„ნაციონალური მოძრაობა“ ფოთის მერიასთან დაკავშირებით აუდიტის დასკვნაში მითითებულ ხარვეზებზე ფოთის საკრებულოში სამუშაო ჯგუფის შექმნის ინიციატივით გამოდის

„ნაციონალური მოძრაობა“ ფოთის მერიასთან დაკავშირებით აუდიტის დასკვნაში მითითებულ ხარვეზებზე ფოთის საკრებულოში სამუშაო ჯგუფის შექმნის ინიციატივით გამოდის

„ნაციონალური მოძრაობა“ ფოთის მერიასთან დაკავშირებით აუდიტის დასკვნაში მითითებულ ხარვეზებთან დაკავშირებით ფოთის საკრებულოში სამუშაო ჯგუფის შექმნის ინიციატივით გამოდის.

ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს, სადაც სახელმწიფო აუდიტის დასკვნის შედეგები წარადგინეს. როგორც ისინი აღნიშნავენ, „სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში ფოთის მერიასთან დაკავშირებით ბევრი პრობლემაა მითითებული“.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების თქმით, აუდიტის დასკვნაში მოხვდა ისეთი დარღვევები როგორებიცაა - ნაკლოვანებები ფინანსური რესურსების მართვაში, ინფრასტრუქტურული ხარვეზები და საწვავის არაეფექტური ხარჯვა. ისინი შესაბამის უწყებებს საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ.

„სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში მითითებულია ბევრი პრობლემა. გამოვყოფდი რამდენიმეს - მაგალითად, 2019-2020 წლებში, ფოთის მერიამ ვერ დახარჯა 6 მილიონ ლარზე მეტი. ეს იმ დროს, როდესაც ხედავთ, რა მდგომარეობაა ქალაქში სოციალური და ინფრასტრუქტურული კუთხით, ასევე მძიმე მდგომარეობაა ა(ა)იპ-ებთან დაკავშირებით. დასკვნაში პირდაპირ მითითებულია, რომ ზოგიერთი ა(ა)იპ-ის აქტივობა საერთოდ არ იძებნება. ეს იმ დროს, როდესაც საანგარიშო პერიოდში, ა(ა)იპ-ების დაფინანსება ხდებოდა 13 მილიონი ლარის ოდენობით და საანგარიშო პერიოდში ფოთის მერიის მიერ შექმნილ ა(ა)იპ-ებში, 1 250 ადამიანზე მეტი მუშაობდა. ასევე, ხაზია გასმული იმ თემაზე, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების ჩაბარება არასწორად ხდება. ანუ, პროექტებს, რომლებიც უხარისხოდაა შესრულებულია, მერია მაინც იბარებს. ხაზგასმით არის მინიშნებული, რომ ხდება სუბიექტური მიდგომა მიმწოდებლების მიმართ. ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ შევიდა წინადადებით საკრებულოში, რომ შეიქმნას სამუშაო ჯგუფი და მოუწოდებთ „ქართული ოცნების“ წევრებს მხარი დაუჭირონ ამ სამუშაო ჯგუფის შექმნას. წინააღმდეგ შემთხვევაში მათი უარი აღქმული იქნება, როგორც ხარვეზებზე ხელის დაფარებად და თანამონაწილეობად“,- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა დავით ხომერიკმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, აუდიტის დასკვნა 2019 2020 წლებს მოიცავს.

ფოთის მერიაში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განმარტებებს არ აკეთებენ.