის შესრულებას და გააგრძელებს პროფესიონალურ მუშაობას თბილისში უკრაინის ინტერების დაცვისა და ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობების გამყარებისთვის, მაგრამ მიზეზები იმისთვის, რომ მსგავსი გადაწყვეტილება მიეღო, პრეზიდენტ ზელენსკის საკმარისად ჰქონდა და ისინი ზუსტადაც, დაკავშირებულია იმასთან, რომ ოფიციალური ხელისუფლება ყოველთვის არ მიჰყვება იმას, რასაც გრძნობს ამა თუ იმ ქვეყნის მოსახლეობისა და ხალხის უმრავლესობა.

- ჩვენ აქტიურად გვესმის განცხადებები, რომ კრემლი, უკრაინაში შეჭრის მომენტისთვის მსგავს წინააღმდეგობას არ ელოდა და არც იმას, რომ ომი, რომელსაც თავად სამხედრო ოპერაციას უწოდებენ, ამდენ ხანს გაგრძელდებოდა. თქვენ აკვირდებით ვითარებას შიგნიდან, ალბათ, გაქვთ სხვა სახის ოპერატიული ინფორმაციაც. როგორ ფიქრობთ, სადამდე შეძლებს ოკუპანტი უკრაინის ტერიტორიაზე დარჩენას?

- პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ პუტინმა უკვე წააგო ომი უკრაინაში - ეს უნდა გვესმოდეს. მათ იმედი ჰქონდათ 48-საათიანი ომის, მაქსიმუმ, 3-დღიანის და შემდეგ ელოდნენ უკრაინის სრულ კაპიტულაციას. უკრაინის ხელისუფლება, მათი აზრით, უნდა გაქცეულიყო, მაგრამ ხელისუფლების ყველა ინსტიტუტი ადგილზეა, მუშაობს და ამას არავინ ელოდა. იმ ქალაქებში, რომლებიც ახლა ყველაზე მძიმე დაბომბვის ქვეშ არიან და სადაც პრორუსულ პარტიებს ჰქონდათ მხარდაჭერა წინა წლების განმავლობაში, პუტინი არ ელოდა, რომ იქნებოდა მსგავსი წინააღმდეგობა. მას ეგონა, რომ ხალხი რუს ოკუპანტებს შეხვდებოდა ყვავილებითა და პურ-მარილით, მაგრამ მათ შეხვდნენ ძალიან სერიოზული წინააღმდეგობითა და ხელში ავტომატებით. ამას არავინ ელოდა და ამიტომ ახლა ის ანადგურებს ყველაფერს, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთს არ გამოუვიდა არცერთი სამიზნის აღება, რომელიც დასახული ჰქონდათ და ვეღარაფერსაც ვეღარ იზამს. დიახ, მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ რუსეთს უკრაინის ტერიტორიაზე აქვს ძალიან დიდი დანაკარგები. ყოველ დღე ისინი განიცდიან ცოცხალი ძალის დანაკარგსაც და მორგები ბელარუსში გადავსებულია რუსი ჯარისკაცების ცხედრებით, რომლებიც მათ გაიტანეს უკრაინის ტერიტორიიდან, მაგრამ ბევრი ცხედარი არც გააქვთ და ტოვებენ ბრძოლის ველზე. უფრო მეტიც, მინდა გითხრათ, რომ მონაცემების მიხედვით, რომლებიც ჩვენ გვაქვს, ე.წ. კადიროველები, ჩეჩენი ხალხის ეს მოღალატეები, არ იბრძვიან უკრაინაში. ისინი, როგორც სტალინის დროს იყო, ხოცავენ იმ გამოუცდელ ჯარისკაცებს, რომლებიც ბრძოლის ველზე უკან იხევენ - აი, რითი არიან დაკავებულები კადიროველები. ისინი ლაჩრები და მატყუარები არიან. განცხადებებიც კი, რომელსაც აკეთებდა კადიროვი, თითქოს, ის იმყოფებოდა უკრაინის ტერიტორიაზე, ჟურნალისტური გამოძიებით უკვე დადასტურდა, რომ ტყუილია და ის უკრაინაში არ ყოფილა, იყო ბელარუსის ტერიტორიაზე, მთელ მსოფლიოს კი ატყუებდა თითქოს უკრაინის ტერიტორიაზე შემოვიდა. მას ეშინია შემოსვლის, რადგან ისევე იქნება განადგურებული, როგორც ყველა ის დამპყრობელი, რომელიც ჩვენს მიწაზე მოვიდა.

- უკრაინაში ომის მიმდინარეობისას, ფაქტობრივად, ჩრდილი მიადგა იმ არმიის ძლიერებას, რომელიც ცნობილი იყო, როგორც უძლეველი - როგორ ფიქრობთ, არის ეს რაიმე ფანდი კრემლის მხრიდან, თუ უბრალოდ უკრაინამ რუსეთის სამხედრო ძალის ნამდვილი სახე დაგვანახა ?

- მოდით, გულწრფელად ვთქვათ, რუსეთს უკრაინის გარეშე არ მოუგია არასდროს არცერთ ომში. ყოველთვის, როდესაც უკრაინა იყო რუსეთთან ერთად, ომს იგებდა. ახლა ეს არის რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ და, რა თქმა უნდა, ყველამ დაინახა მისი რეალური სახე და შესაძლებლობები.

რუსეთის ჯარი შედგება არც თუ დიდი რაოდენობით მომზადებული ჯარისკაცებისგან, მაგრამ მათაც აქვთ რბილი სხეული და ისინიც იხოცებიან, როგორც ნებისმიერი ადამიანი, როგორი მომზადებულიც არ უნდა იყოს. ამავდროულად, რუსეთმა ომში გადმოისროლა გამოუცდელი ჯარისკაცები, აბსოლუტურად მოუმზადებელი ახალგაზრდები, რომლებიც ტირიან ტელეფონებში თავის დედებთან, რომ მათ აქ კლავენ, ეს ჩვენ ვიცით ათობით და ასობით მოსმენილი საუბრიდან. რუსეთმა კბილები მოიმტვრია და ახლა ნამდვილად არის შესაძლებლობა, ყველაფერი თავის ადგილზე დავაყენოთ. ასე დაემთხვა და, ალბათ, სამწუხაროდ, მოუწია უკრაინას, რადგან არ შემიძლია შევურიგდე იმას, რამდენი მშვიდობიანი მოქალაქე, ქალი და ბავშვი იყო განგებ მოკლული უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებულ ომში, მაგრამ ჩვენი ისტორიული მისია ახლა არის, რომ შევაჩეროთ რუსეთი და აღვადგინოთ ევროპის უსაფრთხოება. თუ უკრაინა ამ ომს ვერ გაუძლებს, მაშინ რიგში იქნებიან ევროპის სხვა ქვეყნები. მათ შორის, საქართველოში გაგრძელდება რუსეთის ოკუპაცია. რუსეთი ბოლომდე წავა, ის ახლა დაჭრილი ცხოველივითაა და ამიტომ, ეს დაჭრილი ცხოველი ბოლომდე უნდა გავანადგუროთ, დავაყენოთ თავის ადგილას, შევცვალოთ პუტინის რეჟიმი და დავამყაროთ ნორმალური მეზობლური ურთიერთობა. დიახ, ჩვენ არასდროს გვექნება მეგობრული ურთიერთობა, რადგან არ ვაპატიებთ და ჩვენი შვილები არ აპატიებენ, რომლებიც ახლა რუსული ბომბების ქვეშ არიან და ეს ყველაფერი მთელი ცხოვრების განმავლობაში მათ მეხსიერებაში დარჩება, მაგრამ მეზობლური ურთიერთობა უნდა იყოს. რა თქმა უნდა, იმედი მაქვს, რომ ეს ომი უმოკლეს პერიოდში დასრულდება და იმედი მაქვს, რომ მშვიდობა იქნება სამართლიანი ყველასთვის, ეს მშვიდობა სჭირდება ევროპასაც. ისტორიული მისია, რომელსაც ახლა უკრაინა ასრულებს, შეუფასებელია ათწლეულების განმავლობაში ევროპის კონტინენტის მომავლისთვის.

- და ბოლოს, უკრაინის დასავლურ მისწრაფებებზე მინდა გკითხოთ - ვერსალში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების შეხვედრის შემდეგ, ლიეტუვის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროკავშირმა უკრაინას კანდიდატის სტატუსი ვერ მიანიჭა, რასაც იმედგაცრუების გემო ჰქონდა. პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მხრიდან კეთდება პესიმისტური განცხადებები ნატოში წევრობასთან დაკავშირებით. შეიძლება ეს იყოს ბიძგი უკრაინის უბლოკო სტატუსისთვის, თუ ოფიციალური კიევი მუშაობს სხვა სახის ალიანსებში წევრობაზე, თუნდაც ეს იყოს ორმხრივი ან სამმხრივი შეთანხმების საფუძველზე?

- უკრაინამ წარადგინა ევროკავშირში წევრობის განაცხადი და მხოლოდ დროის საკითხია, როდის განიხილება ის უკრაინისთვის დადებითად. მაგრამ ის, რომ ევროსაბჭოს არაფორმალურ სამიტზე დადასტურებული იყო, რომ უკრაინა არის ევროპული ოჯახის წევრი, ეს პირველი მსგავსი მასშტაბის განცხადებაა უკრაინის დამოუკიდებლობის მომენტიდან, რაც მეტყველებს იმაზე, რომ უკრაინას აქვს ევროპული პერსპექტივა. ყინული დაიძრა და ამის შემდეგ უკრაინა უკვე დაუახლოვდება მის მისწრაფებას, გახდეს ევროკავშირის წევრი, მე ამაში დარწმუნებული ვარ.

რაც შეეხება ნატოს წევრობას, მე ყოველთვის ვიყავი ევროატლანტიკური მისწრაფებების მქონე და მივიჩნევდი, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება სერიოზული ფაქტორია იმისთვის, რომ ჩვენს ტერიტორიაზე მშვიდობა შეგვენარჩუნებინა და გაგვეძლიერებინა ჩვენი უსაფრთხოება. ნამდვილად, ახლა უკრაინა ნატოს წევრი რომ იყოს, რუსეთის არანაირი ომი უკრაინის წინააღმდეგ არ იქნებოდა. ეს უნდა გვესმოდეს, მაგრამ ზოგიერთმა ევროპულმა ქვეყანამ ეს საკითხი დაბლოკა, ზოგ შემთხვევაში რუსეთის გავლენის გამო, რუსეთთან წარმოებული ბიზნესის გამო, ენერგორესურსების გამო, რომლებსაც ყიდულობდნენ რუსეთისგან და უარი უთხრეს უკრაინას, ჯერ მისთვის "მაპი" მიეცათ, შემდეგ კი სრულფასოვანი წევრობა. ამან, საბოლოო ჯამში, მიგვიყვანა უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან. იქნება თუ არა ნატო მომავალშიც ის ორგანიზაცია, როგორსაც ჩვენ მას ვიცნობთ?! არა, არ იქნება და მე ვფიქრობ, რომ ამ ომის შემდეგ ბევრი მსოფლიო ინსტიტუტი განიცდის სერიოზულ ცვლილებას. ჩვენ ერთხელ უკვე ვნახეთ, რა მოუვიდა ერთა ლიგას, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უკვე სხვა ორგანიზაცია იყო გაეროს სახით. ასევე, მოხდება სხვა ინსტიტუციების შემთხვევაშიც. არ შემიძლია გითხრათ, შეძლებს თუ არა უკრაინა ნატოში შესვლას, ეს რიტორიკული კითხვაა, რადგან ჯერ ნატო არ გვეპატიჟება და სიგნალები, რომლებსაც ჩვენ ვიღებთ, საწინააღმდეგოზე მეტყველებს, მაგრამ დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ უკრაინა ამ ომის შემდეგ იქნება სასურველი პარტნიორი სხვადასხვა ალიანსში უსაფრთხოების მიმართულებით, ევროპასა და მსოფლიოში, რადგან ჩვენ ვაჩვენეთ ჩვენი ჯარის ძალა, ჩვენი შესაძლებლობები, ჩვენი მდგრადობა და მგონია, რომ ჩვენ კი არ მოვითხოვთ რომელიმე ორგანიზაციაში წევრობას, არამედ ჩვენ მოგვიწვევენ და მათი პატივი იქნება უკრაინის მსგავსი ქვეყნის ყოფნა მათ ორგანიზაციებში. უკრაინის, რომელმაც წინააღმდეგობა გაუწია, როგორც რუსეთი ამტკიცებს, სიძლიერით მეორე ჯარის მქონე ქვეყანას და შეძლო მისი შეჩერება, აწარმოებს თავდაცვით ომს, რომელსაც ევროპელი, მსოფლიო და უკრაინელი ექსპერტების მონაცემებით, ჩვენ ვიგებთ.

- კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ ძალიან გგულშემატკივრობთ, ვლოცულობთ თქვენთვის. დაე, თქვენი სიტყვები ასრულდეს და უკრაინამ გაიმარჯვოს, უკრაინამ გაუძლოს და კიევმა გაუძლოს. დიდება უკრაინას !

სალომე აბულაშვილი

„ინტერპრესნიუსი“