ქართული პრესის მიმოხილვა 21.03.2022

გიორგი კანაშვილი - “დასავლეთი ეცდება რუსეთი თავისივე სამეზობლოში დაამთავროს...”
რა ელის საქართველოს უკრაინა-რუსეთის ომის შემდეგ - ომის დასრულების სამი სავარაუდო სცენარი
ზაზა ფირალიშვილი - “ჩვენი მომავალი ახალ ისტორიულ კონტექსტში უნდა ვეძიოთ”
აკრძალული იარაღი და ომი გამოფიტვაზე - რუსებმა უკრაინაში ქიმიური იარაღის გადამტანი დამრტყმელი შეიარაღება შეიყვანეს
კოტე ჯანდიერი - “მორალური, პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით ეს მსოფლიო ომია”
* * *
გიორგი კანაშვილი - “დასავლეთი ეცდება რუსეთი თავისივე სამეზობლოში დაამთავროს...”
“დაახლოებით 10 დღეა, გვესმის რუსეთის ლაპარაკი სავარაუდო ფართომასშტაბიან შეტევაზე, თუმცა ჯერჯერობით მსგავსი არაფერი ყოფილა. ეს მოსალოდნელიც იყო იმ მედგარი წინააღმდეგობის გათვალისწინებით, რასაც უკრაინისგან ვხედავთ. ამავდროულად, ბოლო დღეების განმავლობაში უკრაინის ტერიტორიაზე მართლაც ხდებოდა რუსული შეიარაღებული ძალების გადაჯგუფება. როგორც უკვე აღვნიშნე, ისინი გაცილებით ნაკლებ წინააღმდეგობას ელოდნენ და ახლა გადაწყობას ცდილობენ. ბოლო ხანს გამოიკვეთა, რომ ოკუპანტების მეტი კონცენტრაცია ხდება უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც წნეხი იზრდება. ეს სახიფათოა, რადგან ხერსონის დაკავებით უკრაინელებისთვის აზოვის ზღვაზე გასასვლელი ჩაიკეტა”, - აცხადებს კონფლიქტოლოგი გიორგი კანაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “დასავლეთი ეცდება რუსეთი თავისივე სამეზობლოში დაამთავროს...” / “ჩვენც და უკრაინელებმაც უნდა ვცადოთ შექმნილი ვითარების იმ რაკურსით დანახვა, როგორც ამას ხედავენ დასავლელი ლიდერები: ბაიდენი, ჯონსონი, შოლცი თუ მაკრონი. ისინი ვითარებას აფასებენ, როგორც არჩევანს გლობალურ კატასტროფასა და ლოკალურ ტრაგედიას შორის”.
“ურთულესია მდგომარეობა მარიუპოლში. ამასთანავე, არის ობიექტური საფრთხე, რომ რუსებმა ალყაში მოაქციონ უკრაინის აღმოსავლეთ ფრონტის ჯარი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში დონბასში ომობდა და ყველაზე კარგად არის მომზადებული. საფრთხე არსებობს, თუმცა ეს ჯერჯერობით არავითარი დასკვნის საშუალებას არ იძლევა. აქამდეც ვცდილობდი, ზოგიერთი სამხედრო თუ პოლიტიკური ექსპერტისგან განსხვავებით, ობიექტური ვყოფილიყავი რუსული არმიის შეფასებისას, არადა, გვესმოდა განცხადებები, რომ ის ორ-სამ დღეში ჩამოიქცეოდა, ეკონომიკა დეფოლტის პირას იდგა და ა.შ., მაგრამ ასე იოლად საქმე ნამდვილად არ არის. ვფიქრობ, სწორედ ამის დემონსტრირებისთვის გამართა კრემლმა ის ცნობილი კონცერტი მოსკოვში, სტადიონზე, იმის საჩვენებლად, რომ პუტინის რეჟიმს ქვეყანაში მხარს უჭერენ და ისინი უკან დახევას არ აპირებენ. ისიც უნდა ითქვას, რომ ბოლო მოლაპარაკებებისას, მოლოდინი, თითქოს რუსები რაღაცის დათმობას აპირებენ, თავად გააჩინეს, როდესაც თავდაპირველი მოთხოვნებიდან ნაწილი აღარ ახსენეს. რიტორიკა თითქოს შეცვლილი იყო, რამაც ბევრს აფიქრებინა, რომ რუსეთის საქმე ცუდად იყო. ამ ქვეყნის საქმე მართლაც ცუდად არის, მაგრამ მის დასუსტებას როდის მოჰყვება რეალურად შედეგი, ამის განსაზღვრა ჯერ რთულია”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი კანაშვილი.
“ამგვარ ვარაუდს - რეჟიმის ჩამოშლა, ტრანსფორმაცია და ა.შ. ნამდვილად აქვს საფუძველი. მსოფლიო ისტორიაში ამგვარი პროცესების ბევრი მაგალითი არსებობს, მაგრამ რამდენ ხანში მოხდება ეს, რთული სათქმელია. იმის მტკიცება, რომ ეს მოხდება ხვალ ან ზეგ, მხოლოდ სპეკულაცია იქნება. ჩვენ ვხედავთ, რომ უფრო სუსტი რეჟიმებიც კი, მაგალითად, ირანის ან ჩრდილოეთ კორეის, სანქციების პირობებში მაინც ახერხებენ არსებობას, მიუხედავად იმისა, რომ სანქციები მუშაობს, აზიანებს ეკონომიკას, პოლიტიკურ ელიტას... მეორე მხრივ, ამგვარ რეჟიმებს ახასიათებს ერთი რამ, რაც მათი სიძლიერეც არის და სისუსტეც: მათი მოქმედების განჭვრეტა რთულია, რადგან ეს უკიდურესად დახურული სისტემებია. იქ პროცესები ხშირად ისე მიდის, რომ ამის შესახებ ფართო საზოგადოებამ არაფერი იცის. შეიძლება ესა თუ ის რეჟიმი ისე იყოს მორყეული, რაც გარედან არ ჩანს, რომ მომენტალურად დაინგრეს. საბჭოთა კავშირის მაგალითიც შეიძლება გამოგვადგეს, თუმცა იქ ცოტა სხვაგვარად განვითარდა მოვლენები: ხელისუფლების სათავეში მოვიდნენ ადამიანები, რომლებმაც თვითონ დაიჯერეს, რომ იმპერიის ტრანსფორმაცია შეიძლებოდა, თუმცა, დაწყებული ცვლილებების შედეგად, გორბაჩოვს საბოლოოდ ხელში შემოენგრა საბჭოთა იმპერია. ეს მაგალითი რუსეთში კარგად იციან. პუტინი და მისი გარემოცვა, შეიძლება ითქვას, ამ ამბავზე არიან გაზრდილი”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“ანუ მათ კარგად იციან, რეჟიმის დასუსტებამ რა შეიძლება გამოიწვიოს, ამიტომ ჯერჯერობით რასაც შიდა ველზე აკეთებენ, აკეთებენ მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ ეს არ დაუშვან. მათი მოქმედებები მოიცავს ორ ნაწილს: ერთია ის, რომ პოლიტიკურ ელიტაში მცირე მერყეობის შემთხვევაც კი ჩანასახშივე აღკვეთონ და მეორე - ჩაახშონ ყველანაირი საპროტესტო მუხტი ნებისმიერი ხერხით და სასტიკად. ამიტომაც არ მგონია, რომ პუტინის რეჟიმის ჩამოშლა მყისიერად იყოს შესაძლებელი... ამ ეტაპზე, ალბათ, ყველამ - ჩვენც და უკრაინელებმაც უნდა ვცადოთ შექმნილი ვითარების იმ რაკურსით დანახვა, როგორც ამას ხედავენ დასავლელი ლიდერები: ბაიდენი, ჯონსონი, შოლცი თუ მაკრონი. ისინი ვითარებას აფასებენ, როგორც არჩევანს გლობალურ კატასტროფასა და ლოკალურ ტრაგედიას შორის. ეს უკანასკნელი შეიძლება ძალიან მტკივნეული იყოს, ღმერთმა ნუ ქნას და, შეიძლება უკრაინის დამარცხებითაც დასრულდეს, რასაც შესაძლოა სხვა ქვეყნებში მოჰყვეს მძიმე გაგრძელება, მაგრამ ყველა პოლიტიკოსი, რომელიც მხოლოდ საკუთარი ქვეყნის კი არა, მსოფლიოს წინაშე გრძნობს პასუხისმგებლობას, ცდილობს, არ გახდეს ამ გლობალური დაპირისპირების მიზეზი, რადგან ამას რა შედეგი მოჰყვება, არავინ იცის. შეიძლება ეს შედეგი იყოს დაახლოებით იმგვარი, რასაც აპოკალიფსზე გადაღებულ ფილმებში ვუყურებთ ხოლმე”, - განმარტავს კონფლიქტოლოგი.
“მე მაინც მგონია, რომ დასავლეთი უკრაინის ხელითვე შეეცდება რუსეთის დამარცხებას, ანუ ყველაფერს გააკეთებს უკრაინის იმგვარად გასაძლიერებლად, რომ მან მანამდე შეძლოს მტკიცედ დგომა, ვიდრე პუტინი იძულებული არ გახდება, დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, თანაც - გაცილებით რეალისტური პირობებით. როგორ გამოვა ეს ყველაფერი, ვნახავთ... დარწმუნებით ვერავინ იტყვის, სადამდეა წამსვლელი რუსეთი. მიტინგი, რომელიც მოსკოვში ვნახეთ, ჩემი აზრით, იყო ესკალაციის მეორე ფაზაზე გადასვლის ნიშანი, შესაბამისად, შესაძლოა, გამოაცხადოს მობილიზაცია, გააგრძელოს უკრაინული ქალაქების დაბომბვა და ა.შ. მოკლედ, იმის ალბათობა, რომ დასავლეთმა ამ მიმართულებით გადადგას რაიმე ნაბიჯი და ნატო ომში სამხედრო თვალსაზრისით ჩაერიოს, ძალიან მცირე მგონია, მით უფრო, რომ უკრაინელები ჯერჯერობით მედგრად დგანან, რუსეთს ძალიან უჭირს წინ წასვლა, თუმცა ბოლო დროს უკრაინულ მხარესაც გამოჩნდა მცირე შეცდომები, მაგალითად, ცოტა გაუგებარი იყო განცხადება, რომ თურმე, რაც ხდება, პოროშენკოს ბრალია, რადგან მისი პრეზიდენტობისას კონსტიტუციაში გაჩნდა ჩანაწერი ნატოში შესვლის თაობაზე. ეს განცხადებები არ მომეწონა. თქვენს კითხვაზე კი გეტყვით, რომ მესამე მსოფლიო ომის ღია ფაზის კონტურები ჯერ არ იკვეთება. დასავლეთი ეცდება, თავისივე ველზე, თავისივე სამეზობლოში დაამთავროს რუსეთი. უკრაინას კიდევ მიაწოდებენ იარაღს. სასურველია, ეს მოხდეს უფრო ინტენსიურად და აქტიურად”, - მიიჩნევს გიორგი კანაშვილი.
“სრულიად გაუგებარია, როგორ შეიძლება ამ ვითარებაში ასე იქცეოდეს ჩვენი პოლიტიკური ელიტა, რომელიც სახელმწიფოზე, საკუთარ მოსახლეობაზე ზრუნავს?! რამდენი წელიწადია, “ქართულ ოცნებასა” და “ნაციონალურ მოძრაობას” დაახლოებით ისეთი დამოკიდებულება აქვთ ერთმანეთთან, როგორც წყალსა და ცეცხლს. ამ ისტორიულად უმნიშვნელოვანეს მოვლენას, რომელიც მთელ მსოფლიოზეც, რეგიონზეც და, რაც მთავარია, ჩვენს ქვეყანაზეც დიდ გავლენას მოახდენს, საერთოდ ვერ აანალიზებენ... ვხედავთ პოლიტიკურ პროცესს, როდესაც ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთს არ ელაპარაკებიან; ამავდროულად, ხელისუფლება გაყოფილია რამდენიმე დაჯგუფებად, მაგალითად, პრეზიდენტი და ხელისუფლების დანარჩენი ჯგუფები არათუ ვერ ურთიერთობენ, არამედ დაპირისპირების პირას არიან. ამის გარდა, სავარაუდოდ, ხელისუფლებაში არაერთი სხვა გამყოფი ხაზიც არსებობს. თვითონ ოპოზიციაშიც დიდი იდილია არ ჩანს, ნამდვილად ვერავინ იტყვის, რომ მნიშვნელოვან პოსტულატებზე მაინც არიან შეთანხმებული. რაც საქართველოში ხდება, ეს არის სრულიად საწინააღმდეგო იმისა, რის ხარჯზეც დღეს უკრაინა მედგრად ომობს. ის, რაც დღემდე შეძლეს და რასაც ამის მერეც მოახერხებენ, არის სწორედ ერთიანობის შედეგი. გახსოვთ, ალბათ, ომის პირველივე დღეებში ზელენსკის ქვეყნიდან ევაკუაციას სთავაზობდნენ და ელოდნენ, რომ კიევი რამდენიმე საათში დაეცემოდა, არადა, ყველა შეცდა. შეცდნენ იმიტომ, რომ უკრაინამ აჩვენა, რაოდენ მნიშვნელოვანია ერთად დგომა, ბრძოლა და კარგი ლიდერი”, - დაასკვნის რესპონდენტი.
“ჩვენს შემთხვევაში აბსოლუტურად დაქსაქსულია ყველა. სიმართლე რომ გითხრათ, მაშინებს კიდეც იმის წარმოდგენა, ელემენტარულმა კრიზისმა აქ რა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს. პოლიტიკოსების ყოველდღიური გზავნილები არ არის ერთობისკენ მიმართული. ამის გადახედვაა საჭირო, მაგრამ, რაღა დაგიმალოთ და, არ მჯერა, რომ ეს გლობალური კრიზისი მაინც აიძულებს ჩვენს პოლიტიკოსებს, ერთ მაგიდასთან დასხდნენ და საქვეყნოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღონ. იკითხავთ, რატომ? ალბათ, იმიტომ, რომ ამ ორი პოლიტიკური ძალის დაპირისპირებაზეა აგებული დღეს მთელი ჩვენი პოლიტიკური სისტემა. შეიძლება ვთქვათ, რომ ქვეყნის ინტერესების გლობალურ ჭრილში დანახვა და გაანალიზება არ შეუძლიათ, ან არ სურთ. აშკარაა, რომ გეოპოლიტიკური პროცესების ხედვის არეალი მათთვის ძალიან დავიწროებულია. სამწუხაროდ, ამ ვითარებიდან გამოსავალი ჯერჯერობით არ ჩანს”, - თვლის კონფლიქტოლოგი და შეკითხვაზე - “უკრაინისადმი ხელისუფლების ორმაგი დამოკიდებულების ახსნა მინდა გთხოვოთ...” - პასუხობს:
“ჩვენში ხელისუფლების ამგვარი პოზიციის ახსნა რამდენიმე მიდგომით ხდება. ერთია იმის მტკიცება, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლება რუსეთისთვის მუშაობს, ანუ ე.წ. პრორუსული ინტერესების გამტარებელია, რაც არა მხოლოდ ბოლო ხანს გვესმის, არამედ ამ ძალის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, თუმცა ამ განცხადებებს კონკრეტიკა და არგუმენტაცია ყოველთვის აკლდა, შესაბამისად, დროდადრო მიეცემოდა ხოლმე დავიწყებას, თუმცა ეს ვარაუდი ბოლოდროინდელმა მოვლენებმა გაააქტიურა. რთულია ამის მტკიცება. მე უფრო მგონია, რომ ხელისუფლების დღევანდელი პოზიცია უფრო შიშით არის ნასაზრდოები, იმის შიშით, რომ ჩვენც რუსეთთან კონფლიქტში არ აღმოვჩნდეთ. ეს შიში ბუნებრივია, მაგრამ მხოლოდ ენის მოჩლექით ლაპარაკი და უკიდურესი სიფრთხილე საშველი სულაც არ არის, მეტიც, ეს შეიძლება კონტრპროდუქტიულიც კი გამოდგეს”.
“ჩემი აზრით, "ქართული ოცნება" ასე ცდილობს პროცესების დანახვას, ანუ მათი ლოგიკა ასეთია - თუ ამ კონფლიქტში უკრაინამ და დასავლეთმა გაიმარჯვეს, ყველა იხეირებს და მათ შორის საქართველოცო. თუ რუსეთი გაიმარჯვებს, იტყვიან, ხომ ვამბობდით, სიფრთხილეა საჭირო, რომ გვეხტუნავა და სანქციებს შევერთებოდით, ამას შეიძლებოდა გამოეწვია აგრესია, ჩვენ კი გამარჯვებულ რუსეთთან გაფუჭებული ურთიერთობა არ გვაქვსო, მაგრამ ეს პოზიცია რუსეთის აგრესიისგან თავდასაცავად გამოდგება თუ არა, სხვა საკითხია. საქმე ის არის, რომ თუ უკრაინაში ცუდად წავა საქმე, არ არის გამორიცხული, ჩვენმა ხელისუფლებამ რაც უნდა სიფრთხილე გამოიჩინოს, პუტინის რეჟიმი მაინც შემოგვიტრიალდეს. ხელისუფლების ამ გაუგებარი პოზიციების შედეგად კი საქართველოს აქტიურ მხარდამჭერ პოლონეთსაც კი შეიძლება გაუჭირდეს მსოფლიო ასპარეზზე ჩვენთვის სიტყვის შეშველება, ანუ შეიძლება დადგეს მომენტი, როდესაც ძალიან გაგვიჭირდება, დაგვჭირდება საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა, მაგრამ ამაზე რას გვიპასუხებენ, საკითხავია, არადა, შეიძლებოდა იმგვარი დიპლომატიური რიტორიკის შემუშავება, რომლითაც უკრაინისადმი ჩვენი ხელისუფლების პოზიცია უფრო სოლიდარული და თვალსაჩინო იქნებოდა... სამწუხაროდ, სამყაროში ისეთი დრო დადგა, რომ შუალედური პოზიცია აღარ არსებობს. ან ერთ მხარეს უნდა იდგე, ან - მეორე მხარეს”, - დასძენს გიორგი კანაშვილი.
რა ელის საქართველოს უკრაინა-რუსეთის ომის შემდეგ - ომის დასრულების სამი სავარაუდო სცენარი
“თითქმის ერთთვიანი საბრძლო მოქმედებების შემდეგ, რუსეთ-უკრაინის ომის შესაძლო შედეგები გაურკვეველია. ომი ჭიანურდება, ისევე როგორც მოლაპარაკება. დასავლეთში კი მიიჩნევენ, რომ დღეს რუსეთის შეკავებას და უკრაინის დაცვას კრიტიკულად დიდი მნიშნელობა აქვს, რადგანაც უკრაინაში წარმატების შემთხვევაში რუსეთი თავის აგრესიას უკვე სხვა მეზობლებისკენ მიმართავს, პირველ რიგში კი საქართველოსა და მოლდოვისაკენ. “ნაკლებსავარაუდოა, რომ გამარჯვებული პუტინი უკრაინაში გაჩერდეს. მის გამარჯვებას შედეგები მოჰყვება საქართველოსა და მოლდოვაში”, - ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა კონსერვატიული პარტიის კონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, პუტინის გამარჯვება იქნება დაშინების ახალი ეტაპის დასაწყისი აღმოსავლეთ ევროპაში ბალტიიდან შავ ზღვამდე და ამასთანავე, ეს იქნება მწვანე შუქი ავტოკრატებისთვის მსოფლიოს მასშტაბით”, - წერს გაზეთი "რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა ელის საქართველოს უკრაინა-რუსეთის ომის შემდეგ - ომის დასრულების სამი სავარაუდო სცენარი.
“რა ელის საქართველოს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ? ანალიტიკოსები თანხმდებიან, რომ ეს მთლიანად ომის შედეგზე იქნება დამოკიდებული. უმრავლესობის აზრით, შედარებით მაღალია ალბათობა იმისა, რომ ომი უკრაინისათვის მისაღები შედეგებით დასრულდება. ასეთ შემთხვევაში რუსეთს ნაკლებად დარჩება სურვილი და რესურსი, რომ თავისი აგრესია სხვა მეზობლებზეც მიმართოს. ომში რუსეთის სრულ გამარჯვებას ისინი ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევენ და ამბობენ, რომ ეს იქნება ნამდვილი კატასტროფა მსოფლიოსათვის. ყველაზე არარეალისტური სცენარი კი, ანალიტიკოსთა შეფასებით, ომის ისეთი დასასრული იქნება, როდესაც ვერც ერთი მებრძოლი მხარე ვერ შეძლებს თავისი სტრატეგიული ამოცანის შესრულებას. ანალიტიკოსები “რეზონანსთან” საუბრისას იმაზე მსჯელობენ, თუ როგორი საზავო შეთანხმება ჩაითვლება უკრაინის გამარჯვებად. ამასთან, მათი შეფასებით, უკრაინაში დამარცხების შემთხვევაში რუსეთს ნაკლებად ეცლება საქართველოსთვის, თუმცა გამორიცხული მაინც არაფერია”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ ასეთ შემთხვევაში საქართველომ კიდევ ერთხელ უნდა მოსთხოვის მოსკოვს ჯარების გაყვანა და ოკუპირებული ტერიტორიების “დამოუკიდებლობის” აღიარების უკან გაწვევა. “უკრაინისთვის გამარჯვება იქნება ცეცხლის შეწყვეტა და ამასთანავე ყირიმის რუსეთის ნაწილად, ხოლო დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებლობის ცნობაზე უარის თქმა. ასევე გამარჯვება იქნება ისიც, თუ ნეიტრალურ სტატუსს უკრაინელები თავის თავზე აიღებენ. სხვა ყველაფერი მოლაპარაკებების რეჟიმში გადავა, ისევე როგორც ჩვენთანაა, ანუ მოლაპარაკებები ჟენევაში რომ მიმდინარეობს. უკრაინის გამარჯვებაში ასევე ჩაითვლება ისიც, რომ დასავლეთი რუსეთს სანქციებს არ მოუხსნის და ვიდრე პუტინი ხელისუფლებაში იქნება, რუსული ეკონომიკა ჩამოიქცევა. უკრაინამ დასავლეთს პირობა უნდა წამოუყენოს, რომ რუსეთთან საზავო ხელშეკრულებას ხელს მოაწერს, მაგრამ ვიდრე პუტინი ხელისუფლებაშია, ეკონომიკური სანქციები არ შეუმსუბუქდება”, - ამბობს ზაქარეიშვილი, რომლის აზრით, “ამით უნდა მოხდეს რუსეთზე ზემოქმედება, რომ პუტინი გაისტუმრონ”. საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი კი რუსეთის მხრიდან საქართველოს მისამართით პროვოკაციებს მაინც არ გამორიცხავს”, - განაგრძობს გამოცემა.
“საქართველო დღეს ხმას არ იღებს, რომ ოკუპირებიულები ვართ და რუსეთი ხელმოწერილ პირობებს არ ასრულებს. მსოფლიოსთან ორი მოთხოვნა უნდა გვქონდეს - ჯარების გაყვანა და აფხაზეთის და “სამხრეთ ოსეთის” “დამოუკიდებლობის აღიარების” უკან წაღება. ჩემი აზრით, უკრაინის გამარჯვების შემთხვევაში რუსეთი საქართველოში პროვიკაციებს არ წამოიწყებს. რუსეთს ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებს შორის სამი კატეგორიის სახელმწიფოები ჰყავს: ყურმოჭრილი ქვეყნები - ბელარუსი, სომხეთი, ტაჯიკეთი და ყირგიზეთი; პარტნიორები - აზერბაიჯანი, ყაზახეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი; და მტერი სახელმწიფოები - საქართველო და უკრაინა. საქართველო დღეს თითქმის პირველ კატეგორიაში მყოფი ქვეყნებივით იქცევა. ასეთ სიტუაციაში კი შეიარაღებული დაპირისპირება რატომ უნდა განახორციელოს, არ მესმის. დღეს რუსეთისთვის “ქართული ოცნება” იდეალური ხელისუფალია. ისე მოაგვარებს დასავლეთი რუსეთთან საკითხებს, რომ ვერ შევბედავთ ვუთხრათ, რომ ჩვენც მოგვხედონ, რადგან არაფერი გაგვიკეთებია, სახანძრო, ან სასწრაფო დახმარების მანქანაც კი არ გავუგზავნეთ უკრაინას. იმედი მაქვს, რომ დასავლეთს ესმის და “ოცნებას” საქართველოს მოსახლეობასთან არ აიგივებს. საჭიროა მუდმივი გამოსვლა, რომ ეს გავაგებინოთ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.
“პროვოკაციები არაა გამორიცხული, რადგან ბატონი პუტინი ადეკვატურობით ვერ დაიკვეხნის. მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ ასეთი ნაბიჯის გადადგმის სურვილი და საშუალება ჰქონდეს, თუკი იგი იძულებული იქნება უკრაინა დატოვოს ისე, როგორც ვვარაუდობ. უკრაინის გამარჯვებად შეიძლება ჩაითვალის ის, რომ რუსეთმა უკრაინის ტერიტორიიდან მთელი თავისი არმია უპირობოდ გაიყვანოს ისე, რომ უკრაინას რომელიმე პრინციპულ საკითხებზე უკან დახევა არ მოუწიოს. გასაგებია, რომ ეს უკვე გამარჯვებაა, თუმცა უფრო ტრიუმფალური შესაძლო სცენარიც არსებობს. თუმცაღა ამისი ნაკლებად მჯერა, მაგალითად, ის, რომ უკრაინამ რუსული ჯარების მთლიანად განადგურება შეძლოს და ა.შ. ეს ნაკლებად სავარაუდოა. რუსეთი დიდი ქვეყანაა, რეზერვი აქვს და ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ომში ადამიანების და ტექნიკის ჩართვას შეძლებს. მაგრამ თუკი უკრაინა რუსეთს დაითანხმებს, რომ რუსეთმა მისი ტერიტორია დატოვოს, ეს უდაოდ გამარჯვება იქნება და უნდა მივულოცოთ უკრაინელებს და საკუთარ თავსაც”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი მენაღარიშვილმა.
“რა მოხდება, თუკი ომი რუსეთისთვის მისაღები შედეგით დასრულდა? პაატა ზაქარეიშვილი ამ სცენარს ტრაგედიაზე ტრაგედიას უწოდებს, რადგან მიიჩნევს, რომ ეს საქართველოსთვის დამონების ტოლფასი იქნება. ირაკლი მენაღარიშვილს ომში რუსეთის გამარჯვება ნაკლებად სავარაუდოდ მიაჩნია, თუმცა, მისი აზრით, ასეთ შემთხვევაში მოსკოვი თბილისს ნეიტრალიტეტის გამოცხადებასთან ერთად ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას მოსთხოვს. შესაძლებელია თუ არა ამ ომში “ფრე”? ყოფილი მინისტრები მიიჩნევენ, რომ დღეს შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მოვლენების ასეთი სცენარით განვითარება ყველაზე ნაკლებადაა მოსალოდნელი”, - დასძენს გამოცემა.
“რუსეთის გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ტრაგედიაზე ტრაგედია ელის, მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ ეს მოხდეს. რუსეთი გამარჯვებულად მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაითვლება, თუ უკრაინა კაპიტულაციას გამოაცხადებს, ყირიმის, დონეცკისა და ლუგანსკის ახალ სტატუსებს აღიარებს. მაშინ რუსეთი მოგვდგება და გვეტყვის - აბა, ახლა კონსტიტუციიდან ნატო ამოიღეთ და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარეთო. ამიტომ ახლა რასაც “ოცნება” აკეთებს, უგნურებაა, რადგან თუ უკრაინა გაიმარჯვებს, ჩვენც გამარჯვებულები ვართ, თუ დამარცხდება - ჩვენც დავმარცხდებით. ამიტომ ნუ გვეშინია უკრაინას გვერდში დავუდგეთ, ეს ჩვენი გამარჯვებაა. საქართველო ერთადერთი სახელმწიფოა, რომელმაც პუტინიზმის აგრესია განიცადა. თუ რუსეთმა გაიმარჯვა, გამაოგნებელი სიტუაცია, დამცირება და შეურაცხმყოფელი იქნება, რადგან “ოცნებამ” ყველაფერი გააკეთა, რომ რუსეთს საქართველო არ დაენახა და გამარჯვების შემთხვევაში ჩვენ მაინც დაგვინახავს. აბსურდზე აბსურდია რუსებმა გვითხრან, რომ ყოჩაღ, ქართველებო, კარგად მოიქეცით, არ შემეწინააღმდეგეთ და უფლებას გაძლევბთ, რომ ნატოში გაწევრიანდეთო”, - თვლის პაატა ზაქარეიშვილი.
“რუსეთის გამარჯვებაც საბოლოოდ გამარჯვებას არ ნიშნავს. უკრაინელები პარტიზანები არიან და თუ რუსეთმა უკრაინა დაიპყრო, გამოშიგნავენ. ჯერ ერთი, ვერ დაიპყრობს, მაგრამ სადაც ტერიტორიას დაიკავებს, იქ პარტიზანული ბრძოლები იქნება, არაფერს არ შეარჩენენ. რაკი უკრაინა პირველ ერთ კვირაში არ დანებდა, ის აღარასდროს დანებდება. ეს რუსეთში ვიღაცეებს ესმით და ამიტომ საჭიროა, რომ მათ პუტინი გაისტუმრონ. "ფრეს" რაც შეეხება, ისე აიჭრა რუსეთი და სიტუაცია, რომ “ფრე” არ არსებობს. რუსეთის გამარჯვება გამორიცხული მგონია. რუსეთი უნდა დამარცხდეს. პუტინს რუსი ხალხი ვერ გაუშვებს, მისმა ელიტამ უნდა გაუშვას. ის თუკი მართლა რუსეთზე ფიქრობს... რუსები საკუთარ ხაფანგში თავადვე გაებნენ. ახლა პუტინის პროგრამა მინიმუმია, რომ დონეცკი და ლუგანსკი მაინც აიღოს და შეირჩინოს. ზელენსკიმ ცეცხლის შეწყვეტას ხელი რომც მოაწეროს, ლუგანსკი და დონეცკი დროებით დაუტოვოს, ბრძოლები მაინც გაგრძელდება. ერთადერთი ყირიმია, რომელიც შესაძლოა რუსეთს არაფორმალურად შერჩეს, მაგრამ რაკი სანქციები დაწესდა, არ უნდა მოიხსნას, ვიდრე ყირიმიდან ჯარებს არ გაიყვანს. ჩემთვის ეს ვარიანტი გამარჯვების გამარჯვებაა”, - დაასკვნის პაატა ზაქარეიშვილი.
“გულახდილად, რომ გითხრათ რუსეთის გამარჯვება თეორიულადაც არ მინდა. გარდა ამისა, უბრალოდ არ მჯერა, რომ ასეთი რამ მოხდეს. რუსების არმიამ უკვე დაამტკიცა, რომ ამგვარი მიზნის მიღწევა მისთვის სრულიად შეუძლებელია. გამარჯვების შემთხვევაში რუსეთი ჩვენ არა მარტო ნეიტრალიტეტს, არამედ მან შეიძლება პირდაპირ საქართველოსა და მოლდოვის, აზერბაიჯანის და ბევრი სხვა ქვეყნის ევრაზიულ კავშირში შესვლა მოითხოვოს და .ა.შ. კიდევ სხვა სცენარები შეიძლება იყოს, რაც რუსეთისთვის საბჭოთა კავშირის აღორძინების ექვივალენტი იქნება... რაც შეეხება “ფრეს”, მე ასეთ რაღაცას ვერ ვხედავ რადგან ამ შემთხვევაში რომელიმე მხარემ სტრატეგიულად თავისი ამოცანა ვერ უნდა შეასულოს. ის სცენარები, რაზეც ვისაუბრე, სწორედ ამაზე მიუთითებს”, - დასძენს ირაკლი მენაღარიშვილი.
ზაზა ფირალიშვილი - “ჩვენი მომავალი ახალ ისტორიულ კონტექსტში უნდა ვეძიოთ”
“რუსეთ-უკრაინის ომს პუტინი სპეცოპერაციას უწოდებს. სინამდვილეში რა კვალიფიკაცია შეიძლება მიეცეს ოკუპანტების ინტერვენციას, რომელიც უკრაინის საზღვრებს გასცდა? არის თუ არა ეს რუსეთის მიერ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსისთვის გამოცხადებული ომი?- მეტსაც ვიტყოდი, ეს არის არა მხოლოდ ნატოსთვის, არამედ ნებისმიერი იმ საერთაშორისო ძალისთვის გამოცხადებული ომი, ვინც წინ აღუდგება დიდი რუსეთის იდეას. ღია თუ ფარული აგრესია მხოლოდ იმათ არ ეხება, ვინც უსიტყვოდ ემორჩილება პუტინის გეოპოლიტიკურ ფანტაზიებს, ასეთი კი სულ უფრო და უფრო ცოტა რჩება. კარგად უნდა გავიაზროთ, რომ პუტინი და მისი გარემოცვა ახლანდელი საერთაშორისო წესრიგის დაშლასა და მის ხელახლა შექმნას ისახავენ მიზნად. ამ ვითარებაში მათთვის მტერია ყველა, ვინც რუსული სამყაროს გემოვნებას არ შეესაბამება. ცხადია, ასეთებს შორის ნატოს გამორჩეული ადგილი უჭირავს. დასავლეთის მიმართ ბევრი კითხვა და პრეტენზია არსებობდა და არსებობს, მაგრამ ყველაფერი გაფერმკრთალდა იმ ბოროტებასთან შედარებით, რომელსაც პუტინიზმის სახით ვხედავთ”, - აცხადებს ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ჩვენი მომავალი ახალ ისტორიულ კონტექსტში უნდა ვეძიოთ”.
“პუტინის ქცევაში ბევრმა რამემ მოიყარა თავი: დასავლეთის მიმართ მტრულმა დამოკიდებულებამ, რომელიც რუსულ პოლიტიკას საუკუნეების განმავლობაში ახასიათებდა, იმ დროიდან მოყოლებული, როდესაც მონღოლთა ნებით ებრძოდნენ დასავლეთის ქრისტიანულ სამყაროს; საკუთარი სახელმწიფოებრივი სხეულის აგების უუნარობამ, რის გამოც სახელმწიფოებრივი ცხოვრების მთავარ ფორმად ექსპანსია ექცათ; რუსეთს მხოლოდ ახალი ტერიტორიების დაპყრობა ანიჭებს სახელმწიფოებრივ კმაყოფილებას და არა განვითარებული ეკონომიკა, დახვეწილი სახელმწიფოებრივი ინსტიტუციები და ა.შ. რუსეთი, უკვე საუკუნეებია, საერთაშორისო პოლიტიკაში იქცევა ხულიგანივით, რომელიც კარგ საზოგადოებაში მოხვდა, შურით შესცქერის მას და ცდილობს, აგრესიით გადაფაროს თავისი არასრულყოფილების შეგრძნება”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაზა ფირალიშვილი.
“90-იანი წლების დასაწყისში ერთხელ ვთქვი, რომ რუსეთისაგან კიდევ ბევრ სიურპრიზს უნდა ველოდეთ თუნდაც იმიტომ, რომ ამ საზოგადოებას არ მოუნანიებია თავისი დანაშაული მილიონობით გაუბედურებული და მოკლული ადამიანის, მსოფლიოს მეექვსედზე მცხოვრები ხალხის ცხოვრების დამახინჯებისა და მათი დიდ სიცრუეში იძულებით მოქცევის გამო, ხოლო როდესაც საკუთარ დანაშაულებებსა და შეცდომებს ვერ ხედავ, შენგან კვლავაც მოსალოდნელია მათი გამეორება. დღეს უკრაინაში სწორედ ამას ვხედავთ... ახლა რუსეთი ცდილობს არა მაინცდამაინც ნატოს სამხედრო კონფლიქტში ჩათრევას, არამედ უფრო იმას, თავისი რადიკალური და ირაციონალური სვლებით თუ მუქარით მას უკან დახევა აიძულოს. პუტინი ლენინგრადის ქუჩებშია გაზრდილი, დაბალი კულტურის წრეებში და ბავშვობიდან კარგად აითვისა ერთი ხულიგნური ხერხი: საიმისოდ, რომ მოწინააღმდეგე ფსიქოლოგიურად დათრგუნო, ისე უნდა მოიქცე, იფიქრონ, რომ შენგან ყველაფერია მოსალოდნელი. ამიტომაც მას სამხედრო მოქმედებებში ნატოს ჩართვა კი არ უნდა, არამედ მისი პარალიზება. როგორც ვხედავთ, ეს არ გამოუვიდა, ხოლო რაც გამოუვიდა, სცილდება პოლიტიკური ხულიგნობის ფარგლებს: თავშესაფრებში ხოცავს ადამიანებს, ჭურვებს ესვრის საავადმყოფოებსა და სკოლებს, ცხრილავს პურის რიგში მდგარ ადამიანებს... ეს უკვე ექსტრემალური ტერორია”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“რაც შეეხება ჩვენს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრებას, უახლოეს წლებში ამის დიდი იმედი არ უნდა გვქონდეს. ჯერ ერთი, ჩვენი ხელისუფლების ბოლო წლების პოლიტიკის მიმართ ბევრი კითხვა დაგროვდა. გაჩნდა ეჭვი, რომ საქართველო რუსეთისთვის შეიძლება სასაქონლო და სატრანზიტო დერეფნად იქცეს. ერთია სანქციებთან მიერთებისგან თავის შეკავება - ამას ჩვენი დასავლელი პარტნიორები კიდევ გაიგებდნენ, მაგრამ მათთვის გაუგებარი იქნება, თუ ჩვენი ქვეყანა რუსეთისთვის სანქციების შედეგებისთვის თავის არიდების ერთ-ერთ გზად იქცევა. მეორე მიზეზი ის არის, რომ ნატოს ლიდერები თავს აარიდებენ ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც გაწევრების კანდიდატსა და თავად ორგანიზაციას უარეს შედეგებს მოუტანს, ანუ ცივი ან ცხელი ომის მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის გაწევრებას არ იჩქარებენ”, - მიიჩნევს ფილოსოფოსი.
“იმასაც ვიტყვი, რომ ბოლო ხანებში ინტენსიურად საუბრობენ ახალი რეგიონული კავშირების შესაძლებლობის შესახებ. უკრაინის ომის დამთავრების შემდეგ სრულიად განსხვავებულ რეალობაში აღმოვჩნდებით. გამარჯვების შემთხვევაში, რისი დიდი იმედი და მოლოდინიც გვაქვს ყველას, უკრაინა ევროპის მორალურ ლიდერად იქცევა. დადგება ევროკავშირის, როგორც სტრუქტურის მოუქნელობისა და მისი რეფორმირების აუცილებლობის საკითხი. იგივე პრეტენზიები გაჩნდება ნატოს მიმართაც და ამ ორი ორგანიზაციის მომავალში გადამწყვეტ როლს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები შეასრულებენ. ჩვენი მომავალი ამ ახალ ისტორიულ კონტექსტში უნდა ვეძიოთ. მთავარია, ზედმეტი სიფრთხილით თავი ისე არ დავიბეჩაოთ, რომ ჩვენთვის ანგარიშის გაწევა აღარავის მოუნდეს. არ ვლაპარაკობ მოვლენებში ცეცხლოვანი ჩართვის აუცილებლობაზე. ეს ისეთივე დამღუპველი იქნება, როგორიც - გასუსვა”, - ამბობს ზაზა ფირალიშვილი.
“გასული საუკუნის 30-იან წლებში კაცობრიობას არ ჰქონდა გამოცდილება და ვერ ამოიცნო, რას წარმოადგენდა ჰიტლერი. დღეს ამ გამოცდილებამ ლამის მყისიერად იმუშავა და სულ ორ-სამ კვირაში საერთაშორისო ძალების არნახულ მობილიზებას ვხედავთ. სიტუაცია ისეთია, რომ რუსეთის მოკავშირეობას მხოლოდ ლუკაშენკოს მსგავსი ოდიოზური ფიგურა თუ დასთანხმდება, თუმცა ისიც კი ზრუნავს უკან დასახევ გზებზე: მისი ჯარისკაცები საზღვარზე არ გადადიან, ცდილობს, შუამავლის როლი იკისროს. რაც შეეხება ჩინეთს, მისთვის დასუსტებული რუსეთია ხელსაყრელი. სულ რამდენიმე წელიწადში ჩინეთს შეუძლია, ის თავის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ვასალად აქციოს, ამიტომაც თუ რუსეთს ჩინეთი დაეხმარება, მხოლოდ იმდენით, რომ კავშირები არ გაწყვიტოს და, ამავე დროს, არც დასავლეთის ბაზარი დაკარგოს. პუტინის ბირთვული მუქარა ჩინელებმაც ყურადღებით მოისმინეს, რადგან ეს მუქარა მხოლოდ დასავლეთს არ ეხება და ასეთი ირაციონალური მეზობელი არც ჩინელებისთვის არის სასურველი. ამ მუქარით პუტინმა უფრო გაირთულა მდგომარეობა”, - თვლის რესპონდენტი.
“დასუსტებული და კასტრირებული დასავლეთის ილუზია ჰიტლერსაც ჰქონდა. დასავლეთს ერთი თვისება აქვს - მას უჭირს თავისი კომფორტის სივრცის დათმობა, დემოკრატიული მექანიზმებიც გადაწყვეტილებათა მიღებას აჭიანურებს, თუმცა რაღაც ეტაპზე აშკარა ხდება, რომ მას საკმარისი სასიცოცხლო ძალა ჰქონია. რაც შეეხება კონკრეტულ შედეგებს, ვფიქრობ, რამდენიმე ხანში უკრაინაში ომი პოზიციურ ხასიათს მიიღებს და საქმე რესურსების ომამდე მივა. სწორედ აქ წამოეწევა რუსეთს ეკონომიკური სანქციების შედეგები, რაც რუსეთისთვის სავალალო იქნება, მაგრამ არ უნდა გვეგონოს, რომ პროცესი სწრაფი იქნება. კიდევ კარგა ხანს მოგვიწევს დაძაბული ცხოვრება”, - ამტკიცებს ფილოსოფოსი და შეკითხვაზე - “ბოლო დროს რუსეთი საქართველოში ლუგარის ლაბორატორიის აფეთქებაზეც ალაპარაკდა... როგორ უნდა მოვიქცეთ, უკვე შეცვლილ სამყაროში საჭირო დროს საჭირო ადგილზე რომ აღმოვჩნდეთ?” - პასუხობს:
“უპირველესად, ჩვენი პოლიტიკური სპექტრი საშინაო კინკლაობას უნდა მოეშვას. ჩვენს საშინაო ბაკქანალიასა და ნაც-ქოცურ ჟივილ-ხივილში ისე ჩაიარა ჯერ ყარაბაღის მეორე ომმა, რომელმაც მთლიანად შეცვალა რეგიონის გეოპოლიტიკური სურათი, შემდეგ კი _ თვეების განმავლობაში უკრაინასთან დაკავშირებულმა დაძაბულობამ, რომელიც ბოლოს ომში გადაიზარდა, რომ ვერც კი აღიქვეს, რა მოხდა. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენი პოლიტიკური სპექტრი არ არის მზად, ქვეყანას უპატრონოს. ის გარემოება, რომ პარლამენტში გამოსულ პრეზიდენტს სიტყვის დასრულების შემდეგ “ოცნების” დეპუტატებმა და რამდენიმე განაწყენებულმა ოპოზიციონერმაც ტაში არ დაუკრეს, პოლიტიკური კულტურის სავალალო დეფიციტზე მეტყველებს. ამას საკონსტიტუციო სასამართლოში მის წინააღმდეგ სარჩელის შეტანაც დაუმატეთ და იოლად მიხვდებით, რომ კარგ დღეში არა ვართ. დღევანდელ პოლიტიკურ სპექტრში მხოლოდ რამდენიმე ადამიანი მეგულება, ვისაც შეუძლია, მიმდინარე ინტრიგებზე ამაღლდეს და ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების მიხედვით მოიქცეს, მაგრამ ისინი დიდ გავლენას ვერაფერზე ახდენენ”.
“სამწუხაროდ, მედიაც ხელს უწყობს ამას, ვერ აცნობიერებენ სახელმწიფოებრივ ინტერესებს და “ნიუსების” ძებნაში ისედაც აუტანელ შიდააშლილობას ხშირად უფრო აღვივებენ. მუდმივი საინფორმაციო ქაოსი და ზღვრული შიდა დაძაბულობა სახელმწიფოებრივი ცნობიერების დარღვევის გზაა და ახლა თქვენ უპასუხეთ კითხვას, ვის ინტერესებს ემსახურება ეს. რაც შეეხება ჩვენს ქცევას, ცხადია, ხიფათს მაქსიმალურად უნდა ავარიდოთ თავი, თუმცა არაქვეყნის რეპუტაციის ფასად. ლუგარის ლაბორატორიის თემა უკრაინაში ანალოგიური ლაბორატორიის არსებობის შესახებ განცხადებასთან დაკავშირებით წამოიჭრა. თუ რუსეთს ამ თემის გააქტიურება დასჭირდა, რადიკალურ ნაბიჯებსაც გადადგამს, თუნდაც ამ ლაბორატორიაში კომისიის შეშვებაზე დავთანხმდეთ. რაც შეეხება ლუგარის ლაბორატორიის აფეთქების მუქარას, რუსეთს სურს, საქართველო საფინანსო და სასაქონლო ტრანზიტის გზად გამოიყენოს. ამიტომაც, ვფიქრობ, ეს მუქარა უფრო ჩვენი ხელისუფლების დაყოლიებას ემსახურება - სანქციებს რომ არ შევუერთდით, აღარ ჰყოფნით. მერე კიდევ რაღაც ახალი მოუნდებათ და ეს გაგრძელდება მანამდე, სანამ ჩვენგან რაიმე ხეირის მოლოდინი ექნებათ”, - განმარტავს ფირალიშვილი.
“ამასობაში კი, ცხადია, დავკარგავთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან კავშირს, თუმცა დღეს ამ ნაბიჯის გადადგმა რუსეთს გაუჭირდება, რადგან სამხედრო, ეკონომიკური და, ბოლოს და ბოლოს, სახელმწიფოებრივი კრახის წინაშეა და აგრესიის ამგვარი განვრცობით უფრო გაირთულებს მდგომარეობას. დარწმუნებული ვარ, პუტინის გარემოცვაში არიან ადამიანები, ვისაც კარგად ესმის ეს და გამალებული ფიქრობენ იმის გადარჩენაზე, რისი გადარჩენაც კიდევ შეიძლება. რუსული პოლიტიკის ქცევის წესი პარანოიალურია, მაგრამ ყველა პარანოიკი, ამავე დროს, ძალიან ეშმაკია და კარგად იცის, მიუხედავად თავის მოგიჟიანებისა, სად რა საფრთხე ელოდება. საბედნიეროდ, როგორც ჩანს, დასავლეთმა ალღო აუღო პუტინის ქცევას და ამას მის წინააღმდეგვე იყენებს. დიდხანს შეიძლება იმაზე ლაპარაკი, როგორ წამოაგეს პუტინი თავის რიტორიკაზე და ეს პროცესი 2008 წელს დაიწყო. ნუ მოგვატყუებს ის, რომ მაშინ დასავლეთი გულგრილად მოეპყრო ჩვენს სატკივარს. სწორედ მაშინ აღიქვეს პუტინის რუსეთი მტრად და მის წინააღმდეგ მიზანდასახული სტრატეგია ამუშავდა, რომლის შედეგებს, გარკვეულწილად, დღეს ვხედავთ. პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის დასავლური ორიენტაციის მოქალაქეები ქვეყნის მტრები არიან. ამას მის გარემოცვაში სხვებიც აჰყვნენ. არ არის გამორიცხული, საგარეო მარცხის ფონზე ყურადღება საშინაო მტრებზე გადაიტანოს და ბრბოს აგრესია მათკენ მიმართოს. შედეგი რაც იქნება, ყველამ ვიცით...”, - დასძენს რესპონდენტი.
აკრძალული იარაღი და ომი გამოფიტვაზე - რუსებმა უკრაინაში ქიმიური იარაღის გადამტანი დამრტყმელი შეიარაღება შეიყვანეს
“გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის განახლებული ანგარიშის თანახმად, რუსეთი იძულებული გახდა შეეცვალა მისი ოპერატიული მიდგომა და ახლა ის მიჰყვება მოწინააღმდეგის გამოფიტვის სტრატეგიას. ანალიტიკოსთა შეფასებით, ბლიცკრიგის ჩავარდნის შემდეგ რუსულმა არმია უკრაინაში ე.წ. მოგუდვის პრინციპით მოქმედებს, რისთვისაც არ ერიდება ისეთი აკრძალული იარაღის გამოყენებას, როგორციაა ვაკუუმური და კასეტური ბომბები. გარდა ამისა, სავარაუდოდ, მათ უკრაინაში ქიმიური იარაღის გადამტანი დამრტყმელი შეიარაღებაც შეიყვანეს. ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის მოქმედებები, დიდი ალბათობით, გამოიწვევს ცეცხლსასროლი იარაღის განურჩეველ გამოყენებას რუსეთის მხრიდან, რაც დასრულდება კიდევ უფრო მეტი მსხვერპლით მშვიდობიან მოსახლეობაში, უკრაინის ინფრასტრუქტურის განადგურებითა და ჰუმანიტარული კრიზისის ინტენსიფიკაციით”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით აკრძალული იარაღი და ომი გამოფიტვაზე - რუსებმა უკრაინაში ქიმიური იარაღის გადამტანი დამრტყმელი შეიარაღება შეიყვანეს.
“ანალიტიკოსი კორნელი კაკაჩია “რეზონანსთან” საუბრისას ამბობს, რომ რუსეთი არ ელოდა უკრაინაში ამ ტიპის წინააღმდეგობას. ახლა კი ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, რადგან, თუ პუტინმა დაინახა, რომ აგებს, მისგან ყველაფერი იქნება მოსალოდნელი მიუხედავად იმისა, რომ ამას მოჰყვება დასავლეთის მწვავე რეაგირება. სწორედ ამიტომ ცდილობს ევროპა მინიმალურად ჩაერიოს პროცესებში, რათა საფრთხე არ დაემუქროს მთელს კაცობრიობას. “რუსეთი მიხვდა, რომ არ შეუძლია გააგრძელოს მოქმედებები ძველი ტაქტიკით. ბევრი ექსპერტი და მიმომხილველი საუბრობს ამაზე. ამიტომ ახლა ცდილობენ, რომ დაპირისპირება გადაიყვანონ რესურსების ბრძოლაზე. რუსეთს მართლა არ შეუძლია, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე, აწარმოოს მათთვის შედეგის მომტანი შეტევები. რაც შეეხება სხვა ტიპისა და მათ შორის აკრძალული იარაღების გამოყენებას, ვერ გეტყვით, ეს უფრო რთულია. ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ წარიმართება საბრძოლო მოქმედებები. თუ ძალიან გაუჭირდა რუსეთს და შეატყო, რომ საფრთხე ექმნება მის გამარჯვებას, არ არის გამორიცხული სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილმა რუსეთის ხელისუფლებამ მიმართოს სხვა ხერხებს”, - ამბობს კაკაჩია, რომლის აზრით, “ამას კიდევ უფრო მწვავე რეაგირება ექნება დასავლეთის მხრიდან”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ამ ეტაპზე საუბარია ტაქტიკური იარაღის გამოყენებაზე რუსეთის მხრიდან, მაგრამ იმედია ეს არ იქნება ბირთვული იარაღი, იმიტომ, რომ რუსეთსაც უნდა ესმოდეს, თუ რას ნიშნევს ეს. ამიტომ ცდილობს დასავლეთი მინიმალურად ჩაერიოს პროცესებში, რათა მათი მოქმედებები რუსეთმა არ მიიჩნიოს პროვოკაციად”, - თვლის კაკაჩია. სამხედრო ექსპერტ ვახტანგ მაისაიას ინფორმაციით კი, რუსეთმა უკვე შეიტანა აკრძალული ტიპის იარაღი უკრაინის ტერიტორიაზე. “რუსეთმა სცენარი შეცვალა ომის წარმოების მეორე დღესვე. ასე რომ, ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაცია ახალი არ არის. ახლა რუსები ცდილობენ განახორციელონ ე.წ მოგუდვის პრინციპი. მათ მიერ უკვე არის გამოყენებული არაჰუმანური ტიპის იარაღი, როგორიცაა ვაკუუმური და კასეტური ბომბები, რომელიც აკრძალულია საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით”, - აცხადებს მაისაია, რომლის თქმით, “რუსეთმა ამასთან, ფაქტიურად უკვე შეიყვანა ქიმიური იარაღის გადამტანი დამრტყმელი შეიარაღება”, - დასძენს გამოცემა.
“ეს არის თვითმავალი ჰაუბიცა “მალკა” რომელსაც შეუძლია გადაიტანოს ბირთვული და ქიმიური ქობინები, რაც ითვლება საშიში ტიპის შეიარაღებად. მისი კალიბრი 203 მილიმეტრია, რომელიც ანადგურებს ნებისმიერ კარგად დაცულ და ბეტონიზირებულ სიმაგრეებს და შეუძლია საფრთხე შეუქმნას მშვიდობიან მოსახლეობას, რომლებიც იმყოფება სარდაფებში. ეს დიდი რაოდენობით მსხვერპლს გამოიწვევს მშვიდობიან მოსახლეობაში. ბრიტანული და ამერიკული სპეცსამსახურების მონაცემებით, არ არის გამორიცხული რუსეთმა ქიმიური იარაღიც გამოიყენოს. ყოველ შემთხვევაში მათი გადამტანი საშუალებები უკვე შეიყვანა პუტინმა უკრაინის ტერიტორიაზე. დონბასის ტერიტორიაზე იყენებდა “მალკას” ტიპის თვითმავალ ჰაუბიცას. ეს ერთი მაგალითია, თორემ შესაძლებელია კიდევ ბევრის მოყვანა”, - დასძენს მაისაია.
კოტე ჯანდიერი - “მორალური, პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით ეს მსოფლიო ომია”
“არავის უნდა, მესამე მსოფლიო ომი უწოდოს იმას, რაც დღეს ხდება. გარეგნულად მართლაც ომი ორ სახელმწიფოს შორისაა გაჩაღებული, სადაც ერთი აგრესორია, მეორე აგრესიის მსხვერპლი, თუმცა ყველას ესმის, რომ ეს არის რუსეთის დაპირისპირება მთელ დასავლურ სამყაროსთან, დასავლურ ფასეულობებთან, დასავლურ ცხოვრების წესთან, სახელმწიფო თუ საზოგადოებრივი ურთიერთობის სისტემასთან. ეს რუსულ-დასავლური დაპირისპირება შეიძლება არც მიგვეჩნია მსოფლიო ომად, მაგრამ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული სამხედრო აგრესიის მასშტაბი, მეთოდები და განუზომელი სისასტიკე ამ პლანეტაზე მცხოვრები, ნებისმიერი აღმსარებლობის, კულტურისა თუ ეროვნების საღად მოაზროვნე ადამიანის, ადამიანურობისა და მორალის წინააღმდეგ არის მიმართული. კაცობრიობის უდიდესი ნაწილი ამ მაღალტექნოლოგიურ, სისხლიან სიგიჟეს საკუთარ განსაცდელად და პირად ტრაგედიად აღიქვამს. ამას გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის მხარდამჭერ და მოწინააღმდეგე სახელმწიფოთა რაოდენობრივი თანაფარდობაც მოწმობს - ას ორმოცდაერთი ხუთის წინააღმდეგ! მორალური, პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით ეს მსოფლიო ომია”, - აცხადებს მწერალი კოტე ჯანდიერი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “მორალური, პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით ეს მსოფლიო ომია”.
“უკრაინის მსგავსად, გადაიქცევა თუ არა ბრძოლის ველად საქართველო, ან აღმოსავლეთ ევროპის ერთი ან რამდენიმე ქვეყანა, რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული, უპირველესად კი უკრაინის ფრონტზე ბარბაროსული მეთოდებით მეომარი რუსეთის წარმატებაზე. დღეს შეიძლება რუსეთს მსოფლიოში რამდენიმე ფარული გულშემატკივარი ჰყავდეს (მაგ. კიმ ჩენ ირი, ბაშარ ასადი ან ნიკოლას მადურო), თუმცა აშკარა სამხედრო მოკავშირე, რამზან კადიროვის ბანდების გარდა, საბედნიეროდ, ჯერ არ გამოუჩნდა. ნატოს სამხედრო ბლოკი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კომუნისტური ექსპანსიის შესაკავებლად შეიქმნა, შეკავება კი ნიშნავს ისეთი ხარისხისა და მოცულობის სამხედრო ძალის აკუმულაციას, რომლის არსებობაც პოტენციურ აგრესორს აპრიორი არ მისცემს საშუალებას, თავის მიზნებს სამხედრო გზით, ანუ ომით მიაღწიოს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ნატოს წევრი ქვეყნები კომფორტის ზონაში მოექცნენ. 90-იან წლებში რუსეთი, შესაძლოა, სამხედრო თვალსაზრისით მართლაც აღარ იყო სახიფათო დასავლეთისათვის, თუმცა ის რჩებოდა მსოფლიოში მეორე ბირთვული პოტენციალის სახელმწიფოდ, მაგრამ, როგორც ჩანს, ამ გარემოებას სათანადო ყურადღება არ ექცეოდა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კოტე ჯანდიერი.
“ევროპის სახელმწიფოების ბიუჯეტში უსაფრთხოებისათვის განსაზღვრული ფინანსური რესურსი მუდმივად იკლებდა და გამოთავისუფლებული თანხა პოლიტიკური ელიტის წინასაარჩევნო პოპულარული პროგრამების დასაფინანსებლად იხარჯებოდა. დონალდ ტრამპის დაჟინებული მოთხოვნით ძლივს მოხერხდა, რომ ნატოს წევრ ქვეყნებს თავდაცვის ხარჯები 2%-მდე გაეზარდათ. გარდა ამისა, შედარებით იაფი რუსული ნავთობისა და გაზის გემო ევროპული ეკონომიკისათვის ისეთი ტკბილი აღმოჩნდა, რომ მაგალითად, გერმანიის ენერგეტიკა დღეს 30-35%-ით რუსულ ენერგომატარებლებზეა დამოკიდებული. ამასობაში რუსეთის ეკონომიკაში ამ გზით შესული მილიარდობით დოლარი არმიისა და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მოდერნიზაციას ხმარდებოდა. შედეგად, დღეს ვხედავთ, რომ პოტენციური აგრესორის შეკავების პოლიტიკამ ევროპის კონტინენტზე მარცხი განიცადა და ამის ნათელი დასტურია რუსეთის ველური თავდასხმა უკრაინაზე. თავის დროზე ევროპულ სამყაროს რუსეთისგან მომავალი საფრთხე რეალურად რომ შეეფასებინა, ეს დღე არ დადგებოდა...”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“ვინც ნახა და მოისმინა ბრიტანელი ტელეწამყვანის ინტერვიუ ევროპაში ნატოს ჯარების მთავარსარდლის ყოფილ მოადგილესთან, გენერალ რიჩარდ შერეფთან, ალბათ, ჩემსავით გაოგნებული დარჩა გენერლის განცხადებით, რომ დღეს ევროპაში არ არსებობს არცერთი სრულად დაკომპლექტებული სატანკო დივიზია და ყველაფერი ბრიგადებისა და უფრო მცირერიცხოვანი მსუბუქი ბრიგადების დონეზეა დარჩენილი. ჰოდა, რომელი აგრესიის “შეკავებაზეა” ლაპარაკი? მოდი, ქრონოლოგიურად მივყვეთ: 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე საქართველომ და უკრაინამ მიიღეს ჩრდილოატლანტიკურ ბლოკში აუცილებელი გაწევრების დაპირება, ოღონდ - გაურკვეველ მომავალსა და დაუზუსტებელ ვითარებაში. ჟოზეფ ბორელისა და დღეს მოქმედი ბევრი სხვა ევროფუნქციონერის აზრით, ეს იყო შეცდომა, რომელმაც საქართველოც და უკრაინაც მომძლავრებული რუსეთის გარდაუვალი აგრესიის წინაშე დააყენა”, - მიიჩნევს მწერალი.
“ბუქარესტის სამიტის პოლიტიკის შედეგი საქართველომ იმავე, 2008 წლის აგვისტოში იწვნია, მაგრამ არც ამ ბრუტალურმა თავდასხმამ და სუვერენული ქვეყნის ოკუპაციამ აიძულა დასავლური პოლიტელიტა, გამოსულიყო კომფორტის ზონიდან და სულ მცირე, რუსეთთან თავისი ენერგეტიკული პოლიტიკა მაინც შეეცვალა. ამის მერე იყო 2014 წელი - ყირიმის მიტაცება და ომი ლუგანსკსა და დონეცკში. ცხადი გახდა, რომ რუსეთის შეკავების დასავლური პოლიტიკა ეფექტიანი არ იყო და ძირეული ცვლილებები სჭირდებოდა. ეს ვერ ან არ განხორციელდა და იმ გაუბედავი, მორიდებული, ძალზე არასწორი, მე ვიტყოდი - საბედისწერო პოლიტიკის შედეგია, რომ დღეს რუსეთისა და დასავლეთის დაპირისპირებას უკრაინელი ხალხი - ბავშვები, ქალები, მოხუცები ეწირებიან. პრეზიდენტ ზელენსკის ლამის ყოველდღიური თხოვნისა თუ კატეგორიული მოთხოვნის მიუხედავად, უკრაინის ცის დაკეტვა გადაუჭრელ პრობლემად იქცა, ვინაიდან ამ ქმედებამ, შესაძლოა, ომი უკვე ნატოს წევრი ქვეყნების, მაგალითად, პოლონეთის ან ბალტიისპირეთის ტერიტორიაზე გადაიტანოს და გენერალ შეფერის მოსაზრებით, ეს ნატოს შეიარაღებული ძალებისათვის იოლი გამოცდა არ იქნება”, - ამბობს კოტე ჯანდიერი.
“მე მგონია, პუტინს სურს, რომ მას სტალინივით ანგარიშს უწევდნენ და თუ პატივს არ სცემენ, დიდ საერთაშორისო მოთამაშედ მაინც აღიარებდნენ, ამის მისაღწევად ყველაზე მოკლე გზად კი ბრუტალური ძალის დემონსტრირება და შინ თუ გარეთ საყოველთაო შიშის დათესვა მიაჩნია, მაგრამ უკრაინაში დანგრეული ხიდები, ქალაქები და თეატრები აღდგება, რუსეთისა და რუსი ხალხისათვის მის მიერ მიყენებულ ზიანს, მათ დაღვრილ სისხლს, ომის შედეგად დატოვებულ იარებს კი მრავალი ათეული წლის მანძილზე არაფერი ეშველება. ეს კაცი ვერ აცნობიერებს, რომ საცხოვრებელი კორპუსების, სამშობიარო სახლებისა თუ მარიუპოლის თეატრისათვის ნასროლი ჭურვები ხვდება ტოლსტოის, ჩეხოვს, მენდელეევს, ყველაფერს, რითაც რუსი ხალხი ცივილიზაციის ისტორიაში შევიდა. ბოღმითა და სიძულვილით დაბრმავებულს არ შეუძლია გააცნობიეროს, რომ ამ ბარბაროსული დაბომბვებით, ბავშვების მკვლელობითა და ქვეყნის ნგრევით რუსეთს შემოაძარცვა ფაშიზმთან მებრძოლის მანტია, რითაც ასე ამაყობდა და რუსული არმია ნამდვილ ფაშისტურ ურდოდ გადააქცია. ანუ პუტინის რეჟიმმა თავისი ხალხიც ძალიან დააზარალა, რაც ნაწილს ესმის, მოსახლეობის უმეტეს ნაწილს კი - არა, ანუ ეს პრობლემა სათანადოდ არ აქვთ გააზრებული”, - დაასკვნის რესპონდენტი.
“ჩვენმა მთავრობამ უნდა შეარჩიოს ისეთი ფრაზეოლოგია, რომელიც, ერთი მხრივ, ხელს არ შეუწყობს აგრესიას, მაგრამ, მეორე მხრივ, ღირსებას არ შეულახავს ამ ქვეყნის მოქალაქეებს. კერძოდ, აქტიურად უნდა აამოქმედოს პირდაპირი და არაპირდაპირი კავშირი უკრაინის ხელმძღვანელობასთან და არ დატოვოს პრეზიდენტ ზელენსკის გუნდი მხოლოდ “ნაცების” მიწოდებული ინფორმაციისა და ჭორ-მართლის ანაბარა. ოპოზიციის რევანშისტულმა ნაწილმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს სახელმწიფოს დისკრედიტაციის, აღვირახსნილი ცილისწამების, ქვეყნის მოსახლეობის შეურაცხყოფისა და არასაარჩევნო გზით ხელისუფლების ხელში ჩაგდების ქვეყნისთვის საშიშ, ამორალურ და სრულიად უდროო ცდებს. თუ ეს არ მოხდა, ჩვენ, ყველა - ოპოზიციაც, ხელისუფლებაც, ქვეყნის მოსახლეობაც დასაცინი და მიუღებელი გავხდებით განვითარებული მსოფლიოსათვის...” - დასძენს მწერალი.

























