უკრაინის რადას დეპუტატი იულია ოვჩინიკოვა - მოლაპარაკებებში რუსეთის პოზიცია თანდათან „რბილდება“

უკვე 33-ე დღეა უკრაინა რუსეთის აგრესიას ებრძვის. შესაბამისად, ამდენივე დღეა მსოფლიო საზოგადოება ყოველდღიურად უყურებს მტრის წინააღმდეგ უკრაინელი ხალხის არნახულ ერთიანობას. რაშია უკრაინელი ხალხის ერთიანობის „საიდუმლო“, რა სჭირდებათ მტერთან ბრძოლის წარმატებით დასასრულებლად პარტნიორებისა და მათ შორის საქართველოსგან და რას აჩვენებს რუსეთთან მიმდინარე მოლაპარაკებები, ამ და სხვა საკითხებზე „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში უკრაინის უმაღლესი რადას წევრმა დეპუტატმა, იულია ოვჩინიკოვამ ისაუბრა...

- პირველ რიგში, მინდა სოლიდარობა გამოვხატო უკრაინელი ხალხის მიმართ - ომის დაწყების პირველივე დღიდან თქვენმა ხალხმა მთელს მსოფლიოს აჩვენა, რომ საკუთარი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. რიგითი მოქალაქეები შიშველი ხელებითაც კი იბრძვიან ოკუპანტების წინააღმდეგ. როგორ ფიქრობთ, უკრაინელი ხალხი ამ სულისკვეთების შენარჩუნებას ომის დასრულებამდე შეძლებს?

- მოგესალმებით ქართველო მეგობრებო, ყოველთვის სასიამოვნოა თქვენი ხილვა. ისტორიულად უკრაინელი ხალხი ყოველთვის იბრძოდა თავისუფლებისა და ღირებულებებისთვის. უკრაინისა და უკრაინელი ხალხის წარმატების მთავარი გასაღები არის ის, რომ ჩვენი ჯარისკაცები გმირულად იცავენ ქვეყანას. ჰეროიზმი და ქვეყნის სიყვარული ჩვენი ტრადიციაა. ისინი საკუთარი თავისუფლებისთვის იბრძვიან. როგორც ხედავთ, ჩვენ ვცდილობთ ერთმანეთს დავეხმაროთ ყველა მიმართულებით. ხალხი სოლიდარულია ერთმანეთის მიმართ და რა თქმა უნდა არმია, რომელიც ქვეყანას გმირულად იცავს. უკრაინელ ხალხსა ახლა აქვს ერთიანობის ისეთი განცდა, რომელიც ბოლო 30 წლის მანძილზე არ ჰქონია. ამ განსაკუთრებული სულისკვეთების გაღვივებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის.

- მას შემდეგ, რაც ომი დაიწყო, დასავლეთის ქვეყნებმა ისეთი მკაცრი სანქციები დაუწესეს რუსეთს, რომლის მსგავსიც აქამდე არასოდეს გვინახავს. ისინი ეხმარებიან უკრაინას ფინანსურად და სამხედრო შეიარაღებით, თუმცა როგორც მათ არაერთხელ განაცხადეს, ნატო არ ჩაერთვება ომში, რადგან ეს უკვე მე-3 მსოფლიო ომის დაწყებას გამოიწვევს. უკრაინაში, ყოველდღიურად კეთდება განცხადებები რომ თქვენი მეტი გინდათ. გვითხარით, რა სახის დახმარება სჭირდება ახლა უკრაინას დასავლეთისგან ყველაზე მეტად?

- პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ჩვენ მადლიერი ვართ ჩვენი პარტნიორებისა და მეგობრების იმ დახმარებისთვის, რომელიც უკვე მივიღეთ. მინდა გითხრათ, რომ ევროპა უკვე ომშია ჩართული, მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო. ევროპა უკვე ჩაერთო ომში პოლიტიკურად, ფინანსურად, სოციალურად. მთელი მსოფლიო გაერთიანებულია უკრაინის მხარდასაჭერად. ეს არის საოცარი სოლიდარობა. მინდა ევროპელ ხალხს ამ დახმარებისთვის მადლობა გადავუხადო. თუ ევროპელი ხალხი და მათი მთავრობები დაგვეხმარებიან მეტი შეიარაღებით და განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვით, ჩვენ უფრო მალე დავასრულებთ ომს და ჰუმანიტარული კატასტროფა უფრო სწრაფად დასრულება.

- უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი თურქეთში იმართება. გაქვთ თუ არა მოლოდინი, რომ მხარეები შეთანხმების პროცესში წინ წავლენ, ამჯერად მაინც შეძლებენ, რადგან, როგორც ვნახეთ, წინა მოლაპარაკებებს მნიშვნელოვანი შედეგები არ მოჰყოლია.

- რა თქმა უნდა, ჩვენ ველოდებით გარკვეულ შედეგებს. როგორც ვნახეთ, მოლაპარაკებების რაუნდებს შორის მათი მოთხოვნები და პოზიცია თანდათან იცვლება. შეიძლება ითქვას, რომ ის „რბილდება“. ამავდროულად უკრაინის პოზიცია მოლაპარაკებების დროს უცვლელია. მოვითხოვთ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას.

- როგორც ჩვენ ვხედავთ, რუსული მხარე უკრაინისგან ასეთ წინააღმდეგობას არ ელოდა. მათ სჯეროდათ, რომ უკრაინის დაპყრობას რამდენიმე დღეში შეძლებდნენ, თუმცა მოვლენები განსხვავებულად განვითარდა. ექსპერტები ფიქრობენ, რომ ომში რუსეთის დამარცხება ავტომატურად ნიშნავს ვლადიმერ პუტინის რეჟიმის დასასრულს. ეს ნიშნავს, რომ მას არაფერი აქვს დასაკარგი და ბოლომდე იბრძოლებს. ფიქრობთ, რომ ეს ფაქტორი ომს უფრო გაახანგრძლივებს?

- რუსეთის გეგმა უკრაინის დაპყრობის შესახებ, ე.წ ბლიცკრიგით ჩაიშალა. უამრავი სამხედრო ექსპერტის აზრით, რუსეთი ახლა სხვებზე ზემოქმედებს, მათ შორის სირიელებსა და ბელარუსებზე, გააძლიერებს, რათა გააძლიეროს სამხედრო ძალები, მაგრამ უამრავი ფაქტორი მიგვანიშნებს იმაზე, რომ კონცენტრირებული ძალები შეიძლება გადაიყვანონ უკრაინის სამხრეთით და აღმოსავლეთით. ამბობენ იმასაც, რომ ახლა „ჩრდილოეთ კორეის სცენარი“ შეიძლება განვითარდეს, თუმცა ჩვენ არ ვიცით რა იქნება, რადგან ყოველ დღე ჩვენი ტერიტორიები იბომბება. ისინი ფიქრობენ, რომ პუტინი ამაზე არ გაჩერდება და ეცდება, რომ ნაცისტური სცენარი მიიღოს, მაგრამ მე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ გვყავს გმირი შეიარაღებული ძალები და ჩვენ, უკრაინელი ხალხს გვჯერა ჩვენი ჯარისკაცების და არმიის. იმედი მაქვს, უახლოეს მომავალში ომს მოვიგებთ.

- ის, რაც უკრაინაში ახლა ხდება, საქართველომაც გამოიარა. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს 20% სწორედ რუსეთის მიერაა ოკუპირებული, ჩვენი ქვეყნის მთავრობას მოსკოვთან ფრთხილი პოლიტიკა აქვს. ამ პოლიტიკით ხსნის იმას, რომ საქართველო არ უერთდება რუსეთის წინააღმდეგ ორმხრივ სანქციებს, თავის მხრივ კი, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი გაიწვია. რა მოლოდინები აქვს უკრაინას საქართველოსა და მისი მთავრობისგან და როგორ ფიქრობთ, მეორე მხრივ - არის თუ არა ახლა იმის დრო, რომ საქართველომ საკუთარ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ისაუბროს?

- პირველ რიგში მინდა, რომ მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს. ომის დაწყებიდან ქართველი ხალხი უკრაინელებს სოლიდარობას უცხადებდა და მადლობა ამისთვის. ეს ჩვენთვის ბევრს ნიშნავს. ისტორიის განმავლობაში ქართველები და უკრაინელები ყოველთვის ერთად იქნებიან. ჩვენ ვემხრობით ჩვენი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას. სანქციების პოლიტიკა და ევროპული სანქციებისთვის მხარის არ დაჭერა ქართველების მხრიდან არის ის მიზეზი, რის გამოც პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება მიიღო.

- როგორც ნატოს ლიდერებმა რამდენჯერმე აღნიშნეს, უკრაინის ნატოში გაწევრიანება ამჟამად არ განიხილება. გუშინ ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაავრცელა განცხადება, რომ უკრაინელი ხალხი მზად არის განიხილოს უკრაინის ნეიტრალიტეტისა და არაბირთვული სახელმწიფოს სტატუსი, მესამე სახელმწიფოს გარანტიით. როგორ ფიქრობთ, რეალურად შეაჩერებს უსაფრთხოების უკრაინული მოდელი რუსეთის სამხედრო აგრესიას და იქნება თუ არა ის მოსკოვისთვის მისაღები?

- უკრაინის ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას უკრაინის მოსახლეობის უმეტესობა უჭერს მხარს. ის, რაც ახლა ჩვენს ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდება, არის ცის ჩაკეტვა და არასაფრენი ზონის დაწესება. ბევრი ფიქრობს, რომ ეს გადაწყვეტილება მესამე მსოფლიო ომის დასაწყისი იქნება, თუმცა როგორც უკვე გითხარით, მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო. უკრაინის მთავრობა განიხილავს ყველა შესაძლებლობასა და საერთაშორისო თანამშრომლობას ქვეყნის დასაცავად. ჩვენ ვცადეთ გარანტიები მიგვეღო ბუდაპეშტის მემორანდუმით, თუმცა მან არ იმუშავა. მსოფლიომ უნდა იმუშაოს ახალ ფორმატზე, რომელიც მსოფლიოს თითოეული ქვეყნის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა. ჩვენ ვხედავთ ზოგიერთ საერთაშორისო ორგანიზაციას, სადაც ერთ ქვეყანას შეუძლია მთელი პროცესი დაბლოკოს. ეს არ არის ნორმალური. ახლა მსოფლიო ლიდერები ფიქრობენ იმაზე თუ როგორ უნდა შეძლონ ომის დასრულება უკრაინაში.

აქვე ვიტყვი ევროკავშირზე - უკრაინელი ხალხისთვის ევროკავშირის წევრობა ძალიან მნიშვნელოვანია. მე ვარ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი. ევროპის საბჭოს ორი კვირის წინ ევროპარლამენტარებთან და პოლიტიკურ ჯგუფებთან უამრავი შეხვედრა ჰქონდა სტრასბურგში. ჩვენ ვართ ევროპელები. გვაქვს ევროპული ტრადიციები და მხარს ვუჭერთ ყველა ევროპულ ღირებულებას. ჩვენ კარგად გესმის, რომ სპეციალური ბიუროკრატიული პროცედურები არსებობს ევროკავშირში შესასვლელად, მაგრამ ასევე ვიცით ის, რომ არსებობს მაგალითები, როცა ზოგიერთი ევროპული ქვეყანა სპეციალური პროცედურით შეიყვანეს ევროკავშირში. მსოფლიო იცვლება, უკრაინა შეიცვალა. ყოველდღე ჩვენ ვუყურებთ ომს თვალებში. ომს უკვე ემსხვერპლა 140-ზე მეტი ბავშვი. ჩვენი თავისუფლების საფასური ძალიან მაღალია. იმედი მაქვს სპეციალური პროცედურა ამოქმედდება და უკრაინა გახდება ევროკავშირის წევრი.

- კიდევ ერთხელ მინდა წარმატებები გისურვოთ. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ უკრაინა გაიმარჯვებს ამ ომში. დიდება უკრაინას!

- გმადლობთ, დიდება უკრაინას!

ბექა ბერიაშვილი

„ინტერპრესნიუსი“

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა