ამბროლაურში მდინარე კრიხულას სანაპიროს კეთილმოწყობა მიმდინარეობს

,,საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის" ფარგლებში ამბროლაურში მდ. კრიხულას სანაპიროს კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან პაპუნა მარგველიძესთან და მუნიციპალიტეტის მერთან ზვიად მხეიძესთან ერთად გაეცნო.
„პროექტის ჯამური ღირებულება 4 553 234 ლარს შეადგენს და მისი დასრულება 2022 წლის ოქტომბერში იგეგმება. პროექტის ფარგლებში აღნიშნულ ტერიტორიაზე დაგეგმილია რეკრეაციული ზონის მოწყობა, ბულვარის გაკეთება, გასართობი სივრცეების შექმნა და კაფე-ბარების მშენებლობა. სამუშაოების დასრულების შემდეგ “სანაპირო" გახდება ქალაქის ერთ-ერთი საინტერესო და მიმზიდველი ადგილი როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე ტურისტებისთვის.
პროექტი ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას, ახალი ინვესტიციების მოზიდვასა და სამუშაო ადგილების შექმნას. ,,საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამას" საქართველოს მთავრობა ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებს და მისი მიზანია, დაბალანსებული და მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა ინტეგრირებული ინიციატივების განხორციელების გზით”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

























