ქართული პრესის მიმოხილვა 31.03.2022

ქართული პრესის მიმოხილვა 31.03.2022

სამხედრო-დიპლომატიური მანევრი ომის ახალი სტრატეგიით - “დონბასის ოკუპაცია და უკრაინის ყველაზე დიდი დაჯგუფების ალყაში მოქცევა”

რატომ ჩავიდა ლავროვი ჩინეთში - “პეკინი ფეხს ითრევს რუსეთის გვერდში იყოს”

* * *

სამხედრო-დიპლომატიური მანევრი ომის ახალი სტრატეგიით - “დონბასის ოკუპაცია და უკრაინის ყველაზე დიდი დაჯგუფების ალყაში მოქცევა”

“29 მარტის უკრაინა-რუსეთის სტამბოლის მოლაპარაკებებისას ცნობილი გახდა, რომ კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებით საბრძოლო მოქმედებები შემცირდებოდა, თუმცა, რუსეთი ტრადიციას არ ღალატობს და მიუხედავად დაპირებისა, თავდასხმებს არ წყვეტს. როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, რუსეთის ნდობა არ შეიძლება, ხელმოწერილ დოკუმენტსაც კი არ ასრულებს და შესაძლოა ეს მანევრი მხოლოდ დროის მოგებისთვის გამოიყენა, ან ვლადიმერ პუტინს უკრაინის პირობები არ მოეწონა. როგორც ჩერნიგოვის ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ ჩაუსი აცხადებს, მიუხედავად მოსკოვის დაპირებისა, რომ ჩერნიგოვში, სამხედრო ოპერაციებს შეამცირებდა, იგი ქალაქში რუსეთის თავდასხმების შეწყვეტას ვერ ხედავს. როგორც “როიტერსი” წერს, კითხვაზე “რუსეთმა განაცხადა, რომ ორი მიმართულებით საომარ მოქმედებებს შეაჩერებდა, გუბერნატორმა უპასუხა, რომ რუსეთის დაპირებების არ სჯერა””, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით სამხედრო-დიპლომატიური მანევრი ომის ახალი სტრატეგიით - “დონბასის ოკუპაცია და უკრაინის ყველაზე დიდი დაჯგუფების ალყაში მოქცევა”.

“უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ვადიმ დენისენკო აცხადებს, რომ მოლაპარაკებების მეორე დღეს, კიევის თავზე რამდენიმე რაკეტა ჩამოაგდეს. “ახლა რისი თქმაც შემიძლია არის ის, რომ რამდენიმე რაკეტა ჩამოაგდეს დედაქალაქის თავზე. სიტუაციას ახლა ვარკვევთ”, - განაცხადა დენისენკომ. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მტკიცებით, ე.წ. “ჯარის გაყვანა”, სავარაუდოდ, არის ცალკეული ქვედანაყოფების როტაცია და მიზნად ისახავს უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ხელმძღვანელობის შეცდომაში შეყვანას. “ბიბისიც” წერს, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების ფონზე, რუსეთის მხრიდან უკრაინაში ქალაქების დაბომბვა შეინიშნება. მათივე ინფორმაციით, სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა მომენტი, როდესაც რუსული რაკეტა, სამხრეთ უკრაინაში, ნიკოლაევის ადმინისტრაციულ შენობას მოხვდა, ადგილობრივმა ხელისუფლებამ კი სულ მცირე, 12 ადამიანის გარდაცვალება დაადასტურა. გაეროში უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა სერგეი კისლიცამ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ თავდაპირველი ბლიცკრიგის გეგმის ჩავარდნის შემდეგ, რუსული ჯარები გადავიდნენ გეგმა “ბ”-ზე, ეს გეგმა არის ჰუმანიტარული კატასტროფის პროვოცირება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“მათი თავდაპირველი ბლიცკრიგის გეგმის ჩავარდნის შემდეგ, რუსული ჯარები გადავიდნენ გეგმა ბ-ზე. ეს გეგმა არის ჰუმანიტარული კატასტროფის პროვოცირება მთელ უკრაინაში და ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო პოტენციალის განადგურებაა, რათა დააშინოს უკრაინის პოლიტიკური ხელმძღვანელობა და ხალხი და უბიძგოს მათ კაპიტულაციისკენ. ეს ინსტრუმენტები მოიცავს საცხოვრებელი ტერიტორიების და კრიტიკული ინფრასტრუქტურის მიზანმიმართულ განადგურებას, სარაკეტო თავდასხმებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, ქალაქების ალყას, ჰუმანიტარულ დერეფნებზე შეთანხმებების დარღვევას, ოკუპირებულ რაიონებში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ტერორს, გატაცებებისა და მკვლელობების ჩათვლით. ახლა დამპყრობლებმა 30-მდე ადგილობრივი ლიდერი, აქტივისტი და ჟურნალისტი გაიტაცეს”, - აღნიშნა კისლიცამ. მისივე განცხადებით, ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, სულ მცირე 5000 ადამიანი დაიღუპა მარიუპოლში. თითქმის 150 000 მცხოვრებელი რჩება ალყაში, რომლებიც მოკლებული არიან ცხოვრების ელემენტარულ პირობებს და საჭიროა მათი ევაკუაცია. რუსული მხარის პოზიცია კი ასეთია, რომ მოლაპარაკებების შედეგად არაფერი არ შეცვლილა. “მოლაპარაკებები რუსეთსა და უკრაინას შორის, რომელიც სტამბოლში გაიმართა, შედგა და დასრულდა, არაფერი შცვლილა” , - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა”, - განაგრძობს გამოცემა.

“შედგა მოლაპარაკებები და დამთავრდა. დელეგაციები წავიდნენ თავიანთ ცენტრებში პოზიციების შემდგომი კოორდინაციის მიზნით. ჩვენ ვისაუბრეთ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მოლაპარაკებების გამართვის თარიღებზე თუ შესაძლებლობებზე, მოლაპარაკებით, რაც გუშინ გაიმართა, არაფერი შემცირებულა. არაფერი გადაჭრილა”, - განაცხადა პესკოვმა. სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია “რეზონანსთან” საუბარში აღნიშნავს, რომ საბრძოლო მოქმედებების გაგრძელება რამდენიმე მიზეზითაა განპირობებული, ერთი მხრივ შესაძლოა პუტინმა გარკვეული ტესტი ჩაატარა, ხოლო მეორე მხრივ, ეს შესაძლოა რუსულ საზოგადოების აზრს უკავშირდებოდეს - მათ კიევიდან და ჩერნიგოვიდან გამოსვლა რუსეთის წაგებად ჩათვალეს, პუტინისთვის კი შიდა რეიტინგი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია”, - დასძენს გამოცემა.

“რადგან ბრძოლები გრძელდება, გამოდის, რომ რუსული მომლაპარაკებელი მხარის - მედინსკისა და თავდაცვის მინისტრის მოადგილის პოზიცია პუტინთან შეთანხმებული არ იყო. როგორც ჩანს, ამ პიროვნებებმა პუტინისგან საკმაოდ სერიოზული შენიშვნა მიიღეს, რადგან, რუსულ სოცქსელებში და ტელევიზიებში ისტერია ატყდა, რომ გამოსვლა წაგებაა. თუმცა, შესაძლოა ეს პუტინმაც იცოდა და ერთგვარი ტესტი ჩაატარა. პუტინის რეიტინგი საკმაოდ მაღალია და ქვეყნის შიგნით იმიჯს უფრთხილდება. როცა რუსეთში ასეთი პრეტენზიები გამოთქვეს, ისიც არაა გამორიცხული, რომ მან პოზიცია შეცვალა. გუშინ საღამოს კიევში მქონდა ჩართვა და აფეთქებების ხმა მეც მესმოდა, მითხრეს - არ წყდება დაბომბვები და პირიქით, უფრო გაძლიერდაო. ირპენთანაც შეტევები განაახლეს. როგორც ჩანს ესაა პუტინის პასუხი უკრაინელების წინადადებებზე. მოლაპარაკებების შემდეგ შოიგუმ განაცხადა, რომ რუსეთი არ შეჩერდება და გეგმებს ბოლომდე მიიყვანსო, თუმცა, ეს ოპარაცია რას მოიცავს და საბოლოო მიზანი რა არის, თვითონაც არ იციან. თუმცა, შოუგუმ თქვა, რომ ეს მთლიანი დონბასის ოკუპაციააო”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრიისას ვახტანგ მაისაია.

„რუსეთს, როგორც ჩანს, უნდა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ბრძოლებით გამოფიტონ, თუმცა, ჯერჯერობით გაურკვეველი სიტუაციაა. არაა გამორიცხული, რომ მათ ეს მომენტი მობილიზაციისთვის გამოიყენონ - მაგალითად, კურსისა და ბელგოროდის ტერიტორიებზე სერიოზული ძალების კონცენტრაციას ახორციელებენ, უკრაინის გენშტაბიც ამბობს, რომ ახლა უფრო მეტი კონცენტრაციაა, ვიდრე აგრესიის წინ ხდებოდაო. სამშაბათს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბელგოროდში პრევენციული დარტყმები სწორედ იმ სამხედრო ობიექტებზე განახორციელეს, სადაც ეს ძალები კონცენტრირდებიან. მათ საკმაოდ სერიოზული სამხედრო სწავავის შემნახველი ცენტრი მწყობრიდან გამოიყვანეს. რადენიმე ჯარისკაცი იყო დაღუპული და დაჭრილი. რუსები ცდილობენ, რომ სამხედრო მოქმედებებს ახალი სული ჩაჰბერონ, მათი მთავარი ამოცანა დონბასის ოკუპაცია და მასში არსებული უკრაინის ყველაზე დიდი დაჯგუფების ალყაში მოქცევაა, რომ მერე ზელენსკი მოლაპარაკებებზე უკვე თავიანთი მოთხოვნების საფუძველზე დაითანხმონ. რადგან, შესაძლოა პუტინს არ მოეწონა ის ჩამონათვალი, რომელიც უკრაინულმა მხარემ წამოაყენა”, - მიიჩნევს ექსპერტი.

“რუსები ახალი სამხედრო ძალების კონცენტრაციას ახორციელებენ - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯამში 2 ათასი ოსი და აფხაზი დაქირავებული მებრძოლი გაიყვანა. მეთვრამეტე დივიზია კალინინგრადიდანაც გადაისროლეს, რადგან ასეთი მობილიზაციაა, როგორც ჩანს ახალ შეტევას ამზადებენ. ჩემი აზრით, ჩაფიქრებული აქვთ, რომ ბოლომდე მიიყვანონ ხარკოვის, ნიკოლაევისა და დონბასის ოკუპაცია, რომ მერე უკვე ოდესა-დნეპრის მიმართულებით გავიდნენ”, - დაასკვნის მაისაია. ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი “რეზონანსთან” აცხადებს, რომ რუსეთის ნდობა არ შეიძლება და ორი ლოკაციიდან ჯარების გაყვანის განცხადება შესაძლოა ერთი მხრივ სამხედრო მანევრი იყო, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ამ პოზიციებზე ყურადღება შეესუსტებინათ, მეორე მხრივ კი ელოდა, რომ უკრაინა დათმობებზე წავიდოდა, თუმცა, პირობები არ მოეწონა”, - წერს სტატიის ავტორი.

“რუსეთის ნდობა რა თქმა უნდა არ შეიძლება. ჩვენ ვიცით იგივე აფხაზეთის კონფლიქტიდან, როცა ქართულმა მხარემ რუსეთის შუამავლობით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ხელი სამჯერ მოაწერა, თუმცა, პირველი შემთხვევისას გაგრა დაეცა, მეორე შემთხვევაში სოხუმს შეუტიეს და მესამე შემთხვევაში სოხუმი დაეცა, რადგან ქართულ ჯარს ტექნიკა ჰყავდა გაყვანილი. პლიუს 2008 წლის აგვისტოს შეთანხმებას რუსეთი დღემდე არ ასრულებს. შესაძლოა, ერთი მხრივ ეს რუსეთის მხრიდან გარკვეული მანევრი იყო, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებით ყურადღება შეესუსტებინათ. ან ეს იყო დიპლომატიური მანევრი, რომ თითქოს რუსეთი უკრაინას გარიგებას სთავაზობდა, რომ ის ამ მიმართულებებიდან ჯარებს გაიყვანდა, სამაგიეროდ უკრაინა გარკვეულ დათმობებზე წასულიყო. თუმცა, კიევის პოზიცია, რა თქმა უნდა, არ მოეწონათ, ის პირობები, რომელსაც უკრაინა ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით აყენებს, რუსეთის ინტერესებს არ შეესაბამება. პლიუს ის, რომ უკრაინას მოლაპარაკებებისას პრინციპული პოზიცია აქვს. გამორიცხული არაა, რომ რუსი ხალხის პოზიციასაც გავლენა ჰქონოდა”, - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.

“სამშაბათს ორივე მხარის წარმომადგენელთა მიერ გაკეთებულ განცხადებებში დასახელდა შეთანხმების სავარაუდო დეტალები: პირველ რიგში ცნობილი გახდა, რომ საბრძოლო მოქმედებები შეწყდებოდა კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებით, თუმცა, სავარაუდოდ, გაგრძელდებოდა უკრაინის სამხრეთსა და აღმოსავლეთში. რუსული სარდლობა პრაქტიკულად არც მალავდა, რომ ახლა მთლიანად დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების დაკავებაზე იქნებოდნენ ორიენტირებულები. მეორე საკითხი - უკრაინა დათანხმდა ნეიტრალური, არაბირთვული სახელმწიფოს სტატუსს, რომლის ნეიტრალიტეტის გარანტორიც რამდენიმე სახელმწიფო იქნება, მათ შორის გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები. დროებით გაიყინება ყირიმის თემა და მხარეები ყრიმისა და სევასტოპოლის სტატუსის განსაზღვრისთვის უახლოესი 15 წლის განმავლობაში გამართავენ მოლაპარაკებას. ამასთან, ორივე მხარე დროის ამავე პერიოდში უარს იტყვის პრობლემის ძალისმიერი გზით გადაჭრაზე”, - დასძენს სტატიის ავტორი.

რატომ ჩავიდა ლავროვი ჩინეთში - “პეკინი ფეხს ითრევს რუსეთის გვერდში იყოს”

“რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ჩინეთში პირველად ჩავიდა. კოლეგა ვანგ ისთან შეხვედრის წინ მის ქვეყანას მიესალმა, როგორც “ახალი მსოფლიო წესრიგის” ნაწილს - ანალიტიკოსთა აზრით, ლავროვის ვიზიტისა და განცხადების მიზანი ისაა, რომ რაღაცნაირად მეტი სოლიდარობა და დახმარება მიიღოს, რადგან დღეს ეს რუსეთს სასიცოცხლოდ სჭირდება, რომ გამოვიდეს, როგორც საერთაშორისო იზოლაციიდან, ისე ეკონომიკური კრიზისიდან. “ჩვენ, თქვენთან და ჩვენს თანამოაზრეებთან ერთად, მრავალპოლარული, სამართლიანი და დემოკრატიული მსოფლიო წესრიგისკენ მივიწევთ”, - განაცხადა შეხვედრის წინ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში სერგეი ლავროვმა. როგორც “გარდიანი” წერს, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ ჩინეთში პირველი ვიზიტისას ლავროვმა განაცხადა, რომ მსოფლიო “საერთაშორისო ურთიერთობების ისტორიაში, ძალიან სერიოზულ ეტაპს განიცდის”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რატომ ჩავიდა ლავროვი ჩინეთში - “პეკინი ფეხს ითრევს რუსეთის გვერდში იყოს”.

“მედიისვე ინფორმაციით, ჩინეთის მხარეს ჩინეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებები არ გამოუქვეყნებია, თუმცა, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ვანგ ვენბინმა, მოგვიანებით ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოსკოვი და პეკინი გააგრძელებენ ძალისხმევას, “გლობალური მრავალპოლარულობის წინსვლისა და საერთაშორისო ურთიერთობების დემოკრატიზაციისთვის”. “მშვიდობისკენ ჩვენს სწრაფვას საზღვარი არ აქვს, უსაფრთხოების დაცვას საზღვარი არ აქვს, ჰეგემონიის მიმართ ჩვენს წინააღმდეგობას საზღვარი არ აქვს”, - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ვანგ ვენბინმა. როგორც კონფლიქტოლოგი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი “რეზონანსთან” აცხადებს, სერგეი ლავროვის ჩინეთში ჩასვლა ნიშნავს, რომ პეკინი ფეხს ითრევს რუსეთის გვერდში იყოს, მისი თქმით, ჩინეთს ახლა დაბეჩავებული რუსეთი აწყობს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“სიტყვა - “მრავალპოლარულს” რუსები დიდი ხანია არ იყენებდნენ. პირველად ეს სიტყვა პუტინმა 2007 წელს მიუნხენის კონფერენციაზე გამოიყენა. მაშინ მან თქვა, რომ ერთპოლარული სამყარო უნდა დასრულდეს, სადაც ამერიკას გულისხმობდა და თქვა კიდევაც. უნდა იყოს არა ორპოლუსიანი აშშ-რუსეთი, არამედ მრავალპოლარულიო. რუსეთმა მაშინ კი მრავალპოლარული ახსენა, მაგრამ, რეალურად ორპოლუსიანობისკან მიისწრაფვოდა, ოღონდ ამას პირდაპირ ვერ ამბობდა. ახლა უკრაინაში გაუჭირდა, ჩაეფლო და ხვდება, რომ მრავალპოლარულშიც კი შესაძლოა რუსეთი აღარ არსებობდეს. ლავროვის ჩინეთში ჩასვლა ნიშნავს, რომ პეკინი ფეხს ითრევს რუსეთის გვერდში იყოს. მოსკოვი თვითონ ჩადის, რათა დაფიქსირდეს, რომ თითქოს ერთად არიან, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. ჩინეთი ძალიან მდიდარია, მსოფლიოს პირველი ეკონომიკაა, რუსეთის ეკონომიკა იმდენად დაბალი დონისაა, რომ მას ბევრად ჩამოუვარდება. ამ ფონზე ჩინეთს წაგებული და დაქცეული რუსეთის გვერდში ყოფნა არ აწყობს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

“ჩინეთი მაქსიმალურად ცდილობს, რომ რუსეთისგან დისტანცირებული იყოს, არც დაეხმაროს და არც წინააღმდეგ წავიდეს. ასევე, ექცევა უკრაინასაც. ძალიან გამოკვეთილი ნეიტრალური პოზიცია აქვს, რუსეთის დაქცეულ ეკონომიკას მსოფლიო ისედაც აქცევს, ჩინეთს კი არაფერში არ სჭირდება ახლა აშშ-სგან და სხვებისგან სანქციები მიიღოს. ჩინეთს რუსეთი სულ არ ადარდებს და თავის პოლიტიკას განაგრძობს. თუ ვინმე ამ ომიდან ცალსახად იგებს, ესაა ჩინეთი და თურქეთი და რუსეთს გეოპოლიტიურ საფლავში რატომ უნდა ჩაჰყვეს. მაშინ როცა რუსეთს ასე უჭირს და უკრაინაში პრობლემები აქვს, უცებ ლავროვი პოულობს დროს, რომ ჩინეთში ჩავიდეს, ეს ძალიან საინტერესო ილუსტრაციაა იმისა თუ, რამდენად უჭირს რუსეთს. სხვა გზა არ აქვს, ჩინეთს უნდა ეახლოს და დახმარება სთხოვოს. ჩინეთი აღმოსავლურად გაუღიმებს, რაღაცებს შეჰპირდება, მაგრამ არაფერს არ გააკეთებს, რასაც რუსეთი ელოდება. რუსეთს კი სხვა გზა არ დარჩენია. რომ არ ჩასულიყო, შესაძლოა კიდვ უარესი სიტუაცია ყოფილიყო. მას სიტუაციის გადარჩენა უფრო უნდა, რომ არ გაუარესდეს, ვიდრე სიტუაციის გამოსწორება”, - განმარტავს რესპონდენტი.

“ჩინეთს დაბეჩავებული რუსეთი აწყობს, რადგან ნავთობს და გაზს უფრო იაფად იყიდის და ციმბირს უფრო იოლად აითვისებს, რაც ხდება, ყველაფერი ჩინეთს აწყობს. ლავროვს კარგად მიიღებს, კარგად ასმევენ, აჭმევენ და უკან გამოისტუმრებენ”, - ამბობს ზაქარეიშვილი. “საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის” დირექტორი კორნელი კაკაჩია “რეზონანსთან” აცხადებს, რომ რუსეთს ახლა ომისა და სანქციების გამო, საერთაშორისო იზოლაციიდან გამოსვლა უნდა და გზებს ეძებს. “სანქციებისა და უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე რუსეთი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, ის საერთაშორისო იზოლაციაშია და უკვე ჩანს, რომ უახლოეს ხანში გარკვეულ შედეგებს გამოიღებს. ამიტომ, მას ამ იზოლაციიდან რაღაცნაირად გამოსვლა სჭირდება”, - თვლის კაკაჩია, რომლის აზრით, "სწორედ ამიტომ მიაჩნია, რომ მისი სტრატეგიული მოკავშირე ჩინეთი მას როგორც ეკონომიკურად, ისე სამხედრო თვალსაზრისით დაეხმარება”, - დასძენს გამოცემა.

“ასევე, ამ განცხადების აზრი ისაა, რომ ორივე სახელწიფო რევიზიონისტურია და რომ არსებული საერთაშორისო წესრიგი მათთვის მიუღებელია. რაც მთავარია, წესებზე დამყარებული საერთაშორისოს სისტემა მათთვის მიუღებელია. მათ ეს ორი რამ აერთიანებთ. ისინი ავტორიტარული სახელმწიფოები არიან და ბუნებრივია, ცდილობენ, რომ დასავლეთისა და დემოკრატიული სამყაროს წინააღმდეგ ითანამშრომლონ. ცდილობენ არსებული საერთაშორისო წესრიგი შეცვალონ და ამას უფრო მულტიპოლარულობის საბაბით ასაღებენ. მიაჩნიათ, რომ მსოფლიო პოლიტიკაში რამდენიმე აქტორია და ერთ-ერთი მიზიდულობის ძალა თვითონ არიან. ამ განცხადების მიზანი ისაა, რომ რუსეთმა ჩინეთისგან რაღაცნაირად მეტი სოლიდარობა და მეტი დახმარება მიიღოს, რადგან დღეს მას სასიცოცხლოდ სჭირდება გამოვიდეს, როგორც საერთაშორისო იზოლაციიდან, ისე ეკონომიკური წნეხიდან, რომელშიც ის ომის შედეგად აღმოჩნდა”, - დაასკვნის კაკაჩია.