ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის” სარჩელის განხილვა მიმდინარეობს, სადაც ისინი მოითხოვენ შუალედურ არჩევნებში „ქართული ოცნების” კანდიდატი რეგისტრაციიდან მოიხსნას

ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის” სარჩელის განხილვა მიმდინარეობს, სადაც ისინი მოითხოვენ შუალედურ არჩევნებში „ქართული ოცნების” კანდიდატი რეგისტრაციიდან მოიხსნას

ბათუმის საქალაქო სასამართლოში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სარჩელის განხილვა მიმდინარეობს.

როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები აცხადებენ, სარჩელის თანახმად, ისინი მოითხოვენ შუალედურ არჩევნებში „ქართული ოცნების” კანდიდატის რამაზ ჯინჭარაძის რეგისტრაციიდან მოხსნას.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის მირდატ ქამადაძის განცხადებით, შუალედური არჩევნებისთვის, მეოთხე სამაჟორიტარო ოლქში „ქართულმა ოცნებამ” ამომრჩეველთა რაოდენობა ხელოვნურად გაიზარდა.

მისი თქმით, მეოთხე სამაჟორიტარო ოლქში ბოლო პერიოდში სხვადასხვა რეგიონიდან 1000- ზე მეტი პირი ჩაეწერა, რათა “ქართული ოცნების” სასარგებლოდ მისცენ ხმა.

მირდატ ქამადაძის განცხადებით, ბათუმის საკრებულოში “ქართული ოცნების” კანდიდატი რამაზ ჯინჭარაძე ხმების სანაცვლოდ ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვას ახორციელებდა. მისი ინფორმაციით, “ქართული ოცნების” კანდიდატი კონკრეტულ მოქალაქეებს ბინებსა და თანხის გადაცემას დაჰპირდა.

„1053 კაცი დარეგისტრირდა ოლქის ტერიტორიაზე, საეჭვო ზრდასთან ერთად, ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები, რომ მოქალაქეებს დაჰპირდნენ “ქართული ოცნების” მხარდაჭერის სანაცვლოდ ბინები და გარკვეული თანხაც. ამასთან, რამაზ ჯინჭარაძე კანდიდატად დარეგისტრირების შემდეგაც მუშაობდა სამთავრობო კომისიაში, რომელიც თვითნებურად შესახლებულებისთვის ბინების გადაცემის საკითხებს არეგულირებს", - განაცხადა მირდატ ქამადაძემ.

თავის მხრივ, ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიის იურისტი ზვიად სურმანიძე აცხადებს, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ წარდგენილ სარჩელში აღნიშნული გარემოებები არ დასტურდება.

„ჩვენ გადავამოწმეთ სიები, ამომრჩევლის ზრდა ბუნებრივია ფიქსირდება და ეს არც არის გასაკვირი მზარდ ქალაქში, მაგრამ რაოდენობა გაზრდილია არა 1053, არამედ 400-ზე მეტი ამომრჩევლით", - განაცხადა ზვიად სურმანიძემ.

ცნობისთვის, ბათუმის მეოთხე სამაჟორიტარო ოლქში შუალედური არჩევნებში 2 აპრილს გაიმართება. "ქართული ოცნებიდან” კანდიდატია რამაზ ჯინჭარაძე და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” მათე ფუტკარაძე.