ქართული პრესის მიმოხილვა 01.04.2022

ბიბილოვის მუქარა რეფერენდუმზე პუტინის დაკვეთაა - ვახტანგ ძაბირაძე რუსეთის ახალ გეგმებზე და პრორუსი ძალების გააქტიურებაზე საუბრობს

შედის თუ არა უკრაინის ომი გადამწყვეტ ფაზაში - "საომარი მოქმედებები კიდევ ორ თვეს მაინც გაიწელება“

***

ბიბილოვის მუქარა რეფერენდუმზე პუტინის დაკვეთაა - ვახტანგ ძაბირაძე რუსეთის ახალ გეგმებზე და პრორუსი ძალების გააქტიურებაზე საუბრობს

“ახლა, საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია მოსკოვი და არავის აქვს დრო გამოიჩინოს რაიმე ინიციატივა, პუტინის გარდა. სწორედ მისი განკარგულებით დაიწყო საუბარი ბიბილოვმა სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთებაზე. როგორც ჩანს, რუსეთს სურს, როგორც საქართველოს, ისე უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები ჯერ დამოუკიდებლად გამოაცხადოს და შემდეგ მიიერთოს, რათა მთელს მსოფლიოში შექმნას შთაბეჭდილება თითქოს ე.წ. დამოუკიდებელი ქვეყნები თავად ირჩევენ რუსეთს - აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე და ქვეყანაში პრორუსული ძალების გააქტიურებაზე ამახვილებს ყურადღებას”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, ბიბილოვის მუქარა რეფერენდუმზე პუტინის დაკვეთაა - ვახტანგ ძაბირაძე რუსეთის ახალ გეგმებზე და პრორუსი ძალების გააქტიურებაზე საუბრობს

„ძაბირაძის თქმით, ბიბილოვის საუბრები რუსეთთან შეერთების რეფერენდუმზე კრემლის დაკვეთაა. ამის წინააღმდეგ კი ვერაფერს იზამს საქართველო, გარდა პროტესტის გამოთქმისა, რადგან ამ ეტაპზე შეუძლებელია გამოვიყენოთ რაიმე ძალისმიერი მეთოდები. „ბიბილოვი ვერც შანტაჟს გაბედავს და ვერც რაიმე სხვა სახით მუქარას, თუ ეს არ იქნება შეთანხმებული რუსეთთან. საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია მოსკოვი და არავის შეუძლია შემოქმედებითი ინიციატივის გამოჩენა, გარდა პირველი პირისა. ვგულისხმობ პუტინს. ასე რომ, ეს ყველაფერი შეთანხმებულია მასთან. აქ საინტერესო არის ის, რომ როდესაც საუბარია რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებზე, ამასთან ომის შეწყვეტასა და ზავზე, იქ არის ერთ-ერთი მომენტი, დონეცკისა და ლუგანსკის აღიარებაზე, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოებისა. აი, ამ საერთო პანორამაში შესაძლოა იყოს განხილული ისიც, რასაც ბიბილოვი ამბობს. „ეს სვლა თავად რუსეთს სჭირდება ახალი ფონის შესაქმნელად მთელს მსოფლიოში, თითქოს დამოუკიდებელ სახელმწიფოებს თავად სურთ მასთან შეერთება. რაც შეეხება საქართველოს ქმედებას, ჩვენ არ შეგვიძლია რაიმე ძალსიმიერი მეთოდების გამოყენება. მეორეს მხრივ, ეს არის იმის კიდევ ერთი დასტული, რომ როგრ ჩუმადაც არ უნდა იყო და რაც არ უნდა „ჩაიგუბო პირში წყალი", რასაც გასაკეთებლად მიიჩნევს მოსკოვი, მაინც გააკეთებს. ამიტომ, რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკა არ არის მართებული ამ სიტუაციაში საქართველოს მხრიდან. შეიძლება გუშინ ეს რაღაცის მომტანი იყო, მაგრამ დღეს უფრო წამგებიანია პოლიტიკურადაც და სუვერენიტეტის თავალსაზრისითაც”, - აღნიშნავს გამოცემა.

„ანალიტიკოსმა "რეზონანსთან" მმართველ გუნდსა და პრეზიდენტს შორის არსებულ უთანხმოებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ რეგიონში და ზოგადად მსოფლიოში არსებული დაძაბული ვითარების ფონზე, ეს ქვეყნისთვის სიკეთის მომტანი არ არის. „ნამდვილად არასასიამოვნო მომენტია პრეზიდენტისა და ოცნების დაპირისპირება, დღევანდელი მძიმე ვითარების ფონზე. თითქოს ეს ყველაფერი ჯდება სამართლებრივ ჩარჩოში, მაგრამ იმ ფორმით, როგორც ეს დღეს ვითარდება, დაჩქარებული კანონის განხილვითა და საკონსტიტუციო სასამართლოს ჩარევით, ეს თითქოს უფრო ჰგავს პრეზიდენტის შებოჭვის მცდელობას. ისედაც გაყოფილ და დაპირისპირებულ საზოგადოებაში კიდევ ერთი უთანხმოების გამწვავება არ იქნება მთლად სწორი", - განაცხადა ძაბირაძემ. კითხვაზე რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, რამდენად ცუდი მაჩვენებელია პრორუსი ძალების გააქტიურება საქართველოშიც და რა გავლენას მოახდენს ეს ეროვულ ინტერესებზე, ანალიტიკოსი პასუხობს, რომ ამ ძალების მოქმედებები ნამდვილად არის სახიფათო და საყურადღებო”, - განაგრძობს გამოცემა.

„ძალიან ძალიან თვალნათელია მათი აქტიურობა, განსაკუთრებით თუ შევხედავთ პატრიოტთა ალიანსსა და ალტ-ინფოს, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ საზოგადოების მხრივ, ისინი ვერ მოახდენენ ისეთ გავლენას მათზე, რომ ამან რაიმე ნეგატივი გამოიწვიოს. მაგრამ ხიფათის შემცველია ის სტრუქტურა, რომელიც შეიქმნა მთელი ქვეყნის მასშტაბით, ქართველების მონაწილეობით. სახიფათოა ეს სტრუქტურა იმ შემთხვევაში, თუ ხვალ რუსეთი გადაწყვეტს ძალისმიერი მეთოდით შემოსვლას საქართველოში. მას დახვდება გამზადებული პარტია ხელისუფლების ჩასანაცვლებლად. ამიტომ, რაღაც ფორმით, აუცილებელია ამას ვებრძოლოთ, თუმცა ესეც ძალიან სახიფათოა, რადგან თუ ეს პარტიები შევიწროვდება ხელისუფლების მიერ, შესაძლოა ეს მექანიზმი შემდეგ გამოიყენონ სხვა პარტიების მიმართაც", - განაცხადა ძაბირაძემ”, - წერს სტატიის ავტორი.

შედის თუ არა უკრაინის ომი გადამწყვეტ ფაზაში - "საომარი მოქმედებები კიდევ ორ თვეს მაინც გაიწელება“

„უკრაინაში დაბომბვები ისევ გრძელდება, მოლაპარაკებებს ჯერჯერობით არანაირი შედეგი არ მოაქვს. გაერო აცხადებს, არსებობს სანდო მონაცემები, რომ რუსეთმა უკრაინაში კასეტური ბომბები სულ მცირე 24-ჯერ გამოიყენა. ანალიტიკოსების აზრით, ახლა ომი გადამწყვეტ მეორე ფაზაში შედის და შედეგი დამოკიდებულია იმაზე თუ რა ძალებით წამოიწყებს რუსეთი და რა შემართებით დახვდება უკრაინა. ეს კი შესაძლოა კიდევ ორ თვეს მაინც გაგრძელდეს”, - წერს გაზეთი „რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, შედის თუ არა უკრაინის ომი გადამწყვეტ ფაზაში - „საომარი მოქმედებები კიდევ ორ თვეს მაინც გაიწელება“

„კიევ ინდეფენდენტის" ცნობით, უკრაინის ქალაქ დნიპროზე მორიგი სარაკეტო დარტყმა განხორციელდა. ხელისუფლება ჯერ არ ასახელებს რა იყო სამიზნე. დნიპროს მერმა ბორის ფილატოვმა „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ცნობა ავიაიერიშის შესახებ და დასძინა, რომ ის ელოდება ოფიციალურ შეტყობინებას უკრაინის სამხედრო ადმინისტრაციისგან, სანამ დამატებით კომენტარს გააკეთებს. გავრცელებული ცნობებით, რუსეთმა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან საკუთარი ძალების გაყვანა დაიწყო, რუსული ძალები ობიექტს ტოვებენ და ბელარუსისკენ მიემართებიან. გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა მიშელ ბაჩელეტმა განაცხადა, რომ არსებობს „სანდო ბრალდებები", რომ რუსეთმა უკრაინაში კასეტური ბომბები სულ მცირე 24-ჯერ გამოიყენა. დასძენს, რომ ბრალდებები გამოძიების პროცესშია, ისევე როგორც მარიუპოლში უკრაინელების იძულებით ევაკუაცია რუსეთში. მან ასევე აღნიშნა, რომ კომისიის მიერ უკრაინაში დაზიანებული სამედიცინო დაწესებულებების 77 შემთხვევა დადასტურდა”, - აღნიშნავს გამოცემა.

„გარდა ამისა, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა განაცხადა, რომ რუსეთის თავდასხმები უკრაინის დასახლებულ რაიონებში „უზარმაზარ შეშფოთებას იწვევს" და შესაძლოა ომის დანაშაულებს გაუტოლდეს. მისი თქმით, რაკეტები, მძიმე საარტილერიო ჭურვები და საჰაერო თავდასხმები მასობრივ ნგრევას და სამოქალაქო ობიექტებს ზიანს იწვევს. რუსეთის მეორე ფაზისთვის მზადებას მიანიშნებს ისიც, რომ დაახლოებით 1000 ადამიანი, რომლებიც რუსეთის მიერ დაფინანსებულ „ვაგნერის" გასამხედროებულ ჯგუფთან არიან დაკავშირებული, ახლა უკრაინის დონბასის რეგიონში იმყოფება - აღნიშნულის შესახებ პენტაგონის სპიკერმა ჯონ კირბიმ 30 მარტს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, შეერთებულმა შტატებმა დაინახა, რომ რუსეთი „ბევრად გააქტიურდა" დონბასის რეგიონში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში. „ჩვენ ვფიქრობთ, რომ ვაგნერის ჯგუფს ახლა დაახლოებით 1000 ადამიანი ჰყავს განთავსებული დონბასში. ვნახეთ, რომ ისინი პრიორიტეტს ანიჭებენ საჰაერო თავდასხმებს დონბასის არეალში. ვაგნერის კონტრაქტორები იბრძოდნენ დონბასში ბოლო რვა წლის განმავლობაში, ასე რომ, ეს ის სფეროა, სადაც ვაგნერის ჯგუფი გამოცდილია," - აღნიშნა პენტაგონის სპიკერმა”, - განაგრძობს გამოცემა.

„უკრაინაში მებრძოლმა რუსულმა ჯარებმა ხარკოვის რეგიონში აკრძალული ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები გამოიყენეს. ამ ინფორმაციას საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch ავრცელებს. ორგანიზაციის განცხადებით, უკრაინელებმა ეს ნაღმები 28 მარტს აღმოაჩინეს, უკრაინა კი მსგავსი ტიპის ნაღმებს საერთოდ არ ფლობს. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და ქვეყნის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს შორის დაძაბულობა იზრდება იმის გამო, რომ კრემლის ხელმძღვანელს არ მიაწოდეს ინფორმაცია უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების რეალური დანაკარგების შესახებ, - ინფორმაციას „ნიუ იორკ თაიმსი" აშშ-ის დაზვერვაზე დაყრდნობით ავრცელებს. თეთრ სახლში განაცხადეს, რომ პუტინის მრჩევლები მას დეზინფორმაციას აწვდიან, შეტევის წარუმატებლობისა და დასავლეთის სანქციების რეალური შედეგების შესახებ. ამასთან, პენტაგონის პრესსპიკერის, ჯონ კირბის განცხადებით, პუტინი უკრაინაში შეჭრის შესახებ თავდაცვის სამინისტროსგან „ყოველ ნაბიჯზე სრულად ინფორმირებული" არ იყო. სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" უკრაინის ომთან დაკავშირებულ მოვლენებზე საუბრისას პუტინისა და შოიგუს შესაძლო დაპირისპირებასაც შეეხო, რომელიც შეიძლება მოლაპარაკებებსა და ბლიცკრიგის ჩავარდნას უკავშირდებოდეს. „პუტინსა და შოიგუს, ანუ „სილოვიკებს" შორის დაპირისპირება ნამდვილად გასაკვირი არაა, რადგან პუტინმა სამხედროებს არაზუსტი მიზნები და ამოცანები დაუსახა. რუს სამხედროებს უჭირთ გაერკვნენ თუ რაში მონაწილეობენ. ბლიცკრიგის ჩავარდნის შემდეგ, გეგმები მუდივად იცვლება. ასევე შოიგუ და პატრუშევი მოლაპარაკებების სასტიკი წინააღმდეგები არიან და პუტინის პოზიცია ვერ გაარკვიეს. მოლაპარაკებების რუსული მხარის წარმომადგენელი მედინსკი პუტინთან შეთანხმების გარეშე რომ არ იმოქმედებდა, ესეც ფაქტია, ის პირადი მრჩეველია. „პუტინმა მოლაპარაკებების ბოლო ვარიანტი მედისნკის მეშვეობით დასატესტად შეაგდო, როგორც ჩანს მიხვდა, რომ შოიგუ და მისი თანამოაზრეები სასტიკი წინააღმდეგები არიან და უკან დაიხია, მაგრამ ასეთ პირობებზე რომ ხელი მოწერილიყო, პუტინი წინააღმდეგი არ იქნებოდა. ეს შეთანხმება კი აბრამოვიჩის გარეშე არ გამოვიდოდა. ის ლიბერალებისა და ოლიგარქების კლანების წარმომადგენელია, კლანური დაპირისპირებებია და პუტინი კლანებს შორის სულ მანევრირებს, ახლა კი ეს მანევრები არ გამოსდის," - განაცხადა მან”, - დასძენს გამოცემა.

„მისივე თქმით, ომი გადამწყვეტ ფაზაში შედის, რომლის შედეგი დამოკიდებულია როგორ დახვდება უკრაინა და რა ძალებს შეიყვანს რუსეთი, ეს კი შესაძლოა ორ თვემდე მაინც გასტანოს. „ომი გადამწყვეტ მომენტში შედის, რადგან რუსეთმა მეორე ფაზის ამოქმედება დაიწყო, სადივიზიო ნაწილების შეყვანა დაიწყეს, რომლებიც პუტინმა თავიდანვე არ შეიყვანა. პუტინის მთავარი იდეაა, რომ დონბასი დაიკავოს, ბრძოლისუნარიანი შენაერთი ალყაში მოაქციოს და ამის მერე დაიკავოს დნეპრი, ზაპოროჟიე, ნიკოლაევი და გავიდეს დნესტრისპირეთის მიმართულებით, რომ მოლდოვაზე საკმაოდ სერიოზული გავლენა ჰქონდეს. „თუ მხარეები დროებით დაზავდნენ, მაშინ ნეიტრალიტეტზე რეფერენდუმის მიღწევა შესაძლებელი იქნება. რაც შეეხება დასავლეთს, იმის გამო, რომ ყველა ერთ აზრზე არაა, ევროკავშირსა და ამერიკას სურს გაიგოს, ვინ სადაა და როგორ, ამიტომაც იწყებენ ერთობლივ სტრატეგიულ დიალოგს. ჰქონდეთ საერთო პოზიცია, რომ რუსეთს წინააღმდეგობა გაუწიონ. „საქართველოს რაც შეეხება, უკვე ცხინვალში შემოაგდეს თემა, რომ მიერთებას აპირებენ, 10 აპრილს ე.წ. პრეზიდენტის არჩევნებია და სავარაუდოდ მაისში რეფერენდუმს ჩაატარებენ, ეს ფაქტიურად ჩვენთვის ომის გამოცხადების ტოლფასია, ეს პირდაპირი ანექსიაა. აფხაზეთმა თავი შეიკავა და არც არაფერს არ აპირებდა, მას თავისი ე.წ. სახელმწიფოს აშენება უნდა მაგრამ მას სხვა რამეს შესთავაზებენ რა მნიშვნელობა აქვს. „ახლა სიუტუაცია გაურკვეველია, უკრაინაში ომის დასრულება დამოკიდებულია მეორე სამხედრო ფაზის განვითარებაზე, ანუ რა ძალით შევლენ რუსები და უკრაინა რა ძალით დახვდება.ვფიქრობ, რომ ეს საომარი მოქმედებები კიდევ ორ თვეს მაინც გაიწელება." - განაცხადა მაისაიამ", - წერს სტატიის ავტორი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს