ხათუნა სამნიძე - უნდა გვახსოვდეს, რომ გვყავს სერიოზული პარტნიორი, სერიოზული ზურგი ALDE-ს ოჯახის სახით

ბრიუსელში ევროპელი ლიბერალებისა და დემოკრატების გაერთიანების (ALDE) პარტიათა ლიდერების შეხვედრა გაიმართა, რომელსაც “რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე ესწრებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას „რესპუბლიკური პარტია“ ავრცელებს.

შეხვედრის ფარგლებში, ევროპელი ლიბერალების ოჯახმა უკრაინასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

ხათუნა სამნიძის განცხადებით, შეხვედრაზე ALDE-ს ოჯახი თითოეული წევრი თანხმდება, რომ აუცილებელია კიდევ უფრო ქმედითი ნაბიჯები გადაიდგა უკრაინის დასახმარებლად.

„ALDE-ს ოჯახი, თითოეული დეპუტატი ევროპარლამენტში, ჩვენი ჯგუფის წარმომადგენელი, ყველა ლიბერალური პარტიის წარმომადგენელი ვთანხმდებით, რომ ეს ასე არ უნდა გაგრძელდეს! ნახევარზომები და ნახევარსანქციები ვერ შეძლებს ვითარებიდან ნორმალური გამოსავლის სწრაფად გამონახვას. ამიტომ საჭიროა სრული სანქცირება, ნავთობის ყიდვის შეწყვეტით დაფინანსების შეწყვეტა, ეს ერთი ხელით რუსეთის დაფინანსებაა. ასევე რა უნდა გაკეთდეს მომავალში როდესაც უკრაინა გაიმარჯვებს, როგორ უნდა დავეხმაროთ უკრაინას, რომ კვლავ განაგრძოს ქვეყანამ განვითარება”, - განაცხადა სამნიძემ.

სამნიძის თქმით, შეხვედრაზე აქცენტი საქართველოს საკითხზეც გაკეთდა. ამასთან, მათი მხრიდან კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საქართველოს მხარდაჭერის საკითხს.

მისივე განცხადებით, ევროპელი ლიბერალების ოჯახი საქართველოს გვერდით დგას და ისინი ქვეყნის სერიოზულ ზურგს წარმოადგენენ.

“ALDE-ს ნაბიჯები, კონკრეტული განცხადებები, ღონისძიებები არის კიდევ ერთი დასტური, რომ ჩვენ გვყავს სერიოზული გულშემატკივარი, ერთ-ერთი დიდი ფრაქცია ევროპარლამენტში, რომელიც დაიცავს ქვეყნის ინტერესებს ამ ურთულეს, კრიზისულ დროსაც. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ გვყავს სერიოზული პარტნიორი, სერიოზული ზურგი ALDE-ს ოჯახის სახით. ამ ოჯახში საქართველოდან სამი ლიბერალური პარტია ვართ გაწევრიანებული და ჩვენ, ჩვენი მანდატის ფარგლებში ვიცავთ საქართველოს ინტერესებს!”, - აღნიშნა სამნიძემ.

შეხვედრაზე დამსწრე ქართულმა პარტიებმა ასევე გააჟღერეს შეთავაზება, რომელიც უკრაინაში ვიზიტს უკავშირდება.

“ჩვენი აქცენტი, სამივე პარტიამ "რესპუბლიკელებმა", "თავისუფალმა დემოკრატებმა" და "სტრატეგია აღმაშენებელმა" შევთავაზეთ, რომ კარგი იქნება ALDE-ს ოჯახისა და ევროპარლამენტარების ვიზიტი უკრაინაში. რაც ძლიერი გზავნილი იქნება მთელი მსოფლიოსთვის, რომ ლიბერალები ფიზიკურადაც ვართ ჩვენი პარტნიორების გვერდით და კონკრეტულ ღონისძიებებსა და გზებზე ვფიქრობთ”, - განაცხადა სამნიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა