„ნაციონალური მოძრაობა“ ბათუმის საკრებულოს შუალედური არჩევნებიდან „ქართული ოცნების“ კანდიდატის მოხსნას ითხოვს

„ნაციონალური მოძრაობა“ ბათუმის საკრებულოს შუალედური არჩევნებიდან „ქართული ოცნების“ კანდიდატის მოხსნას ითხოვს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ბათუმის საკრებულოს შუალედური არჩევნებიდან „ქართული ოცნების“ კანდიდატის, რამაზ ჯინჭარაძის მოხსნას ითხოვს. შესაბამისი განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გიორგი კირთაძემ გააკეთა. პარტია აღნიშნული მოთხოვნით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმართავს.

გიორგი კირთაძის ინფორმაციით, რამაზ ჯინჭარაძე ე.წ ოცნების ქალაქში ხმების სანაცვლოდ მოქალაქეებს ბინების გადაცემას დაჰპირდა.

გიორგი კირთაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ ყაჩაღური გზით ამომრჩეველთა სიას ზრდის. მისი მტკიცებით, ბათუმის მეოთხე სამაჟორიტარო ოლქში მოქალაქეები სხვადასხვა რეგიონიდან გადაეწერნენ.

“ჩვენ ვაგრძელებთ სიის შესწავლას და გვინდა საზოგადოებას წარვუდგინოთ თუ რომელი მუნიციპალიტეტებიდან გადმოეწერა ხალხი ბათუმის მეოთხე ოლქში. სიის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან გადმოწერილი ადამიანები, აქ არის მათი სახელები, გვარები და ოლქები, სადაც 2 ოქტომბრის არჩევნებში იღებდნენ მონაწილეობას. ასევე, არიან ხელვაჩაურში, ქედაში, შუახევში, ხულოში, ლაგოდეხში, ადიგენში, მარნეულში, ოზურგეთში, წალკაში, თბილისში, დედოფლისწყაროში, ხობში, ხონში, ახალქალაქში, ასპინძაში, ქარელსა და ხაშურში რეგისტრირებულები, რომლებიც ახლა ბათუმის საკრებულოს წევრის არჩევას აპირებენ. ამ ადამიანების მოსყიდვა მიმდინარეობს, ნაწილს ჰპირდებიან თანხას ან ბინებს - მოქალაქე ავთანდილ ფუტკარაძეს რამაზ ჯინჭარაძე შეხვდა და ბინა დაჰპირდა, ხმის სანაცვლოდ.

ესაა ყაჩაღობა და არჩევნების იდეის დასამარებაა, სწორედ ამიტომ ბათუმის საქალაქო სასამართლოში შეგვაქვს სარჩელი, რეგისტრაციიდან მოიხსნას რამაზ ჯინჭარაძე, რომელიც საარჩევნო ხმებს ყიდულობს”, - განაცხადა გიორგი კირთაძემ.