ქართული პრესის მიმოხილვა 25.03.2022

ნატო ულტრა-თანამედროვე იარაღს გვპირდება - რა თქვეს ალიანსის სამიტზე უკრაინასა და საქართველოზე

რა ჩანაფიქრი ჰქონდა პუტინს უკრაინაში ერთი თვის წინ და რა მიიღო ერთი თვის თავზე

“ენკა” საბოლოოდ წავიდა - რა უნდა შეიცვალოს "ნამოხვანჰესის" პროექტში, რომ მოსახლეობას პროტესტი აღარ გაუჩნდეს?

* * *

ნატო ულტრა-თანამედროვე იარაღს გვპირდება - რა თქვეს ალიანსის სამიტზე უკრაინასა და საქართველოზე

“ჩრდილოატლანტიკური ალიანსი სამხედრო ძალების მზადყოფნის საგანგებო რეჟიმზე გადადის და ალიანსის ტერიტორიაზე სრულ მზადყოფნას აცხადებს - რუსეთ უკრაინის ომის დაწყებიდან ზუსტად 1 თვის შემდეგ. ნატოს წევრი ქვეყნების საგანგებო შეკრება კონკრეტული გადაწყვეტილებებით დასრულდა. ალიანსის ლიდერმა ნატოს უპრეცედენტო მზადყოფნის დეტალებზე საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა. ნატო შეთანხმდა, რომ კიდევ უფრო მეტ დახმარებას გაუწევს არა მარტო უკრაინას, არამედ სხვა მოკავშირეებს, მათ შორის საქართველოსაც. საუბარია უახლეს შეიარაღებაზე”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ნატო ულტრა-თანამედროვე იარაღს გვპირდება - რა თქვეს ალიანსის სამიტზე უკრაინასა და საქართველოზე.

“თუკი რუსეთიდან საფრთხე წამოვიდა, ჩვენს ქვეყანას მისი მოგერიების უნარი ექნება. ეს ჩვენი უსაფრთხოების გარემოს გაუმჯობესებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია”, -ამბობს სამიტის შედეგების კომენტირებისას რონდელის ფონდის ექსპერტი ზურაბ ბატიაშვილი. სამიტის დასრულების შემდეგ, იენს სტოლტენბერგმა სპეციალურ ბრიფინგზე შეაჯამა. ალიანსი ბულგარეთში, უნგრეთსა და სლოვენიაში დამატებით სამხედრო ნაწილებს განალაგებს. ალიანსი უკრაინას მიაწოდებს სამხედრო ტექნიკას, დრონებს, ტანკსაწინააღმდეგო და საჰაერო თავდაცვით აღჭურვილობას. ასევე ტექნიკას, რომელიც ბიოლოგიური, ბირთვული და რადიოლოგიური საფრთხეების შემთხვევაში გამოიყენება. იენს სტოლტენბერგმა ახსენა საქართველოც და თქვა, რომ გაიზრდება იმ მოკავშირე ქვეყნების მხარდაჭერა, რომლებიც რუსეთის მხრიდან რისკის ქვეშ იმყოფებიან”, - აღნიშნავს გამოცემა.

“დღეს ნატო შეთანხმდა, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტ დახმარებას გავუწევთ უკრაინას. განვაგრძობთ უპრეცედენტო სანქციების დაწესებას რუსეთის მიმართ და გავაძლიერებთ ალიანსის თავდაცვის შესაძლებლობებს. ლიდერები შევთანხმდით იმაზე, რომ ბულგარეთში განთავსდება ახალი ბატალიონი, ასევე უნგრეთში და სლოვენიაში და ეს იქნება დამატებითი მხარდაჭერა ბალტიის ქვეყნებისთვის. არსებითად უფრო მეტ ძალებს განვათავსებთ აღმოსავლეთ ფლანგზე, მეტი მზაობით. ჩვენ გვექნება შესაბამისი აღჭურვილობის და მარაგების უზრუნველყოფა და საბოლოო ჯამში, მოხდება დისლოცირება უფრო მეტი ჯარებისა, რადგან გაძლიერდეს საჰაერო თავდაცვითი შესაძლებლობები. მოკავშირეები შეთანხმდნენ იმაზე, რომ შემდგომი მხარდაჭერა იყოს უზრუნველყოფილი უკრაინის მიმართ, რადგან უკრაინამ შეძლოს საკუთარი ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება. ასევე იქნება გაწეული სამხედრო დახმარება. მაგალითად, ტანკსაწინააღმდეგო, საჰაეროთავდაცვითი სისტემები და ასევე დრონებით უზრუნველყოფა”, - განაცხადა სტოლტენბერგმა, რომლის თქმით, "ნატო იღებს პასუხისმგებლობას, უზრუნველვყოს ის ფაქტი, რომ კონფლიქტი არ გამწვავდეს”, - განაგრძობს გამოცემა.

“მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ ჩვენ, ასევე, უნდა გავზარდოთ მხარდაჭერა ყველა პარტნიორისთვის, ვინც არის რუსეთის მხრიდან ჩარევისა და მუქარის საფრთხის ქვეშ, მათ შორის, საქართველოსა და ბოსნია ჰერცეგოვინას მიმართ. ევროკავშირთან ერთობლივი მუშაობით უნდა დავეხმაროთ მათ სუვერენიტეტის დაცვასა და მდგრადობის გაძლიერებაში... ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი უკრაინის მხრიდან ქიმიურ საფრთხეებზე ალაპარაკდა, ეს ნაცნობი მეთოდია, როცა რუსეთი საკუთარ სურვილებს სხვას აბრალებს. რუსეთი პრეტექსტს ქმნის, ის ემზადება, რომ შესაძლოა ბიოლოგიური და ქიმიური იარაღი გამოიყენოს. ჩვენ მსგავსი ქმედებები ვნახეთ წარსულშიც. ნებისმიერი ქიმიური იარაღის გამოყენება შეცვლის ომის გარემოებას და სიტუაციას. რუსეთს მძიმე შედეგები დაუდგება. ეს არამხოლოდ უკრაინას შეეხება, არამედ ნატოს წევრ ქვეყნებსაც. რუსეთმა ნატოს ტერიტორიაზე სოლსბერიში გამოიყენა ამ ტიპის იარაღი. მან ქიმიური იარაღი სირიის მოსახლეობაზე გამოიყენა. რუსეთს გააჩნია ეს ქიმიური იარაღი და ვიცით, რომ ის ამით მანიპულირებს. მან თქვა, რომ შესაძლოა გამოიყენოს ეს იარაღი, ამიტომ საჭიროა მალე ამ ომის დასრულება და სიტუაციის განმუხტვა”, - აღნიშნა ნატოს გენმდივანმა, რომელიც ამბობს, რომ “ნატო მხარს დაუჭერს და მიაწოდებს უკრაინას შესაბამის დანადგარებსა და აღჭურვილობას, რომ ბირთვული საფრთხეები იქნეს თავიდან აცილებული”, - დასძენს გამოცემა.

“მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ უკრაინას მივაწოდოთ ისეთი აღჭურვილობა, რითაც თავს დაიცავენ ბიოლოგიური, რადიოლოგიური, ქიმიური იარაღის საფრთხეებისგან. ეს მოიცავს იარაღის გამოვლენას, წვრთნებს დაბინძურების შესახებ და კრიზისის მენეჯმენტს. ჩვენმა ტოპ სამხედრო მეთაურმა გენერალმა ვოლტერსმა უკვე გააქტიურა ნატოს რადიოლოგიური, ბიოლოგიური, ატომური და ქიმიური თავდაცვის ელემენტები. ჩვენ ვმუშაობთ ამ საკითხზე. ასე რომ, ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს უკრაინის მხარდასაჭერად და ჩვენი წევრი ქვეყნების დასაცავად”, - თქვა სტოლტენბერგმა. "რონდელის ფონდის" მკვლევარი და საერთაშორისო საკითხების ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი მიიჩნევს, რომ ნატოს მხრიდან უკრაინისთვის სამხედრო ძალის დახმარების გაზრდა მოსალოდნელი იყო და შექმნილ სიტუაციაში ეს ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა. ის ამბობს, რომ ამით უკრაინა რუსეთისთვის კიდევ უფორ მეტი ძალებით წინააღმდეგობის გაწევას შეძლებს. ეს კი ამ მომენტისთვის სასიცოცხლოდ მიღებული გადაწყვეტილებაა”, - წერს სტატიის ავტორი.

“ეს დახმარება უკრაინას მისცემს საშუალებას, რომ ომის ბედი თავის სასარგებლოდ გადაწყვიტოს. ბოლო დღეების განმავლობაში კი ამის ნიშნები აშკარაა. მეორე ჩვენ დავინახეთ ის, რომ ნატო აღმოსავლეთის ფლანგს აძლიერებს და გამოაცხადა, რომ 4 აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანაში ნატოს ბაზები გაიზრდება. ასევე ვნახეთ განცხადება საქართველოს და ბოსნია-ჰერცოგოვინასთვის დახმარების გაძლიერებაზე. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ექნება საშუალება თანამედროვე ნებისმიერი იარაღი მიიღოს იმისთვის, რათა თავი დავიცვათ. თუკი რუსეთიდან საფრთხე წამოვიდა, ჩვენს ქვეყანას მისი მოგერიების უნარი ექნება. ეს ჩვენი უსაფრთხოების გარემოს გაუმჯობესებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამაზე დასავლეთში რომ კონსენსუსი არსებობს ძალიან კარგია”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზურაბ ბატიაშვილი.

“დასავლეთის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაიზრდება, რაც ასევე ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა. რუსეთის სიძლიერე სამხედრო ძალებზე და ეკონომიკაზე დგას. ამ ომმა უკვე აჩვენა, რომ ორივე მათგანს ჩამოშლის საფრთხე ემუქრება. მითი იმის შესახებ, რომ რუსული არმია უძლეველია უკრაინელებმა დაასრულეს, ხოლო დასავლეთი მათ ეკონომიკურ განადგურებას ახდენს. აქვე, რა თქმა უნდა, დასავლეთი ფრთხილობს, რომ რუსეთს ზედმეტი საბაბი არ მისცეს და ქიმიური იარაღის გამოყენება არ მოხდეს. ნატოსთან დაკავშირებით, რუსეთის განცხადებები ჩხუბის შემდეგ მუშტების ქნევას ჰგავს, რადგანაც მან ვერ შეძლო, არა თუ ნატოს წევრი ქვეყნის, არამედ უკრაინის დამარცხება. ნატოს რომელიმე ქვეყანაზე საუბარიც კი ზედმეტია, რადგანაც მცირე ინციდენტიც კი რუსეთისთვის ძალიან მძიმე შედეგების მომტანი იქნება. მათ ეს კარგად იციან და ეს ტყუილი მუქარებია. აქ მთავარი ბირთვული იარაღი და პუტინის მხრიდან შანტაჟია, რის გამოც ნატო ბოლომდე თავს იკავებს და უკრაინის ცას არ კეტავს. ეს მესამე მსოფლიო ომის დაწყების პირდაპირი განაცხადი იქნება“, - დაასკვნის ბატიაშვილი.

რა ჩანაფიქრი ჰქონდა პუტინს უკრაინაში ერთი თვის წინ და რა მიიღო ერთი თვის თავზე

“უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან უკვე ერთი თვე გავიდა, რუსეთის გააფთრებული და დაუნდობელი ბრძოლისა და აკრძალული იარაღის გამოყენების ფონზე, ძირითად ქალაქებს მაინც უკრაინელები აკონტროლებენ. ანალიტიკოსთა შეფასებით, მტერმა უკრაინის შეიარაღებული ძალები და ხალხი 30 დღის მერეც ვერ გატეხა, პუტინის გეგმები ჩაეშალა და ახლა შესაძლოა ბირთვულ და ბიოლოგიურ იარაღსაც კი მიმართოს, რისთვისაც ნატო მზადყოფნაშია”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა ჩანაფიქრი ჰქონდა პუტინს უკრაინაში ერთი თვის წინ და რა მიიღო ერთი თვის თავზე.

“რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინის ასეთ წინააღმდეგობას არ მოელოდნენ. ეს იქიდან ჩანს, რომ პუტინმა თავიდან ფაქტიურად მსუბუქი სამხედრო სტრატეგიული ბლიცკრიგის ოპერაცია დაიწყო. საკმაოდ მცირე ცოცხალი ძალა გამოიყენა, ესაა დაახლოებით 150-ათასიანი დაჯგუფება, სულ მცირე 225 ათასიანი უკრაინის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ. მთავარი იდეა ოპერატიულ ტაქტიკურ დონეზე უკრაინის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგობის მართვის სისტემის მოშლა იყო. როგორც მერე გამოჩნდა, პუტინის გეგმებში კიევში პოლიტიკური ხელისუფლების შეცვლაც შედიოდა და ე.წ. დემილიტარიზაციის ვარიანტში საკანძო სტრატეგიული ობიექტების, ზურგისა და ლოჯისტიკური ცენტრების სრული განადგურება, ასევე მთავარი ქალაქების - ხარკოვის, დნეპროპეტროვსკის, ოდესისა და კიევის დაკავება. ასევე გეგმაში ჰქონდა, რომ ბლიცკრიგის სტრატეგია უკრაინის სამოქალაქო მის რელსებზე გადაეყვანა. ანუ წარმატების შემთხვევაში ფიქრობდა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთის ფედერაციის მხარეზე გადმოვიდოდნენ. ახალ პრორუსულ არმიას შეადგენდნენ, ასევე დაკავებულ პოლიტიკურ ქალაქებში შეიქმნებოდა პრორუსული ადინისტრაცია, შერჩეულიც იყვნენ იანუკოვიჩის თანამებრძოლები. ასევე, როგორც ჩანს, ფსონი პრორუსულ პოლიტიკურ პარტიებზე კეთდებოდა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია.

„პუტინის ჩანაფიქრი ეს იყო, გავიდა ერთი თვე და რა მიიღო, ყველამ კარგად იცის. არც ერთი მთავარი ქალაქი დაკავებული არაა. თავად რუსი სამხედრო ექსპერტების მოსაზრებითაც კი მარიუპოლის დაკავება ორ კვირაში მოხდებაო, ამაზე ნაკლებ დროში თავად რუსებიც არ ელოდებიან. ფაქტიურად გაჭიანურებული საომარი მოქმედებებია, რუსეთს საკმაოდ მძიმე და სტრატეგიული შეიარაღების ელემენტების გამოყენება მოუწია, რაც პუტინის თავდაპირველ გეგმაში არ ჰქონდა. რუსებმა თეთრი ფოსფორის იარაღი გამოიყენეს, ის მაღალი ტემპერატურის გამო ტერიტორიას და ადამიანებს ცოცხლად წვავს. თეთრი ფოსფორი, ესაა ქიმიური იარაღის კომპონენტი. ჩავთვალოთ, რომ უკვე ქიმიური იარაღი გამოიყენა. რუსეთმა უკვე უკრაინაში ე.წ. სტრატეგიული არაბირთვული დანიშნულების შემტევი შეარაღება შეიტანა, ესაა “მალკას” სისტემის თვითმავალი მსხვილკალიბრიანი ჰაუბიცა, მისი კალიბრი 203 მმ-ია, ეს საერთაშორისო კონვენციური სამართლის მიხედვით აკრძალულია, მას ქიმიური და ბირთვული მცირე ზომის ქობინების გადატანა შეუძლია. საუბარია 5-დან 10 კილოტონამდე”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“რაც შეეხება უშუალოდ სანქციებს, ამ ეტაპისთვის დიდი გავლენა არა აქვს. რუსი მოსახლეობის 75% ისევ ომს მხარს უჭერს, მაგრამ ეკონომიკურმა სანქციებმა უკვე ის გააკეთა, რომ რუსეთში ფაქტიურად ოლიგარქების კლასი მოისპო. ოლიგარქების წილად რუსეთის ეროვნული ეკონომიკის ზრდის ტემპების დაახლოებით 30% მოდიოდა, ეს კი საკმაოდ სერიოზული მაჩვენებელია. დღეს მათი სრული განადგურების ფონზე რუსეთის ეკონომიკის ზრდის ტემპები, რა თქმა უნდა, კატასტროფულად ეცემა, რუსული რუბლის სერიოზული დევალვაციაა და კორპორატიული სტრუქტურები ფუნქციებს ვერ ასრულებენ. რუსეთი ფაქტიურად დეფოლტის წინაშეა. რა სანქციებიც იყო, დასავლეთმა თითქმის სრულიად აამოქმედა, ახლა შედეგს გარკვეული დრო სჭირდება”, - მიიჩნევს ექსპერტი და შეკითხვაზე - “რა შემთხვევაში შეიძლება ნატო იძულებული გახდეს, რომ ომში ჩაერიოს?” - პასუხობს:

“თუ რუსეთმა მასობრივი განადგურების შეიარაღების კომპონენტები გამოიყენა, მაგალითად, ბირთვული და ბიოლოგიური. ამ შემთხვევაში ნატოს ჩარევა მოუწევს. უკრაინაში ბირთვული ტაქტიკური იარაღის გამოყენება, ასევე ნატოს წევრ სახელმწიფოებზეც იმოქმედებს, რომლებზეც რადიაციული ღრუბელი გადავა.

“ნატომ შესაძლოა უკრაინის სიახლოვეს ოპერატიული საბრძოლო ჯგუფები აამოქმედოს, ალბათ სპეციალური სამხედრო საზღვაო დაჯგუფება შეიქმნება, ნატოს წევრ სახელმწიფოების ავიამზიდების გამოყენებით, რომლებიც ასევე ნაწილობრივ შეეცდებიან, რომ დახურული ცის პრინციპი ბულგარეთზე და რუმინეთის შავი ზღვის აკვატორიაში განახორცილონ. უკრაინის შეიარაღებული ძალების შემართება ერთი თვის თავზეც საკმაოდ მაღალია, ვერ ტეხავენ. რუსეთს ოკუპირებულ ტერიტორიებზეც ადგილობრივი მარიონეტული მმართველების მოძიებაც უჭირთ. შოიგუს გაუჩინარებითაც ჩანს, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები დემორალიზირებულია და რუსეთის გენერალიტეტი ცდილობს, რომ მათი ფსიქოლოგიურ-მორალური მხარე ასწიოს”, - დასძენს მაისაია.

“ენკა” საბოლოოდ წავიდა - რა უნდა შეიცვალოს "ნამოხვანჰესის" პროექტში, რომ მოსახლეობას პროტესტი აღარ გაუჩნდეს?

“"ნამოხვაჰესის" მშენებლობასთან დაკავშირებით ენერგეტიკოსები მთავრობის მხრიდან რადიკალური ნაბიჯების გადადგმას ელიან. უკვე მას შემდეგ, რაც თურქულ კომპანია “ენკასთან” თანამშრომლობა ოფიციალურად შეწყდა, ქვეყანას ახალი ინვესტორის ძებნა მოუწევს. სპეციალისტები გამოსავალს ისეთ მექანიზმში ხედავენ, რითაც ჰესის მშენებლობა შესაძლებელი გახდება სახელმწიფოს და ინვესტორის პარტნიორობით. მთავარ პრობლემად კი რჩება მოსახლეობასთან კომუნიკაცია, რისთვისაც საჭიროა მეტი სიკეთის შეთავაზება სოციალურ კეთილდღეობასთან დაკავშირებით, რაც შეიძლება ხალხმა გიგანტური ჰესის მშენებლობით მიიღოს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ენკა” საბოლოოდ წავიდა - რა უნდა შეიცვალოს "ნამოხვანჰესის" პროექტში, რომ მოსახლეობას პროტესტი აღარ გაუჩნდეს? / პროექტი საერთოდ არ პასუხობდა რეგიონის განვითარებას და მოსახლეობის კეთილდღეობაზე საერთოდ არ იყო გათვლილი.

“გუშინ გამოქვეყნდა “ენკა ინსაათის” 2021 წლის ფინანსური ანგარიში, რომლიდანაც გაირკვა, რომ სახელმწიფოსა და “ენკა რინიუებლზს” შორის "ნამოხვაჰნესის" მშენებლობასთან დაკავშირებით არსებული საინვესტიციო ხელშეკრულება ოფიციალურად გაწყვეტილია. ამასთან, ფინანსურ ანგარიშში მითითებულია, რომ კომპანიამ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისთვის გაწეული ინვესტიცია და შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა 40.4 მილიონი დოლარის ოდენობით ჩამოწერა. ენერგეტიკოსი დავით მირცხულავა ფიქრობს, რომ დღეს სხვა გამოსავალი არ არის და აუცილებლად უნდა აშენდეს დიდი სიმძლავრის ჰესი, რომელიც სასიცოცხლოდ აუცილებელია საქართველოსთვის”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით ზომები სასწრაფოდ არის მისაღები. ახალი ინვესტორი უნდა მოიძებნოს. არ ვიცი, რა მოდელს აირჩევს სახელმწიფო. გაკეთდა განცხადება, რომ რაღაც პროცენტს სახელმწიფო შეინარჩუნებს და საბოლოოდ პროექტი ინვესტორთან პარტნიორობით განხორციელდება. სხვა გამოსავალი არ გვაქვს, ჰესი სასიცოცხლოდ აუცილებელია საქართველოსთვის. წლევანდელმა ზამთარმაც დაგვანახა, რომ უამრავი პრობლემა და საშინელი ენერგოდიფიციტი გვაქვს. გარკვეული ნაბიჯები უნდა გადაიდგას. ახალი ველოსიპედის გამოგონებას არ უნდა შეეცადოს მთავრობა, გამოცდილება არსებობს, რისი გათვალსიწინებაც შესაძლებელია. ბალკანეთში ინტენსიურად მიმდინარეობს ჰესების მშენებლობა, მსგავსი პროექტები ხორციელდება დასავლეთ ევროპაშიც. მოსახლეობასთან კომპრომისული გადაწყვეტილებები მიიღწევა, როცა გარკვეულ სარგებელს ხალხიც ნახავს. ამ გზების ძიება და შესწავლა მიდის, რამდენიმე მოდელი უკვე დამუშავებულია, მათ შორის, განახლებადი ელეტროენერგიის ასოციაციას აქვს კანონპროექტი მომზადებული, რათა მოიძებნოს გადაწყვეტილება, რომლითაც სახელმწიფოც და ადგილობრივი თემიც იქნება კმაყოფილი“, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით მირცხულავა.

“მძიმე დღეში ჩავვარდებით, თუ წყალსაცავიანი ჰესები არ გვექნება. ვხედავთ, რომ გაჩერებულია უამრავი პროექტი, ამასობაში იზრდება ენერგოდეფიციტი, შესაბამისად, მატულობს იმპორტი და უამრავი თანხა გადის ქვეყნიდან დენის შესაძენად. დიდი პრობლემაა ასევე განახლებადი ენერგიის წყაროების მიმართულების განვითარება, რადგან ქარიც და მზეც მოითხოვს სარეზერვო სიმძლავრეებს. ჩვენ დღეს არჩევანის საშუალება არ გვაქვს, საქართველოს ენერგეტიკის განვითარებას მაღალი სიმძლავრის ჰესები სჭირდება, ეს შემიძლია პირდაპირ დავადასტურო”, - დაასკვნის მირცხულავა.

“ენერგეტიკოსები შექმნილ სიტუაციაში აქცენტს აკეთებენ სოციალურ კეთილდღეობაზე, რომელიც ჰესის მშენებლობას უკავშირდება და ენერგეტიკულ სიკეთესთან ერთად, რეგიონის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას ემსახურება. ამის საუკეთესო მაგალითად ენერგეტიკოსი ანზორ ჭითანავა ენგურისა და ჟინვალის წყალსაცავიან ჰესებს მიიჩნევს და ხაზს უსვამს, რომ პროტესტი შენებას საბჭოთა პერიოდშიც ახლდა, თუმცა სოციალური სარგებლის მიღების სურვილმა გადაწონა. რაც შეეხება "ნამოხვანის ჰესს", ენერგეტიკოსი პირდაპირ ამბობს, რომ ის არ იყო ხალხის კეთილდღეობაზე მორგებული პროექტი”, - დასძენს გამოცემა.

“"ნამოხვანჰესთან" დაკავშირებით პროექტის მოწინააღმდეგეები ამბობდნენ, რომ ტექნიკური გადაწყვეტილებები არასწორად იყო მიღებული, რასაც ვერ გავიზიარებ. პროექტი საკმაოდ კომპეტენტური ორგანიზაციამ გააკეთა და ასე ხელაღებით არ შეიძლება თქმა, რომ სეისმომდგრადობაზე არ იყო გაანგარიშებული, არ არის გათვალისწინებული ჰიდროლოგია, ფლორა, ფაუნა და სხვა. მთავარი პრობლემა სულ სხვაა. საქმე ისააა, რომ "ნამოხვანჰესის" შემადგენელი ვერ გახდა სოციალური საკითხები, რომელიც რეგიონის განვითარებასთან იქნებოდა დაკავშირებული. პირველ რიგში, ინფრასტრუქტურული საკითხები უნდა მოეგვარებინათ, როგორიცაა სკოლები, საბავშვო ბაღები, გზები, საავადმყოფო, სპორტული მოედნები და საწარმოები, რომლებიც ნაწილობრივ ადგილობრივი ნედლეულის ბაზაზეც იქნებოდა დაფუძნებული”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ანზორ ჭითანავა.

“ცხადია, ასეთი პროექტი, პირველ რიგში, ადამიანების დასაქმებას უნდა უწყობდეს ხელს და რეგიონის ეკონომიკის გაუმჯობესებას მოემსახუროს, რაც ამ შემთხვევაში ვერ დავინახე. საბჭოთა პერიოდში სოციალური ინტერესები პროექტში 30-35%-ის ფარგლებში მერყეობდა (საერთო ღირებულებიდან). ეს იყო სიმდიდრე, რაც ხალხს მხარდაჭერის სტიმულს აძლევდა ჰესების მშენებლობისას. შეიძლება, სტანდარტს ბევრი რამ შეესაბამება, მაგრამ ის საკითხები, რაც რეგიონის კეთილდღეობას და ინფრასტრუქტურას, ასევე დასაქმების საკითხს უნდა პასუხობდეს, დიდ ხარვეზებს შეიცავდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორ შეიძლება კეთილდღეობას და განვითარებას ხალხი ეწინააღმდეგებოდეს. კარგი ცხოვრება, მაღალი ინფრასტრუქურა ყველასთვის მისაღები იქნება დიდი სიამოვნებითაც, მაგრამ ამას არავინ მიაქცია თავის დროზე ყურადღება”, - განმარტავს რესპონდენტი.

“სამომავლოდ, როცა ახალი ინვესტორი გამოჩნდება, ცხადია, პროექტის მოდერნიზებას მოხდება და სოციალურ საკითხს ერთ-ერთი მთავარი ყურადღება უნდა დაეთმოს, როგორც ეს თავის დროზე კეთდებოდა”, - თქვა ჭითანავამ. “ენკა” საქართველოში ჯამში 800 მილიონი დოლარის ინვესტირებას გეგმავდა. 2021 წლის სექტემბერში ინვესტორმა განაცხადა, რომ ფორსმაჟორის გათვალისწინებით საინვესტიციო ხელშეკრულებას გაწყვეტდა, რასაც მოჰყვა მთავრობის განმარტება, რომ ხელშეკრულების შენარჩუნების მიზნით კომპანიასთან მოლაპარაკებებს გააგრძელებდნენ. როგორც ირკვევა, საქართველოს მთავრობამ ვერ დაარწმუნა კომპანია, რათა კონტრაქტი შენარჩუნებულიყო”, - წერს სტატიის ავტორი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს