ჩანაცვლებადია თუ არა რუსული ნავთობი და გაზი და რა ალტერნატივები აქვს მსოფლიოს?

ევროპის ქვეყნები რუსეთის ენერგომატარებლებზე დამოკიდებულების შემცირებისთვის მუშაობას იწყებენ. ამ მიზნით ევროკავშირში სამუშაო ჯგუფიც შეიქმნება, რომელიც მომავალი ზამთრისთვის მარაგების შევსების გეგმას შეიმუშავებს.

ევროპული ქვეყნების სურვილის პარალელურად, რომ რუსულ გაზზე, ნავთობსა და ნახშირზე ეტაპობრივად უარი განაცხადონ, ალტერნატიული რესურსების მოძიებაა საჭირო. თუ რა ალტერნატივა აქვს ევროკავშირს და რა დროს დასჭირდება იმას, რომ ევროპის ქვეყნები რუსეთზე ენერგოდამოკიდებულებისგან გათავისუფლდნენ, ამ საკითხზე „ინტერპრესნიუსი“ სპეციალისტებს გაესაუბრა. ექსპერტების შეფასებით, რუსეთი ევროპის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ენერგოექსპორტიორია, თუმცა არა შეუცვლელი.

საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის ალექსანდრე თვალჭრელიძის განცხადებით, რუსეთის მიერ ნავთობის წარმოების კვოტა სხვა ქვეყნების წარმოებით უნდა ჩანაცვლდეს. რაც შეეხება გაზს, თვალჭრელიძე რუსული ბაზრის ჩანაცვლების რამდენიმე შესაძლებლობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ალტერნატიული გაზსადენებიდან გაზის მიწოდება უნდა გაიზარდოს, რითაც რუსეთის გაზი მთლიანად ჩანაცვლდება.

„იმისთვის, რომ რუსეთის ეკონომიკა მთლიანად დაინგრეს, საკმარისია მხოლოდ ნავთობის 100%-ით შეზღუდვა. რუსეთის ჩანაცვლებას ნავთობის ბაზარზე არაფერი უნდა, საკმარისია რამდენიმე ღონისძიების გატარება - რამდენიმე თვით გაიზარდოს ბრენტის წარმოება ჩრდილო ზღვაში; ოპეკ-მა შეცვალოს კვოტები და მისცეს საუდის არაბეთს, ანგოლასა და ნიგერიას, შესაძლოა, ვენესუელასაც, ნავთობის მეტი წარმოების შესაძლებლობა. კანადამ უკვე გამოაცხადა, რომ ნავთობის წარმოებას ზრდის. რუსეთის კვოტა დღეში 10 მლნ ბარელია და ამის ავსებას არაფერი უნდა. რაც შეეხება გაზს, რამდენიმე სტრატეგიული შესაძლებლობაა - პირველი შესაძლებლობა ისევ ჩრდილოეთ ზღვაშია. სანამ გერმანიაში გათხევადებული გაზის მიღების ახალ ტერმინალს ააშენებენ და კატარიდან და აშშ-დან მიიღებენ გაზს, ჰოლანდიამ, ნორვეგიამ და დიდმა ბრიტანეთმა ჩრდილოეთ ზღვაში გაზის მოპოვება უნდა გაზარდონ. მეორე - გარდა რუსულისა, ევროპაში სამი გაზსადენი შედის - სამხრეთი გაზის დერეფანი და ორი გაზსადენი ალჟირიდან - ერთი ესპანეთში, ხოლო მეორე სარდინიის გავლით იტალიაში. საკმარისია გაიზარდოს გაზის მიწოდება ამ სამი გაზსადენით, რომ რუსეთის გაზი მთლიანად ჩანაცვლდება. ამისთვის კი, ალჟირის გაზის რესურსების გარდა, მობილიზაციაა გასაკეთებელი ეგვიპტისა და ლიბიის გაზის რესურსებზე, რაც შესაძლებელია იმიტომ, რომ ალჟირი დაკავშირებულია გაზსადენებით, როგორც ლიბიასთან, ასევე ეგვიპტესთან. მესამე - უნდა გადაიხედოს ირანის წინააღმდეგ სანქციები და ირანის გაზის რეზერვების მობილიზება მოხდეს. ირანი დღესაც დაკავშირებულია მილსადენებით აზერბაიჯანისა და საქართველოს გაზგამანაწილებელ ქსელთან და თურქეთთან. სამხრეთი გაზის მილსადენი არაა დატვირთული და ესაა შესავსები ირანის რესურსებით, შესაძლოა ეს ძალიან მოკლე დროში განხორციელდეს. 2006 წელს, როდესაც გაზის კრიზისი იყო და რუსეთიდან ვერ ვიღებდით, ირანიდან გაზის მიღება სამ დღეში განხორციელდა. ამიტომ, რუსეთის ჩანაცვლებას არაფერი უნდა. მაგრამ მე მეჩვენება, რომ ევროკავშირის ლიდერები მთლად გათვითცნობიერებულები არ არიან - შოლცი ჩავიდა კატარში და არა ალჟირში. ალჟირში უნდა ჩასულიყო პირველ რიგში და შემდეგ უკვე კატარში. ევროკავშირი შეცდომას შეცდომაზე უშვებს“, - განაცხადა თვალჭრელიძემ.

ნავთობის ბაზარზე რუსეთის ჩანაცვლება შედარებით ადვილია ეკონომისტის, პროფესორ ლადო პაპავას აზრითაც. მისი თქმით, უფრო რთულია გაზის ექსპორტის საკითხი და რუსეთის ჩანაცვლებისთვის საჭირო იქნება ან ახალი მილსადენების გაშენება ან თხევადი გაზის მოხმარებაზე გადასვლა.

„ნავთობის რუსეთიდან მიწოდება შედარებით ადვილად ჩანაცვლებადია იმიტომ, რომ ნავთობის ტრანსპორტირების საკითხი გაზის ტრანსპორტირებასთან შედარებით უფრო გამარტივებულია, რადგან ნავთობი შესაძლოა, ტანკერებითა და ცისტერნებით გადაიტანო ან მატარებელი გამოიყენო. ნავთობის ჩანაცვლების ვარიანტები არის არაბული სამყაროდან. უფრო რთულია გაზის ექსპორტის საკითხი, რადგან ბუნებრივი გაზი, როგორც წესი, მიეწოდება მილსადენით. აქ ჩანაცვლებისთვის საჭირო იქნება ან ახალი მილსადენების გაშენება, რაც ძალიან ხანგრძლივი პროცესია და პრაქტიკულად შეუძლებელია, ან საჭირო იქნება თხევადი გაზის მოხმარებაზე გადასვლა. ახლა განიხილება ისეთი ალტერნატივა, როგორიცაა კანადა, რომელიც გამოთქვამს მზაობას, რომ ევროპულ ქვეყნებს თხევადი გაზი მიაწოდოს, მაგრამ თხევად გაზს სჭირდება გარკვეული ტექნოლოგიური ცვლილებები, რადგან სხვა ტექნოლოგიებზეა დაფუძნებული როგორც მისი დამზადება, ასევე გამოყენება“, - განაცხადა ლადო პაპავამ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსის, ჯეოქეისის მკვლევარ გიორგი აბაშიშვილის აზრითაც, გაზისა და ნავთობის ბაზარზე რუსეთი ჩანაცვლებადია, „ამაზე ევროკავშირმა მუშაობა დაიწყო, დანარჩენი საკითხები კი ტექნიკურია“.

„რუსული ლეგენდაა, რომ ამ ნაწილში რუსეთი, შესაძლოა, შეუცვლელი იყოს. რუსეთი ნამდვილად არ არის შეუცვლელი. ბევრი ალტერნატივა არსებობს. უბრალოდ, აქამდე რუსეთი იყო უმსხვილესი და უმნიშვნელოვანესი, ამ ეტაპამდე გადამწყვეტი მომმარაგებელი, მათ შორის ევროპის მიმართულებით. როგორც ვაკვირდებით, ძალიან ბევრი ქვეყანა, არა იმიტომ, რომ ისინი კარგები გახდნენ თავისი მმართველობის სტილით, თუნდაც ირანი, ვენესუელა ან რომელიმე სხვა, ამ ეტაპისთვის გაცილებით უფრო მისაღებია ცივილიზებული მსოფლიოსთვის, ოღონდ არა რუსეთი. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირი ენერგოუსაფრთხოების დღის წესრიგში შეიყვანს ენერგორესურსების მქონე ყველა შესაძლო ქვეყანას, საიდანაც კი შესაძლებელია ევროკავშირის რაიმე ფორმით მომარაგება. ყველას მინუს რუსეთი ენერგოუსაფრთხოებაში - დღეს ეს ხდება ევროკავშირის მთავარი პრინციპი. გვიან მოიკითხავენ სხვა ქვეყნების დემოკრატიებს, როდესაც რუსეთის პრობლემა ამოიწურება. ასე რომ, მგონია, რუსეთი ჩანაცვლებადია. ასევე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა შეერთებული შტატების მხრიდან ზურგის გამაგრებას ევროკავშირისთვის. ახლა საბოლოო ჯამში, დანარჩენი ტექნიკის საკითხია. ვფიქრობ, ევროკავშირი ძალიან ჩქარობს. ევროკავშირმა მისდაუნებურად გამოავლინა საოცარი მოქნილობა, მათ შორის სანქციებთან დაკავშირებითაც“,- განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

რაც შეეხება იმას, რა დრო იქნება საჭირო, რომ ევროკავშირის ქვეყნები რუსეთზე ენერგოდამოკიდებულებისგან სრულად გათავისუფლდნენ, აქ სპეციალისტების მოსაზრებები იყოფა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე მიიჩნევს, რომ ეს შესაძლოა 1 კვირაშიც მოხდეს.

„ირანში გაზის წარმოების გაზრდას 12 საათი სჭირდება. ევროკავშირში თუ სწორად მოიქცევიან, თუ კონტრაქტებს ხელს მოაწერენ, ტექნიკურად ამისთვის ერთი კვირა საკმარისია“,- განაცხადა ალექსანდრე თვალჭრელიძემ.

ლადო პაპავას აზრით, რუსეთის ჩანაცვლება ენერგორესურსების ბაზარზე თანდათანობით მოხდება და ამას წლები დასჭირდება.

„სწორია, რომ ევროკავშირის ქვეყნები ამ საკითხზე მუშაობენ, ანუ ეს არ არის ერთი დღის საკითხი, ჩანაცვლება მოხდება არა მყისიერად, არამედ თანდათანობით. მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. ამას დასჭირდება წლები. ერთ-ერთ ანალიზში ზღვრულ წლად აღებულია 2030 წელი, თუმცა, შესაძლოა, უფრო ადრეც განხორციელდეს“,- განაცხადა ლადო პაპავამ.

გიორგი აბაშიშვილი კი ფიქრობს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით უფრო ფართო სურათი წლის ბოლომდე გამოჩნდება.

„ტემპერატურის მომატებასთან ერთად, რესურსების მოხმარებაც შემცირდება. ამავდროულად, ვფიქრობ, წლის ბოლომდე სოლიდური იქნება ევროპის ენერგოდამოუკიდებლობა“,- განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

ლიკა რუაძე

„ინტერპრესნიუსი“

ირაკლი მელაშვილი - საფრთხე იმისა, რომ ხელისუფლებისთვის ბრძოლა წინა პლანზე წამოვიდეს და ამან შეიწიროს ჩვენი ევროპული პერსპექტივა, ძალიან დიდია - არც ერთ აქტორს არ ეტყობა ქვეყანაში შემცირდეს პოლარიზაცია
ქართული პრესის მიმოხილვა 27.06.2022
სოფიო გრაკალიშვილი - მომხმარებელს ვურჩევდი დეტალურად შეადაროს რამდენიმე სადაზღვევო კომპანიის პირობები და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება
კახა ოქრიაშვილი - ივანიშვილის ღარიბაშვილი ქართველი ხალხის 90%-ს დესტრუქციულ ძალას უწოდებს!
საერთაშორისო ფორვარდინგული კომპანია "ტეპკო" განცხადებას ავრცელებს
„მაგნიტის“ მეხუთე გათამაშებაში მოგებული 100 000 ლარი - რა გეგმები აქვს გამარჯვებულ ოჯახს
Bitnet – კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო დაფინანსება მოიპოვა
დომუსის ახალი, მზიანი და ნათელი საცხოვრებელი კომპლექსი გაზაფხულის ქუჩაზე
„სილქ როუდ ჯგუფი“ ბიზნესმენ ლევან კაჭარავას გარდაცვალებას ეხმაურება
პირველი კრიპტო POS-ტერმინალი საქართველოშია