ქართული პრესის მიმოხილვა 24.03.2022

ქართული პრესის მიმოხილვა 24.03.2022

შესაძლებელია თუ არა სამშვიდობო მისიის გაგზავნა უკრაინაში

რა ვარიანტი შეიძლება გაასაღოს გამარჯვებად პუტინმა - “თუ მარიუპოლი აიღო, შესაძლოა ომში გამარჯვებად ეს გამოაცხადოს”

* * *

შესაძლებელია თუ არა სამშვიდობო მისიის გაგზავნა უკრაინაში

“პოლონეთი ნატოს საგანგებო სამიტზე უკრაინაში სამშვიდობო მისიის გაგზავნის საკითხის დაყენებას გეგმავს - გავრცელებული ცნობებით, მისიაში მონაწილეობის მიღებაზე მზაობა უკვე გამოთქვა დანიამ. თუმცა, ამას რუსეთის მხრიდან პასუხი მოჰყვა, რომ ნატოს ნებისმიერი კონტინგენტის უკრაინაში გამოჩენა ნატო-რუსეთის ომს გამოიწვევს. ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ალიანსი ამაზე პოლონეთს არ დათანხმდება. ნატოს საგანგებო სამიტი 24 მარტს, ბრიუსელში გაიმართება, სადაც ალიანსის წევრი სახელმწიფოების ლიდერები დაესწრებიან. პოლონეთის პრეზიდენტი ანჟეი დუდა გეგმავს, რომ აღნიშნულ ინიციატივაზე ისაუბროს. პოლონეთის ამ ინიციატივაზე “ბიბისი” წერს, მათივე ინფორმაციით, ასეთი მისიის მზადყოფნაში მოყვანას რამდენიმე კვირა ან შესაძლოა, თვეც დასჭირდეს. სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის მიღებაზე მზაობა უკვე გამოთქვა დანიამ. რუსული მხარე კი აცხადებს, რომ რომ ნატოს ნებისმიერი კონტინგენტის დასავლეთ უკრაინაში გამოჩენა ნატო-რუსეთის ომს გამოიწვევს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით შესაძლებელია თუ არა სამშვიდობო მისიის გაგზავნა უკრაინაში.

“პოლონელმა კოლეგებმა უკრაინაში სამშვიდობო მისიის გაგზავნის შესახებ განაცხადეს. ვფიქრობ, ესმით, რაზეც საუბრობენ. ეს რუსეთი-ნატო-ს შეიარაღებული ძალების ის პირდაპირი შეტაკება იქნება, რომლის არიდება არა მარტო უნდოდათ, არამედ ამბობდნენ, რომ არასოდეს მოხდებოდა. პოლონეთის წარმომადგენლები თავიანთი არასტანდარტული სვლებით არიან ცნობილები, არაა გამორიცხული, რომ როდესაც ისინი სამშვიდობო ძალებზე საუბრობენ, გულისხმობენ მათ საზღვარს უკრაინის დასავლეთით. შეიძლება, ლვოვში სამშვიდობო ძალების შეყვანა, იქ შტაბ-ბინის გახსნა და შემდგომ იქ დარჩენა სურთ. საუბრები მიდის არა მარტო სამშვიდობო მისიის კონტიგენტზე, არამედ იმაზე, რომ ნატო თუ არა, მაშინ უკრაინის დასაცავად ბალტიისპირეთის ქვეყნების ბატალიონები შევიდნენ. ჩვენი პოზიცია ნათელია, მოლაპარაკებებში წარვადგინეთ ჩვენი მიდგომები. დასავლეთის ქვეყნები შუამავლის როლის შესრულებას ცდილობენ, თუმცაღა ჩვენ მკაფიო წითელი ხაზები გვაქვს, რაზედაც წლებია ვსაუბრობთ, ახლა უკვე მხოლოდ საუბრებით ვერ შემოვიფარგლებით”, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეტა მინისტრმა სერგეი ლავროვმა. სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია “რეზონანსთან” სკეპტიკურად უყურებს იმ ფაქტს, რომ ამ ყველაფრის ფონზე ნატო პოლონეთის ინიციატივას დათანხმდება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“„ლავროვმა გააკეთა ასეთი ტიპის განცხადება, რომ ნატოს ნებისმიერი კონტინგენტის დასავლეთ უკრაინაში გამოჩენა ნატო-რუსეთის ომს გამოიწვევსო, ამან შესაძლოა ბირთვული ომის სახე მიიღოსო. ამ განცხადების ფონზე, ამის გაკეთება ცოტა რთული საკითხია. თუმცაღა, კონკრეტულად ეს სამშვიდობო კონტინგენტი რას მოიცავს არ ვიცი, როგორც ჩანს, პოლონეთი საკითხს დააყენებს, რომ ჯერ ეს ნატოს ეგიდით მოხდეს, რადგან ალიანსს შეუძლია, რომ ასეთი სამშვიდობო მისია გაგზავნოს, ეს მის დოკუმენტაციაში გათვალისწინებულია. ამის პრეცენდენტიც არსებობს, როცა მან ასეთი მისია ბოსნია-ჰერცეგოვინაში, კოსოვოში გაგზავნა. როგორც ჩანს, აქ საუბარია იმაზე, რომ ე.წ. რუხი ზონები შეიქმნას, მისია დასავლეთ უკრაინის ტერიტორიაზე შევიდეს, რათა ამ ლოკაციაზე რუსული ნაწილები არ შევიდეს და არ დაარტყას. არ მგონია, რომ ეს კონტინგენტი საბრძოლო მოქმდებების ზონაში შევიდეს, რუსული მხარე ამასაც კატეგორიულად არ დაეთანხმება. როცა ზელენსკი სამიტზე ჩაერთვება, ალბათ ამ საკითხსაც დააყენებს, რადგან უკრაინაში სიტუაცია უკვე ჰუმანიტარულ კატასტროფას გასცდა და ჰუმანიტარულ გენოციდამდეა მისული. დღითიდღე სიტუაცია უფრო რთულდება. გუშინ რუსებმა ჩერნიგოვისა და კიევის დამაკავშირებელი ერთადერთი ხიდი ააფეთქეს, ამით ჩერნიგოვი შიმშილისთვის გაწირეს, რადგან ეს რეგიონი კიევიდან ვერც საკვებს და ვერც ჰუმანიტარულ დახმარებას ვერ მიიღებს” - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია..

“რუსების შეიარაღებული ძალები მოგუდვის სტრატეგიაზე გადავიდნენ, ესეც ამის ნიშანია. ხალხს შიმშილით მოკლავენ. იქ დაბინძურებები და ეპიდემიები წავა, რა მნიშვნელობა აქვს რითი მოკლავენ ადამიანს. არაა გამორიცხული, რომ რუსებმა ჩუმად ბიოლოგიური იარაღის კომპონენტებიც გამოიყენონ და გაასაღონ იმაში, რომ უკვე დაბინძურება დაიწყო. არ ვიცი ამ გადაწყვეტილებას ნატო მხარს რამდენად დაუჭერს, ცოტა სკეპტიკურად ვარ განწყობილი, როგორც ჩანს ზელენსკის ეს საკითხი პოლონეთთან უკვე შეთანხმებული აქვს. აქ შესაძლოა დანიის გარდა ლიეტუვა, ლატვიაც და ბრიტანეთიც შეუერთდეს, თუმცა, სხვა სახელმწიფოების პოზიციები როგორი იქნება, მთავარი ესაა. აქ შესაძლოა კონტინგენტის შეყვანა ცალკე უსაფრთხოების ალიანსის ფარგლებში განხორციელდეს - უკრაინა, პოლონეთი, ინგლისი, პოლონეთმა ჰიპოთეტურად შესაძლოა 10 ათასი ადამიანი შეიყვანოს, მაგრამ, რუსები ამაზე სერიოზულ წინააღმდეგობას გაუწევენ”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“პოლონეთი სამიტზე დააყენებს საკითხს, რომ იქნებ ეს მისია ნატოს ეგიდით შევიდეს, თუ ნატოს წევრებმა უარი თქვეს და დიდი ალაბათობით ასეც მგონია, მაშინ პოლონეთი რა გადაწყვეტილებას მიიღებს, არ ვიცი, სავარაუდოდ იტყვის, რომ ცალკე ამ ალიანსის ფარგლებში გაკეთდეს.„კონტინგენტის გაგზავნა თითოეული ქვეყნის სუვერენული უფლებაა, მაგრამ, არა მგონია, რომ აშშ-მა უკრაინაში თავისი კონტინგენტი გააგზავნოს” - მიიჩნევს მაისაია. “საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის” დირექტორი კორნელი კაკაჩია “რეზონანსთან” საუბარში აღნიშნავს, რომ კონტინგენტის შეყვანას ნატოს წევრი ქვეყნები არ დათანხმდებიან, რადგან პუტინი ხვდება, რომ აგებს და უნდა დაიწეროს, რომ წააგო ნატოსთან და არა უკრაინასთან, ამ პროვოკაციაზე კი ნატოს ქვეყნები არ წავლენ”, - დასძენს გამოცემა.

“დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, ეს ნაკლებრეალურად მესახება, რადგან პირველ რიგში არა მგონია, რომ ამას თვითონ ნატოს წევრი სახელმწიფოები დაეთანხმონ, მეორე ის, რომ დაეთანხმონ კიდეც, ამას რუსეთის მხრიდან მიმღებლობა არ ექნება და პირიქით, შეიძლება ჩათვალოს, რომ ამ საქმეებში ნატო ერევა. გამომდინარე იქიდან, რომ პუტინი ამ ომს ვერ იგებს, ძალიან უხერხულ მდგომარეობაშია - დღეს პუტინის სტრატეგიაც სწორედ ესაა და პირიქით მას აწყობს კიდეც, რომ საზოგადოებრივი აზრი ამისკენ მომართოს რომ ჩვენ ნატოსთან ვართ დაპირისპირებაში და თუ წაგებაა, მასთან წააგოს და არა უკრაინასთან”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კორნელი კაკაჩია.

“ახლა პუტინს ძალიან სჭირდება, რომ ნატო, ან აშშ პირდაპირ ჩაითრიოს, მას სურს, რომ ბაიდენმა დაურეკოს, მოელაპარაკოს, მერე გაეროს გენმდივანმა სთხოვოს. დაახლოებით ისეთი სიტუაციის შექმნა სურს, რომ ამით გამოვიდეს ის, რომ თითქოს აღიარეს, რომ ის თანასწორუფლებიანი დიდი სახელმწიფოა, როგორც ჩინეთი და აშშ. რა თქმა უნდა, ეს ასე არ ხდება, ნატოს ხელმძღვანელები ძალიან ფრთხილად არიან. ამიტომაც მგონია, რომ ეს პოლონეთის მხრიდან უფრო სურვილია, ვიდრე რეალობა” - დაასკვნის კაკაჩია.

რა ვარიანტი შეიძლება გაასაღოს გამარჯვებად პუტინმა - “თუ მარიუპოლი აიღო, შესაძლოა ომში გამარჯვებად ეს გამოაცხადოს”

“ვლადიმერ პუტინმა რუსეთის არმიის სარდლობას 7 მაისამდე უკრაინაზე „გამარჯვების" მიღწევის ბრძანება გასცა - ამის შესახებ რამდენიმე მედია წერს. დასავლელი პოლიტიკოსები კი აცხადებენ, რომ მიუხედავად ქალაქებზე განხორციელებული მძიმე თავდასხმებისა, რუსული ძალები უკრაინაში წინ წაწევას ვერ ახერხებენ და რუსეთის პრეზიდენტმა ეს უნდა გაითავისოს. ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ შესაძლოა 9 მაისამდე მან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მოაწეროს ხელი და თუ მარიუპოლი დაიკავა, პუტინმა რუს ხალხს გამარჯვებად ეს შეასაღოს. პუტინმა ბლიცკრიგის ჩავარდნის შემდეგ, ახალი თარიღი იმ საგანგებო თათბირზე დაასახელა, რომელიც ვიდეოკონფერენციის ფორმატში ნიკოლოზ პატრუშევთან, სერგეი შოიგუსთან, ვალერი გერასიმოვთან და ალექსანდრე ბორტნიკოვთან გამართა, თათბირის დეტალები ტელეგრამ არხ გენერალ “სვრ”-ზე გავრცელდა. წყაროს მიხედვით, პუტინი სწორედ 7 მაისს აპირებს აიძულოს უკრაინის ხელმძღვანელობა, ხელი მოაწეროს შეთანხმებას, რომელიც გამოცხადდება როგორც უკრაინის კაპიტულაცია და 9 მაისს წითელ მოედანზე “გრანდიოზულ გამარჯვების აღლუმსაც” გამართავს.”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა ვარიანტი შეიძლება გაასაღოს გამარჯვებად პუტინმა - “თუ მარიუპოლი აიღო, შესაძლოა ომში გამარჯვებად ეს გამოაცხადოს”.

“უკრაინის შსს-ს მრჩეველი ანტონ გერაშენკო ტელეგრამ არხზე წერს, რომ რადგან პუტინს ბლიცკრიგი ჩაუვარდა მან რუსეთის არმიის ხელმძღვანელობას უკრაინის აღების ახალი ვადები დაუწესა. “21 მარტს პუტინმა ვიდეოკონფერენციის რეჟიმში თათბირი ჩაატარა პატრუშევთან, შოიგუსთან, გერასიმოვთან და ბორტნიკოვთან. ფრონტზე არსებული სიტუაციის შესახებ საუბრისას აღინიშნა რუსეთის არმიის დანაკარგები, გერასიმოვმა მას “საგრძნობი” უწოდა, თუმცა პუტინმა მას საუბარი გააწყვეტინა და განაცხადა, რომ ეს მისაღები დანაკარგებია, მაგრამ, ახლა მათზე არაა საუბარი და ეს არაფერია იმ მიზნებთან, რომელსაც მივაღწევთ გამარჯვების შემთხვევაში. “ამასთან პუტინმა "გამარჯვების ახალი ვადებიც დაასახელა - 21 აპრილიდან 7 მაისამდე. სწორედ დროის ამ შუალედში სურს პუტინს უკრაინის ხელისუფლება აიძულოს ხელი მოაწეროს შეთანხმებას, რაც გაფორმდება, როგორც კაპიტულაცია და 9 მაისს გამარჯვების აღლუმი ჩაატაროს”, - წერს გერაშენკო. უსული ძალები უკრაინაში წინ წაწევას ვერ ახერხებენ, მიუხედავად ქალაქებზე განხორციელებული მძიმე თავდასხმებისა, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთის ლიდერმა უნდა მოისმინოს სიმართლე, შეაჩეროს ომი და სცადოს დიპლომატიური გამოსავლის პოვნა”, -აღნიშნავს გამოცემა.

“პუტინის თავდასხმა შეჩერებულია, მიუხედავად იმ ნგრევისა, რომელიც მას ყოველდღიურად მოაქვს. რუსეთის ლიდერმა სიმართლე უნდა მოისმინოს, ომი შეწყვიტოს და დიპლომატიური გამოსავალი მოძებნოს. ომი არა მხოლოდ უკრაინას, არამედ რუსეთის მომავალსაც ანგრევს. ვენ მუდმივად ვამკაცრებთ სანქციებს, მაგრამ მიღებულმა ზომებმა არ უნდა ავნოს ევროპულ სახელმწიფოებს იმაზე მეტად, ვიდრე ავნებს რუსეთის მმართველებს”, - განაცხადა შოლცმა. როგორც ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე “რეზონანსთან” აცხადებს, შესაძლოა პუტინის განცხადებას რამდენიმე მიზეზი ჰქონოდა, პირველი ის, რომ შესაძლოა მან არ იცის რეალურად რუსული ჯარები უკრაინაში რას განიცდიან, მეორე - ეს შესაძლოა ფსიქოლოგიური ომის ნაწილი იყოს და ასევე იყოს ულტიმატუმი უკრაინისთვის და დასავლეთისთვის”, - დასძენს გამოცემა.

“პუტინის განცხადების მიზეზი რამდენიმე ვარიანტი შეიძლება იყოს - შესაძლებელია მას რუსი მაღალჩინოსნები ვერ უბედავენ, რომ სიმართლე უთხრან, რომ რუსები რუსეთ-უკრაინის ფრონტზე წარუმატებლობას განიცდიან. ბევრი შეშინებულია, იქ სამხედრო დაზვერვის ერთ-ერთ მაღალჩინოსანს შინაპატიმრობა მიუსაჯეს, ის კი არა თავდაცვის მინისტრი 11 მარტის მერე არ გამოჩენილა. შესაძლოა, აპარებენ, რომ რუსეთს სამხედრო პოტენციალი ბოლომდე არ გამოუყენებია, რომ შესაძლებელია დამატებითი იარაღის გამოყენება და ამიტომაც პუტინს ჰგონია, რომ საბოლოოდ გაიმარჯვებს. მეორე ვარიანტია, რომ შეიძლება პუტინი გარკვეულ ინფორმაციას ფლობს, რომ არმია დემორალიზებულია და გარკვეულწილად მოტივაციის ამაღლების მიზნით ცდილობს დაარწმუნოს, რომ თითქოს რუსეთი გაიმარჯვებს. მესამე არის ის, რომ შესაძლოა საერთაშორისო საზოგადოებას აჩვენოს, რომ ვთქვათ ბოლომდე რესურსი არ გამოუყენებია და თავი შეახსენა”, - აცხადება გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.

“ამით თითქოს უკრაინისა და საერთაშორისო საზოგადოების დაშანტაჟებაც ხდება, რომ ნუ მაიძულებთ, რომ ბოლომდე ჩემი სამხედრო პოტენციალი გამოვიყენოვო. ყოველ შემთხვევაში უკან დახევას არ ვაპირებ და 9 მაისს ვაპირებ, რომ შევხვდე როგორც გამარჯვებულიო, ანუ აქ რამდენიმე ვარიანტი შეიძლება იგულისხმებოიდეს. მგონია, რომ პუტინი ბოლომდე ვერ აცნობიერებს თუ უკრაინაში რეალურად რა ხდება, რაც შოლცმა განაცხადა მართალია, რა გამარჯვებაზეა საუბარი, მაგრამ ახლა რუსეთი მარიუპოლს იმიტომ ეპოტინება, რომ თუ დაიკავა, მაშინ იტყვის, რომ გამარჯვება ესაა. პუტინი თავიდან დენაციფიკაციას მოითხოვდა და იმას, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს იარაღი დაეყარათ და თავიანთი ხელისუფლების წინააღმდეგ გაელაშქრათ. დღეს საუბრობს, რომ უკრაინის ოკუპაცია მისი მიზანი არ იყო, თუ მარიუპოლი აიღო, მერე განაცხადებს, რომ მისი მიზანი ის იყო, რომ ყირიმს, დონეცკის და ლუგანსკის შორის კავშირი და ამ ტერიტორიაზე ანკლავი ყოფილიყო”, - მიიჩნევს ჩიტაძე.

“არაა გამორიცხული, რომ თუ მოხდა და რუსეთმა მარიუპოლი აიღო, ომში გამარჯვებად ეს გამოაცხადოს და თქვას, რომ კიევზე გალაშქრებას არც აპირებდა”, - დაასკვნის ჩიტაძე. კონფლიქტოლოგი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი “რეზონანსთან” აცხადებს, რომ პუტინი ახლა მძიმე დღეშია და მისი ამოცანაა, რომ ახლა როგორმე აზოვის ზღვა აიღოს და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ხელი მოაწეროს, დიდ ქალაქებზე კი მისი თქმით, საუბარი ზედმეტია”, - წერს სტატიის ავტორი. "პუტინი ძალიან მძიმე მდგონარეობაშია, მან დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებიც კი ვერ აიღო, ანუ მის მიერ წინასწარ გამოცხადებული ე.წ. რესპუბლიკებიც კი ვერ აიღო. ნახევარი აქვს აღებული და ამ მიმართულებით წინ ვერ წაიწიეს. სხვა მიმართულებას რაც შეეხება, მარიუპოლი დღემდე ვარ აიღეს, ამ ქალაქის წინააღმდეგობა გამაოგნებელია. ერთადერთი სტრატეგიული ქალაქი ხერსონი აიღეს, სხვა არაფერი. კიევისა და ხარკოვის აღებაზე საუბარი ზღაპარია. ეს უდიდესი უგუნურებაა. მათ პირველ დღეებში დესანტი გადმოსხეს, უკრაინელებმა უცებ გაუნადგურეს, მიხვდნენ, რომ დიდი შეცდომა დაუშვეს. კიევს გარედან ბომბავენ, მოსახლეობას ხოცავენ, მაგრამ კიევში შესვლა რუსეთისთვის კატასტროფა იქნება”, - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

“მარტო ბერლინის აღებას 2 მილიონი კაცი დასჭირდა, მეორე მსოფლიო ომის მერე, სიტუაცია არ შეცვლილა, როცა ქალაქში არმია შედის, იქ ყოველი ქუჩა იბრძვის და მთელი ქუჩები კუბოებია. მით უმეტეს დღეს კიევი მაშინდელ ბერლინზე უფრო ძლიერია, თავდაცვისთვის მზადაა. კარგად იციან, რომ კიევსა და ხარკოვში მთელი რუსეთი დასამარდება, ამიტომ დიდ ქალაქებს თავი დაანებეს. ახლა პუტინის მთავარი ამოცანაა, აზოვის ზღვა როგორმე მთლიანად აიღოს და იქნებ ოდესას შემოუაროს, ოდესაში შესვლაც მისთვის კატასტროფა იქნება, შემოარტყას ალყა და შავი ზღვიდან ჩაკეტოს, მაგრამ მემგონი ესეც უკვე ოცნების სფერო გახდა, ხერსონის იქით ვერ წავიდა, ნიკოლაევი ვერანაირად ვერ გადალახა. დრო კი მიდის, ხალხი იღუპება, ეკონომიკური სანქციები მუშაობს, ამასობაში ჩამოიშლება, ამიტომ მისი მთავარი ამოცანაა, რომ როგორმე მარიუპოლი და დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიები მაინც აიღოს, რათა შემდეგ ცეცხლის შეწყვეტაზე ხელი მოაწეროს”, - დაასკვნის ზაქარეიშვილი.

“დღეს, რომ ცეცხლის შეწყვეტას ხელი მოაწეროს, გამოდის, რომ ათიათასობით თავისი ჯარისკაცი და ამდენი მშვიდობიანი მოქალაქე არაფრის გამო ჩახოცა. ყირიმი ისედაც უსისხლოდ ჰქონდა აღებული, ასევე დონეცკი და ლუგანსკი რომელსაც დღემდე ვერ გადალახა ისიც სეპარატისტების მიერ ისედაც აღებული ჰქონდა. პუტინს ყოველი რუსი ჰკითხავ,ს ათიათასზე მეტი კაცი რისთვის ჩახოცა. ეს მისთვის იმდენად დიდი გამოწვევაა და იმდენად გამწარებულია, რომ სჯობია თავი მოიკლას. ჰიტლერის როლშია, როცა ბუნკერში იჯდა, ამიტომ როგორმე უნდა გაარღვიოს, რაღაცა მაინც აიღოს, ხერსონის გამო რომ ხელი მოაწეროს, არ გამოსდის, ფიქრობს, რომ მარიუპოლი მაინც უნდა აიღოს. ამასობაში უკრაინაში ხალხი იხოცება, სიტყვა გმირიც საკმარისი არაა, რომ ამ ხალხზე ილაპარაკო, თუ უკრაინელები ბოლომდე წინააღმდგეობას გაუწევენ, რუსეთი იძულებული გახდება ცეცხლის შეწყვეტაზე ხელი მოაწეროს. რუსეთი წინ ვერ მიდის და ახლა ომი აწყობს, რომ მილიმეტრ-მილიმეტრით 2-3 ქალაქი მაინც აიღოს და ამის შემდეგ ხელი მოწეროს. ამ მდგომარეობაში არ ეაღლუმება, თუ პუტინმა აკრძალული იარაღი არ გამოიყენა, მაგრამ ყველაფერი მოსალოდნელია. თუმცაღა, რაც ახლა ამ წუთს და ამ მეთოდით ხდება, მან 140 ათასი კაცის მობილიზაცია მოახერხა. ხალხს ნოემბრიდან აგროვებდა, ეს მასა უკრაინაში მთლიანად შეწოვილია, მათ კი ნაბიჯიც ვერ გადადგეს. აქედან რამდენიც დახოცილია სამზე უნდა გამრავლდეს, ანუ მინიმუმ 30 ათასი კაცი მწყობრიდანაა გამოსული”, - განმარტავს რესპონდენტი.

“ახლა უკვე ჩეჩნებს იყენებენ, ასევე, სამხედროებს ცხინვალიდან, სირიიდან. ეს მასა იმ 140 ათასთან შედარებით სასაცილოა, მაქსიმუმ 50 ათასი კაცი რომც დაამატონ, ძირითადი მასა მაინც პარალიზებულია. ამ დროს უკრაინელებმა გამარჯვების სუნი იგრძნეს. რაც პუტინმა გააკეთა,ეს რუსეთისთვის კატასტროფაა, უკრაინა მოიგლიჯა და ამას აუცილებლად ბელარუსიც მიჰყვება. ამ ფონზე, მის პარანოიდულ აზროვნებაში შესაძლოა დიდი იარაღიც იყოს, თუ მაინცდამაინც მისთვის 9 მაისზეა საუბარი, მისთვის ამ მოცემულობით გამარჯვების მიღწევა შეუძლებელი იქნება თუ აკრძალული მაგალითად ქიმიური, ან ბიოლოგიური იარაღი არ გამოიყენა. ბირთვულ იარაღზე ეჭვი მეპარება, რადგან მაშინ დასავლეთიდან პასუხი მოჰყვება. უკრაინამ რუსული არარსებული ძლევამოსილების მითი გააშიშვლა, პუტინი ამდენ ხანს გამარჯვებული იმპერატორის იმიჯს ქმნიდა. უცებ მათთან, რომელსაც ქვეყანადაც არ თვლიდა, სამარცხვინოდ მარცხდება, ექვსი გენერალი დაკარგეს, ეს კატასტროფული შედეგი აქვს და მემგონი,პუტინის ერთადერთი გამოსავალია, რომ რევოლვერი აიღოს”, - დასძენს ზაქარეიშვილი.