ბათუმის მერია - ბაგრატიონის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების მიზნით ახალი ტენდერი გამოცხადდება

ბათუმის მერია - ბაგრატიონის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების მიზნით ახალი ტენდერი გამოცხადდება

ბაგრატიონის ქუჩის (შარტავას წრიულიდან ვაჟა-ფშაველას ქუჩამდე) სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების მიზნით ახალი ტენდერი გამოცხადდება. ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს ,,ზიმო-7“ ახორციელებდა, თუმცა ხელშეკრულების გაფორმებიდან 11 თვის განმავლობაში, კომპანიამ სამუშაოების საერთო ღირებულების მხოლოდ 1/4 შეასრულა, რაც წარმოების ძალიან დაბალ ტემპზე მუთითებდა.

,,მიუხედავად კომპანიის მრავალგზის ზეპირსიტყვიერი და წერილობითი გაფრთხილებისა, ვითარება არ შეცვლილა. იმის საფუძველზე, რომ კომპანიის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ტემპი იყო არადამაკმაყოფილებელი, ხშირ შემთხვევაში სამუშაოები შეჩერებული იყო და ირღვეოდა უსაფრთხოების წესები, რაც ასევე იწვევდა მოსახლეობის უკმაყოფილებას, მიღებული იქნა გადაწყვეტილება შპს ,,ზიმო-7“-თან გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე. ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილების მიღებამდე ბოლო ერთი თვის პერიოდში, ობიექტზე არ იყო განხორციელებული არანაირი ტიპის სამუშაო და სპეციფიკიდან გამომდინარე, შეუძლებელი იყო პროექტის დასრულება სახელშეკრულებო ვადებში, რასაც ადასტურებს დაქირავებული საზედამხედველო კომპანია ამხანაგობა ,,ასკ და უნიპროფჯგუფი“.

ამ ეტაპისთვის „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში“ დანიშნულია ექსპერტიზა შესრულებული სამუშაოების ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. მიღებული დასკვნის საფუძველზე მოხდება საპროექტო-სახარჯთააღრიცხვო დოკუმენტაციაში სამუშაოთა მოცულობების კორექტირება და შესაბამისი სახელმწიფო შესყიდვის გამოცხადება კორექტირებული პროექტის მიხედვით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.