„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ - ჩხოროწყუს მერიამ მოსწავლეთა სატრანსპორტო მომსახურება იმ შპს-სგან შეისყიდა, რომელიც შესყიდვამდე 2 თვით ადრე შეიქმნა და წილის მფლობელები არიან მმართველ პარტიასთან დაკავშირებული პირები

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიამ 2022 წლის იანვარში ჩხოროწყუს საჯარო სკოლების მოსწავლეთა სატრანსპორტო მომსახურება შპს „სალომე 92-სგან“ შეისყიდა, რომელიც შესყიდვამდე ორი თვით ადრე შეიქმნა.

როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ამ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების ღირებულება 207,197 ლარია.

„შპს “სალომე 92-ს“ თანაბარი 50-50% წილის მფლობელები არიან მმართველ პარტიასთან დაკავშირებული სალომე და ჯამბულ პაპავები. ჯამბულ პაპავა პარტია „ქართული ოცნების“ კოორდინატორია. სალომე პაპავა, რომელიც 2022 წლის იანვრიდან ხელშეკრულებით ჩხოროწყუს მერიაში მუშაობს, მანამდე “ქართული ოცნებიდან” საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატების გოგა გულორდავას, შემდეგ კი ალექსანდრე მოწერელიას ბიუროში მუშაობდა. სალომე პაპავამ მაჟორიტარის ბიურო 2021 წლის აგვისტოში დატოვა, როცა ალექსანდრე მოწერელია პარტია “საქართველოსთვის” წევრი გახდა.

ჯამბულ პაპავა ჩხოროწყუს მერთან, დათო გოგუასთან დაახლოებული პირია. დათო გოგუა ჩხოროწყუს მერია 2012 წლის დეკემბრიდან დღემდე (2017 წლამდე - გამგებელი). ჯამბულ პაპავა 2012-2021 წლებშიც მონაწილეობდა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის შესყიდვებში, ოღონდ სხვა კომპანიის - სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება “ჯამბულ პაპავას” სახელით და საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურების ტენდერებითა და გამარტივებული შესყიდვებით სულ 873,645 ლარის ღირებულების კონტრაქტები აქვს მიღებული. 2022 წლის იანვარში ჯამბულ პაპავამ დაიწყო ამ საზოგადოების ლიკვიდაცია, პარალელურად კი თავის შვილთან ერთად დააფუძნა ახალი კომპანია “სალომე 92”. ჩხოროწყუს მერიის თანამშრომლის, სალომე პაპავასა და მისი მამის, ჯამბულ პაპავას კუთვნილმა კომპანიებმა 2012 წლის შემდეგ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტისგან 1,080,842 ლარის ღირებულების სახელმწიფო შესყიდვები მიიღეს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” შეფასებით, შპს “სალომე 92-ისა“ და სპს “ჯამბულ პაპავას” ჩართულობა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სახელმწიფო შესყიდვებში აჩენს ეჭვებს პროცესის კანონიერებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, მოვუწოდებთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს, შეისწავლოს თითოეული შესყიდვა და დაადგინოს, შეიცავს თუ არა კორუფციის შესაძლო ნიშნებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს