ნინო ლაცაბიძე - ჩვენი ქალაქის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება გარემოსდაცვითი მიმართულება

ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ კანონმდებლობის ეფექტურად აღსრულების მიზნით, რუსთავში მოქმედი საწარმოების მასშტაბური მონიტორინგის ფარგლებში, სს „რუსთავის აზოტი“ შემოწმდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მსხვილი საწარმოების ერთობლივი მონიტორინგის კამპანიის ფარგლებში, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე, პარლამენტარი ალექსანდრე დალაქიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი ლევან ვეფხვაძე, რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და ,,ქართული ოცნებიდან“ საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი შატაკიშვილი „რუსთავის აზოტში“ იმყოფებოდნენ.

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ „რუსთავის აზოტის“ ხელმძღვანელობის მიერ გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობას, ასევე დეტალური ინფორმაცია მოისმინეს დასაქმებულებისთვის შრომითი პირობების გაუმჯობესების თაობაზე.

„ჩვენი ქალაქის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება გარემოსდაცვითი მიმართულება. ჩვენ ისევ აქტიურად ვართ ჩართულები, დავდივართ საწარმოებში, ვხვდებით ხელმძღვანელობას და ადგილზე ვეცნობით თუ რა სიახლეებია, რა კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავძლიოთ ეს გამოწვევა. მონიტორინგის კამპანიის ფარგლებში შესამოწმებელი დაგვრჩა ერთი საწარმო და უახლოეს მომავალში გვექნება შემაჯამებელი შეხვედრა, სადაც სამომავლო გეგმებზე უფრო კონკრეტულად ვისაუბრებთ“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

2020 წელს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ კანონში და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების პაკეტი მომზადდა, რომელიც პარლამენტმა 2021 წლის გაზაფხულზე გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის კანონთან ერთად დაამტკიცა.

„ეს საწარმო, ზედამხედველობის დეპარტამენტის მხრიდან რამდენიმეჯერ შემოწმდა, იდენტიფიცირდა ყველა გარემოსდაცვითი პრობლემა და ცხადია გამოსასწორებლად განესაზღვრათ გონივრული ვადები. თვითმონიტორინგის სისტემა ,,რუსთავის აზოტს“ აპრილის ბოლოს ექნება, საამქროებში ფუნქციონირებს ფილტრაციის სისტემა, ასევე მიმდინარეობს მუშაობა სხვა გარემოსდაცვითი ვალდებულებების ნაწილში, იქნება ეს ნარჩენების მართვა, წყლის დაბინძურებისგან დაცვა და ზოგადად საწარმოს ტერიტორიის მოწესრიგება. რა თქმა უნდა, ჩვენი სამინისტრო ყურადღებით დააკვირდება კომპანიის მხრიდან გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულების პროცესს“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

კანონში შესული ცვლილებების თანახმად, მსხვილ საწარმოებს ონლაინ, უწყვეტ რეჟიმში ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევის თვითმონიტორინგის, ასევე ჰაერის დაბინძურების შემცირების მიზნით, საწარმოს აირმტვერდამჭერი მოწყობილობებით აღჭურვის უზრუნველყოფის ვალდებულებები დაეკისრათ. აღნიშნული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მათ მნიშვნელოვანი, გაზრდილი სანქციები დაეკისრებათ და უპრეცედენტოდ მაღალი ჯარიმების გადახდა მოუწევთ.

საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, აზოტის მსგავსად მონიტორინგი განხორციელდება ქვეყნის მასშტაბით სხვა მოქმედ მსხვილ საწარმოებშიც.

" ,,რუსთავის აზოტი“ მნიშვნელოვან ღონისძიებებს ატარებს შესაბამისი ტექნიკის და ფილტრაციის სისტემის გაუმჯობესების თვალსაზრისით და ეს იქნება ერთი დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იმისათვის, რომ რუსთავში ატმოსფერული ჰაერის ხარისხი გაუმჯობესდეს. ჩვენ პერმანენტულად მივადევნებთ თვალს ამ პროცესს და ვფიქრობ, რომ წლის ბოლოსთვის ხელშესახები შედეგები გვექნება რუსთავში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კუთხით“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა