საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების შესწავლის მიზნით იმიტირებულ კენჭისყრას ატარებს

საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების შესწავლის მიზნით იმიტირებულ კენჭისყრას ატარებს.

ცესკო-ს ინფორმაციით, იმიტირებული არჩევნები ბათუმში ორ საარჩევნო უბანზე იმართება. კენჭისყრის დღე ამომრჩეველთა ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და დათვლის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით მიმდინარეობს.

იმიტირებული არჩევნების მიმდინარეობას აკვირდებიან ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ხელმძღვანელები.

ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილის თქმით, იმიტირებული კენჭისყრის პროცესის დასრულებისა და შესწავლის შემდეგ ცესკო მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, არჩევნების დღეს იქნება თუ არა გამოყენებული საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველთა ვერიფიკაციის ელექტრონული ტექნოლოგია.

საარჩევნო პროცედურების - ამომრჩევლის ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და ხმის დათვლის პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით იმიტირებული კენჭისყრა 11:00 საათზე დაიწყო და 17:00 საათზე დასრულდება. კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად საარჩევნო სიაში 600-მდე ამომრჩეველია რეგისტრირებული. ერთ საარჩევნო უბანზე ელექტრონული ტექნოლოგიის გამოყენებით უზრუნველყოფილია მხოლოდ ხმის მიცემისა და დათვლის პროცესი, ხოლო მეორე საარჩევნო უბანზე როგორც ვერიფიკაციის, ასევე ხმის მიცემისა და დათვლის პროცესი. კენჭისყრას აკვირდებიან არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიებისა და მედიის წარმომადგენლები.

2 აპრილს ქალაქ ბათუმში, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება. ბათუმში გახსნილ 14 საარჩევნო უბანზე საპილოტე რეჟიმში დაგეგმილია ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით განხორციელება.

შეგახსენებთ, რომ ხმის ელექტრონულად დათვლის საპილოტე პროექტი 2021 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებზე კრწანისის ოლქის 31 საარჩევნო უბანზე წარმატებით განხორციელდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა