გიორგი სიორიძე - გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს თორნიკე რიჟვაძესთან დაკავშირებით შემთხვევას სამართლებრივი კვალიფიკაცია მივეცი - ამ დეზინფორმაციაზე დაყრდნობით, „ქართული ოცნების“ წევრებისგან გავრცელდა უღირსი განცხადება

ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილისა და „ლელოს“ წევრის გიორგი სიორიძის განცხადებით, საარჩევნო კანონმდებლობა კრძალავს კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნებსა და მის მიმდებარედ აგიტაციას და თორნიკე რიჟვაძისგან მსგავს ქმედებას რომ ჰქონოდა ადგილი, ეს აკრძალულ ქმედებად ჩაითვლებოდა.

როგორც სიორიძე აღნიშნავს, თავდაპირველად მან რიჟვაძის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით საარჩევნო კანონმდებლობა განმარტა, რაც კონტექსტიდან ამოგლეჯილად გავრცელდა. მისივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით დეზინფორმაციის გავრცელების შემდეგ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა „უღირსი განცხადებები“ გააკეთეს.

„ჩემი აქტიურობა ბათუმში, ამ უმნიშვნელოვანესი არჩევნების დღეს, ძალიან ბევრი არაკომპეტენტური, პროვოკაციული და უღირსი რეაქციის საფუძველი გახდა, რაც გადაუმოწმებელ და გაუანალიზებელ ინფორმაციაზე დაყრდნობით ვრცელდება.

თორნიკე რიჟვაძის განცხადების თაობაზე, განვმარტე საარჩევნო კანონმდებლობა. საარჩევნო კანონმდებლობა პირდაპირ განსაზღვრავს აგიტაციის აკრძალვის შემთხვევებს, რაც, მაგალითად, გამოიხატება კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნებსა და მის მიმდებარედ აგიტაციის დაუშვებლობაში. ხაზი გავუსვი, რომ ასეთ შემთხვევაში კანონმდებლობიდან გამომდინარე განცხადების გაკეთების ადგილმდებარეობას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. თუ მსგავს შემთხვევას ბატონი რიჟვაძისგან ექნებოდა ადგილი, ეს სწორედ აკრძალული ქმედებად ჩაითვლებოდა.

შედეგად, გავრცელდა კონტექსტიდან სრულად ამოგლეჯილი ინფორმაცია, თითქოს და მე ამ კონკრეტულ შემთხვევას სამართლებრივი კვალიფიკაცია მივეცი.

ხსენებულ დეზინფორმაციაზე დაყრდნობით, „ქართული ოცნების“ წევრებისგან გავრცელდა არაკომპეტენტური და უღირსი განცხადება. ამასთან, მათივე თქმით, ჩაიხლართა შეთქმულების თეორია, თითქოს ოპოზიციას სურდა ჩემი კანდიდატურა ცესკოს თავმჯდომარედ, რასაც ადგილი არასდროს ჰქონია და ვერც ექნებოდა, რადგან ეს სრული აბსურდი და სამართლებრივად შეუძლებელი რამაა.

ნათელია, რომ მმართველი ძალა ცდილობს ჩემს დისკრედიტაციას, რადგან მე ვიმყოფები არჩევნების ეპიცენტრში, ველზე და ყველანაირად ვცდილობ, რომ ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვით საფუძველი ჩავუყაროთ ჩვენი ქვეყნის არჩევნების უკეთეს მომავალს. სწორედ ეს აწუხებს და პანიკაში აგდებს "ქართულ ოცნებას".

საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლი მკაფიოდ განმარტავს აკრძალული აგიტაციის შემთხვევებს და განსაკუთრებული კომპეტენცია სულაც არ არის საჭირო, ამ კანონის წაკითხვისთვის. თუმცა, საკითხავია, ეყოფათ თუ არა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს იმის გამბედაობა, რომ ბოდიში მაინც მოიხადონ იმ სიბინძურისა და ცილისწამებისთვის, რომელიც სრულიად დაუმსახურებლად მომართეს ჩემს წინააღმდეგ“,- განაცხადა გიორგი სიორიძემ.

ცნობისთვის, დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ამომრჩევლებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ „ქართული ოცნების“ კანდიდატ, რამაზ ჯინჭარაძეს. რიჟვაძის ამ განცხადებას შეკითხვები მოჰყვა მედიის მხრიდან, იყო თუ არა ეს კანონდარღვევა. ამ საკითხზე გიორგი სიორიძის თავდაპირველი განცხადების პასუხად, სადაც სიორიძემ საარჩევნო კანონმდებლობაზე ისაუბრა, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა ვლადიმერ მგალობლიშვილმა განაცხადა, რომ საარჩევნო კოდექსის თანახმად, არჩევნების დღეს აკრძალულია მხოლოდ სატელევიზიო რეკლამების ეთერში გაშვება და სხვა საჯარო მოწოდება ნებადართულია.

„თუ ეს ბატონმა სიორიძემ არ იცის, ეს არაკომპეტენტურობაა და დიდი სირცხვილი მას. თუ იცის და მიზანმიმართულად აკეთებს, ეს პროვოკაცია და ასევე სირცხვილია. ოპოზიცია აპელირებდა, უნდოდა ცესკოს თავმჯდომარე მათი კანდიდატი ყოფილიყო - ბატონი სიორიძე რომ ყოფილიყო ცესკოს თავმჯდომარე და მსგავსი პროვოკაციული განცხადებები გაეკეთებინა, წარმოიდგინეთ, საერთაშორისო თანამეგობრობაში რა აჟიოტაჟს გამოიწვევდა ეს სამარცხვინო, არაკომპეტენტური და პროვოკაციული განცხადება“,- განაცხადა ვლადიმერ მგალობლიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა