ვლადიმერ მგალობლიშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“ და მათი თანამოძმეები წინასწარ არიან შეგუებულები, რომ არჩევნები წაგებული აქვთ - მიზანი აქვთ წინასწარ, უსაფუძვლო ალიბების შექმნა, თუ რატომ წააგებენ არჩევნებს

ვლადიმერ მგალობლიშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“ და მათი თანამოძმეები წინასწარ არიან შეგუებულები, რომ არჩევნები წაგებული აქვთ - მიზანი აქვთ წინასწარ, უსაფუძვლო ალიბების შექმნა, თუ რატომ წააგებენ არჩევნებს

„ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“ და მათი თანამოძმეები წინასწარ არიან შეგუებულები, რომ არჩევნები წაგებული აქვთ - მიზანი აქვთ წინასწარ, უსაფუძვლო ალიბების შექმნა, თუ რატომ წააგებენ არჩევნებს, - ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა ვლადიმერ მგალობლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციის ბრალდებებს, რომ ხმის მიცემის ელექტრონული ტექნოლოგიების ხარვეზები ხელოვნურადაა გამოწვეული.

როგორც მგალობლიშვილი აღნიშნავს, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენება საპილოტე რეჟიმში მიმდინარეობს და ასეთ დროს ხარვეზები ყოველთვისაა.

„ისინი მთელი დღის განმავლობაში არჩევნებზე თითქოსდა დარღვევების დასადასტურებლად მხოლოდ ხარვეზებზე საუბრობენ. ეს ინოვაციური ელექტრონული საარჩევნო სისტემა დღეს ბათუმში პირველად გამოიცდება. როდესაც საპილოტე რეჟიმში მიმდინარეობს პროცესი, ხარვეზები ყოველთვისაა. კარგად იციან, ეს როგორი ხარვეზიცაა, თუმცა ეს აწყობთ. „ნაციონალურ მოძრაობა“, „ლელო“ და მათი თანამოძმეები წინასწარ არიან შეგუებულები, რომ არჩევნები წაგებული აქვთ. მიზანი აქვთ წინასწარ, უსაფუძვლო ალიბების შექმნა, თუ რატომ წააგებენ არჩევნებს“, - განაცხადა ვლადიმერ მგალობლიშვილმა.

რაც შეეხება იმას, რომ "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" განცხადებით, ბათუმში „პერიმეტრის რეგულაციების დარღვევაზე რეაგირების მიზნით, ორგანიზაციამ ორ შემთხვევაში სამართალდამცავ პირებს მიმართა“, მგალობლიშვილი ამბობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ყველა ზომას მიიღებს. ხოლო ორგანიზაციის შეფასებას, რომ დამკვირვებლებმა საარჩევნო უბნებთან სამარშრუტო ტაქსები შენიშნეს, რითაც ხდებოდა ამომრჩეველთა უბნებზე გადმოყვანა, ვლადიმერ მგალობლიშვილი არასერიოზულს უწოდებს.

„კარგია, თუ პოლიცია გამოძახებულია. ეს იმას ნიშნავს, რომ კანონის ფარგლებში შსს მიიღებს ყველა შესაბამის ზომას და განიმუხტება ის დაძაბული ვითარება, რომელიც ხელოვნურადაა შექმნილი. ეს არის ბრალდება ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე. ეს არის არასერიოზული ბრალდება“,- განაცხადა ვლადიმერ მგალობლიშვილმა.

ოპოზიციის ბრალდებაზე კი, რომ ე.წ. ოცნების ქალაქთან „ძველი ბიჭები“ არიან მობილიზებულები, რომლებიც ამომრჩევლებზე ზეწოლას ახდენენ, მგალობლიშვილი ამბობს, რომ ოპოზიცია ამას ვერ ადასტურებს.

„ძველი ბიჭების“ ცნება რას ნიშნავს ამ შემთხვევაში არ მესმის. მუდმივად „ძველ ბიჭებზე“ აპელირებენ, მაგრამ, როდესაც უბანთან ვდგავართ და ვეუბნებით, რომ აბა, გვაჩვენეთ, რომელი „ძველი ბიჭი“ ეწევა აგიტაციას, ასეთ ფაქტებს ვერ წარმოადგენენ ხოლმე, ეს სჭირდებათ სიტყვის მასალისთვის და იმისთვის, რომ საერთაშორისო დამკვირვებლებს ანგაჟირებული ინფორმაცია მიაწოდონ“,- განაცხადა ვლადიმერ მგალობლიშვილმა.