ევგენი ჟუკოვი - უკრაინაში ომის სახით ახალი კრიზისია, აზიის განვითარების ბანკის და საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდი ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას - წელს ეკონომიკისთვის შესაძლო დაღმავალ რისკებს ვხედავთ

"აზიის განვითარების ბანკის" (ADB) პრიორიტეტები საქართველოში, ქვეყნის წყლის რესურსების პოტენციალი, ეკონომიკური ზრდის თანაბარი გადანაწილება და რუსეთის უკრაინაში შეჭრით გაჩენილი საფრთხეები - ამ და სხვა თემებზე „ინტერპრესნიუსი“ საქართველოში ვიზიტად მყოფ ADB-ის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის დირექტორს, ევგენი ჟუკოვს ესაუბრა.
- თქვენ "აზიის განვითარების ბანკის" (ADB) ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის დირექტორად დაახლოებით ერთი წლის წინ დაინიშნეთ, თუ შეიძლება, რომ ADB-სა და საქართველოს გასული წლის თანამშრომლობა შეაჯამოთ.
-ამ პოსტზე გასული წლის იანვარში დავინიშნე, მაგრამ "აზიის განვითარების ბანკის" ეგიდით ეს ჩემი მეორე ვიზიტია საქართველოში. პირველად საქართველოს 2019 წლის მაისში ვეწვიე, ADB-ის ყოველწლიური შეხვედრის მასპინძლობის საკითხზე მოლაპარაკებების გასამართად, რომელიც თბილისში 2021 წლის მაისში უნდა ჩატარებულიყო. სამწუხაროდ, COVID-ის გამო წლიური შეხვედრების კალენდარი შეიცვალა, ბევრი მათგანი ვირტუალურ ფორმატში გადავიდა, მაგრამ ახლა ჩვენ ახალი გეგმა გვაქვს - ჩვენ ისევ ვგეგმავთ, რომ 2024 წლის მაისში "აზიის განვითარების ბანკის" წლიური შეხვედრა თბილისში ჩატარდეს, ჩვენ მას მოუთმენლად ველით, რადგან ვიცით ქართული სტუმართმოყვარეობის შესახებ და დარწმუნებული ვართ, რომ მთავრობა და ხალხი ჩვენი სტუმრებისთვის აქ პირველი კლასის ღონისძიებას მოაწყობს.
რაც შეეხება 2022 წელს ADB-ისთვის, ჩვენი პრიორიტეტები იგივე რჩება - ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მთავრობისა და ქყევნის განვითარების პრიორიტეტებს. ისტორიულად ჩვენი ფოკუსი ინფრასტრუქტურის განვითარებაა. მას შემდეგ, რაც საქართველო ADB-ს შეუერთდა, დაახლოებით 15 წლის წინ, ჩვენი დაფინანსების ძირითადი ნაწილი ინფრასტრუქტურას მოხმარდა, თუმცა, ჩვენმა აქტივობებმა ახლახანს სხვა სფეროებიც მოიცვა - ჯანდაცვისა და განათლების მიმართულებები, აგრეთვე წყალმომარაგება და „ქალაქების მდგრადი განვითარების საინვესტიციო პროგრამა”. რა თქმა უნდა, 2020-2021 წლებში COVID ვითარების გამო, ჩვენ გარკვეული კორექტირება შევიტანეთ ჩვენს პროგრამაში. 2020 წელს ჩვენ გამოვყავით 300 მილიონი აშშ დოლარი CPRO-ს ფარგლებში, რაც ძირითადად საბიუჯეტო მხარდაჭერას ითვალისწინებს, რათა მთავრობისათვის მიგვეცა გარკვეული ფულადი რესურსები მცირე ბიზნესისა და მოწყვლადი მოსახლეობის მხარდასაჭერად. ის ასევე მიზნად ისახავდა გარკვეული დაფინანსების უზრუნველყოფას სამედიცინო აღჭურვილობის შესაძენად. გასულ წელს ჩვენ აგრეთვე დავამტკიცეთ 15 მილიონი აშშ დოლარი COVID ვაქცინების შესყიდვისათვის, რომლის ტრანზაქცია ჯერ არ განხორციელებულა.
საერთო ჯამში, მოხარული ვარ, აღვნიშნო, რომ ამ კვირაში გვქონდა კარგი დისკუსიები მთავრობასთან და მიუხედავად 2020-2021 წლებში COVID-ის გამო შექმნილი ვითარებისა, საქართველოში ჩვენი პროექტის განხორციელების მაჩვენებელი მწყობრში რჩება. ასევე, ჩვენი პროექტის ტრანზაქციების პროგნოზები გასული ორი წლის განმავლობაში სრულად შესრულდა.
- "აზიის განვითარების ბანკმა" აღნიშნული 15 წლის განმავლობაში საქართველოს 4 მილიარდი აშშ დოლარის ფინანსური რესურსი გამოუყო. თქვენ აღნიშნეთ, რომ ADB-ის მთავარი პრიორიტეტი საქართველოში ინფრასტრუქტურის სექტორია. შეგიძლიათ, უფრო მეტი გვითხათ იმ ძირითადი ინფრასტრუქტურული, სატრანსპორტო პროექტების შესახებ, რომლებსაც ADB ახლა საქართველოში ახორციელებს?
- ჩვენ გვაქვს დაახლოებით 1,9 მილიარდი აშშ დოლარის მიმდინარე პორტფელი, რომელიც 15 პროექტს მოიცავს და აქ ტრანსპორტი და ინფრასტრუქტურა უმთავრესია. არის ორი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო დერეფანი, რომლის განვითარებაშიც ჩვენ მთავრობას ვეხმარებით. პირველი არის ჩრდილოეთ-სამხრეთის მიმართულება, ხოლო მეორე, რომლის ხილვის საშუალებაც მქონდა, არის აღმოსავლეთ-დასავლეთის გზატკეცილი, რომელიც აკავშირებს საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილს დასავლეთთან. ვფიქრობთ, აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფანი ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოს სურს პოზიციონირდეს, როგორც ლოჯისტიკური სატრანსპორტო ჰაბი როგორც რეგიონისთვის, ასევე ცენტრალური აზიისთვის.
გარდა ამისა, ჩვენ ცოტა ხნის წინ დავამტკიცეთ „ქალაქების მდგრადი განვითარების საინვესტიციო პროგრამა“, რომელიც მოიცავს ე.წ. მეორე რანგის ქალაქებს, ქალაქებს თბილისის ფარგლებს გარეთ. ის ხელს უწყობს რეგიონულ განვითარებას. კიდევ ერთი პროექტი, რომელიც მიმდინარე წელს გვაქვს, არის „კლიმატგონივრული ირიგაცია“. საქართველოში სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის გაუმჯობესების უამრავ პოტენციალს ვხედავთ, მაგრამ ხშირად ვაწყდებით ირიგაციასთან დაკავშირებულ პრობლემებს. ვიმედოვნებთ, რომ ეს პროექტი, რომელიც საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას დაეფუძნება, მომდევნო წლებში ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის გაუმჯობესებასა და დასაქმებას.
- როგორც ცნობილია, ეკონომიკურ განვითარებას თან ახლავს ელექტროენერგიის მოხმარების ზრდაც. ამის გათვალისწინებით, საქართველო უფრო და უფრო მეტ ძალისხმევას წევს, რათა უკეთ გამოიყენოს წყლის რესურსები ელექტროენერგიის წარმოებისთვის. თუმცა, ჩვენ ასევე ვხედავთ აღნიშნული პოლიტიკის შემაფერხებელ ფაქტორებსაც, რომლებიც ხშირად ჰესების მშენებლობის მიმართ ადგილობრივების წუხილს უკავშირდება. რა უნდა გააკეთოს საქართველომ ამ პროცესის უკეთ სამართავად და რა როლი შეიძლება ითამაშონ ამ მხრივ საერთაშორისო აქტორებმა, როგორიც ADB-ა?
- საერთო ჯამში, ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოს აქვს საკმაოდ სოლიდური აუთვისებელი წყლის რესურსი. ვფიქრობ, პოტენციალის დაახლოებით 20-30%-ია ათვისებული. კლიმატის ცვლილების შესახებ მიმდინარე დისკუსიისა და მწვანე განვითარების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, თუ საქართველო ამ პოტენციალს გამოიყენებს.
რაც შეეხება იმას თუ რისი გაკეთება შეიძლება, ვფიქრობ, ADB-სა და სხვა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს დახმარების გაწევა საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებით შეუძლიათ, განსაკუთრებით სოციალურ და გარემოს დაცვის კუთხით და რაც ამ სიტუაციაში მნიშვნელოვანია პირდაპირი და ყოვლისმომცველი კონსულტაციებია იმ მოსახლეობასთან, რომელსაც ეს საკითხი უშუალოდ ეხება. ასევე, მნიშვნელოვანია ძალიან ფრთხილად მოვეპყროთ სოციალურ და გარემოს დაცვის საკითხებს.
რა თქმა უნდა, ხანდახან ვხვდებით დიდ ჰესებთან დაკავშირებულ ცდუნებებს, როგორც წესი, ეს არის პროექტები, რომლებსაც შეუძლიათ გავლენა მოახდინონ ადგილობრივ მოსახლეობაზე, მაგრამ არსებობს არხზე გამავალი ჰესების განვითარების შესაძლებლობა და მათ შემთხვევაში სოციალური და გარემოს რისკები ნაკლებია.
- გასულ წელს, ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში უმუშევრობის დონემ 19%-ს მიაღწია. ჩვენ ასევე ვიცით, რომ შრომის პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით ADB-მ 2021 წელს საქართველოსთვის დაახლოებით 70 მილიონი აშშ დოლარის სესხი დაამტკიცა. შეგვიძლიათ ვთქვათ, რომ საქართველოში უმუშევრობის დონის ხელშემწყობი მნიშვნელოვანი ფაქტორი შესაძლოა შრომითი უნარები იყოს?
- 2020 წელს, როდესაც ჩვენ შევიმუშავეთ 70 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროგრამა „თანამედროვე უნარები უკეთესი სამუშაოსთვის“, ჩვენს ანალიზზე დაყრდნობით ერთ-ერთი დასკვნა, რომელიც გამოვიტანეთ იყო ის, რომ პროფესიული სწავლება და განათლება საქართველოში არსებითად გაუმჯობესებას საჭიროებს. ჩვენ აღმოვაჩინეთ შეუსაბამობა ერთი მხრივ, უნარ-ჩვევებს (რომელსაც აწარმოებს არსებული განათლების სისტემა) და მეორე მხრივ, დამსაქმებლების საჭიროებებს შორის.
ამრიგად, ამ პროექტის მთავარი იდეა არის არსებული რეგიონალური სასწავლო ცენტრების მოდერნიზება, სასწავლო გეგმის გაუმჯობესება, რათა ის უფრო სასარგებლო გახდეს პოტენციური დამსაქმებლებისთვის. მეორე მხრივ, ჩვენ უფრო აქტიურად ვმუშაობთ კერძო სექტორთან და ადგილობრივ ბანკებთან, რათა მათ გამოვუყოთ ფინანსები და კრედიტი მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის, მათ შორის ქალების მფლობელობაში არსებული და ქალების მიერ მართული ბიზნესებისთვის. აღნიშნულმა დასაქმების ირგვლივ არსებული მდგომარეობა უნდა გააუმჯობესოს. კიდევ ერთი პროექტი, რომელიც ახლახანს აღვნიშნე, არის „კლიმატგონივრული ირიგაცია“, ასე რომ, ვიმედოვნებთ, მომავალში ეს ასევე უზრუნველყოფს მეტ სამუშაო ადგილებს სოფლის მეურნეობის სექტორში.
- თქვენ უკვე ახსენეთ სოფლის მეურნეობა, განათლება, მცირე და საშუალო ბიზნესი, კერძო სექტორის სხვა რომელ მიმართულებებშია ADB ჩართული საქართველოში?
- 2007 წელს, როდესაც ჩვენ საქართველოში დავიწყეთ ოპერირება, ჩვენ ვიყავით ცნობილი, როგორც საჯარო სექტორის ბანკი, რომელიც უზრუნველყოფდა დიდ ინფრასტრუქტურულ დაფინანსებას მთავრობისა და სამთავრობო უწყებებისთვის. მაგრამ უფრო და უფრო შესამჩნევი ხდება, რომ საქართველოში ჩვენი კერძო სექტორის პორტფელი საკმაოდ მზარდია. ამჟამად კერძო სექტორისთვის დაახლოებით 445 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროექტები მიმდინარეობს. ზოგიერთი მათგანი უკვე აღვნიშნე. COVID-ის პერიოდში, ჩვენ მცირე საკრედიტო ხაზები უზრუნველვყავით "კრედო ბანკისა" და "საქართველოს ბანკისთვის", რათა მათ დახმარება გაეწიათ მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, რომლებიც COVID-ის დროს რთულ ვითარებაში აღმოჩნდნენ. ჩვენ ასევე ახლახანს დავამტკიცეთ 100 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროექტი "საქართველოს ბანკისთვის" კვლავ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად. გასულ წელს ჩვენ ასევე ხელი შევუწყეთ კერძო სექტორის ინვესტიციებს რკინიგზაში, საქართველოს რკინიგზის მიერ გამოშვებული მწვანე ობლიგაციების მხარდაჭერით.
კიდევ ერთი სქემა, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ აზია-წყნარი ოკეანის სხვა ქვეყნებში, არის ვაჭრობის დაფინანსება ერთ-ერთი საინტერესო პროექტი, რომელიც გასულ წელს განვახორციელეთ, უკავშირდება ადგილობრივი დეველოპერებისთვის 10 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ხელმისაწვდომ საცხოვრებელ ფართებს. ამ პროექტში მთავარი საჯარო და კერძო სექტორების დაფინანსების კომბინაცია იყო, რაც საინტერესო აღმოჩნდა და ვიმედოვნებთ, რომ მსგავსი თანამშრომლობა შემდგომშიც გაგრძელდება. ზოგადად, კერძო სექტორის პროექტები მომავალში უფრო პრიორიტეტული გახდება.
- 2021 წლის ბოლოს თქვენ თქვით, რომ გასული წლების მნიშვნელოვანი ეკონომიკური მიღწევების მიუხედავად, საქართველოში ზრდა არათანაბრად ნაწილდება. გასული წლის სტატისტიკაც აჩვენებს, რომ თბილისი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 50%-ს იკავებს. რა ნაბიჯების გადადგმა შეუძლია საქართველოს ამ მხრივ და როგორ ეხმარება ADB მას აღნიშნული მიმართულებით?
- ვფიქრობთ, რომ ინკლუზიური და დაბალანსებული განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია მსესხებელი წევრი ქვეყნებისთვის. დიახ, თბილისი შეადგენს მოსახლეობის 30%-ს და ამავე დროს აწარმოებს მშპ-ის 50%-ს. ჩვენი ზოგიერთი პროექტით ჩვენ ვცდილობთ განვითარების თბილისის ფარგლებს გარეთ გატანას, ეს ის პროექტებია, რომლებიც ახლახანს აღვნიშნე, მაგალითად, აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფანი, ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფანი.
მათ ხელი უნდა შეუწყონ ფერმერების ბაზრებზე წვდომას და შემოსავალის ზრდას. „ქალაქების მდგრადი განვითარების საინვესტიციო პროგრამა“ მოიცავს ქალაქებს თბილისის ფარგლებს გარეთ. მისი მიზანი განვითარების სხვა, მეორე რანგის ქალაქებამდე მიტანაა. ჩვენი მუშაობა კერძო სექტორთან ადგილობრივ კომერციულ ბანკებს და მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებს დაფინანსებით და კრედიტით უზრუნველყოფს, ეს არის კიდევ ერთი გზა, რომლითაც ჩვენ ვცდილობთ ხელი შევუწყოთ განვითარებას თბილისის გარეთ. ბოლო პროექტი, რომელიც ასევე აღვნიშნე, არის „კლიმატგონივრული ირიგაცია“, ის უფრო მეტად პროდუქტიული და სარფიანი აგრო პროდუქციის წარმოებას აადვილებს, რომელიც, ბუნებრივია, თბილისის ფარგლებს გარეთ ხორციელდება.
- 2021 წელს საქართველოს მშპ 10,6%-ით გაიზარდა, საგარეო ვაჭრობის ზრდამ კი 25,6%-ს მიაღწია. ამას გარდა, ADB პროგნოზირებს, რომ საქართველოს მშპ 2022 წელს 6.5%-ით გაიზრდება. შეიძლება ვთქვათ, რომ ქვეყნის ეკონომიკის აღდგენის პროცესი საკმარისი ტემპით მიმდინარეობს?
- დიახ, მართალი ხართ. ეკონომიკა 2020 წელს 6%-ით შემცირდა და გასულ წელს სწრაფად აღდგა, 10%-ით, იმის მიუხედავად, რომ COVID ჯერ კიდევ ისევ აქაა. ვფიქრობ, ეს საკმაოდ კარგია. ამ წლის დასაწყისში ჩვენ საკმაოდ ოპტიმისტურად ვიყავით განწყობილი ზრდის პერსპექტივებთან დაკავშირებით, მაგრამ მაშინ, როდესაც ახლოს ვართ ერთი კრიზისის დასასრულთან, ვხედავთ, რომ უკრაინაში ომის სახით ახალი კრიზისია, ჩვენი და მთავრობის ეკონომიკური გუნდი ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას და მიმდინარე წელს ეკონომიკისთვის შესაძლო დაღმავალ რისკებს ვხედავთ. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მძიმე იქნება ეს კონფლიქტი და რამდენ ხანს გაგრძელდება ის.
- რა სახის რისკებზეა საუბარი კონკრეტულად საქართველოსთვის?
- უნდა ვთქვა, რომ ზოგადად მთელი მსოფლიო დაზარალდება, მაგრამ მე იმ დეპარტამენტში ვმუშაობ, რომელიც 10 ქვეყანას ფარავს - სამი ქვეყანა კავკასიაში, 7 ქვეყანა ცენტრალურ აზიაში, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები, ასევე პაკისტანი და ავღანეთი. აღნიშნული მათ უმრავლესობას ამა თუ იმ სახით შეეხება.
საქართველოს შემთხვევაში არსებობს ტრანსმისიის რამდენიმე მექანიზმი. პირველ რიგში ვაჭრობას ვაკვირდებით, რუსეთის ფედერაციაც და უკრაინაც მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორები არიან ქართული ექსპორტისა და იმპორტისთვის. ეს არის ერთ-ერთი დაღმავალი მიმართულება.
მეორე არის ფულადი გზავნილები. რუსეთის ფედერაციიდან შემოსული ფულადი გზავნილები კვლავ საკმაოდ დიდია და ეს კიდევ ერთი მიმართულებაა, რომელზეც ეს ყველაფერი უარყოფითად იმოქმედებს. აქვე უნდა აღვნიშნოთ გაცვლითი კურსი და ინფლაცია, რადგან ეს ასევე ქმნის დაღმავალ რისკებს საქართველოს ეკონომიკისთვის.
ADB მზადაა საქართველოს დამატებითი დახმარება გაუწიოს, თუ უარყოფითი რისკები რეალიზდება.
- თქვენ ახსენეთ ფულადი გზავნილები და ვალუტის კურსი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საერთაშორისო სანქციებს შესაძლოა „გადაღვრის ეფექტი“ ჰქონდეთ სხვა სფეროებზეც?
- არსებობს რამდენიმე რუსული ბანკი, რომელიც ფუნქციონირებს საქართველოში და ზოგიერთი მათგანი სანქცირებულია, ეს სხვა ტიპის ეფექტია. ასევე, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლოთ ფულის გადარიცხვა რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში, ფულადი გზავნილების საშუალებით და ზოგიერთ შემთხვევაში აღნიშნული ბანკებითაც, შესაძლოა, მათ გარკვეული სირთულეები და დამატებითი ხარჯები შეექმნათ თანხის საქართველოში გადარიცხვისას.
„ინტერპრესნიუსი“

























