ბორის სოკოლოვი - უკრაინაში რუსეთის ომს პერსპექტივა არ აქვს და როგორ უნდა ამ ომიდან პუტინს გამოსვლა, არა მარტო მე არ მაქვს წარმოდგენა, საერთოდაც ძნელი წარმოსადგენია

ბორის სოკოლოვი - უკრაინაში რუსეთის ომს პერსპექტივა არ აქვს და როგორ უნდა ამ ომიდან პუტინს გამოსვლა, არა მარტო მე არ მაქვს წარმოდგენა, საერთოდაც ძნელი წარმოსადგენია

უკრაინის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებსა და იმაზე, სავარაუდოდ რა გაგრძელება ექნება უკრაინულ კრიზისს, „ინტერპრესნიუსი“ რუს ისტორიკოსსა და პოლიტოლოგს, ბორის სოკოლოვს ესაუბრა.

- ბატონო ბორის, უკრაინის თემაზე საუბრისას ყველა უფრთხის მესამე მსოფლიო ომის დაწყებას, მაგრამ რაც ახლა უკრაინაში ხდება, მხედველობაში მაქვს რუსეთის მხრიდან წარმოებული საომარი მოქმედებები, დასავლეთის მხრიდან უკრაინის უპრეცედენტო მხარდაჭერა, მათ შორის სამხედრო სფეროში მხარდაჭერა, რუსეთის წინააღმდეგ დაწყებული ეკონომიკური და ფინანსური ომი, იმაზე მიუთითებს, რომ მსოფლიო ომი თუ სრულად არა, რეალურად დაწყებულია.

თქვენ როგორ შეაფასებდით იმას, რაც ახლა უკრაინაში ხდება?

- ჩემი აზრით, ჯერჯერობით მესამე მსოფლიო ომი არაა დაწყებული, მაგრამ უკრაინაში მიმდინარეობს ომი რუსეთსა და უკრაინას შორის, ნატოს ქვეყნები მხარს უჭერენ უკრაინას, ამიტომ, გარკვეულ წილად ადგილი აქვს რუსეთსა და ნატოს დაპირისპირებას, მაგრამ უკრაინაში ნატოს ჯარები არ არიან.

იმ ინფორმაციებით, რომლებიც ღია წყაროებით ვრცელდება, რუსეთის არმიამ ვერ მიაღწია თავის ძირითად მიზნებს უკრაინაში. გარდა ერთისა, დნრ-დან და ლნრ-დან გაკვალა ყირიმისკენ მიმავალი კორიდორი. ჩემი აზრით, უახლოეს მომავალში რუსეთს კიევის აღების შანსები არ აქვს. ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ომი.

უახლოეს მომავალში რუსეთს კიევის აღების შანსები არ აქვს. ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ომი

თუ რუსეთის დანაკარგების დინამიკას გავითვალისწინებთ, ჩემი აზრით, რუსეთს ომის წარმოებისთვის ჯარის რესურსი 2-3 თვე ეყოფა. ამის შემდეგ აუცილებელი იქნება ომის დასრულება, ან რუსეთს მოუწევს საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადება. როგორც ჩანს, ასე განვითარდება პროცესები.

- ამ ომში რუსეთის დანაკარგებზე მხოლოდ უკრაინული მხარე საუბრობდა, მაგრამ „კომსომოლსკაია პრავდამ“ რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ამ თემაზე უკრაინული მონაცემები საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურება.

რუსეთს ომის წარმოებისთვის ჯარის რესურსი 2-3 თვე ეყოფა. ამის შემდეგ აუცილებელი იქნება ომის დასრულება, ან რუსეთს მოუწევს საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადება. როგორც ჩანს, ასე განვითარდება პროცესები

- მე სხვა ინფორმაციის წყაროებიდანაც ვიცი, რომ რუსულ დანაკარგებზე უკრაინული მონაცემები დაღუპულებზე საკმაოდ ახლოსაა სინამდვილესთან. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ 9 ათასზე მეტი დაღუპული ჰყავს, მაგრამ ჩვენ არ ვიცით ამაში შედის თუ არა რუსეთის პირველი და მეორე საარმიო კორპუსების მონაცემები, ან დნრ-სა და ლნრ-ის მონაცემები.

თუ მათ მონაცემებსაც გავითვალისწინებთ, ვინც დაკარგულად ითვლება, ან იმათ ოდენობას, რომლებიც ტყვედაა აყვანილი, ან მოწინააღმდეგეს ჩაბარდა, ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ დანაკარგებზე უკრაინული მონაცემები, რომ დაღუპულია 15 ათასი რუსი ჯარისკაცი, საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურება. ან როგორც მინიმუმ 12 ათასზე ნაკლები ნამდვილად არაა.

დანაკარგებზე უკრაინული მონაცემები, რომ დაღუპულია 15 ათასი რუსი ჯარისკაცი, საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურება. ან როგორც მინიმუმ 12 ათასზე ნაკლები ნამდვილად არაა

თუ რუსული დანაკარგების ის დინამიკა შენარჩუნდა, რაც ბოლო 10 დღეში ჰქონდა რუსულ მხარეს, ჩემი აზრით, რუსეთს უკრაინაში ომის საწარმოებლად რესურსი მხოლოდ 2-3 თვე შეიძლება ჰქონდეს.

- თვალს ვადევნებთ იმას, რისი წარმოდგენა წარმოუდგენელი იყო. მხედველობაში მაქვს რუსეთის მხრიდან უკრაინის ქალაქების დაუნდობელი დაბომბვა.

ხარკოვიცა და მარიუპოლიც პრაქტიკულად რუსული ქალაქები იყო. როცა კრემლის პროპაგანდა ამტკიცებს, რომ იცავს „რუსულ სამყაროს“, ვხედავთ, რომ ახლა ხარკოვი და მარიუპოლი რუსეთის მიერ დაბომბილ გროზნოს ჰგავს.

რა მიზანი აქვს რუსეთს როცა უკრაინაში რუსულ ქალაქებს ასე უმოწყალოდ ანადგურებს დაბომბვებით?

- ჩემი აზრით, რუსეთს სურს მთელი უკრაინის მიერთება, უკრაინის ქალაქებში დასვას მარიონეტული ხელისუფლება, რომლებიც არაფრის გადამწყვეტები არ იქნებიან და ისინი კრემლის კონტროლის ქვეშ იქნებიან.

ჩემი აზრით, ასეთი უკრაინის შემადგენლობაში უნდოდა რუსეთს ლნრ-სა და დნრ-ის რესპუბლიკების შეყვანა. არა მგონია ასეთი მიზნები რუსეთისთვის მიღწევადი იყო, მაგრამ ცხადია, რომ რუსეთმა ომი უკრაინაში უკრაინის მიერთების მიზნით დაიწყო. ფორმალურად უკრაინა ვითომ სუვერენულ სახელმწიფოდ დარჩებოდა.

რუსეთმა ომი უკრაინაში უკრაინის მიერთების მიზნით დაიწყო. ფორმალურად უკრაინა ვითომ სუვერენულ სახელმწიფოდ დარჩებოდა

სულ არ ექნება მნიშვნელობა მისი ხელმძღვანელი იანუკოვიჩი იქნებოდა თუ პუტინის მეგობარი მედვედჩუკი, ან კიდევ სხვა ვინმე.

- უკრაინას მხარს უჭერს კოლექტიური დასავლეთი, აშშ, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულია საკმაოდ მძიმე ეკონომიკური სანქციები. როგორც ჩანს, რუსეთზე ზეწოლა გაძლიერდება და ამის პარალელურად იარაღი მიეწოდება უკრაინას, რაც მას საშუალებას აძლევს ებრძოლოს რუსეთს.

ჩინეთმა განაცხადა, რომ რუსეთს არ აღმოუჩენს სამხედრო დახმარებას. აშშ-ს სტრატეგია ასე გამოიყურება - რუსეთის სამხედრო დამარცხება, მაგრამ ბირთვული ბომბების გარეშე.

დამკვირვებელთა ნაწილი ამბობს, რომ უახლოეს 10-15 დღე გადამწყვეტი იქნება. ყველაფერ ამის გათვალისწინებით სავარაუდოდ, როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები?

- ძალიან მიჭირს რამის პროგნოზირება. განსაკუთრებით ომის დასრულების ვადებთან დაკავშირებით. შეიძლება რაღაც 3 დღეშიც დასრულდეს, მაგრამ შესაძლებელია ბევრი რამ ერთ თვეშიც ვერ დასრულდეს.

ჩემი დაკვირვებით რუსეთს ომის გასაგრძელებლად 2-3 თვის შესაძლებლობა აქვს, ამის შემდეგ მას დასჭირდება მასშტაბური მობილიზაციის გამოცხადება. ომი შესაძლოა ერთი თვე გაგრძელდეს, ან ერთი წელი.

რუსეთს ომის გასაგრძელებლად 2-3 თვის შესაძლებლობა აქვს, ამის შემდეგ მას დასჭირდება მასშტაბური მობილიზაციის გამოცხადება. ომი შესაძლოა ერთი თვე გაგრძელდეს, ან ერთი წელი

- როგორ აისახა უკრაინაში ომი რუსეთში ეკონომიკურ სიტუაციაზე?

- გარკვეულ პროდუქტებზე გაიზარდა ფასები, პერიოდულად შეინიშნება გარკვეული პროდუქტების გაქრობა, მაგალითად შაქრის. ასევე წამლების. ჯერჯერობით უკრაინაში ომი სერიოზულად არ ასახულა რიგით მოქალაქეებზე.

საქმე ისაა, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ასე სწრაფად არ იმოქმედებს რუსულ ეკონომიკაზე. მაგრამ, ვფიქრობ, რომ ეკონომიკურ სანქციების ტვირთს 2-3 თვეში ჯერ ბიზნესი იგრძნობს, მერე სრულად 5-6 თვეში მოსახლეობა.

რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ასე სწრაფად არ იმოქმედებს რუსულ ეკონომიკაზე. მაგრამ, ვფიქრობ, რომ ეკონომიკურ სანქციების ტვირთს 2-3 თვეში ჯერ ბიზნესი იგრძნობს, მერე სრულად 5-6 თვეში მოსახლეობა

ჯერჯერობით, ხალხსაც აქვს გაკეთებული დანაზოგები და წარმოებებსაც. თუმცა, ფაქტია, რომ "ავტოვაზი" ნაწილობრივ უკვე გაჩერებულია. როგორც ჩანს, სანქციებს ქვეყანა ნელა, მაგრამ მაინც იგრძნობს.

- მხარეების მოლაპარაკებებზე მინდა გკითხოთ. მოლაპარაკებები კი მიმდინარეობს, მაგრამ მხარეებს ერთმანეთისგან იმდენად განსხვავებული პოზიციები აქვთ, მათი დაახლოება წარმოუდგენელიც კი ჩანს.

ამ მოლაპარაკებების პარალელურად პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ სადავო ტერიტორიებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები მიიღება საერთო-სახალხო რეფერენდუმზე.

რუსეთი წავა იმაზე, რომ ყირიმში, დნრ-სა და ლნრ-ის რესპუბლიკებში რეფერენდუმები ჩატარდეს?

- არა, არ წავა. რაც შეეხება მოლაპარაკებებს. ჩემი აზრით, ამ მოლაპარაკებებს არანაირი პერსპექტივა არ აქვთ. ამის მიზეზი კი ისაა, რომ უკრაინა ისეთ ნეიტრალურ სტატუს ითხოვს, რომელიც მისი უსაფრთხოების გარანტიებს ითვალისწინებს. ასეთი გარანტიები უკრაინას შეიძლება მისცეს მხოლოდ ერთმა ზესახელმწიფომ, როგორიცაა ამერიკა. ამ გარანტიებში კიევი ითხოვს გაიწეროს საჭიროების შემთხვევაში თუ როგორ უნდა იმოქმედონ მისი უსაფრთხოების გარანტორებმა. ეს ეხება საჭიროების შემთხვევაში უკრაინისათვის ნატოს სამხედრო დახმარებას.

უკრაინა ისეთ ნეიტრალურ სტატუს ითხოვს, რომელიც მისი უსაფრთხოების გარანტიებს ითვალისწინებს. ასეთი გარანტიები უკრაინას შეიძლება მისცეს მხოლოდ ერთმა ზესახელმწიფომ, როგორიცაა ამერიკა. ამ გარანტიებში კიევი ითხოვს გაიწეროს საჭიროების შემთხვევაში თუ როგორ უნდა იმოქმედონ მისი უსაფრთხოების გარანტორებმა. ეს ეხება საჭიროების შემთხვევაში უკრაინისათვის ნატოს სამხედრო დახმარებას

ასეთი შეთანხმებები აშშ-ს გაფორმებული აქვს ისრაელთან იაპონიასთან, ავსტრალიასთან. მათ სხვადასხვა სახელწოდება აქვთ, მაგრამ აზრი ერთია - საჭიროების შემთხვევაში აშშ ვალდებულია მათ დაეხმაროს სამხედრო ძალითა და შესაძლებლობებით. გამოდის, რომ საუბარი სულაც არაა უკრაინის არანაირ ნეიტრალურ სტატუსზე.

ფაქტია, რომ უკრაინას რუსულ აგრესიასთან გამკლავება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ მას დასავლეთი რეგულარულად მიაწვდის ამერიკულ და ნატოს საბრძოლო იარაღს. პუტინი შეეცდება გამარჯვებამდე იბრძოლოს მანამ, ვიდრე მას ექნება რესურსები.

პუტინი შეეცდება გამარჯვებამდე იბრძოლოს მანამ, ვიდრე მას ექნება რესურსები

- გასაგებია, რომ რუსეთს არ აწყობს უკრაინის იმგვარი ნეიტრალიტეტი, რომლის პირობებში უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები ექნება. თქვენ უკრაინასთან ომში რუსეთის გამარჯვება ახსენეთ.

მას შემდეგ, რაც ომი დაიწყო უკრაინაში სხვების მსგავსად ამაზე მეც ხშირად ვფიქრობ და გითხრათ სიმართლე, ჯერჯერობით, რუსეთისთვის ამ ომის კარგ დასასრულს ვერ ვხედავ თუნდაც იმიტომ, რომ რუსეთმა უკრაინის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი უნდა გაანადგუროს, ამას ახლა აკეთებს, მაგრამ, ფაქტია, რომ ამის საშუალება მას არ ექნება.

- როგორც ირკვევა უკრაინაში ომის კამპანია რუსეთს 15 დღეზე ჰქონდა გათვლილი. უკრაინელები ამტკიცებენ, რომ მათ ხელში ჩაუვარდათ დოკუმენტები, რომ უკრაინაში ოპერაცია რუსეთს 15 დღეში უნდა დაესრულებინა.

ამერიკული დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი კიევის აღებას 96 საათში გეგმავდა. როცა ყველაფერი ისე არ წავიდა, როგორც მოსკოვს დაგეგმილი ჰქონდა, ანუ უკრაინის დიდი ქალაქების ოკუპაცია, მაინც გაუგებარი რჩება თუ როგორ აპირებდა რუსეთი ამ ქალაქებზე ეფექტური კონტროლის განხორციელებას.

როგორც ჩანს, უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ოპერაცია კარგად გათვლილი აშკარად არ იყო. მეტიც გადაჭარბებული აღმოჩნდა იმის მოლოდინი, რომ რუსულ ჯარებს უკრაინაში პრორუსული განწყობების მოსახლეობა მხარს ღიად დაუჭერდა.

უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ოპერაცია კარგად გათვლილი აშკარად არ იყო. მეტიც გადაჭარბებული აღმოჩნდა იმის მოლოდინი, რომ რუსულ ჯარებს უკრაინაში პრორუსული განწყობების მოსახლეობა მხარს ღიად დაუჭერდა

ჩემი აზრით, უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ ომს არანაირი პერსპექტივა არ აქვს და როგორ უნდა ამ ომიდან პუტინს გამოსვა, არა მარტო მე არ მაქვს წარმოდგენა, საერთოდაც ძნელი წარმოსადგენია.

- რუსეთში უამრავი მოუვლელი და კეთილმოუწყობელი ქალაქებია. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს ბევრი გაზი აქვს რუსეთის სოფლის მოსახლეობის 35%-ს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება.

ასეთ ფონზე, გაუგებარია, რაში სჭირდება რუსეთს სხვა ქვეყნის ქალაქები, რომლის მოსახლეობა მათ ოკუპანტებს ეძახის. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ფაქტია, რომ რუსეთს უკრაინის ქალაქებისთვის კი არა თავისი ქალაქების კეთილმოწყობისთვის არ ექნება ფინანსები.

გვახსოვს, რუსეთმა სირიაში გარკვეული ტერიტორიები დაიკავა, იქაც დაანგრია ლამის ყველაფერი, მაგრამ მათ აღდგენაზე არც უფიქრია. თქვენი აზრით, რა თანხებით იქნება შესაძლებელი უკრაინის დანგრეული ქალაქების აღდგენა?

- ვვარაუდობ, რომ უკრაინის აღდგენას მოხმარდება ის, 350 მილიარდზე მეტი, აქტივები, რომელიც დასავლეთს დაყადაღებული აქვს რუსეთის ბანკების ფული.

უკრაინის აღდგენას მოხმარდება ის 350 მილიარდზე მეტი აქტივები, რომელიც დასავლეთს აქვს დაყადაღებული რუსეთის ბანკების ფული

- ამაზე ახლა ბევრი საუბრობს, მაგრამ ამისთვის აუცილებელია ზელენსკის ხელისუფლებამ შეძლოს ქვეყნის ოკუპაციისგან გადარჩენა და ძალაუფლების შენარჩუნებაც.

- ფიქრობ, რომ უკრაინის დღევანდელი ხელისუფლება შეძლებს ძალაუფლების შენარჩუნებას. ძალიან დაბალია იმის შანსები, რომ რუსეთი შეძლებს ზელენსკის ხელისუფლების დამხობას.

ფაქტია, რომ უკრაინის დანაკარგები ამ ომში ბევრად ნაკლებია, ვიდრე რუსეთის. ვხედავთ, რომ უკრაინულ წინააღმდეგობას ძალაც აქვს და არაა გამოფიტული, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით. ასეც შეიძლება თქმა - რუსულ ძალებზე ნაკლებად იფიტება. ვითარებაში, როცა უკრაინა რეგულარულად იღებს სამხედრო იარაღს, მას შეუძლია კიდევ დიდხანს იომოს.

უკრაინის დღევანდელი ხელისუფლება შეძლებს ძალაუფლების შენარჩუნებას. ძალიან დაბალია იმის შანსები, რომ რუსეთი შეძლებს ზელენსკის ხელისუფლების დამხობას

უკრაინა დასავლურ სამხედრო დახმარებაზეა დამოკიდებული. უკრაინის სამხედრო -სამრეწველო კომპლექსები რეგულარულად იბომბება.

- მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთს ბევრი მისი მოქალაქე ტოვებს, პუტინის მიერ უკრაინაში დაწყებულ ომს რუსეთში მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი მხარს უჭერს.

თქვენ რა ახსნას მოუძებნიდით პუტინისადმი ამგვარ დამოკიდებულებას და მხარდაჭერას?

- ასეთია კრემლის ტოტალური პროპაგანდისა და ხალხის გამოთაყვანების შედეგი. იმ მოქალაქეებს, რომლებსაც არ აქვთ ალტერნატიული ინფორმაციის მიღების საშუალება, სჯერა იმის, რასაც კრემლის პროპაგანდა და სახელმწიფო ტელევიზიები ამბობენ. ახლა რუსეთში ინტერნეტიც დაბლოკილია.

ცოტა ხალხს აქვს ალტერნატიული ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა, მაგრამ ისინი აშკარად უმცირესობაში არიან. ჩემი აზრით, სამწუხაროდ, მათი რაოდენობა 10%-ზე მეტი არ იქნება.

ახლა ხალხი რასაც ამ ომზე ისმენს, პოლიტიკური პროპაგანდაა. მინიმუმამდეა დაყვანილი გასართობი პროგრამები. ჩემი დაკვირვებით, ომს უკრაინაში ხალხი მხარს უჭერს, მაგრამ არა იმდენად, რომ მათი უმრავლესობა მზად იყოს თავად იომონ უკრაინაში. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანია.

იმ შემთხვევაში, თუ პუტინს საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადება მოუწია, არაა გამორიცხული, ამას სერიოზული სოციალური რყევები მოჰყვეს. უკრაინული წყაროების მტკიცებით, უკრაინაში საბრძოლველად შესულ რუსულ ჯარში ხშირია დეზერტირობის შემთხვევები, არის შემთხვევები, როცა რუსი ჯარისკაცები ტყეში იფანტებიან და ცდილობენ უკრაინიდან გამოსვლას.

იმ შემთხვევაში, თუ პუტინს საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადება მოუწია, არაა გამორიცხული, ამას სერიოზული სოციალური რყევები მოჰყვეს

ასეთ ვითარებაში საყოველთაო მობილიზაცია თუ გამოცხადდა, ძალიან ძნელია იმის წარმოდგენა, სავარაუდოდ, როგორ განვითარდება პროცესები.

- გასაგებია, რომ კრემლის პროპაგანდა ხალხს, როგორც მინიმუმ, 15-17 წელი ამზადებდა, ერთი მხრივ, მეზობლებთან, ხოლო, მეორე მხრივ, დასავლეთთან დასაპირისპირებლად.

თქვენი აზრით, როდის შეძლებს რუსეთის მოსახლეობა უკრაინაში მიმდინარე ომის მიმართ ჰქონდეს დიამეტრულად განსხვავებული დამოკიდებულება?

- როცა რუსეთში ხელისუფლება შეიცვლება, მოვა ხელისუფლება, რომელსაც დღევანდელი ხელისუფლებისაგან განსხვავებით სხვა ფასეულობები და ღირებულებები ექნება.

- რუსეთში ხელისუფლების სავარაუდო ცვლილებებზე ახლა ბევრი კი საუბრობს, მაგრამ იმის გათვალისწინებით თუ როგორი მართვის სისტემაა რუსეთში, როგორ კონტროლდება საზოგადოებრივი აზრი, როგორი გამკაცრებულია ხელისუფლების უსაფრთხოება, პრაქტიკულად ჯერ წარმოუდგენელიც კი ჩანს, რუსეთში ხელისუფლების ცვლილებაზე საუბრები.

- რა თქმა უნდა, რუსეთში როდის შეიცვლება ხელისუფლება, ამის პროგნოზირება არავის შეუძლია. თქმა იმისა, რომ იგი შემდეგ კვირაში შეიცვლება, შეუძლებელია. არც ის ვიცი, იგი როგორ შეიცვლება და როდის. ვიმეორებ, თუ კრემლს მოუწია საყოველთაო მობილიზების გამოცხადება, ეს შესაძლოა გახდეს ქვეყანაში სერიოზული რყევების საფუძველი.

როგორც ვთქვი, ჩემი ვარაუდით, 2-3 თვეში ხელისუფლებას უკრაინაში გასაგზავნი ჯარისკაცები არ ეყოლება. საუბარია ბრძოლისუნარიან ქვედანაყოფებზე.

- რამდენადაც ვხვდები, იმ ტერიტორიებიდან, რომელიც ახლა რუსეთს აქვს უკრაინაში დაკავებული, იგი ამ ტერიტორიებს ასე უბრალოდ არ დატოვებს. ამიტომაა დღეს ყველაზე აქტუალური კითხვა, სავარაუდოდ, როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში?

- სამწუხაროდ, ომი უკრაინაში შეიძლება დასრულდეს ამ ომში მონაწილე ერთ-ერთი მხარის სამხედრო დამარცხებით. თუ რუსეთი უკრაინის ომში დამარცხდა, ის, რა თქმა უნდა, გავა აქამდე უკრაინაში მის მიერ დაკავებული ტერიტორიებიდან. თუმცა, გაუგებარია, როგორ და რა ფორმით შეიძლება.

უკრაინა გააგრძელებს ბრძოლას, მანამდე, ვიდრე მას ბრძოლის რესურსი ექნება. როგორც ჩანს, უკრაინას ეს რესურსები კიდევ დიდხანს ეყოფა თუ სამხედრო იარაღის მიწოდებას დასავლეთი ისევ გააგრძელებს.

ომი უკრაინაში შეიძლება დასრულდეს ამ ომში მონაწილე ერთ-ერთი მხარის სამხედრო დამარცხებით. თუ რუსეთი უკრაინის ომში დამარცხდა, ის, რა თქმა უნდა, გავა აქამდე უკრაინაში მის მიერ დაკავებული ტერიტორიებიდან. თუმცა, გაუგებარია, როგორ და რა ფორმით

ფაქტია, რომ სანქციები კვლავ გაგრძელდება, ენერგეტიკული ემბარგო. თუ რუსულ ნავთობზე დაწესდა ემბარგო, ეს მკვეთრად შეამცირებს რუსეთის შემოსავლებს. რუსეთს გაუჭირდება ალტერნატიული ბაზრების მოძებნა. თანაც ეს სრულად ვერც მოხერხდება. ამას შეიძლება გამოიწვიოს ომის დასრულება.

თუ სამხედრო მრეწველობასაც გაუჭირდა საქმიანობის გაგრძელება, ამანაც შეიძლება გამოიწვიოს ომის დასრულება. ვიცით, რომ რუსეთის სამხედრო მრეწველობაც ბევრწილად დამოკიდებულია დასავლელ პარტნიორებთან თანამშრომლობაზე.

ჩვენ არ ვიცით, მათ რამდენი ხანი ეყოფათ ის, რაც აქამდე ჰქონდათ შეძენილი. არა ვარ დარწმუნებული, რომ დღეს ეს პრობლემები სამხედრო მრეწველობის წარმომადგენლებს სრულად ჰქონდეთ გაცნობიერებული.

- ისეთი პირი უჩანს, რომ ეს ომი კიდევ კარგა ხანს გაგრძელდება?

- მე კი მინდა ომი მალე დასრულდეს, მაგრამ რეალურად ვფიქრობ, რომ იგი როგორც მინიმუმ კიდევ 2 თვე მაინც გაგრძელდება.

შემდეგ, თუ ქვეყანაში საყოველთაო მობილიზაცია გამოცხადდა, ეს ძალიან სერიოზული მოვლენების საბაბი შეიძლება გახდეს. ვფიქრობ, თუ ასე მოხდა, რუსეთის ბევრ მოქაალქეს მოუწევს დაფიქრება დარჩეს თუ არა ქვეყანაში.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი