ზუგდიდში დაკავებულებს, რომლებიც მანქანის ქვეშ ასაფეთქებელი მოწყობილობის დამონტაჟებას ცდილობდნენ, ბრალს სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ

ზუგდიდში დაკავებულებს, რომლებიც მანქანის ქვეშ ასაფეთქებელი მოწყობილობის დამონტაჟებას ცდილობდნენ, ბრალს სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ

ზუგდიდში დაკავებულ ორ პირს, რომელიც მანქანის ქვეშ სავარაუდოდ ასაფეთქებელი მოწყობილობის დამონტაჟებას ცდილობდა, ბრალი შესაძლოა დღეს წარედგინოს.

ისინი ფოთში წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან მოთავსებული.

ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი დაკავებული, ბ. თ. ადვოკატმა ჯიტა გულუამ მოინახულა. გულუას თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი უარყოფს აღნიშნულ საქმეში მონაწილეობას.

მისივე თქმით, ბ.თ.-ს გულთან დაკავშირებული პრობლემები აქვს და თავს ცუდად გრძნობს.

,,ბრალი ხვალ წარედგინება და ამის შემდეგ გადმოგვეცემა საქმის მასალები. რაც შეეხება ჩემი კლიენტის პოზიციას, უარყოფს კატეგორიულად ამ საქმეში მონაწილეობას. მეკითხება მე აქ რა მინდაო. თან გულით დაავადებული ყოფილა და ცუდად ვარო. იმ ტერიტორიაზე იყო სადღაც 30 მეტრის მოშორებით, ვხედავდიო პოლიცილების მოძრაობას, რაღაც ამბავი რომ ხდებოდაო, მაგრამ უშუალოდ იმ ფაქტთან არანაირი შეხება არ მაქვსო, საერთოდ არ ვიცნობო, მანქანა ვისია არც ეს ვიციო", -განაცხადა ადვოკატმა ჯიტა გულუამ.

შეგახსენებთ, ზუგდიდში დღეს ორი პირი დააკავეს, რომლებიც სავარაუდოდ მანქანის ქვეშ ასაფეთქებელი მოწყობილობის დამონტაჟებას ცდილობდნენ. მათი დაკავება ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ მოხდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა პირად კონფლიქტს უკავშირდება. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.