ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2022

გია ხუხაშვილი - “დღეს ჩვენ ვართ მესამე მსოფლიო ომის პირობებში”

“სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დახმარება უკრაინას და მომაკვდინებელი სანქციები რუსეთს” - პოლიტოლოგები აშშ-ს პრეზიდენტის მთავარ გზავნილებს გამოარჩევენ

გიორგი ვაშაძე - “უკრაინელ კოლეგებთან საქართველოს ხელისუფლებისთვის პირის მოწმენდა მიწევს”

არსებობს თუ არა კრემლის ახალი გეგმა უკრაინასთან დაკავშირებით და რატომ იცვლება მოსკოვის რიტორიკა

თორნიკე შარაშენიძე - “რუსების ერთადერთი გამჩერებელი ამერიკაა”

* * *

გია ხუხაშვილი - “დღეს ჩვენ ვართ მესამე მსოფლიო ომის პირობებში”

“სამწუხაროდ, დღეს ჩვენ ვართ მესამე მსოფლიო ომის პირობებში. ომი არ არის მხოლოდ ჯარისკაცები, ტანკები და თვითმფრინავები... ომს აქვს ძალიან ბევრი ასპექტი, როგორც მსოფლმხედველობრივი, ასევე ეკონომიკური, სამხედრო-ტაქტიკური თუ სტრატეგიული და ასე შემდეგ... ამ ომში ჩართულია თითქმის მთელი მსოფლიო. უპირველესად მნიშვნელოვანია მსოფლმხედველობრივი განზომილება, რაც სამყაროს განვითარების ორ გზას შორის დაპირისპირებას გულისხმობს. ეს არის ფუნდამენტური დაპირისპირება - ერთი გზა გულისხმობს სამყაროს, რომელშიც ყველა თავისუფალი და თანასწორუფლებიანია, მეორე კი სამყაროს, რომელშიც ძლიერს აქვს სუსტის დაჩაგვრისა და დაქვემდებარების უფლება. ახლა ეს ორი მსოფლმხედველობა ეჯახება ერთმანეთს და გადაწყდება, თუ საით წავა მსოფლიო. იმედია, სწორი გზით”, - აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “დღეს ჩვენ ვართ მესამე მსოფლიო ომის პირობებში” / “ჩვენ ტექტონიკური ძვრების წინაშე ვდგავართ. რკინის ფარდა ეშვება ევროპაში, საზღვარი სად გაივლის, ჯერ არ ვიცით, მაგრამ მისი დაშვება გარდაუვალია”.

“თუ ყველა ასპექტს გადავხედავთ, ამ ერთმა თვემ ცხადყო, რომ რუსეთს უკვე წაგებული აქვს ომი მსოფლმხედველობრივად, რადგან მსოფლიოს აბსოლუტური უმრავლესობა შეთანხმდა, რომ თავის უფლებებსა და სუვერენიტეტში სუსტი და ძლიერი ქვეყნები თანაბარი არიან. რაც შეეხება სამხედრო-სტრატეგიულ მხარეს, აქაც აგებს რუსეთი. მისი ერთ-ერთი ამოცანა იყო ნატოში დაძაბულობისა და წინააღმდეგობების გაჩენა, ამ დროს კი მიიღო უკუშედეგი - ნატოში მაქსიმალური კოორდინაცია და მობილიზება დაიწყო. სამხედრო-ტაქტიკურადაც აგებს, რადგან ბლიცკრიგის გეგმა ჩაეშალა, წააწყდა ისეთ წინააღმდეგობას, როგორსაც არ ელოდა, ვერ მოახერხა კოლაბორაციული განწყობის გაღვივება უკრაინაში. დღეს უკრაინის ხელისუფლება, არმია და ხალხი არის უპრეცედენტოდ ერთიანი და გმირობის გასაოცარ მაგალითებს აჩვენებენ, ამიტომაც რუსეთს გამარჯვების არანაირი შანსი აღარ დაუტოვეს. რაც შეეხება ეკონომიკურ მხარეს, რუსეთის გარშემო სასანქციო ყულფი მაქსიმალურად დავიწროვდება, ანუ გლობალური ეკონომიკის პირობებში რუსეთის ეკონომიკა იზოლაციაში აღმოჩნდება. ერთადერთი, რაც დარჩენია, არის სამხედრო-ტექნიკური ფრონტი, სადაც ჯერ კიდევ შეუძლია დიდი ზიანის მიყენება მთელი სამყაროსთვის. ეს ომი დღეს მხოლოდ ამ ასპექტში გრძელდება, დანარჩენი მიმართულებებით ყველაფერი გარკვეულია”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

“რუსეთს არა აქვს უკან დახევის ფუფუნება. პუტინს თავიდანვე რომ სცოდნოდა, რა მოცემულობა ექნებოდა ერთი თვის თავზე, ამ ნაბიჯს აშკარად არ გადადგამდა, მაგრამ მას ჰქონდა სულ სხვა გათვლა, რაც წყალში ჩაეყარა და ახლა არის ვითარებაში, როდესაც უკან დახევის რესურსი აღარ აქვს. კრემლისთვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია უკრაინაში რაღაც ამოცანების მაინც წარმატებით გადაჭრა. შესაბამისად, პუტინი თავს კედელთან მიყენებულად გრძნობს და ჩემი აზრით, სამწუხაროდ, ყველაფერზე წამსვლელია, მათ შორის აპოკალიფსური ინსტრუმენტების გამოყენებაზეც. მას ყველაზე მეტად ეშინია რუს საზოგადოებაში მისი უძლეველობის მითის დანგრევის. ჩვენ ვნახეთ ლვოვის დაბომბვა მაშინ, როცა ჯო ბაიდენი სიტყვით გამოდიოდა პოლონეთში. ეს იყო წმინდა პოლიტიკური გზავნილი დასავლეთისთვის, რომ კრემლი ყველაფერზე წამსვლელია. რატომ ლვოვი? იმიტომ, რომ ლვოვი არის ბოლო პუნქტი, რომელიც უზრუნველყოფს უკრაინის კავშირს დასავლეთთან, ასევე მოგეხსენებათ, ძალიან ბევრი დასავლური ქვეყნის საელჩო ახლა ლვოვში ფუნქციონირებს. ასე რომ, რუსეთი ცდილობს აჩვენოს მსოფლიოს, რომ თითქოს ყველაფერზეა წამსვლელი, მათ შორის ნატოსთან ცხელ ომზეც. ეს ბლეფია თუ რეალობა, მისი ამ სასოწარკვეთილი პოზიციიდან გამომდინარე, ვერაფერს გამოვრიცხავთ. ისინი ფიქრობენ, რომ თუ ომს წააგებენ, რუსეთი დასრულდება და, ფაქტობრივად, ასეც არის. რომ არა ის მასობრივი განადგურების იარაღი, რაც აქვს, რუსეთის მარცხის გაფორმების პრობლემა არ იქნებოდა”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ძალიან რთული ვითარებაა, დასავლეთის გამტყუნება იმაში, რომ ქმედითად არ მოქმედებს, არასწორია. დასავლეთი იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე ამას ვინმე ელოდა, მაგრამ როცა ლაპარაკია ცის დაკეტვაზე, რაც უკრაინისთვის ყველაზე დიდი პრობლემაა, ეს ნიშნავს, რომ ნატოს წევრი ქვეყნებიდან მოხდეს საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფა, ანუ რუსეთის თვითმფრინავები და რაკეტები უნდა ჩამოყარონ, რაც მესამე მსოფლიო ომის ცხელ ფაზამდე მიგვიყვანს. ცეცხლის ალში შეიძლება მთელი სამყარო გაეხვიოს. რაც შეეხება იარაღით უფრო აქტიურ დახმარებას, დასავლეთი უარს არ ამბობს, უბრალოდ, ჩემი აზრით, არსებობს ლოჯისტიკური პრობლემები. სამხედრო ექსპერტი არა ვარ და დეტალებზე ვერ ვილაპარაკებ, თუმცა ყველაფერს დაგეგმვა და შესრულება სჭირდება. მსუბუქი ტექნიკის მიწოდების შენიღბვა გაცილებით ადვილია, მაგრამ მძიმე ტექნიკის მიწოდება ძალიან ძნელია. რუსეთი ამ ყველაფერს უყურებს და შეიძლება მიწოდებაში დიდი პრობლემები შეიქმნას. ამას სჭირდება სწორად დაგეგმვა და ისე დალაგება, რომ პროცესი შედეგიანად წარიმართოს. ვფიქრობ, დასავლეთი ასეც იქცევა”, - თვლის ექსპერტი.

“უნდა გვესმოდეს, რომ დღეს უკრაინაში სისხლი იღვრება საქართველოსთვისაც. რუსეთის გეგმა რომ შესრულებულიყო და უკრაინა დანებებოდა აგრესორს, როგორც კი კოლაბორაციულ ხელისუფლებას დასვამდა კიევში და ხელს მოაწერინებდა ნეიტრალიტეტზე, მეორე დღესვე საქართველო მიიღებდა იმავე წინადადებას და დავდგებოდით უმძიმესი რეალობის წინაშე. ის, რომ დღემდე ეს არ მოხდა, უკრაინელი ხალხის, არმიის, მათ შორის ქართველი ჯარისკაცების გმირობის დამსახურებაა. ამიტომაც არიან ეს ადამიანები არა მარტო უკრაინის, არამედ საქართველოს გმირებიც, რის მიჩქმალვასაც ჩვენი ხელისუფლება ცდილობს. ისე წარმოაჩენენ, თითქოს ამ ხალხს კავშირი არა აქვს საქართველოს უსაფრთხოებასთან. ეს წარმოუდგენელი პოლიტიკური უმადურობაა. რაც შეეხება ხელისუფლების ტაქტიკას, “ქართული ოცნების” ბუნებიდან გამომდინარე, ეს კანონზომიერია, იმიტომ, რომ არა აქვს ფასეულობითი არჩევანი. ვერბალურად, კი ბატონო, დასავლეთში სურთ ინტეგრაცია, მაგრამ მათი დამკვიდრებული მმართველობითი მოდელი არცთუ დასავლურია. მენტალურ ასპექტს რომ გადავხედოთ, თუ როგორ იმართება ქვეყანა, სწორედ რუსული მოდელია. თავიანთ სიმხდალეს, უპრინციპობას პროპაგანდისტულად ფუთავენ და სიფრთხილესა და სიბრძნეს უწოდებენ, რაც სასაცილოა”, - განმარტავს გია ხუხაშვილი.

“მივყვეთ მოვლენების ლოგიკას. რუსეთმა, ისევე როგორც ნებისმიერმა იმპერიამ, მშვენივრად იცის, რომ შეიძლება ქვეყანა დაიპყრო სამხედრო ძალით, მაგრამ თუ იქ ვერ მოძებნე კოლაბორაციული დასაყრდენი, ქვეყნის გრძელვადიანი გაკონტროლება შეუძლებელი ხდება. ეს ძალიან კარგად აჩვენა უკრაინამ. რუსებს ამ ქვეყანაში აქვთ რაღაც ტერიტორიები ოკუპირებული, მაგრამ შენარჩუნებას ვერ ახერხებენ, რადგან დიდწილად კოლაბორაციულ ჯგუფებს ვერ ნახულობენ. ერთადერთი საშუალება, რომ აგრესორს არ გაუჩნდეს იმის ილუზია, შემიძლია დაგიპყრო და სრულად გაგაკონტროლოო, ის არის, რომ აჩვენო საზოგადოების ერთიანობა, აჩვენო, რომ ვერ იპოვის ამ ქვეყანაში დასაყრდენს”, - ამბობს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “ჩვენ სრულიად სხვა სურათი გვაქვს. პრორუსული, ფაქტობრივად, ძალადობრივი ჯგუფი ახერხებს პარტიის ჩამოყალიბებას და ლამის მთელ ქვეყანაში ფილიალების გახსნას და მაშინ, როცა მთელი მსოფლიო კიევის გვერდით დგას, საქართველოდან მოსკოვში მიდის გაუგებარი ხალხის დელეგაცია და ბედავს ქვეყნის სახელით ლაპარაკს” - პასუხობს:

“სამწუხაროდ, ყოველივე ეს ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკის შედეგია. ის ხელს უწყობს კოლაბორაციულ ჯგუფებს. კი ემიჯნება და კავშირს უარყოფს მათთან, მაგრამ, იმავდროულად, კვებავს და ასაზრდოებს. კონცეფცია, რომ თუ ლოიალურები ვიქნებით, რუსეთი თავს არ დაგვესხმება და არ ექნება ჩვენთან პრეტენზიაო, კარგ შემთხვევაში სიბრიყვეა, ცუდში კი - სახელმწიფო ინტერესების საბოტაჟი. ჩვენ მალე შეიძლება დაახლოებით იმ ვითარებაში აღმოვჩნდეთ, რაც იყო გეორგიევსკის ტრაქტატის წინა პერიოდში, რის გამოც საქართველომ სახელმწიფოებრიობა დაკარგა. ხელისუფლება პრორუსულ ჯგუფებს კვებავს, სულ ცოტა, იმით, რომ მათი შეჩერებისთვის არაფერს აკეთებს. შეჭამეს ტვინი იმის ლაპარაკით, გახარიას ფული საიდან აქვსო, ახლა არ უჩნდებათ კითხვა “ალტ-ინფოს” ფული საიდან აქვს? არ ვიცი, ამას აკეთებენ იმიტომ, რომ არჩევნებში ეს ჯგუფები ეხმარებოდნენ “ქართულ ოცნებას” და დავალებული არიან მათგან, თუ უარესად არის კიდევ საქმე”...

“შეიძლება ეს ყველაფერი საქართველოსთვის ძალიან ცუდად დასრულდეს. ხელისუფლება წინასწარი კაპიტულაციის რეჟიმში მუშაობს და რუსეთი ამას ხედავს. კარასინის შეფასებებიც ხომ მოვისმინეთ? თურმე საქართველო-რუსეთის ურთიერთობას ნათელი მომავალი აქვს. ეს ყველაფერი ასე ჩანს რუსეთიდან და უკრაინიდანაც. ამას ხედავენ დასავლეთშიც. ის, რომ დასავლეთი ამაზე საჯაროდ არ ლაპარაკობს, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ვერ ხედავს ან ამართლებს საქართველოს ხელისუფლებას. ამას აქვს პრაგმატული მიზეზი - ამაზე რეაგირება რომ მოახდინონ, შეიძლება საქართველოს ხელისუფლებას მეტად უბიძგონ რუსეთისკენ და ამას ერიდებიან. ჩვენ ტექტონიკური ძვრების წინაშე ვდგავართ. რკინის ფარდა ეშვება ევროპაში, საზღვარი სად გაივლის, ჯერ არ ვიცით, მაგრამ მისი დაშვება გარდაუვალია. ასეთ ვითარებაში, როცა ვერ ყალიბდები რკინის ფარდის რომელ მხარეს იქნები, მძიმე მდგომარეობაში აგდებ ქვეყანას, მის მომავალს”, - დაასკვნის ექსპერტი.

“ამბობ, რომ სანქციებს ომის შიშით არ შეუერთდი, უკაცრავად და, ამ სანქციებს ბევრი ქვეყანა შეუერთდა, მაგრამ რუსეთს არავისთან დაუწყია ომი, ახლა ამისთვის არ სცალია. ომით დაშინება, საზოგადოების გამუდმებით დამუნათება, ომი გინდათო, რუსული გზავნილია. რუსეთს ის კი არ სურს ქართველები სიყვარულით გიჟდებოდნენ ამ ქვეყანაზე, არამედ ის, რომ ქართველებს მისი ეშინოდეთ. ხელისუფლება სწორედ ამ შიშს ასხივებს და ამას ხალხშიც ნერგავს, თან ამ შიშს სიბრძნით ფუთავს. ომი არავის სურს, სიფრთხილეა ნამდვილად საჭირო, მაგრამ სიფრთხილე თუ გაკარგვინებს პრინციპულობას, ეს არის სწორედ ძალიან სახიფათო. ხომ გახსოვთ გამონათქვამი, თუ უსაფრთხოებასა და თავისუფლებას შორის უსაფრთხოებას ირჩევ, საბოლოოდ ორივეს დაკარგავო. ეს ფრთიანი ფრაზა კი არ არის, დადასტურებულია ძალიან ბევრი ისტორიული მაგალითით. როდესაც შენი სიფრთხილე გადადის სიმხდალესა და, ფაქტობრივად, კაპიტულანტურ განწყობაში, ამით აგრესორს უქმნი იმის პირობას, რომ კიდევ უფრო გემრიელად შეგახრამუნოს. სიფრთხილე უნდა შევინარჩუნოთ, მაგრამ არა სახელმწიფოებრიობის, ღირსებისა და პრინციპულობის ხარჯზე”, - მიიჩნევს ხუხაშვილი.

“სანქციებს შესაძლოა არ შევერთებოდით, მაგრამ ძალიან ბევრი რამ გაგვეკეთებინა როგორც უკრაინის მხარდასაჭერად, ასევე ჩვენი ქვეყნის პოზიციონირებისთვის, ბოლოს და ბოლოს, ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციაზე გველაპარაკა ყველა ტრიბუნიდან. ამის ნაცვლად ზელენსკი ლამის “ნაციონალური მოძრაობის” წევრად გამოაცხადა ხელისუფლებამ. ადამიანი, რომელიც დღეს სამყაროს გმირია, საქართველოს კრიტიკა იმასთან მოსატანიც არ არის, ისე აკრიტიკებს დასავლეთს, მაგრამ დასავლეთს ესმის მისი მდგომარეობა, ტაშს უკრავენ, კი არ ბრაზდებიან. იმას კი არ ამბობენ, ომში რომ არ იყოს, დედას ვაგინებდითო.რასაც ახლა “ქართული ოცნება” აკეთებს, პოლიტიკური აბსურდია. ამ ხელისუფლებას აქვს პრობლემა დასავლეთთან კომუნიკაციაში, უამრავი კითხვა აქვთ მასთან, შესაბამისად, სალომე ზურაბიშვილის ეს მოქმედებები მისთვის შეიძლება გამხდარიყო მშვენიერი ალიბი. შეეძლოთ ეთქვათ, ჩვენს პოზიციას წარმოადგენს პრეზიდენტიო და დანარჩენში გამოეჩინათ დიდი სიფრთხილე და “სიბრძნე”. ამის ნაცვლად პრეზიდენტს უპირისპირდებიან. ამაში პოლიტიკური ლოგიკის დანახვა ძალიან რთულია. შეთქმულების თეორიები არ მიყვარს, მაგრამ თუ ძალიან მოვინდომებთ ამაში ლოგიკის დანახვას, ერთადერთი რამ, რაც შეიძლება დავასკვნათ, ის არის, რომ მათ აქვთ გარკვეული წითელი ხაზები დაწესებული რუსეთისგან და იმის შიშით, რუსეთში ვიღაცამ არ მიიჩნიოს ზურაბიშვილის განცხადებები წითელი ხაზების გადაკვეთად, დგანან და უპირისპირდებიან პრეზიდენტს. ეს იმ შემთხვევაში, თუ მართლაც აქვს მათ მოქმედებას პოლიტიკური ლოგიკა, მაგრამ თუ მხოლოდ ემოციებითაა განპირობებული ეს გადაწყვეტილება, კიდევ უფრო დიდი უბედურებაა”, - ამტკიცებს რესპონდენტი.

“რაც შეეხება დაძაბულობას ე.წ. მთიან ყარაბაღში, ჩემი აზრით, ყარაბაღში ეს მოსალოდნელიც იყო, თუმცა ამაში დიდ გეოპოლიტიკურ რაკურსს ვერ ვხედავ. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ ყარაბაღი მთლიანად მისი ტერიტორიაა და როგორც ჩანს, მისმა ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ ახლა არის ის დრო, როდესაც შესაძლებელია ყარაბაღი მთლიანად დაიბრუნოს. აზერბაიჯანს აქვს ამის რესურსი. თუმცა ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ჩვენთანაც მოვისმინეთ გიჟური მოწოდებები, იგივე ხომ არ გაგვეკეთებინა ჩვენცო, რაც დიდი სიბრიყვე და პროვოკაცია იქნებოდა. ეს ძალიან სახიფათოა. კატეგორიულად მიუღებელია ამგვარი განცხადებები. ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ უპირველესად დავიბრუნოთ ჩვენი აფხაზი და ოსი მოქალაქეები, ეს კი ომით წარმოუდგენელია”, - დასძენს გია ხუხაშვილი.

“სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დახმარება უკრაინას და მომაკვდინებელი სანქციები რუსეთს” - პოლიტოლოგები აშშ-ს პრეზიდენტის მთავარ გზავნილებს გამოარჩევენ

“არსებული მძიმე ვითარების ფონზე აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ვარშავაში ვიზიტი სიმბოლური და მნიშვნელოვანი იყო - ექსპერტების შეფასებით, პრეზიდენტის გამოსვლაში გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი გზავნილი, როგორც რუსეთის გაფრთხილების, ისე მასზე დასავლეთის რეალური პასუხის თვალსაზრისით. პრაქტიკული ნაბიჯები კი აშშ-მა უკვე გადადგა, რაც რუსეთის ეკონომიკისთვის მომაკვდინებელ სანქციებს მოიცავს. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი “რეზონანსთან” საუბარში აღნიშნავს, შეერთებულმა შტატებმა ბაიდენის პოლონეთში ვიზიტით და განცხადებით ნათლად გამოკვეთა, რომ ესაა მსოფლიოს თავისუფლებისთვის ბრძოლა და ყველაფერო უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ცივილიზებულმა სამყარომ გაიმარჯვოს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დახმარება უკრაინას და მომაკვდინებელი სანქციები რუსეთს” - პოლიტოლოგები აშშ-ს პრეზიდენტის მთავარ გზავნილებს გამოარჩევენ.

“როგორც ბაიდენის მიერ გაკეთებული განცხადებიდან ჩანს, დასავლეთმა და კერძოდ აშშ-მა ბოლოს და ბოლოს პრინციპული დასკვნა გააკეთა, რომ რუსეთის დღევანდელი ხელისუფლება, ესაა სრული ანალოგი იმ მონსტრისა, რაც ჩვენ 1991 წელს დამარცხებულად ჩავთვალეთ. რომ მის წინაღმდეგ ყველაფერი უნდა გაკეთდეს და რომ ესაა თავისუფლებისთვის ბრძოლა და არა ბრძოლა ერთი ქვეყნის დასაცავად, მეორე ქვეყნის წინააღმდეგ. პრაქტიკული ნაბიჯები ამერიკამ უკვე გადადგა, ის სანქციები, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ იქნა შემოღებული, ესაა ეკონომიკისთვის მომაკვდინებელი და ის დახმარება, რომელსაც აშშ უკრაინას უწევს, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამას რუსეთის ეკონომიკის კატასტროფული ჩამოშლა და ასევე უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო მანქანის კატასტროფული დამარცხება მოჰყვება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი მენაღარიშვილი.

“დავაკვირდეთ რა ინფორმაციები მოდის მოსკოვიდან და პეტერბურგიდან, რა თქმა უნდა, სანქციებმა მოქმედება დაიწყო. ყოფით დონეზე და ძალიან მარტივად, რომ შევხედოთ, იქ უამრავი საქონელი პრაქტიკულად გაქრა, ხოლო ფასები კატასტროფულად იზრდება და რაც მთავარია, არ ჩერდება. ეს რომ ერთი ნახტომი ყოფილიყო, სხვა საქმეა, მაგრამ ეს ყოველდღიურად მზარდი ზვავია, რომელიც რუსეთის მოსახლეობას თავზე ატყდება. ეს კი მხოლოდ პირველი ნიშნებია, სულ მალე ბევრად უფრო მძიმე და უარესი შედეგებია მოსალოდნელი, თანაც ეს ვარაუდი კი არა, აბსოლუიტურად გარდაუვალი შედეგია იმ ნაბიჯებისა, რომელიც რუსეთის იზოლაციისთვის მსოფლიომ გადადგა”, - თვლის მენაღარიშვილი. “საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის” დირექტორი კორნელი კაკაჩია კი აცხადებს, რომ მთავარი გზავნილი მაინც ის იყო, რომ ნატოს პოზიცია მე-5 მუხლთან დაკავშირებით და რუსეთის მხრიდან აკრძალკული იარაღის გამოყენების მხრივ მტკიცეა, ეს მანამდე რუსეთისთვის ბოლომდე ნათელი არ იყო”, - აღნიშნავს გამოცემა.

“მთავარი გზავნილები ალბათ ის იყო, რომ ის ნატოს მეხუთე მუხლთან დაკავშირებით მტკიცედ დგას. რუსეთის ნებისმიერი მცდელობა თუ იქნება, რომ ნატოს წევრ რომელიმე სახელწიფოს დაემუქროს, ალიანსს ამაზე რეაგირება აუცილებლად ექნება. ეს კი საკმაოდ მყარად იყო ნათქვამი. მეორე - რაც მანამდე რუსეთისთვის ბოლომდე ნათელი არ იყო, გამოიკვეთა ის, რომ თუ უკრაინაში ქიმიურ იარაღს გამოიყენებს, ეს შესაძლოა ის წითელი ხაზი აღმოჩნდეს, რომლის შემდეგაც არაა გამორიცხული, რომ კონფლიქტში რუსეთის წინააღმდეგ უკვე ნატო ჩაერიოს. მის განცხადებას რეალურად რა პრაქტიკული ნაბიჯები მოჰყვება, ამ ერთი გამოსვლით, ზუსტად ამას ვერც ჩასტევდა. მიზანი ის იყო, რომ აღმოსავლეთ ევროპელები, მოკავშირეები და უკრაინელები შთაეგონებინა. დაახლეობით ჩერჩილის და რეიგანის ცნობილი გამოსვლების სტილში იყო დაწერილი და ემოციებზე იყო გათვლილი და არ ჩანდა, ამის შემდეგ რას შეიძლება აპირებდეს. თუმცაღა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის ცალკე უკრაინის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა, სადაც უკვე კონკრეტულად იყო საუბარი თუ აშშ უკრაინასთან მიმართებაში რას აპირებს. ასე რომ, ყველაფერს ერთ გამოსვლაში ვერ მოათავსებდა”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კორნელი კაკაჩია.

“მან რუსეთის ხელისუფლების შეცვლაზე მიუთითა. მიუთითა, რომ რუსეთის ხელისუფლება უკვე ისეთია, რომ მათთან ურთიერთობა საერთაშორისო თანამეგობრობას ძალიან გაუჭირდება, ანუ პუტინისთვის ხელის ჩამორთმევაც ცოტა ხანში სასირცხვილო გახდება - ეს მან კიდევ ერთხელ მიანიშნა, რომ რუსული საზოგადოება და პოლიტიკური კლასი ამაზე უნდა დაფიქრდეს. თუ არსებული ხელისუფლება შენარჩუნდა, ამ კონფლიქტის შემდეგაც რუსეთი კარგა ხანი იზოლაციაში იქნება. ბაიდენმა თქვა, რომ რუსეთის ხალხის კი არა, არამედ პუტინის ავტორიტარული მანიაკალური ძალაუფლების წინააღმდეგ არიან”, - ამბობს კაკაჩია. ანალიტიკოს ნიკა ჩიტაძის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ბაიდენმა იცის, რომ ვლადიმერ პუტინი რუსი ხალხის პოზიციების შედეგია, უნდოდა მათ წინაშე დიპლომატიურად წარმოჩენილიყო და ეთქვა, რომ ამერიკა არა რუს ხალხს, არამედ პუტინის ავტორიტარულ რეჟიმს ებრძვის”, - დასძენს გამოცემა.

“ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იყო ის, რომ გარკვეულწილად მას სურდა, რომ რუსული საზოგადოების წინაშე უფრო დიპლომატიურად წარმოჩენილიყო. მაგალითად, ამერიკა რუს ხალხს არ ებრძვის და მთავარი პრობლემა პუტინია, მიუხედავად იმისა, ბაიდენმა კარგად იცის, რომ პუტინი თვითონ რუსული საზოგადოების შედეგია. ბაიდენის მიზანია მოსახლეობა და პუტინი ერთმანეთისგან გამიჯნოს. ეს კი ძალიან სწორი არჩევანია, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში რუსული საზოგადოება ისევ პუტინის გარშემო მოიყრიდა თავს. ბაიდენის მინიშნება იყო, რომ სანქციების დაწესება და რუსეთში ვითარების გაუარესება პუტინის ბრალია და რუსეთის ბედი თავად მოსახლეობას მიანდო. ბაიდენმა რუსეთს მიანიშნა, რომ ზღვარი არსებობს და თუ რუსეთი ქიმიურ იარაღს გამოიყენებს, ამას უპასუხებენ, თუმცა, არ თქვა როგორ. ამით, ფაქტია, მიანიშნა, რომ თუ კონფლიქტი ახალ ფაზაში გადავიდა და რუსეთმა ბირთვული, ქიმიური და ბიოლოგიური იარაღი გამოიყენა, არსებობს იმის შესაძლებლობა, ამერიკა და დასავლეთი უშუალოდ კონფლიქტში ჩაერთოს”, - ამტკიცებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.

“გათვლა იმაზეა, რომ თუ რუსეთში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდება, ეს უშუალოდ პუტინს დაბრალდეს. ჯერჯერობით რუსი ხალხის უმრავლესობა ომს მხარს უჭერს, ეს კი პროპაგანდის შედეგია. გარდა ამისა, ბევრს ჯერ კიდევ დანაზოგი აქვს და ეკონომიკურად ჯერ არ უგრძვნია, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ სამსახური მილიონობით ადამიანმა დაკარგა უკმაყოფილება ნელ-ნელა თავს იჩენს. სხვადასხვა მონაცემებით რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტის 12%-ით შემცირდა და 1998 წელს, როცა რუსეთის დეფოლტი მოხდა, მაშინ მშპ 5.4%-ით, ხოლო 2009 წელს კი დაახლოებით 7%-ით იყო შემცირებული. დღეს ეს ციფრი ძალიან დიდია. ეს ის მონაცემია, როცა ჯერ კიდევ განსაკუთრებით ევროპა რუსულ ნავთობსა და გაზზეა დამოკიდებული. ამაზე მუშაობა მიდის. თუ ევროპამ ეს პრობლემა უახლოეს პერიოდში გადაჭრა, მაშინ რუსეთს განსაკუთრებით გაუჭირდება. სხვადასვა მონაცემებია, მათ შორის მსოფლიო ბანკის ექსპერტების, რომ შესაძლებელია მიმდინარე წელს რუსეთის ეკონომიკა 25-30%-ით შემცირდეს, თუმცა, ეს სხვადასხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული. შესაძლებელია ბაიდენს აქვს ეს გათვლა, რომ პუტინს თვითონ მოსახლეობა აუჯანყდება, თუმცა, აქ არაა ის გათვლა, რომ თავად ამერიკის სპეცსამსახურები უშუალოდ პუტინზე და მის რეჟიმზე იმუშავებენ, ყოველ შემთხვევაში, მე ასე აღვიქვი”, - დაასკვნის ჩიტაძე.

გიორგი ვაშაძე - “უკრაინელ კოლეგებთან საქართველოს ხელისუფლებისთვის პირის მოწმენდა მიწევს”

“გული მტკივა, რომ ჩვენი ხელისუფლების ორაზროვანი და გაურკვეველი განცხადებები დასავლელ პარტნიორებს ბევრ კითხვას უჩენს. ყველა შეხვედრაზე მიწევს მტკიცება, რომ საქართველოს ეკუთვნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრება. ასევე მიწევს საქართველოს ხელისუფლებისთვის პირის მოწმენდა უკრაინელ კოლეგებთან, მაგრამ ძალიან თვალში საცემია მმართველი გუნდის ზოგიერთი წარმომადგენლის ხისტი და ხან არაგულწრფელი განცხადებები. მოლდოვაზე ნეგატიურად არის შეფასებული საქართველოს ხელისუფლების დღევანდელი პოზიცია - სანქციებთან დაკავშირებულ ორაზროვან განცხადებებს პრეზიდენტ ზელენსკიზე გაუგებარი სიტყვიერი თავდასხმებიც ემატება”, - აცხადებს “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “უკრაინელ კოლეგებთან საქართველოს ხელისუფლებისთვის პირის მოწმენდა მიწევს”.

“ოცნებამ" არ იცის, რომ მათი ნათქვამი ნებისმიერი განცხადება მყისიერად ექცევა ყურადღების ცენტრში?! ყველაფერს თავი დავანებოთ, პირადად შევთავაზე ხელისუფლებას, რომ უსაფრთხოების საბჭოს გაფართოებული ფორმატი გაგვეკეთებინა, ბრიუსელში ერთად წავსულიყავით და ერთიანი პოზიცია დაგვეფიქსირებინა, მაგრამ მათგან მკვახე უარი მივიღე. მიზეზად ასახელებენ იმას, რომ ოპოზიციასთან არაფრის განხილვას არა აქვს აზრი. სინამდვილეში მიზეზი ის არის, რომ არ სურთ ევროკავშირში ინტეგრაცია და სასამართლო რეფორმის გატარება. რატომ? იმიტომ, რომ ამ სასამართლოსა და პოლიციაზე დგას მათი ძალაუფლება. ამ სისტემების რეფორმირებისა და დემოკრატიზაციის შემთხვევაში ხელისუფლებაში მათ ყოფნას საფრთხე ექმნება. ურჩევნიათ ნებისმიერ ფასად შეინარჩუნონ ხელისუფლება”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი ვაშაძე.

“... ამ რამდენიმე დღის განმავლობაში ყველა ევროპარლამენტარს შევხვდი, ვინც კი საქართველოზე ანგარიშს ამზადებს. ყველას განწყობა ნეგატიურია, ყველა ამბობს, რომ საქართველომ ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრება უნდა დაივიწყოს. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ არა აქვს ნათელი პოზიცია და რაც ყველაზე მთავარია, დაჩქარებული წესით გაწევრებას დაჩქარებული რეფორმები სჭირდება. `ოცნებას~ კი საერთოდ არ სურს რეფორმების გატარება. დასავლელი პარტნიორები დაიღალნენ “ოცნების” ვირეშმაკობით, ტყუილებით, გადაგდებებით... ჯერ მოაწერენ შეთანხმებას ხელს, მერე თავადვე ახდენენ ანულირებას, მერე ექვსი თვე ლაპარაკობენ, ჩვენ მაინც ვატარებთ რეფორმებს, თქვენ ვერ ხედავთო. ამ დაძაბულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში “ქართული ოცნების” მოწყობილი საბავშვო ბაღისთვის არავის სცალია. რამდენიმე ევროპარლამენტარმა პირდაპირ მითხრა, საქმე იქით მიდის, რომ ქართველებს “ქართულ ოცნებასა” და ევროკავშირს შორის არჩევნის გაკეთება მოუწევთო. მე ყველანაირად ვცდილობდი ამეხსნა მათთვის, რომ საქართველო იმსახურებს ევროკავშირში გაწევრებას, მაგრამ მხოლოდ საუბარი რომ არ კმარა, ეს თქვენც იცით, საქმეა საჭირო”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ბრიუსელში ამ შეხვედრების მიზანი უკრაინა იყო. ჩვენი და უკრაინელი კოლეგების მთავარი პოსტულატი გახლდათ მეტი დაფინანსება, მეტი შეიარაღება უკრაინას და მეტი სანქციები რუსეთს. ეს არის სამკომპონენტიანი სტრატეგია, რომელიც დაეხმარება უკრაინას ამ ომში გამარჯვებაში. ჩვენ ვთქვით, რომ ნახევრად გადადგმული ნაბიჯები შედეგს არ მოიტანს, სანქციები უნდა იყოს მკვეთრი და ყოვლისმომცველი. თქვენ იცით, რომ დაიწყო გაზსა და ნავთობზე ემბარგოს დაწესების განხილვა. ნავთობზე ემბარგოს დაწესება გაცილებით მარტივია, რადგან მისი ჩანაცვლება შესაძლებელია. შედარებით რთულად არის გაზის ჩანაცვლების საკითხი, თუმცა ამერიკა თხევადი გაზის მიწოდების საკითხს განიხილავს და ვფიქრობ, ამ მიმართულებითაც პროგრესი იქნება ახლო მომავალში. შეიძლება ითქვას, გაზსა და ნავთობზე ემბარგოს დაწესება სხვა სანქციების ამოქმედებასთან ერთად რუსეთის ეკონომიკის ჩამოშლას ნიშნავს. ვიყავი ისეთ დისკუსიებზე, სადაც საუბარი იყო, რომ შვედეთმა, ნორვეგიამ და დანიამ, რომლებიც რუსულ გაზზე არ არიან დამოკიდებული, პოლონეთთან, სლოვაკეთთან, სლოვენიასთან, ასევე რუსულ გაზზე დამოკიდებულ ევროპის ქვეყნებთან ერთად გაიღონ ის საფასური, რომლის გაღებაც მოუწევთ რუსულ ნავთობსა და გაზზე უარის თქმით. იყო საუბარი იმის თაობაზეც, რომ ახლა ანგარიშისა და ხარჯების დათვლის დრო კი არა, გადაწყვეტილებების დროა”, - განმარტავს“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი.

“ევროპაში სულ უფრო ნაკ­ლები ლიდერია, რომელთაც რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე ან კიდევ უფრო გამკაცრებაზე ნეგატიური პოზიცია აქვს, რაც ნიშნავს, რომ უკრაინა გაიმარჯვებს. შეიძლება ევროპის კონტინენტზე დარჩეს რამდენიმე ლიდერი, რომელთაც რუსეთის გულშემატკივრობის სურვილი ექნება, მაგრამ არაფერი გამოუვათ. ევროკავშირში გადაწყვეტილებას იღებს ხალხი და არა კონკრეტული პოლიტიკოსები, ხალხი კი რუსეთის წინააღმდეგ არის განწყობილი... ვფიქრობ, უნგრეთის წინააღმდეგობას გატეხენ. უნგრეთი და ურბანი კიდევ ერთი თავსატეხია ევროკავშირისთვის. ამაზეც არაერთი დისკუსია გაიმართა. რაც მთავარია, გერმანია, რომელიც ყოველთვის თავშეკავებული იყო რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე, დღეს მკვეთრად გამოხატავს თავის პოზიციას. პუტინი ერთ რამეში შეცდა - ვერ გათვალა, რომ დასავლურ დემოკრატიულ სახელმწიფოებში გადაწყვეტილებებს იღებს ხალხი და არა ესა თუ ის პოლიტიკოსი”, - ამბობს გიორგი ვაშაძე.

“ჩემი აზრით, ზელენსკის ძალიან სწორი სტრატეგია აქვს არჩეული. ის ეფექტურად მუშაობს ევროპელ, ასევე ამერიკელ საზოგადოებასთან და ამ ფორმით აძლიერებს წნეხს ხელისუფლებებზე. ზელენსკის სტრატეგია ასეთია - მოითხოვე მაქსიმუმი, რომ მიიღო მინიმუმი. ის არ არის სტანდარტული პოლიტიკოსი, არ საუბრობს ენის მოჩლექით, პირდაპირ ამბობს სათქმელს. ჯერ რთულია იმაზე საუბარი, თუ რა ტიპის ალიანსი შეიძლება ჩამოყალიბდეს, თუმცა ფაქტია, რომ დასავლეთში ლიდერებს უფრო და უფრო ხშირად უწევთ დინამიკური გადაწყვეტილებების მიღება. რაც მთავარია, მალე უკრაინას შეიარაღების პრობლემა არ ექნება, რუსეთისთვის დაწესებული სანქციები კი უფრო გამკაცრდება. ეკონომიკურ ბრძოლაში რუსეთი მალე სასტიკად დამარცხდება. საინფორმაციო ომში უკვე დამარცხებულია. ახლა აქტიური საუბარი მიდის რუსეთის ოპოზიციასთან, რათა მოსახლეობამ სრული სიმართლე გაიგოს”, - დასძენს ვაშაძე და შეკითხვაზე - “ეს როგორ მოხერხდება,­ როცა რუსეთში თავისუფალი სიტყვა თავისუფლების აღკვეთით ისჯება?”, - პასუხობს:

“თანამედროვე ტექნოლოგი­ები იძლევა საშუალებას, რომ ეს ჩაკეტილი ველი გავარღვიოთ”.

არსებობს თუ არა კრემლის ახალი გეგმა უკრაინასთან დაკავშირებით და რატომ იცვლება მოსკოვის რიტორიკა

“რუსეთ-უკრაინის ომიდან ერთი თვის თავზე კრემლი რიტორიკას ცვლის და ამტკიცებს, რომ “არმია აღმოსავლეთ უკრაინის გათავისუფლებაზეა ორიენტირებული” - შეამცირა თუ არა ვლადიმერ პუტინმა უკრაინასთან დაკავშირეებული ამბიციები და რა გახდა ამის მიზეზი? თუ პირიქით, რუსეთის პრეზიდენტმა ახალი მზაკვრული გეგმა ჩაიფიქრა და ეს განცხადება მხოლოდ ტაქტიკური მანევრია. როგორც ანალიტიკოსები “რეზონანსთან” ამბობენ, პუტინი, სავარაუდოდ, მიხვდა, რომ ჩიხშია, ამიტომ გამოსავლის ძიება დაიწყო. შესაბამისად, კიევის ვერ აღების შემდეგ გარკვეულ მანევრს აკეთებს, რათა სახე შეინარჩუნოს და საკუთარ მოსახლეობასთან გასამართლებელი საბუთი ჰქონდეს. თუმცა, ისინი ბოლომდე პუტინის პროგნოზირებისგან თავს იკავებენ და ამბობენ, რომ მისი გადაწყვეტილებების ან მოქმედების შეფასება რთულია”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით არსებობს თუ არა კრემლის ახალი გეგმა უკრაინასთან დაკავშირებით და რატომ იცვლება მოსკოვის რიტორიკა.

“რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 25 მარტს განაცხადა, რომ “სამხედრო ოპერაციის” პირველი ფაზა დასრულდა და ახლა არმიის ძალისხმევა ლუგანსკისა და დონეცკის “გათავისუფლებაზე” იქნება მიმართული. რუსეთის გენერალური შტაბის უფროსის მოადგილის, სერგეი რუდსკოის განცხადებით, “ოპერაციის მთავარი მიზნების პირველი ეტაპის ძირითადი ნაწილი მიღწეულია. უკრაინის შეიარაღებული ძალების საბრძოლო პოტენციალი საგრძნობლად შემცირდა, რაც შესაძლებელს ხდის ჩვენი ძირითადი ძალისხმევის მიმართვას მთავარი მიზნისკენ - დონბასის გათავისუფლებისკენ” - თქვა რუდსკოიმ. მისი მტკიცებით, უკრაინაში რუსეთის “სპეციალური სამხედრო ოპერაციი” თავდაპირველი მიზანი სწორედ უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონების, დონეცკის და ლუგანსკის აღება იყო. ამ რეგიონების, ასევე ყირიმის ოკუპაცია რუსეთმა 2014 წელს, მას შემდეგ მოახდინა, რაც უკრაინაში ევრომაიდნის პროდასავლურმა პროტესტმა გაიმარჯვა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“რუდსკოის განცხადებით, უკრაინაში რუსულ ჯარების შესვლამდე მოქმედების 2 ვარიანტი განიხილებოდა. პირველი ვარიანტი იყო ოპერაციის შეზღუდვა დონეცკის და ლუგანსკის ადმინისტრაციული საზღვრებით. თუმცა, რუდსკოის განცხადებით, ამ შემთხვევაში უკრაინა შეძლებდა დონბასში დამატებითი ჯარების გაგზავნას, ამიტომ შეირჩა მეორე ვარიანტი, რომელიც ითვალისწინებს “ოპერაციებს უკრაინის მთელ ტერიტორიაზე დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის ღონისძიებების განხორციელებით”. რუსეთის სახელმწიფო პირები, მათ შორის, თავად პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი თავიდანვე აცხადებდნენ, რომ 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის მიზანი სწორედ უკრაინის “დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია იყო”, ასევე, მისი დემოკრატიულად არჩეული მთავრობის დამხობა. მიუხედავად ინტენსიური ბრძოლებისა და მცდელობისა, აეღოთ უკრაინის ყველა ძირითადი ქალაქი, მათ შორის, დედაქალაქი კიევი, რუსეთმა ამის გაკეთება შეჭრიდან ერთი თვის შემდეგაც ვერ შეძლო. უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, იზრდება რუსი ოკუპანტების რიცხვი, რომლებიც უკრაინის მხარეს გადადიან და ვლადიმერ პუტინის რეჟიმს ებრძვიან. პენტაგონის ბოლო შეფასებით, რუსი სამხედროების საბრძოლო ძალა 90%-ზე დაეცა, მტერს სურსათისა და საწვავის მიწოდების პრობლემა ექმნება”, - განაგრძობს გამოცემა.

“კონფლიქტოლოგ გიორგი კანაშვილის თქმით, გენერალური შტაბის განცხადება ორ გეგმასთან დაკავშირებით, რომელზეც ახლა დაიწყეს საუბარი, ნიშნავს იმას, რომ პუტინი სახის შენარჩუნებას ცდილობს. თუმცა, მიუხედავად ამისა, ძალიან რთულია ამ ადამიანის პროგნოზირება და არ არის გამორიცხული ეს მზაკვრული განცხადება იყოს, რომლის უკანაც კრემლი ახალ “ბ” გეგმას ამუშავებდეს. “რუსეთმა ამ ომში ორი სახის შეცდომა დაუშვა - ეს იყო სტრატეგიული და ტაქტიკური. რუსებმა იფიქრეს, რომ ახლა სამყაროს სტატუსკვოს შეცვლის დრო იყო და ამის საშუალება ჰქონდათ. ხოლო, მეორე შეცდომა იყო, როცა იფიქრეს დასავლეთი ამ ომში არ ჩაერეოდა, რადგანაც ადგილობრივი ბიზნესი მათთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო და ეკონომიკური ზარალის გამო რუსეთთან უკრაინის გამო ურთიერთობას არ გაიფუჭებდნენ”, - ამბობს კანაშვილის, რომლის აზრით, `ორივე შემთხვევაში ძალიან მწარედ შეცდნენ”, - დასძენს გამოცემა.

“სამხედრო ტაქტიკურ შეცდომებს რაც შეეხება, რუსეთს ეგონა, რომ უკრაინის ჯარის დემორალიზებას მოახდენდა. მათი შესაძლებლობა არასწორად შეაფასეს. განსაკუთრებული შეცდომა კი იმაში დაუშვეს, როცა ეგონათ, რომ უკრაინის მოსახლეობა რუსეთის აგრესიას შეეგუებოდა. აქაც ძალიან შეცდნენ და მიკვირს პუტინს რატომ ეგონა, რომ უკრაინაში მოსახლეობა ყვავილებით დახვდებოდა. აი, ეს შეცდომებია, რის გამოც რუსეთს უკვე ერთი თვეა დასახული მიზნების შესრულება უჭირს. ადამაინები, რომლებიც ახლა უკრაინაში ომობენ, მხოლოდ უკრაინელები არ არიან. ძალიან ხშირად შეხვდებით რუსული გვარის მქონე სამხედროებს, რომლებსაც უკრაინული იდენტობა აქვთ. პუტინს ან მცდარი ილუზიები შეუქმნეს და მწარედ მოატყუეს, ან თავად დაუშვა გამოუსწორებელი შეცდომა, როცა უკრაინაში მცხოვრებ ეთნიკურად რუს მოსახლეობაზე იმედები დაამყარა. როგორც ჩანს, პუტინი ახლა თავის გადარჩენას ცდილობს. ყოველ შემთხვევაში ლოგიკურად თუ აზროვნებს, ასე უნდა ქნას”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი კანაშვილი.

“ერთი თვეა ომი მიდის და ყველა კარგად მიხვდა, რომ უკრაინას და უკრაინელებს აქვთ, ჯერ ერთი მოტივაცია და ბრძოლის უნარი და მეორეც, სამხედრო პოტენციალი იმისთვის, რომ რუსული არმია შეაჩერონ. გვახსოვს ალბათ ომის პირველი სამი დღე, როცა ამერიკული დაზვერვაც კი ამბობდა, რომ კიევი 90 საათში დაეცემოდა. აღმოჩნდა, რომ ყველა მწარედ შეცდა. ყველას ჰქონდა განცდა, რომ კიევი მალე ჩაბარდებოდა. შემდეგ იყო ენთუზიაზმი, რომელმაც მთელი მსოფლიო გააკვირვა. 25 მარტის განცხადების შემდეგ გამოჩნდა, რომ პუტინი მთლად გაგიჟებული არ არის. როგორც ჩანს პუტინი მიხვდა, თუკი ამ სიგიჟეს გააგრძელებს, რა სახის ფასი შეიძლება გადაიხადოს. თუკი კიევსაც მარიოპულივით დაბომბავს, მაშინ მას უკან დასახევი გზა აღარ ექნება. ამიტომ საკუთრი ტყავის გადარჩენის ინსტიქტი ჩაერთო. თუ მივიღეთ ის სურათი, რომ მან უკრაინის ნაწილობრივ ოკუპაცია მოახდინა, მაშინ უკრაინა დე ფაქტო ევროკავშირის და ნატოს წევრი ხდება. უკრაინა ახლა მსოფლიოში ბრენდი გახდა. მთელი დასავლეთი ეცდება, რომ უკრაინელებს ბევრი ფული, ცოდნა და შეიარაღება მისცენ. უკრაინას კი ეს სულ სხვა ტიპის ქვეყანას გახდის“, - დარწმუნებულია გიორგი კანაშვილი.

თორნიკე შარაშენიძე - “რუსების ერთადერთი გამჩერებელი ამერიკაა”

“გააჩნია, ჩვენ რას ველოდით სამიტისგან. თუ იმას, რომ წევრად წელს ან გაისად მიგვიღებენ, რა თქმა უნდა, მოლოდინი არ გამართლდება, თუ არ ასრულდა ის, რასაც ბევრი ვნატრობთ, რომ რუსეთი გავიდეს კავკასიიდან. ასეთ შემთხვევაში შეიძლება წელსვე გავხდეთ ნატოს წევრი. თუ ველოდებოდით უკრაინის თავზე ცის ჩაკეტვას, ესეც გამორიცხულია, ნათელი იყო თავიდანვე. შესაბამისად, მოხდა ის, რაც იყო მოსალოდნელი - უკრაინისთვის მხარდაჭერა, იარაღით მომარაგება, აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ჯარების განლაგება, რათა რუსებმა მერე, ვთქვათ, პოლონეთისკენ ან ბალტიის ქვეყნებისკენ არ მოინდომონ გაწევა. არა მგონია, ეს მოხდეს, მაგრამ მაინც ჯობს, ჰყავდეთ ჯარი და, ბოლოს და ბოლოს, რუსეთს დისკომფორტი შეუქმნან”, - აცხადებს “ჯიპას” პროფესორი, პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი თორნიკე შარაშენიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “რუსების ერთადერთი გამჩერებელი ამერიკაა”.

“დღეს უსაფრთხოების მთავარი გარანტორი ამერიკაა და არა მარტო უკრაინისთვის. თუმცა მეორე საკითხია, უკრაინასთან თანამშრომლობაში რა იგულისხმება. იარაღს ისედაც აწვდიან და ამის ფორმალიზება თუ მოხდება, რომ იარაღი სისტემატურად მისცენ, სხვა ამბავია, თორემ ჯარს იქ არავინ გზავნის. საინტერესო ის არის, ამის იქით რა ხდება. როდესაც ეს გვეცოდინება, შეფასება მერე იქნება შესაძლებელი. რაც შეეხება ბრიტანეთი-პოლონეთი-უკრაინას ალიანსს, სინამდვილეში არაფერი იყო. ჯერ ერთი, ამას მემორანდუმის სახე ჰქონდა და არა საერთაშორისო ხელშეკრულების და მეორე - საქმეში გამოჩნდა, რომ ჯარი ვერც ერთმა ვერ გაგზავნა; მესამე - რუსების ერთადერთი გამჩერებელი ამერიკაა. რუსეთის წინააღმდეგ ნებისმიერ ალიანსს, სადაც ამერიკა არ იქნება, არაფერი გამოუვა. ამიტომ არის ნატო მნიშვნელოვანი, რომ იქ ამერიკაა და არა იმიტომ, რომ “ნატო” ჰქვია. შესაბამისად, როდესაც ახლა საუბარია მცირე ალიანსების შექმნაზე, ვფიქრობ, მოლოდინი გადაჭარბებულია, რადგან ქმედითი ალიანსის შექმნა ასე იოლი არ არის. ნატოს მაგალითიც იმას გვეუბნება, თუ რატომ არის ნატო ძლიერი, რამდენი ხანია, არსებობს და ვერავინ ეხება მის წევრ სახელმწიფოებს, ეს კი იმის დამსახურებაა, რომ მათ ამერიკა იცავს. ამიტომ საუბარი ახალ მცირე ალიანსებზე, ილუზიაა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თორნიკე შარაშენიძე.

“უკრაინამ და რუსეთმა როგორ უნდა მოილაპარაკონ? რუსეთი ითხოვს ტერიტორიას, უკრაინა კი მას არ დათმობს. დანარჩენ საკითხებზე მოლაპარაკება თეორიულად კიდევ შესაძლებელია, მაგრამ ტერიტორიისა და მისი პოლიტიკური სტატუსის საკითხი ძალიან მტკივნეულია. მოლაპარაკება შედეგიანი ვერ იქნება, როცა არც ერთი მხარე არ იხევს უკან. უკრაინა ასე მარტივად არ დათმობს ტერიტორიებს, მით უმეტეს, რომ ასეთი დიდი მხარდაჭერა აქვს. ამასთან, რუსეთში ხალხი დემორალიზებულია. რუსეთს მანამდე ყველა ომში ჰქონდა მოსახლეობის მხარდაჭერა, ახლა კი ასე არ არის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია”, - განაგრძობს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “საინტერესოა ერდოღანის ჩამონათვალში შეთანხმებულად მოხსენიებული საკითხები. რა შანსია, რომ უკრაინა ამაზე დათანხმდეს და ამ მოცემულობით ცეცხლის შეწყვეტა შესაძლებელი იქნება?” - “პასუხობს:

“თუ უკრაინა ამაზე თანახმაა, ეს ნიშნავს, ანგარიშს უწევს, რომ ქვეყანაში ჰუმანიტარული კატასტროფაა, მაგრამ ტერიტორიულ მთლიანობას ასე იოლად არ დათმობს. ვერ წარმომიდგენია, ისე როგორ უნდა მოაწერონ შეთანხმებას ხელი. თუ შეთანხმების ტექსტში ტერიტორიების საკითხს მიაჩუმათებენ, საერთოდ არ დასვამენ, მაშინ გასაგები გახდება, რომ უკრაინა ამ ტერიტორიებს თმობს. თუ მკაფიოდ არ ჩაიწერა, იგულისხმება, რომ რუსეთი ამ ტერიტორიებიდან არ გავა, არც ყირიმიდან და არც დონბასიდან. რუსეთი დადებულ ხელშეკრულებებს არღვევს და სიტყვაზე მისი ნდობა როგორ შეიძლება? მით უმეტეს, არ ვიცით, ახლა რა გეგმა აქვს. მოლაპარაკებისთვის ხელსაყრელი პირობა ჯერ არ ჩანს. ორი ვარიანტია: პირველი- რუსეთი ძალიან გამოიფიტოს და მეორე - ძალიან გამოიფიტოს უკრაინა. ამას კი დრო სჭირდება...”

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა