ქართული პრესის მიმოხილვა 04.04.2022

ხათუნა ლაგაზიძე - “დასავლეთმა კარგად დაინახა, რომ შეიძლება განადგურების საფრთხე დაემუქროს”

სასაკლაო ბუჩაში - მსოფლიო რუსების სისასტიკით გაოგნებულია

ვახტანგ კაპანაძე - რა იარაღი დარჩა რუსეთს უკრაინაში გამოუყენებელი

ახალი სტალინგრადი - რატომ აქვს მარიუპოლს უდიდესი მნიშვნელობა როგორც რუსებითვის, ისე უკრაინელებისათვის

პაატა ზაქარეიშვილი - “რუსეთს ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა ჩვენთან სავაჭროდ სჭირდება! “

* * *

ხათუნა ლაგაზიძე - “დასავლეთმა კარგად დაინახა, რომ შეიძლება განადგურების საფრთხე დაემუქროს”

“უკრაინელების შეთავაზება, რომელიც სტამბოლში მოვისმინეთ, ნამდვილად აჩვენებს უკრაინის საგარეო-პოლიტიკური გუნდის მაღალ პროფესიონალიზმს. ამას მოწმობს იმ ქვეყნების ნუსხაც, რომელთაც უკრაინა თავისი უსაფრთხოების გარანტორებად განიხილავს სამშვიდობო ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემთხვევაში. მათ შორის არის ქვეყნები, რომელთა ამ სიაში აღმოჩენას ყველა ველოდით, მაგალითად, აშშ თუ დიდი ბრიტანეთი, მაგრამ არის ქვეყნებიც, რომელთა გარანტორობა გლობალურად შეცვლის მსოფლიოს წესრიგს და, ამასთანავე, ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. დავიწყოთ გერმანიით. ამ ქვეყნის უსაფრთხოების გარანტორობა იქნება მისი თავდაცვითი და უსაფრთხოების როლის სრულიად ახლებური გააზრება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, თუმცა ამ ჩამონათვალში ჩინეთის მოხვედრა, შეიძლება ითქვას, ყველაზე დიდი მოულოდნელობაა”, - აცხადებს ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “დასავლეთმა კარგად დაინახა, რომ შეიძლება განადგურების საფრთხე დაემუქროს” / “მსოფლიოს მომარაგების ლოჯისტიკური სქემების შეცვლით სულ უფრო ხშირად დგება დღის წესრიგში საქართველოზე გამავალი ე.წ. შუა დერეფნის საკითხი და იზრდება მისი მნიშვნელობაც”.

“თუ ეს განხორციელდა, მივიღებთ წინაპირობას იმისა, რომ ჩინეთის ჩაერთვება მსოფლიოს ახალ, ერთიან უსაფრთხოების სტრუქტურაში, მიუხედავად ბევრი წინააღმდეგობისა. რუსეთი სრულიად განდეგილი რჩება ევროპის უსაფრთხოების ამ ახალ არქიტექტურაში და, რაც მთავარია, მან ხელი უნდა მოაწეროს დოკუმენტს, რომელიც უკრაინის უსაფრთხოების გარანტიასთან ერთად, ითვალისწინებს მისი დასჯის მექანიზმებსაც, თუკი კვლავ შეეცდება უკრაინაში შეჭრას. ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ ჩამონათვალში თურქეთის მოხვედრა და მისი როლი ევროპის უსაფრთხოების ამ სავარაუდო სქემაში. თუ ეს ხელშეკრულება გაფორმდება, მისი, როგორც საქართველოს ერთადერთი ნატოს წევრი მეზობლის, როლი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაში უფრო გაიზრდება. უკრაინის ინტერესი, უპირველესად, საკუთარი უსაფრთხოების დაცვაა და ამიტომაც ცდილობს ამის გარანტად ბევრი ქვეყანა აქციოს, მაგრამ ამ სავარაუდო გარანტორი ქვეყნების თანავარსკვლავედი იმასაც მოწმობს, რომ უკრაინას აქვს ამბიცია, სწორედ ის იყოს ევროპის უსაფრთხოების მომავალი არქიტექტურის ერთ-ერთი მთავარი ავტორი”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ხათუნა ლაგაზიძე.

“დიახ, დღეს უკრაინას აქვს ამის ჯანსაღი ამბიცია, რაც სრულიად საფუძვლიანია, ის იმსახურებს, იყოს ევროპული თუ მსოფლიოს უსაფრთხოების მომავალი არქიტექტორი, თუმცა ეს ჯერ არის უკრაინელების განაცხადი და საქმედ რომ იქცეს, კიდევ ბევრი დრო და მუშაობა დასჭირდება. ამასთანავე, არ არის გამორიცხული მისი კორექტირებაც. რაც შეეხება რუსეთს, ლაპარაკი იმაზე, რომ დღეს ეს ქვეყანა მზად არის, ხელი მოაწეროს ამ ხელშეკრულებას, დიდი გულუბრყვილობა იქნებოდა, მით უფრო, რომ ამ მოლაპარაკებებზე რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი არ იზიარებს არახამიას ოპტიმიზმს ზელენსკისა და პუტინის შეხვედრის თაობაზე. გავიხსენოთ, ამ ხელშეკრულებების პირობების მიღმა როგორი ვითარებაა ბრძოლის ველზე. თეორიულად რომც დავუშვათ, რომ ხვალ ომი შეწყდება და ხელშეკრულება ამოქმედდება, ფაქტობრივად, გაურკვეველი რჩება ყირიმის მომავალი და უფრო გაუგებარია დონეცკისა და ლუგანსკის საკითხი. ითქვა, ამაზე პუტინი და ზელენსკი პირისპირ შეხვედრისას იმსჯელებენო... მოკლედ, ყველაზე რთული საკითხები, რომლებიც უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას ეხება, ღიად არის დარჩენილი, თუმცა ამით ვაჭრობას უკრაინა არ აპირებს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ფრონტის დღევანდელი სურათის მიხედვით, ამ ეტაპზე არც რუსეთს და არც უკრაინას ომის შეწყვეტა ხელს არ აძლევთ. რუსულმა შეიარაღებულმა ძალებმა დატოვეს კიევის შემოგარენი და გადაჯგუფება ხდება უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ. ამ მიმართულებით თავისი ძალების მობილიზებას იწყებს უკრაინაც. ელიან, რომ მძიმე და ხანგრძლივი ბრძოლები სწორედ აქ დაიწყება. რუსეთს ჯერჯერობით არც ერთი სტრატეგიული მიზნისთვის არ მიუღწევია. აღარაფერს ვამბობ კრემლის პირვანდელ რიტორიკაზე, როდესაც უკრაინის სრულ ე.წ.დენაციფიკაციას და დაპყრობას აპირებდნენ, გეგმავდნენ რა ხელისუფლების შეცვლას და უკრაინის სათავეში კრემლისთვის სასურველი მთავრობის მოყვანას. დღეს უკვე ჩანს, რომ ეს, ფაქტობრივად, მიუღწეველია. რუსეთმა ჯერჯერობით დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების სრული კონტროლიც ვერ შეძლო. ასევე ვერ მოახერხა სრული კონტროლის შენარჩუნება ყირიმთან სახმელეთო კორიდორზე - აღარაფერს ვამბობ უფრო სიღრმეში, დნესტრისპირეთამდე მისვლაზე. პუტინს ჯერჯერობით ხელთ ისეთი არაფერი აქვს, რასაც თავის მოსახლეობას საკუთარ მიღწევად შეასაღებდა”, - მიიჩნევს ექსპერტი.

“ახლანდელი სტატუს კვო რუსეთისთვის არაფრის მომცემია, ისევე, როგორც უკრაინისთვის.იმ ვითარებაში, როცა რუსეთი უკრაინელი ერის გენოციდს ახორციელებს, კაცობრიობის წინაშე დანაშაულს სჩადის, დაიღუპა ამდენი ადამიანი, განადგურდა უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურა და ეკონომიკა, წარმოუდგენლად რთული იქნება უკრაინის მოსახლეობისთვის იმის შეთავაზება, რომ უკრაინა დაეთანხმოს 23 თებერვლის სტატუს კვოს, თან ისე, რომ რუსეთს ისევ ჰქონდეს პრეტენზია დონეცკსა და ლუგანსკზე. ანუ თუ მოლაპარაკების შედეგად უკრაინა დაუბრუნდება 23 თებერვლის მდგომარეობას ანექსირებული ყირიმით, ნახევრად ოკუპირებული დონეცკითა და ლუგანსკით და მათი გაურკვეველი სტატუსით, ბუნებრივია, უკრაინის მოსახლეობა დასვამს კითხვას: მაშ, რას შეეწირა ამდენი ადამიანი, რა საჭირო იყო ამხელა მსხვერპლი, რატომ გამოატარეს უკრაინას ჯოჯოხეთი?! ამიტომ ამგვარ შეთანხმებას არც უკრაინის ხელისუფლება დასთანხმდება, არც - არმია და არც - მოსახლეობა. ამიტომაც დღევანდელი მოცემულობა ნაკლებად იძლევა იმედს, რომ მოლაპარაკებები უახლოეს მომავალში შედეგიანი იქნება”, - დაასკვნის ხათუნა ლაგაზიძე.

“ომის დაწყების 40 დღის შემდეგ რუსეთისთვის პროგრამა მაქსიმუმი უკვე ყირიმამდე სახმელეთო გასასვლელის გაჭრა-შენარჩუნება და ამის შემდეგ რეალური მოლაპარაკებების დაწყებაა. მანამდე კიდევ როგორ ენით აღუწერელ დანაშაულებს ჩაიდენს, არავინ იცის...იმისთვის, რომ უკრაინამ შეძლოს თავის სამხრეთ-აღმოსავლეთ ფლანგზე გარდატეხის შეტანა, მას სულ სხვა ტიპის შეიარაღება სჭირდება. ბოლო დღეების განმავლობაში გაჩნდა ინფორმაცია უკრაინისთვის შეტევითი შეიარაღების მიწოდებაზე დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, აშშ-ის მხრიდან. ბოლო ინფორმაციით, აშშ უკრაინისთვის დამატებით 300 მილიონი დოლარის ღირებულების შეიარაღებას გამოყოფს, მათ შორის - საჰაერო თავდაცვის იარაღს, უპილოტო საფრენ აპარატებსა და ჯავშანტექნიკას, ასევე - შემტევ და ლაზერული დამიზნების სარაკეტო სისტემებს. ეს უკვე ომის ახალი ეტაპია. რეალურად რომ ვთქვათ, დასავლეთსაც არ აძლევს ხელს რუსეთის დღევანდელი სახით “დაკონსერვება” თავისი მილიტარისტული, შოვინისტური და ფაშისტური მისწრაფებებით მმართველ ელიტასა თუ მოსახლეობაში. როგორც მოხდა გერმანიის დენაციფიკაცია, სწორედ ამგვარად უნდა განიკურნოს ეს ქვეყანაც რუსული ფაშიზმისგან. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება ვილაპარაკოთ მსოფლიოში სამომავლო მშვიდობაზე”, - ამტკიცებს რესპონდენტი.

“თუ შეიძლება ომის დადებით შედეგებზე ლაპარაკი, მაშინ უნდა ითქვას, რომ ამ ომმა რამდენიმე პოზიტიური შედეგი უკვე მოიტანა. ეს არის, უპირველესად, დასავლეთის გამოფხიზლება და გაერთიანება. ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში პირველად დასავლეთის მომხმარებლურმა საზოგადოებამ დაინახა, რომ მას შეიძლება ფიზიკური განადგურების საფრთხე დაემუქროს და გააკეთა არჩევანი უსაფრთხოების სასარგებლოდ კეთილდღეობის შემცირების ხარჯზე. კიდევ ერთი დადებითი, რაც უკრაინამ თავისი ბრძოლით შეძლო, ის არის, რომ რაინდობის მშობელ ევროპაში რაინდული ეთიკა დააბრუნა. დიახ, უკრაინამ შეძლო ამ უკიდურესად რაციონალურ, ზეტექნოლოგიურ ერაში ღირებულებები გაეცოცხლებინა. მინდა მკითხველის ყურადღება ერთ საკითხზეც გავამახვილო, რაც ჩვენი ქვეყნის მომავალი უსაფრთხოებისა და სახელმწიფოებრიობისთვისაც მნიშვნელოვანია. ეს არის “სამოქალაქო ნაციონალიზმის” თემა, რამაც უკრაინელი ერი შეკრა, რაზეც დგას უკრაინის დღევანდელი თავდაცვა და რაზეც წაიტეხა ცხვირი რუსეთმა. ვგულისხმობ იმას, რომ ქვეყნის დასაცავად ერთმანეთის გვერდით დგანან ეთნიკურად უკრაინელი და ეთნიკურად რუსი, ქრისტიანი და მაჰმადიანი მოქალაქეები და ერთნაირი თავგანწირვით იცავენ სამშობლოს _ უკრაინას. ეს პუტინისთვის წარმოუდგენელი იყო!” - განმარტავს ექსპერტი.

“უკრაინის იმ ქალაქების მიმართ, სადაც რუსულენოვანი მოსახლეობა ცხოვრობს, რუსული არმიის განსაკუთრებული სისასტიკე გარკვეულწილად იმითაც არის განპირობებული, რომ პუტინის არმია შურისძიებას ცდილობს მათზე, ვისაც მოღალატედ მიიჩნევს. მათ ვერ წარმოედგინათ, რომ შეიძლებოდა უკრაინის რუსულენოვან მოქალაქეებს, ეთნიკური უკრაინელების მსგავსად, თავი დაედოთ უკრაინისთვის. ეს არის უნიკალური გამოცდილება და წვლილი მსოფლიოში მომავალი მშვიდობისთვის. სამოქალაქო იდენტობისა და პასუხისმგებლობის ვიწრო ეთნიკურ თუ კონფესიურ იდენტობაზე მაღლა დაყენება ჩვენნაირი ქვეყნისთვისაც უმნიშვნელოვანესი მაგალითია. როცა დადებით მაგალითებზე ვლაპარაკობთ, აუცილებლად უნდა ვახსენოთ უკრაინის ტერიტორიული თავდაცვაც, რაც დაეფუძნა რეალურად არჩეულ თვითმმართველობებს. სწორედ არჩეული მერები და თვითმმართველი ორგანოების სხვა წარმომადგენლები არ გაურბიან პასუხისმგებლობას და დგანან თავიანთი ტერიტორიული ერთეულების დაცვის სათავეში. მოსახლეობაც ენდობა საკუთარ არჩევანს, ხედავს მათივე რჩეულების მოქმედებას და ბრძოლაშიც მიჰყვება. ეს ურთიერთპასუხისმგებლობა, ურთიერთნდობა აღმოჩნდა საოცარი ფენომენი, რომელსაც ტერიტორიული თავდაცვა დაერქვა. ეს ჩვენთვისაც უნდა იქცეს მნიშვნელოვან მაგალითად. მოკლედ, უკრაინა საოცარ პრეცედენტებს ქმნის ომის შემდგომი საქართველოსა და მთელი მსოფლიოსთვის”, - თვლის ლაგაზიძე.

“ნეიტრალიტეტი იმ გაგებით, რასაც რუსეთი გულისხმობდა ჯერ კიდევ დეკემბრის ულტიმატუმით, რომელშიც უკრაინასთან ერთად საქართველოც იყო ნახსენები, ასეთი იყო: უარის თქმა ნატოზე და ნებისმიერ სხვა სამხედრო ალიანსზე; ამ ქვეყნების ტერიტორიაზე სხვა ქვეყნის სამხედრო ბაზების განთავსების აკრძალვა; უცხოური შეიარაღებისა და ნატოს წევრ ქვეყნებთან ერთად სამხედრო წვრთნების დაუშვებლობა. ამასთანვე, უკრაინასა და საქართველოს შეიარაღებულ ძალთა რაოდენობა, ისევე, როგორც შეტევითი შეიარაღება უნდა შეემცირებინათ მინიმუმამდე. ეს იყო რუსეთის მოთხოვნების პაკეტი, ანუ რეალურად - უკრაინისა და საქართველოს სახელმწიფოთა კასტრაცია და მათი ანექსიისთვის შემზადება.ახლა ვნახოთ, მოლაპარაკების ამჟამინდელ ეტაპზე რა პირობებს აყენებს უკრაინა, რაზეც რუსეთს კატეგორიული უარი არ უთქვამს და მაგიდა არ აუყირავებია, მიუხედავად იმისა, რომ აცხადებს, ჯერ ხელშეკრულების ხელმოწერამდე შორიაო: დღეს უკრაინას აქვს იმდენი და ისეთი შეიარაღება, რაც ომამდე არც დაესიზმრებოდა; მას ეყოლება ისეთი შეიარაღებული ძალები, როგორსაც მოისურვებს; უკრაინის მიერ იარაღის წარმოების შეზღუდვაზე ლაპარაკი არ არის, გარდა მასობრივი განადგურების იარაღისა. უკრაინა უარს იტყვის ნატოსა და ნებისმიერ სხვა სამხედრო ალიანსში გაწევრებაზე, მაგრამ ამისთვის ითხოვს უსაფრთხოების ძალიან სერიოზულ გარანტიებს”, - ამბობს ექსპერტი.

“გარანტორი ქვეყნები, რუსეთის აგრესიის შემთხვევაში, 72 საათში ვალდებული იქნებიან, უკრაინის სრული სამხედრო დაცვა დაიწყონ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ პირობებით უკრაინა ევროკავშირში დაჩქარებული წესით უნდა მიიღონ. აქ არის ერთი მეტად საინტერესო მომენტი: მოგეხსენებათ, ტრამპის პრეზიდენტობის შემდეგ განსაკუთრებით საფრანგეთი ლობირებდა და დღესაც მაკრონი აქტიურად განიხილავს ევროკავშირის ფარგლებში სწრაფი რეაგირების შეიარაღებული ძალების შექმნის საკითხს. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ეს საკითხი უფრო აქტუალური გახდა. თუ ევროკავშირს ეყოლება თავისი სამხედრო ძალები და უკრაინაც დაჩქარებული წესით გახდება მისი წევრი, გამოდის, რომ მას დაეკისრება ვალდებულება, თავისი ჯარები ევროკავშირის ერთიან შეიარაღებულ დანაყოფში შეიყვანოს და ეს დანაყოფიც ვალდებული იქნება, უკრაინა დაიცვას. მაშ, რა ნეიტრალიტეტზე ვლაპარაკობთ? თუ ეს საკითხი გადაიჭრა, გამოდის, რომ ევროკავშირიც იძენს სამხედრო-პოლიტიკური ერთობის ფუნქციას. ასე რომ, დღეს უკრაინის ნეიტრალიტეტზე ლაპარაკი არის ლეგენდა იმისთვის, რომ რუსეთის დღევანდელმა ხელისუფლებამ თავისი მოსახლეობის თვალში სახე შეინარჩუნოს. ამასთან, უკრაინის ხელისუფლების პოზიცია - ნეიტრალიტეტი იქნება თუ სხვა რამ, უკრაინის მოსახლეობამ რეფერენდუმზე უნდა უარყოს ან დაადასტუროს, ასე რომ, საბოლოო მოლაპარაკებამდე ჯერ გრძელი გზაა. საბრძოლო მოქმედებების გაგრძელების კვალობაზე, ბუნებრივია, ხელშეკრულების პირობებიც შეიძლება შეიცვალოს”, - აღნიშნავს ლაგაზიძე.

“რაც შეეხება საქართველოს... დღეს შექმნილი ვითარების გამო, რუსეთისგან მომდინარე საფრთხის გათვალისწინებით, ის ევროპული ქვეყნები, რომლებიც მეტ-ნაკლებად ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდნენ, დღეს ნატოში გაწევრებაზე ალაპარაკდნენ და ჩვენს ნეიტრალიტეტზე ფიქრიც კი შეუძლებელია. ნეიტრალიტეტის პირობებში სახელმწიფოს უნდა შეეძლოს თავის დაცვა გარე დახმარების გარეშე. სახელმწიფოს ამისთვის საჭირო ფინანსებიც უნდა ჰქონდეს, მოსახლეობის რაოდენობა და ჯარიც საკმარისი ჰყავდეს. ამასთანავე, აუცილებელია მეზობელი ქვეყნების თანხმობა და რეალური ვალდებულება, რომ ისინი არ ხელყოფენ ამ სახელმწიფო საზღვრებს. საქართველოს შემთხვევაში ერთიც შეუძლებელია და მეორეც. როდესაც მეზობლად რუსეთი გყავს, ვერანაირი სამხედრო შეიარაღება და ჯარის რაოდენობა ვერ გაძლევს გარანტიას, რომ სამხედრო დახმარების გარეშე მას გაუმკლავდები. თანაც რუსეთი ცნობილია ხელშეკრულებებისა და ვალდებულებების მუდმივად დამრღვევის სახელით. მოკლედ, დღეს ნეიტრალიტეტზე ლაპარაკი ნიშნავს საქართველოს სახელმწიფოს გაუქმებაზე ლაპარაკს. ვინც სვამს კითხვას, ნეიტრალიტეტი გვინდა თუ არა, ის რეალურად საკითხს სვამს ასე: გვინდა თუ არა, საქართველო არსებობდეს, როგორც სახელმწიფო. ნეიტრალიტეტზე ლაპარაკი მაშინ, როცა არ გაქვს უსაფრთხოების გარანტიები, სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ სვლაა”, - აცხადებს რესპონდენტი.

“უკრაინა ომობს და გასაგებია, რომ თავისი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნებისგან მაქსიმუმს ითხოვს. ზელენსკი ასეთივე ტონით ელაპარაკება მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის ლიდერს. სხვაგვარად მათი გამოფხიზლება და გაერთიანება რთული ამოცანა იქნებოდა. უკრაინის ხელისუფლების ამგვარი საინფორმაციო პოლიტიკის, სტრატეგიული კომუნიკაციის დამსახურებაც არის, რომ დასავლეთმა, ბოლოს და ბოლოს, დაინახა, კეთილდღეობასა და კომფორტზე გაფაციცებული დასავლური საზოგადოება როგორ დადგა არსებობის საფრთხის წინაშე. ეს არის სწორედ უკრაინის ხელისუფლების ძალიან ხისტი, კრიტიკული რიტორიკის დამსახურება. რუსეთი ხომ მხოლოდ უკრაინისთვის არ არის გამოწვევა, ეს არის გლობალური საფრთხე. განგაშის ზარი, რომელსაც ზელენსკი არა მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიოს გასაგონად რეკავს, მხოლოდ უკრაინის გადასარჩენად კი არა, ჩვენი და მთელი მსოფლიოს გადასარჩენად დარეკილი ზარია. დღეს საქართველოს სახელმწიფოებრიობის საკითხი უკრაინაში წყდება. თუ ის გაიმარჯვებს, ჩვენ, როგორც სახელმწიფო, გადავრჩებით. აქვე ვიტყვი, რომ უკვე ყოფილ ელჩზე ჯოხის გადატეხით ზელენსკიმ მეორე შანსი მისცა საქართველოს ხელისუფლებას”, - დარწმუნებულია ექსპერტი.

“საქმე ის არის, რომ სანქციების ნაწილს საქართველოს ხელისუფლება უკვე მიერთებულია, საერთაშორისო ფორუმებზეც ჩვენ მუდმივად ვუჭერთ მხარს უკრაინას, ამიტომ ეს რიტორიკა, უკრაინის მიმართ კონფრონტაციული ტონი სრულიად გამაოგნებელი და გაუგებარია. ხელისუფლების მართული მედია და ტროლ-ბოტები მიზანმიმართულად ანგრევენ უკრაინის ხელისუფლების იმიჯს. დღეს საქართველოს ხელისუფლება ცდილობს არა უკრაინის ხელისუფლებასთან ურთიერთობის გაუმჯობესებას, არამედ, მართალია, ირიბად, მაგრამ მაინც - საკუთარ მომხრეებში უკრაინის ხელისუფლების შავი პიარის აგორებას”, - დასძენს ხათინა ლაგაზიძე და შეკითხვაზე - “მას მერე, რაც რუსეთი უმძიმესი ეკონომიკური სანქციების ტყვეობაში მოექცა, დღის წესრიგში დადგა აღმოსავლეთიდან დასავლეთით და პირიქით ტვირთების გადაზიდვის მარშრუტების შეცვლის საკითხი. ერთ-ერთ გზად განიხილება ტრანზიტი საქართველოს გავლით...”, - პასუხობს:

“დიახ, მსოფლიოს მომარაგების ლოჯისტიკური სქემების შეცვლით სულ უფრო ხშირად დგება დღის წესრიგში საქართველოზე გამავალი ე.წ. შუა დერეფნის საკითხი და იზრდება მისი მნიშვნელობაც. აშკარაა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე გამავალ საკომუნიკაციო არტერიებს სერიოზულ ალტერნატივად ქცევა შეუძლია ტვირთების როგორც აღმოსავლეთიდან დასავლეთით, ისე პირიქით მოძრაობის თვალსაზრისით. ახლა კიდევ უფრო ცხადად ჩანს, რაოდენ მნიშვნელოვანი იყო საქართველოსთვის ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელება და რატომ დაიბლოკა ის...”

სასაკლაო ბუჩაში - მსოფლიო რუსების სისასტიკით გაოგნებულია

“უკრაინელმა სამხედროებმა, რომლებმაც კიევის ოლქის ყველა ტერიტორია დაიბრუნეს, აცხადებენ, რომ გათავისუფლებულ ქალაქებში საშინელება ტრიალებს. ნაპოვნია ასობით ნაწამები მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი არაადამიანურ ვითარებაში. განსაკუთრებით მძიმე სურათია ქალაქ ბუჩაში, სადაც დახვრეტილი უკრაინელების მასობრივი სამარხი იპოვეს. დიდი უბედურება ტრიალებს ირპენშიც, სადაც ოკუპანტებმა ქალები და ბავშვები დაცხრილეს, შემდეგ კი მათ ცხედრებს ტანკით გადაუარეს. ანალიტიკოსთა აზრით, ამ ყველაფერს სამართლებრივი რეაგირება საერთაშორისო სასამართლოს მხრიდან აუცილებლად მოჰყვება, ასევე დასავლეთის მხრიდან იქნება პოლიტიკური შეფასებები, რასაც სანქციების გამკაცრებასა და უკრაინის სამხედრო დახმარების გაზრდაში გამოხატავენ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით სასაკლაო ბუჩაში - მსოფლიო რუსების სისასტიკით გაოგნებულია.

“ბუჩას მერი ანატოლი ფედორუკი აცხადებს, რომ უკრაინის მიერ კონტროლის დაბრუნების შემდეგ მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს, სადაც 300-მდე ცხედარია. სავარაუდოდ, ეს რუსი სამხედროების მიერ დახვრეტილი ტყვეები და მშვიდობიანი მოქალაქეები არიან. დასავლური სააგენტოების ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა ქალაქში მიმოფანტული ნახეს ნაწამები ცხედრები და მათ ნაწილს ზურგს უკან ხელები აქვს შეკრული. ბუჩაში დაბომბვებმა, მიწასთან გასწორებულმა შენობებმა, აფეთქებულმა ავტომობილებმა და პირდაპირ ქუჩებში მიოფანტულმა ცხედრებმა აპოკალიპსური სურათი შექმნა. მაგალითად, გავრცელებული ცნობებით, 16 ადამიანის ცხედარი ქუჩის ტროტუარზე, ან მის მახლობლად ეგდო, სამი შუა გზაზე, ერთი კი სახლის ეზოში. ხელფეხშეკრული გვამის გვერდით კი უკრაინის პასპორტი ეგდო. აღსანიშნავია, რომ ყველა გარდაცვლილი სამოქალაქო ტანსაცმელში იყო, მათ ეცვათ პალტო, ქურთუკი, ჯინსი, ან სპორტული შარვალი, სპორტული ფეხსაცმელი, ან ჩექმა. ორი ცხედარი ველოსიპედის გვერდით ესვენა, კიდევ ერთი კი - მიტოვებული ავტომობილის გვერდით. ზოგი ცხედარი პირქვეა დამხობილი,ზოგი ზურგზე. ქალაქის ერთ-ერთ ქუჩაზე იპოვეს ორი შიშველი ქალის და ერთი ჩაცმული მამაკაცის ცხედარი. სავარაუდოდ, გზის პირას მათ დაწვას აპირებდნენ”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ცხედრების დათვალიერებისას ვარაუდი გამოითქვა, რომ მათი უმრავლესობა რამდენიმე დღის წინაა დახოცილი. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ ბუჩაში ხოცვა-ჟლეტა მიზანმიმართული ქმედება იყო, რადგან რუსების მიზანია მოკლან იმდენი უკრაინელი, რამდენსაც შეძლებენ. “ბუჩაში ადამიანების ხოცვა-ჟლეტა მიზანმიმართული იყო. რუსების მიზანია, მოკლან იმდენი უკრაინელი, რამდენსაც შეძლებენ. ჩვენ უნდა შევაჩეროთ ისინი და გავყაროთ ქვეყნიდან. მოვითხოვ ახალ გამანადგურებელ სანქციებს “დიდი შვიდეულისგან” ახლა. მოვითხოვ: ნავთობზე, გაზსა და ნახშირზე ემბარგოს; რუსული გემებისა და პროდუქტისთვის ყველა პორტის დაკეტვას; რუსეთის ყველა ბანკის “სვიფტ”-ის პროგრამიდან გათიშვას”, - განაცხადა კულებამ. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი მიიჩნევს, რომ მსოფლიო უნდა შეიძრას იმით, რაც უკრაინის ქალაქებში ოკუპანტებმა ჩაიდინეს. მისი თქმით, ბუჩა, ირპინი და ჰოსტომელი წარმოადგენენ სურათს პოსტაპოკალიფსური საშინელებათა ფილმიდან - ჩადენილია დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ”, - განაგრძობს გამოცემა.

“კატასტროფულ სურათზე საუბრობს ირპენის მერი ალექსანდრ მარკუშინიც. მან გათავისუფლებულ ქალაქში ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა, სადაც ამბობს, რომ ქალაქში ათობით ცხედარია ნაპოვნი და მათი უმრავლესობა სასტიკად არის ნაწამები. “ნაღმებმა ბევრი ადამიანი იმსხვერპლა, ბევრი შეეწირა საარტილერიო იერიშებს. ბევრია იმ ადამიანების რაოდენობაც, რომლებიც ოკუპანტებმა ავტომატებიდან დაცხრილეს. პუშკინისა და ლერმონტოვის ქუჩებზე ოკუპანტებმა ქალები და ბავშვები დაცხრილეს, შემდეგ კი მათ ცხედრებს ტანკით გადაუარეს”, - თქვა ირპენის მერმა. ევროპა შოკირებულია. “შეძრწუნებული ვარ ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ გავრცელებული ცნობებით იმ ადგილებიდან, რომლებიც რუსეთმა დატოვა. სასწრაფოდ საჭიროა დამოუკიდებელი გამოძიება. ომის დანაშაულის ჩამდენებმა პასუხი უნდა აგონ”, - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი “ტვიტერზე”. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ამბობს, რომ ბუჩაში მომხდარით შოკირებულია და რომ ევროკავშირი ეხმარება უკრაინას საერთაშორისო სასამართლოებში დევნის დაწყებისთვის აუცილებელი მტკიცებულებების შეგროვებაში”, - დასძენს გამოცემა.

“იურისტი და უფლებადამცველი ლია მუხაშავრია “რეზონანსთან” საუბარში აღნიშნავს, რომ უკრაინაში და კერძოდ ბუჩაში მომხდარი ფაქტები ცალსახად ომის დანაშაულია. “ჟენევის კონვენციის ოთხი ოქმია, რომელიც ცალსახად ადგენს, რომ არ უნდა მოხდეს მშვიდობიანი მოსახლეობისა და მშვიდობიანი მოქალაქის დახვრეტა ან წამება, თუკი ის შეიარაღებული არაა და შეიარაღებულ წინაარმდეგობას არ უწევს ოკუპანტს, აგრესორს და დამპყრობს. ჩვენ კი ვნახეთ ფოტოები, რომელზედაც აღბეჭდილია ხელებშეკრული მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც ქუჩაში არიან დახვრეტილი. ეს ცალსახად ომის დანაშაულია”, - განაცხადა მუხაშავრიამ კითხვაზე, ჰააგის სასამართლო რამდენად ჩათვლის ასეთ ფაქტებს მის კომპეტენციად და რამდენად რეალურია, რომ ომის დასრულების შემდეგ დიდი საერთაშორისო ტრიბუნალი გაიმართოს უკრაინაში ჩადენილ დანაშაულებებზე, ამბობს, რომ ამის ალბათობა დიდია. მისი შეფასებით, ჯერჯერობით ძნელია იმაზე საუბარი, მიცემა თუ არა ამ ფაქტებს ეთნიკური წმენდის კვალიფიკაცია”, - წერს სტატიის ავტორი.

“ეთნიკური წმენდა გულისხმობს იმას, რომ მოსახლეობა საცხოვრებელი ტერიტორიებიდან ან იძულებით იყო გაძევებული მთლიანად ისე, რომ მას უკან დაბრუნების შესაძლებლობა მომსპარი აქვს, ან ამოხოცეს სწორედ იმის გამო, რომ განსხავებული ეთნოსის წარმომადგენლები არიან. ამ შემთხვევაში ამ ქალაქებში მოსახლეობა დარჩა და დაბრუნდნენ. ამიტომ, ჩემი აზრით, ჯერჯერობით ეთნიკურ წმენდად ვერ ჩაითვლება, თუმცა, ჯერ არ ვიცით იქ რამდენი ადამიანია მოკლული, რა რაოდენობით მსხვერპლია, ან ამან რამდენად გამოიწვია მოსახლეობის მასობრივი გადაადგილება იმ ადგილებიდან, სადაც ისინი ცხოვრობდნენ. ომი რომ საშინელებაა, ეს ყველამ ვიცოდით და ბევრს ეს გამოცდილება გვაქვს, მაგრამ ის, რაც რაც ახლა ხდება თავისი მასშტაბის, მასობრივობის და ტერიტორიული მოცვის თვალსაზრისით, თან შუა ევროპაში, ეს კატასტროფაა. ამ ფაქტების ხილვა და აღქმა ძალიან შემზარავია. ამიტომ ვფიქრობ, რომ ყველა მექანიზმი დაუყოვნებლივ უნდა ამოქმედდეს, ეს იქნება სადამსჯელო, სამართლებრივი, საომარი, ეკონომიკური, ფინანსური, პოლიტიკური, თუ დიპლომატიური, რომ ეს უბედურება დასრულდეს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლია მუხაშავრია.

“ჯიპა-ს ასოცირებული პროფესორი და საგარეო პოლიტიკის ექსპერეტი თენგიზ ფხალაძე “რეზონანსთან” აცხადებს, რომ ბუჩას მომხდარიდან გამომდინარე, ახლა პუტინის რეჟიმის სისასტიკეში ეჭვი აღარავის ეპარება. შედეგად რუსეთის მისამართით სანქციებიც გამკაცრდება, უკრაინის სამხედრო დახმარებაც გაიზრდება და სამართლებრივი შედეგებიც მოჰყვება. „სანქციები რომ გამკაცრდება, ამაში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ ამასთან ერთად თუ ვინმეს რაიმე სხვა დამოკიდებულება ჰქონდა, ის მინიმალური ლოიალობაც კი მე მგონი შეიცვალა და დღეს ყველა ერთხმად აღიარებს, რომ პუტინის რეჟიმი სამხედრო დამნაშავეა და უნდა გასამართლდეს, როგორც სამხედრო დამნაშავე. ამას უკვე სამართლებრივი ქმედებები აუცილებლად მოჰყვება. დარწმუნებული ვარ, ამ რეჟიმს ტრიბუნალი არ ასცდება. ჰააგაში პროცესი მიდის, ეს ყველაფერი ასე სწრაფად არ მოხდება, მაგრამ ის, რომ პუტინის რეჟიმს საერთაშორისო სასამართლო აუცილებლად მოუწევს და დამარცხდება, ამ ფაქტების მერე ეს უკვე ცხადია. ამ რეჟიმს ადამიანური სახე არ აქვს, ისინი ყველაზე საშინელ სამხედრო დანაშაულებს სჩადიან, მათი ნდობა და მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დადება არ შეიძლება”, - მიიჩნევს ფხალაძე, რომლის აზრით, “აქ საჭიროა მტკიცე გარანტიები არა ცეცხლის შეწყვეტაზე, არამედ იმისათვის, რომ ეს რეჟიმი საბოლოოდ დამარცხდეს და რეაბილიტაცია ვერასდროს ვერ შეძლოს”, - დასძენს სტატიის ავტორი.

“სამხედრო დახმარება აუცილებლად გაიზრდება, ასევე სანქციებიც, რადგან რუსეთმა ყველას თავისი საშიში სახე დაანახა, მის წინააღდეგ კი მსოფლიო გაერთიანებულია. ესაა საფრთხე მთელი კაცობრიობისა და ცივილიზაციისათვის... ძალიან კარგად მახსოვს აფხაზეთში რა ხდებოდა. აქ არათუ პარალელები უნდა გავავლოთ, არამედ მსოფლიოს კიდევ ერთხელ უნდა გავახსენოთ ის საშინელებები, რომელიც რუსეთმა თავის დროზე საქართველოში ჩაიდინა. მაშინ, სამწუხაროდ, ყველაფრის დოკუმენტირება ვერ მოხდა და რუსეთმა ამისთვის პასუხი არ აგო. მსოფლიოს კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ, რომ ეს პირველი პრეცედენტი არაა, რომ მას ასეთი დანაშაულები ჩადენილი აქვს და ყველა ამ დანაშაულისთვის პასუხი უნდა აგოს. ყოველ წუთას ახალ-ახალი ფაქტი მოდის და შეფასება, რომ ესაა ეთნიკური წმენდა თუ როგორც გენოციდი, ამის თქმა დღეს ცოტა რთულია. მაგრამ ის, რომ მძიმე შეფასება ექნება და ამას პასუხისმგებლობის დაკისრება მოჰყვება, ამაში ორი აზრი არაა”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თენგიზ ფხალაძე.

ვახტანგ კაპანაძე - რა იარაღი დარჩა რუსეთს უკრაინაში გამოუყენებელი

“როდესაც აგრესორ ქვეყანას აქვს გეგმა, რომ შოკური ბლიცკრიგით დაიკავოს ტერიტორია, ამას შეიარაღებული ძალების საუკეთესო დანაყოფებით აკეთებს. არსებული ცნობებით, სუმის მიმართულებით უკრაინის შეიარაღებულ ძალებს პირველი სატანკო უტევდა, - წინა ხაზზე კანტემიროვის წითელდროშოვანი სატანკო დივიზია იყო. ამაზე ელიტური და ძლიერი ნაწილი რუსეთს არა ჰყავს. ეს იყო საჩვენებელი და ერთ-ერთი ყველაზე ბრძოლისუნარიანი დივიზია. გარდა ამისა, რუსებმა 6-7-ჯერ გადასხეს დესანტი და საკმაოდ უშედეგოდ. შედეგი კი ჰქონდათ, მაგრამ იმასთან შედარებით, რასაც ელოდნენ, ეს არაფერს ნიშნავს”, - აცხადებს გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით რა იარაღი დარჩა რუსეთს უკრაინაში გამოუყენებელი / “რუსეთის პოზიცია, მთავარი ძალები ჯერ არ გამოგვიყენებიაო, მდაბიო კეკლუცობაა”.

“ამ ერთი თვის განმავლობაში უკრაინის სამხრეთით 22-ე სპეცდანიშნულების ბრიგადის დანაყოფი განადგურდა, კიევის მიმართულებით კი ელიტური სპეცდანაყოფი გაასწორეს მიწასთან. ამაზე ძლიერი ნაწილები რუსეთს არა ჰყავს და იმაზე საუბარი, მთავარი ძალები არ გამოგვიყენებიაო, მდაბიო კეკლუცობაა. თუ ამათზე ბრძოლისუნარიანი ნაწილები ჰყავდათ, მაშ, რატომ გადავიდნენ შეტევაზე მეორეხარისხოვანი ძალებით, ტყუილად დაახოცვინეს ის ხალხი? ეს ფანდია, ეშმაკური განცხადებები, რათა როგორმე გაიმართლონ თავი, თორემ კიევის ორ დღეში აღებაზე რომ ლაპარაკობდნენ, რატომ ვეღარ ასრულებენ? არ ჰყოფნით ძალები. მხოლოდ კიევის შემოგარენში, როგორც დასავლეთით, ისე აღმოსავლეთით, იმდენად დიდი რაოდენობით რუსული ტექნიკაა განადგურებული, სპეციალური სამხედრო მთვლელი ~ორიქსი~, ფაქტობრივად, გაიჭედა. ასევე დაუთვლელია განადგურებული ტექნიკა სუმისა და ხარკოვის რაიონებშიც”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ კაპანაძე.

“კინჟალისთვის” დიდი მნიშვნელობის მინიჭება გადაჭარბებული მგონია, ისევე როგორც პუტინის მტკიცება, რომ ასეთი შეიარაღება არც ერთ სხვა სახელმწიფოს არა აქვს. ამ რეალობაში ასეთი შინაარსის განცხადებები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსეთის დაზვერვას ძალიან ბევრი ჩავარდნა აქვს. ის ჩვეულებრივი “ისკანდერია”, რომელიც 2 000 კილომეტრამდე მოქმედებს. ჰიპერბგერით სიჩქარეს აღწევს იმიტომ, რომ თავად თვითმფრინავის აჩქარება მას დამატებით იმპულსს აძლევს, თუმცა მოსაგერიებლად შეუძლებელი ნამდვილად არ არის. ამასთან, რუსეთს ის შეზღუდული რაოდენობით აქვს. სამაგიეროდ, ბევრი აქვთ მცირეგაბარიტული ბგერამდელი სიჩქარის სტრატეგიული ფრთოსანი რაკეტები. ამ ფრთოსანი რაკეტის 570 ერთეული უკრაინამ რუსეთს 1995 წელს გაზის სანაცვლოდ მისცა. რაც შეეხება საზღვაო ბაზირების რაკეტებს, ისინი 2500 კმ მანძილზე მოქმედებს და რუსებს კასპიის ზღვიდანაც შეუძლიათ უკრაინის ტერიტორიის დაბ­ომბვა, თუმცა არც ისინი აქვთ საკმარისად. სხვათა შორის, ერთი ერთეულის ფასი 1,5 მილიონი დოლარია და პირველად სირიაში გამოიყენეს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“რაც შეეხება “ისკანდერს”, ეს ბალისტიკური რაკეტა რუსეთმა პირველად საქართველოში, აგვისტოს ომის დროს გამოიყენა. ერთი რაკეტის ფასი 4 მილიონ დოლარამდეა - ანუ ამ რაკეტების ხარჯვა რუსეთს ძალზე ძვირი უჯდება, თავი რომ დავანებოთ ცოცხალი ძალისა და სხვა სამხედრო ტექნიკის, თუნდაც საფრენი აპარატების დანაკარგს, რომელიც რუსეთისთვის ძალზე მტკივნეულია. ამის დასტურია ის, რომ გამოაჩინეს `ტოჩკა უ~, რომელიც “ისკანდერის” წინა თაობაა და რუსეთის შეიარაღებიდან ამოღებულიც კი იყო. ასე რომ, “კინჟალის”, “კალიბრის” ან სულაც თერმობირთვული მუხტის მატარებელი სტრატეგიული ფრთოსანი რაკეტების გამოყენება სტრატეგიული მარაგების განიავებაა. ისინი რუსეთს დიდი ბირთვული ომისთვის ჰქონდა გადანახული. ამიტომ დაიმსახურა გენერალიტეტმა პუტინის რისხვა. ასე რომ, უკრაინაში ომი რუსეთისთვის მნიშვნელოვანი, ძალიან საჭირო და მაღალი ხარისხის რესურსების ხარჯვაა. შესაბამისად, მაღალი დონის და პოტენციალის იარაღის გამოყენების შემთხვევები იკლებს, რადგან ულევი მარაგი არც მას აქვს. ისიც ფაქტია, რომ მისი, როგორც მოწინააღმდეგის, შეუფასებლობა არ შეიძლება. ეს შეიძლება ნაადრევი და მცდარი დასკვნის გაკეთების საფუძველი გახდეს. რუსეთს მარაგი ჯერ კიდევ აქვს, შესაძლოა მაღალი კლასის არა, მაგრამ შედარებით დაბალი კლასის. ამას მიანიშნებს მისი ბოლოდროინდელი გააქტიურება”, - განმარტავს გენერალ-მაიორი.

“რაც შეეხება რუსული ძალების `გაყვანას~, იმედია, აფხაზეთის მსგავსი რამ უკრაინაში არ განმეორდება - მაშინ შევარდნაძემ ახალი სასწავლო სეზონის გახსნაც კი გამოაცხადა და დევნილები დაბრუნდნენ, შემდეგ კი დაბომბვას რაც მოჰყვა, ყველამ ვიცით. თავად ვარ მომსწრე, როგორ დაბრუნდნენ მებრძოლები ოჯახების გასახიზნად, რამაც ფრონტის წინა ხაზები დაასუსტა... უკრაინელებისა და უცხოელი პარტნიორებისგან რაც მესმის, ეს გაყვანა კი არა, ძალთა გადაჯგუფებაა. ახლა ბრძოლის აქცენტი მაინც დონბასის მიმართულებაზეა გადატანილი. ბოლო დღეებში რუსების საცეცხლე ზემოქმედების ინტენსივობა 5-6-ჯერ გაიზარდა, რაც დიდი შეტევისთვის მოსამზადებელი პერიოდია. რუსები დონბასში უკრაინული სამხედრო დაჯგუფებების ალყაში მოქცევას ცდილობენ. ორი ვარიანტი აქვთ: სამხედრო ტერმინებით რომ ვთქვათ, ცდილობენ ღრმა შემოვლით გულიაი-პოლედან შემხვედრი დარტყმა მიაყენონ იზიუმს, რითაც უფრო დიდი ფართობის ალყაში მოქცევის შესაძლებლობა ექნებათ. თუ ამას ვერ მოახერხებენ, ტემპი, ენერგია და სამხედრო რესურსი არ ეყოფათ, უფრო ადვილია მოკლე შემორტყმა გორლოვკა-კარლეტის მიმართულებიდან, რა შემთხვევაშიც დონბასის დაჯგუფება შუაში იხლიჩება. ასე რომ, ყველაზე დიდი ბრძოლები დონბასშია მოსალოდნელი”, - ამტკიცებს ვახტანგ კაპანაძე.

“რუსეთს ისეთი რაიონებიდან მოჰყავს სამხედრო დანაყოფები, სადაც იცის, რომ მათი რაოდენობის შემცირებით არაფერი მოხდება. რუსეთს ჯერ ხელი არ უხლია იმ ბაზის შემადგენლობაზე, რომელიც შუა აზიის მიმართულებით ჰყავს. ვგულისხმობ შორეულ აღმოსავლეთს, ტაჯიკეთს, “თალ­იბანის” მოსაზღვრე რეგიონებს. თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ რუსეთს ძალიან მალე პრობლემები სწორედ ამ მიმართულებით შეექმნას. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ წარიმართება პროცესები უკრაინაში. თუ რუსეთი დამარცხდება - იმედია, ასეც იქნება - როგორც შორეულ აღმოსავლეთში, ასევე აზიის მიმართულებით ძალზე საინტერესო პროცესები დაიწყება. ეს ქვეყნები მოუთმენლად ელოდებიან რუსეთის წაფორხილებას, რათა მომენტით ისარგებლონ. ინტერესით დაველოდებოდი, რა მოხდებოდა, თუ იაპონია გადასხამდა დესანტს კურილიის კუნძულებზე, ან ფინეთი შეეცდებოდა კარელიისა და ვიბორგის დაბრუნებას. აფხაზეთიდან, ცხინვალიდან და ყარაბაღიდან ძალების გაყვანა, სირიიდან მებრძოლების ჩამოყვანა ნიშნავს, რომ რუსეთს ძალების შევსება სჭირდება - დანაკარგის შევსება და არა შეიარაღებული ძალების გაძლიერება”, - მიიჩნევს რესპონდენტი.

“პუტინი ვერ შეძლებს ისეთივე ძლიერი შეიარაღებული ძალების შექმნას, როგორიც თუნდაც ომის დაწყებამდე ჰყავდა. შეუძლია სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადოს, მაგრამ ამას დრო სჭირდება, სხვა თუ არაფერი, მობილიზებულ პირად შემადგენლობას მომზადება სჭირდება. რუსეთის არმიას უამრავი პრობლემა აქვს. ძალიან გაჭიმულია, ძირითადად, რაიონებს კი არა, მიმართულებებსა და გზებს აკონტროლებს. ცდილობენ გვერდი აუარონ დასახლებულ პუნქტებს, რაც მათ ზურგში როგორც უკრაინული დანაყოფების, ასევე ტერიტორიული თავდაცვის ძალების აქტიურ მოქმედებას იწვევს. პუტინის ვითომ ეშმაკობა ჩერნიგოვისა და კიევის მიმართულებიდან ჯარების გაყვანასთან დაკავშირებით, უფრო ფრონტის ხაზის გასწორებასა და ზურგში დარჩენილი “ჯიბეებისა” და “კვანძების” გასუფთავებას ჰგავს, რათა ზურგი უფრო დაცული ჰქონდეს, რაც დროისა და ტაქტიკური მომენტების მოგებაა, რათა ძალა მოიკრიბოს. სლავუტიჩზე შეტევაც ამას ემსახურება, ის "ჯიბესავით" ჰქონდათ ზურგში დარჩენილი და ეს პრობლემებს უქმნიდათ”, - თვლის გენერალ-მაიორი და შეკითხვაზე - “დახურეთ უკრაინის ცა! - ეს მიმართვა გვესმის მთელი ომის მსვლელობისას. მიხაილ პოდოლიაკი პარტნიორებისგან შორი დისტანციის საარტილერიო სისტემებისთვის ჭურვებს ითხოვდა. ყველაზე მეტად რა სჭირდება უკრაინას უპირატესობის მოსაპოვებლად?” - პასუხობს:

“საარტილერიო, სარაკეტო, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ათვისებული აქვთ. როდესაც ვამბობთ, რომ რუსეთმა ტაქტიკა შეცვალა, ეს გულისხმობს, რომ მას იერიში მიაქვს საწვავის, იარაღისა და პროდუქტის საცავებზე. ამ გზით ცდილობს რუსეთი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს იგივე პრობლემები შეუქმნას, რაც თავად ჰქონდა, როდესაც ლოჯისტიკა ჯარებისთვის ამ რესურსის მიწოდებას ვერ ახერხებდა. გარდა ამისა, ინტენსიური დაბომბვის გამო უკრაინული მხარე ჯავშანტექნიკის გარემონტებას ვერ ახერხებს, ვინაიდან ის რაიონები და ქარხნები, სადაც ტექნიკას აღადგენდნენ, დაბომბილია. ასევე, თუ საჰაერო სივრციდან ვერ მოახერხებს საცეცხლე ზემოქმედებას დისტანციურ მოწინააღმდეგეზე, ამისთვის შორსმსროლელი არტილერია სჭირდება. დავუშვათ, უკრაინა ფართომასშტაბიან კონტრშეტევაზე გადავიდა. ამისთვის მას სჭირდება საჰაერო მხარდაჭერა, რუსეთის საჰაერო უპირატესობა მინიმუმამდე უნდა შეამციროს. დღევანდელი მოცემულობით, მას მხოლოდ მოკლე, ლოკალური და ადგილობრივი მნიშვნელობის კონტრშეტევებზე გადასვლა შეუძლია”...

ახალი სტალინგრადი - რატომ აქვს მარიუპოლს უდიდესი მნიშვნელობა როგორც რუსებითვის, ისე უკრაინელებისათვის

“უკრაინა-რუსეთის ომში დღეს მთავარი მოქმედებები ქალაქ მარიუპოლში ხდება, რომელიც თითქმის ერთი თვეა რუსულ ნაწილებს ალყაში ჰყავთ მოქცეული, თუმცა მასზე კონტროლის დამყარებას ვერ ახერხებენ. სამხედრო ანალიტიკოსთა ნაწილი ამ ქალაქს სტალინგრადს ადარებს და მეორე მსოფლიო ომთან ავლებს პარალელებს. მათი შეფასებით, მარიუპოლისათვის ბრძოლის შედეგები დიდ გავლენას მოახდენს ომის მსვლელობაზე, ისევე, როგორც თავის დროზე სტალინგრადისთვის ბრძოლამ იქონია გავლენა მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობაზე. ბოლო ერთი კვირაა, მას შემდეგ, რაც რუსული არმიის სარდლობამ კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებით ბრძოლა შეწყვიტა და იქიდან ჯარების გაყვანა დაიწყო, მარიუპოლისთვის ბრძოლამ განსაკუთრებით სასტიკი და ინტენსიური გახდა. ნანგრევებად ქცეულ და თითქმის ერთი თვის განმავლობაში ალყაში მყოფ ქალაქში გააფთრებული ქუჩის ბრძოლები მიდის. 3 აპრილის მონაცემებით, მარიუპოლის ცენტრი აღებული აქვთ რუსებს. ცნობილი ბატალიონი “აზოვი” ქალაქის მეტალურგიული ქარხნის ტერიტორიაზეა გამაგრებული. თუმცა, ძნელი სათქმელია რამდენად ზუსტია ეს ცნობები, რადგანაც პრაქტიკულად ყველა ქუჩისთვის და ყველა სახლისთვის სისხლისმღვრელი შეტაკებები ხდება და ქალაქის სხვადასხვა კვარტლები ხელიდან ხელში გადადის”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ახალი სტალინგრადი - რატომ აქვს მარიუპოლს უდიდესი მნიშვნელობა როგორც რუსებითვის, ისე უკრაინელებისათვის.

“რატომ არის პუტინისთვის ამ ქალაქის აღება ასე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და გადაწყვეტს თუ არა მარიუპოლის დაცემა ომის ბედს? ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ პუტინისთვის მარიუპოლი როგორც პოლიტიკურ ასევე სამხედრო სტრატეგიული დანიშნულების მატარებელია. ამიტომ მისი აღებით ორივე მიმართულებით მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადადგამს. ეს უკრაინელებმაც იციან და მის დათმობას სიცოცხლის ფასადაც არ აპირებენ. უშუალოდ ქალაქში ნამდვილი ჰუმანიტარული კატასტროფაა. თითქმის ყველა შენობა მთლიანად ან ნაწილობრივ დანგრეულია. ქუჩები და ნანგრევები სავსეა ცხედრებით. გადარჩენილი მშვიდობიანი მოქალაქეები თავს სარდაფებში აფარებენ. საკვების და სასმელი წყლის მარაგები იწურება. ამის ფონზე უკვე ვეღარ ხერხდება ჰუმანიტარული დერეფნების მოწყობა ბლოკირებული ქალაქიდან მშვიდობიანი მოსახლეობის გამოსაყვანად. გასულ კვირას “წითელმა ჯვარმა” რამდენჯერმე სცადა ევაკუაციის დაწყება, თუმცა უშედეგოდ. ორგანიზაციის მიერ ქალაქისკენ გაგზავნილმა ტრანსპორტმა მარიუპოლამდე ვერ მიაღწია და იძლებული გახდა უკან ზაპოროჟიეში დაბრუნებულიყო, რადგან “შეთანხმება შეუძლებელი გახდა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“კვირას თურქეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მზადაა საკუთარი გემები გაგზავნოს მარიუპოლში მშვიდობიანი მოსახლეობისა და დაჭრილების ევაკუირებისათვის. ამის შესახებ განცხადება თავდაცვის მინისტრმა ჰულუს აკარმა გააკეთა. “ანკარას მზადყოფნა ევაკუაციის პროცესის მხარდასაჭერად თურქეთში რუსეთის სამხედრო ატაშეს გადაეცა, რომელიც ჩვენს თავდაცვის დეპარტამენტში იყო მიწვეული. მსგავსი ინიციატივა გადაეცა რუსეთის ხელისუფლებას მოსკოვში თურქეთის სამხედრო ატაშეს მეშვეობით. ჩვენ ასევე კოორდინაციას ვუწევთ ჩვენს ძალისხმევას უკრაინის ხელისუფლებასთან ამ ქვეყანაში სამხედრო ატაშეს მეშვეობით”, - განაცხადა აკარმა. რუსების პასუხი ამ შეთავაზებაზე ჯერჯერობით უცნობია. სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია “რეზონანსთან” ამბობს, რომ ქალაქი მარიუპოლი მნიშვნელოვანია როგორც უკრაინელებისთვის, ასევე რუსებისთვის. ეს აზოვის ზღვის საპორტო ქალაქია და მისი აღება რუსებს აზოვის ზღვის სრული კონტროლის საშუალებას მისცემს. იქიდან მთელი უკრაინის ექსპორტ-იმპორტის 30% ამ ქალაქის მეშვეობით ხდება”, - განაგრძობს გამოცემა.

“მარიუპოლი სამრეწველო აგრომელაციური ქალაქია, სადაც 400 000-მდე ადამიანი ცხოვრობს. უკრაინისთვის ამ ქალაქს ყველაზე მძლავრი და შემკვრელი სამრეწველო პოტენციალი აქვს. მარიუპოლში არის მნიშვნელოვანი საწარმოები, როგორიც არის მცირე მეტალურგიის, სამთო ქიმიური და სამთო გადამამუშავებელი კომბინანტები. მარიუპოლი უკრაინის ეკონომიკის 5%-ს ქმნის. რაც შეეხება სამხედრო სტრატეგიულ დანიშნულებას, ეს დონეცკის რეგიონის ფაქტიურად მეორე ქალაქია და დონბასისთვის ბრძოლაში მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი დატვირთვა აქვს. ბუნებრივია, თუ რუსებმა მარიუპოლი დაიკავეს, დონბასისთვის ბრძოლაში უფრო მეტი სტიმული მიეცემათ. მეორე მომენტია, რომ ამ ქალაქის დაკარგვით უკრაინა აზოვის ზღვაზე სამხედრო-საზღვაო ძალების საყრდენს კარგავს. რუსები აზოვს საკუთარ აკვატორიად გამოაცხადებენ. აქ აზოვის ზღვაში რა შეიარაღებას შეიტანენ ღმერთმა იცის. მარიუპოლის დაკავების შემთხვევაში რუსებს ოდესის მიმართულებით სარაკეტო საჰაერო დარტყმების განხორციელება გაუადვილდებათ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

“მარიუპოლი რუსი ოკუპანტების საკმაოდ დიდ რაოდენობას აკავებს, ხოლო თუ მას რუსები აიღებენ, მაშინ ამ ძალებს უკვე სხვა ფრონტისკენ გადაისვრიან. ეს სამხედრო ძალა კი რუსების საკმაოდ დაღლილ და დაქსაქსულ სამხედრო ძალებს მაშველი რგოლივით მოევლინება. აქ არის ასევე ჩეჩნეთის სპეცრაზმი, შავი ზღვის ფლოტის შენაერთები, რომლებიც საკმაოდ ბრძოლისუნარიანები არიან და ფრონტზეც გამოცდილები. რუსებს საკვანძო წერტილების დაკავება გაუადვილდებათ და უკრაინულ არმიას ბრძოლა გაუჭირდება. მარიუპოლის დანებება ომის ბედზე დიდ ზეგავლენას მოახდენს. ამას ექნება როგორც პოლიტიკური, ასევე სამხედრო წარმატების სახე. პუტინი ამ ქალაქის ხელში ჩაგდებით სერიოზულ განაცხადს გააკეთებს და უკრაინელებისთვის ეს საკმაოდ მძიმე ფსიქოლოგიური დარტყმა იქნება”, - დაასკვნის მაისაია.

“კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი კი მიიჩნევს, რომ პუტინისთვის ახლა მნიშვნელოვანია ეს ქალაქი აიღოს, რათა თავისი მოსახლეობისთვის სათქმელი ჰქონდეს, რომ გარკვეულ წარმატებას მიაღწია და რაღაცის აღება შეძლო. მით უმეტეს, რომ ეს არის რუსულენოვანი ქალაქი, რომლის დაკავებაც პოლიტიკურად პუტინი უკვე პრინციპის საკითხად მიიჩნევს. მეორეს მხრივ კი ამით აზოვის ზღვის სრულად ჩაკეტვას შეძლებს და უკრაინელებს ზღვას საერთოდ წაართმევს. ამასთან, “რეზონანსთან” საუბრისას ბენდიანიშვილი პესიმისტურ პროგნოზს აკეთებს და ვარაუდობს, რომ ქალაქი რამდენიმე დღეში დაეცემა”, - დასძენს გამოცემა.

“მარიუპოლი პირველ რიგში საპორტო ქალაქია და რუსებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. მათ უნდათ, რომ ზღვა მთლიანად დაიკავონ და უკრაინა მოწყვიტონ. მეორეს მხრივ, ეს არის რუსულენოვანი ქალაქი და რუსებს ყველაზე დიდი წინააღმდეგობა გაუწია. მესამეც - იქ არის ბატალიონი „აზოვი“, რომლის გამოც პუტინი უკრაინელებს ნაცისტებს უწოდებს. ეს პუტინისთვის როგორც პოლიტიკურად, ასევე სამხედრო თვალსაზრისით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. თან ამ ქალაქის დაკავებით რუსებს ნიკოლაევისკენ გზა ეხსნებათ. პუტინი გამწარებულია იმის გამო, რომ რუსულენოვანი ქალაქები - ხარკოვი და მარიუპოლი ვერ აიღო. ამიტომ მათზე უარს არ იტყვის და ყველანაირ ძალისხმევას გამოიყენებს იმისთვის, რომ ეს ორი ქალაქი დაეცეს. სამწუხაროდ, არ მგონია, რომ მარიუპოლმა 3-4 დღეზე მეტი გაძლოს. ძალიან მძიმე სიტუაციაა და პუტინი საბოლოო მიზნამდე ახლოსაა. თუ უკრაინელებმა ქალაქის დებლოკირება არ მოახდინეს, რაშიც ეჭვი ძალიან მეპარება, პუტინი ამ მიზანს მიაღწევს. თუმცა ამით ომი არ სრულდება და უკრაინელები სხვა ფრონტზე ბრძოლას არ დათმობენ. ამით არაფერი არ მთავრდება. უბრალოდ ფსიქოლოგიურად უკრაინელებისთვის ამ ქალაქის დაცემა ძალინ მძიმე იქნება”, - განმარტავს ზურაბ ბენდიანიშვილი.

პაატა ზაქარეიშვილი - “რუსეთს ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა ჩვენთან სავაჭროდ სჭირდება! “

“თუ რუსეთი ე.წ. სამხრეთ ოსეთს მიიერთებს, თავის სახელმწიფოს ნაწილად აქცევს და ამ შემთხვევაში რუსეთ-საქართველოს საზღვარი გორთან გაივლის და ჩვენ რომ მოვინდომოთ საომარი მოქმედებებით ტერიტორიის დაბრუნება, ეს იქნება რუსეთზე თავდასხმა. ბიბილოვი დიდი ხანია ამ იდეის ავტორია, თუმცა არჩევნების წინ ამაზე ხმა არ ამოუღია, არ უხსენებიათ რუსეთთან მიერთება, ანუ ეს არ იყო აქტუალური, უცებ კი აქტუალური გახდა. რუსეთს ამ ტერიტორიის მიერთება რომ უნდოდეს, 10 აპრილი კარგი შანსია, რადგან ყველაფერი გამზადებულია - მარტო არჩევნები იქნება თუ რეფერენდუმსაც ჩაატარებენ, მაინც ორი კაპიკი დაჯდება. საჭიროა მხოლოდ დაიბეჭდოს დამატებითი ბიულეტენები, მაგრამ რუსეთი არ ჩქარობს, რეფერენდუმი ჩაატაროს, რადგან ეს თემა ჩვენთან სავაჭროდ სჭირდება”, - აცხადებს კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “რუსეთს ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა ჩვენთან სავაჭროდ სჭირდება!“

“სხვათა შორის, ზალკალიანისა და დავითულიანის განცხადებები ძალიან ზედაპირული იყო და მგონია, რომ რაღაც იციან. ვფიქრობ, რეფერენდუმი არ იქნება და ამიტომ ამბობენ ასე თამამად, პროვოკაციებს არ წამოვეგებითო. ჩაივლის აპრილი, მაისი, ივნისი, მერე კი იტყვიან, აბა, სად არის რეფერენდუმი? ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ და რეფერენდუმი არ დავუშვით, აი, რა შედეგი მოაქვს ფრთხილ პოლიტიკასო და ჩაიწერენ ქულებს. ეს ერთი ვარიანტია. მეორე ვარიანტით, ჩატარდა რეფერენდუმი და ოსმა ხალხმა გამოხატა რუსეთთან მიერთების ნება - ამას სულ ცოტა ერთი წელი მაინც დასჭირდება. ეს შედეგი დუმამ უნდა განიხილოს, მაგრამ ამას მაშინვე არ გააკეთებენ, დაელოდებიან შესაფერის მომენტს, ამასაც საქართველოს წინააღმდეგ შანტაჟისთვის გამოიყენებენ და, სულ ცოტა, მთელი წელი დაგვადუმებენ. ამასობაში უკრაინაში რაღაცები გაირკვევა და ჩვენ არავის ვემახსოვრებით. მგონია, ეს უფრო ლოგიკურია, ვიდრე მესამე ვარიანტი - ჩატარდეს რეფერენდუმი და რუსეთმა მაშინვე მიიერთოს ე.წ. სამხრეთ ოსეთი, რასაც ჩვენთან გამოსვლები მოჰყვება, ჩამოაქცევენ “ოცნებას”, რუსეთი დაკარგავს მთელ საქართველოს და ხელში შერჩება მხოლოდ ე.წ. სამხრეთ ოსეთი, რაც ისედაც აქვს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

“აი, ყირიმს ვერ აკონტროლებდა, ამიტომაც სჭირდებოდა სასწრაფოდ მისი ანექსია, ლუგანსკისა და დონეცკის საკითხი კი ჰაერში გამოკიდა და უკრაინასთან დაიწყო ვაჭრობა. ზელენსკი არ აღმოჩნდა ის ადამიანი, რომელიც მას აწყობდა, ამიტომ მერე ეს რეგიონები აღიარა და ჯარიც შეიყვანა. რუსეთს ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა ჩვენთან სავაჭროდ სჭირდება - როცა უნდა, მაშინ წაიღებს უკან მის აღიარებას, ანექსირების შედეგი კი უკვე კონსტიტუციის ნაწილი იქნება. ამასთან, თუ რუსეთის რეგიონი იქნება, მეტი ფული უნდა დახარჯოს, რადგან იკითხავენ, თუ ჩეჩნეთს ეხმარები, მე რატომ არ მეხმარებიო, დღეს კი ამას ვერ იტყვის, რადგან რუსეთი შეახსენებს, შენ დამოუკიდებელი სახელმწიფო ხარ და ხელი გაანძრიეო... ახლა ე.წ. სამხრეთ ოსეთის მართვა უფრო იოლია, თანაც ის რჩება საქართველოს წინააღმდეგ შანტაჟის საშუალებად”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ახლა მთელი მსოფლიოსთვის ნათელი ხდება, რომ რუსეთის აგრესია მიმართულია არა მარტო უკრაინის, არამედ საქართველოს წინააღმდეგაც. თუ რუსეთი ამ რეგიონის ანექსიას მოახდენს, მოხვდება მსოფლიოს დღის წესრიგში, რეზოლუციებში... რუსეთის მიმართ ეკონომიკური სანქციები გამკაცრდება და მას მოსთხოვენ, უარი თქვას ე.წ. სამხრეთ ოსეთის, ისევე, როგორც ყირიმის ანექსიაზე. ანუ ჩვენ გავხდებით მსოფლიოს დღის წესრიგის ნაწილი. მსოფლიო მიხვდა, რომ საჭიროა რუსეთის დამარცხება და სწორედ აქეთ მიდიან, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ანექსია კი მათთვის დამატებითი არგუმენტი იქნება. ასე რომ, ახლა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ანექსია მე რუსეთისთვის უფრო საზიანო მგონია, თუმცა მათთვის ხელსაყრელი იქნება, თუ ამ საკითხს ჰაერში გამოკიდებენ. რუსეთს ცხინვალი ისე არ სჭირდება, როგორც უკრაინა. ცხინვალის მიერთებით საქართველოს მთლიანად კარგავს, დღეს კი, უხეშად რომ ვთქვათ, მთელი საქართველო მისია, ან - პოტენციურად მისი. პუტინი როგორც კი ე.წ. სამხრეთ ოსეთს წაგვართმევს, საქართველოში ხელისუფლება შეიცვლება. რომ არ შეიცვალოს, რა პირით დაელაპარაკება “ოცნება” ქართველ ხალხს, რისთვის იყო ასეთი ფრთხილი, რა მიიღო ამ სიფრთხილის შედეგად?!” - თვლის კონფლიქტოლოგი.

“აფხაზეთთან რუსეთს სხვა პოლიტიკა ექნება: დაიწყება ლაპარაკი მიწის საკუთრებაზე, დაიწყებს აფხაზეთის ეკონომიკურ მოგუდვას, აიძულებს, გაყიდონ მიწა, უძრავი ქონება და ა.შ. ყველამ კარგად იცის, რომ აფხაზეთი ყოველთვის წინააღმდეგი იყო, დაეთმო თუნდაც ის ფორმალური დამოუკიდებლობა, რომელიც ახლა აქვს, რუსეთი კი ამაში მიყვება და არ აღიზიანებს. რუსეთის მთავარი ამოცანაა, მსოფლიოს შეუქმნას განცდა, რომ აფხაზები და ოსები რუსეთის იმედად არიან, უყვართ ის და როგორც კი რუსეთი შეუტევს მათ და მოინდომებს, დამოუკიდებლობა წაართვას, აფხაზები ხმაურს დაიწყებენ. მაგრამ საქართველოსკენ არ გამოიხედავენ, თუ არ შევუქმენით პირობები და არ დავარწმუნეთ, რომ თუ გაუჭირდათ, დავეხმარებით, მაგრამ ასეთი იმპულსები ჩვენგან არ მიდის”, - ამბობს პაატა ზაქარეიშვილი და შეკითხვაზე - “დღეს როგორ უნდა მოვიქცეთ, როგორი უნდა იყოს საქართველოს პოლიტიკა?” - პასუხობს:

“ოცნება” მოიქცევა ისე, როგორც თქვა ზალკალიანმა, ანუ ვნახოთ, რა მოხდება, ჩვენ არ გვეშინია რეფერენდუმის, რადგან ეს არის უკანონობა, მერე კი ვიმოქმედოთო. ჩემი აზრით, ბიბილოვის მხრიდან ენის დასველებაც კი - ჩვენ ჩავატარებთ რეფერენდუმსო, საკმარისია, რომ საქართველომ რუსეთს უთხრას: უკაცრავად, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებ, რომ შენი გაღიზიანება არ გამოვიწვიო, ოპოზიცია მიტევს, საზოგადოებაში არაპოპულარული ვარ, ყველა მაკრიტიკებს, მე კი, მიუხედავად ამისა, პრინციპულად მიმაჩნია შენთან კარგი ურთიერთობა და შენ რას მიშვრები? კარასინმა რომ თქვა, კარგად იქცევიან ქართველებიო, ეს არის ამაზე პასუხი? არ შეგიძლია, შენი მარიონეტი ბიბილოვი გააჩერო? ამიტომ აღარ მჯერა ფრთხილი პოლიტიკის და ვუერთდები დასავლეთის სანქციებს და მოვითხოვ დასავლეთისგან, გაუმკაცროს სანქციები და არ მოუხსნას მანამ, ვიდრე არ გაიყვანს ჯარებს საქართველოს ტერიტორიიდან იმ პირობებით, რაც აიღო 2008 წლის 12 აგვისტოსო. უკრაინისა და საქართველოს მიმართ უნდა იყოს თანაბარი პირობები. რუსეთმა უნდა შეასრულოს საქართველოსთან დადებული პირობა, ისევე, როგორც უნდა შეასრულოს უკრაინასთან შეთანხმების პირობები!” - აი, ამას უნდა ამბობდეს “ოცნება”...

“ბიბილოვმა კარგად აუგდო “ტოპკა” - ანუ კარგი შანსი მისცა “ოცნებას”, ახლა მაინც მოიწმინდოს სინდისი, მაგრამ ის ამას არ გააკეთებს... რუსეთს უნდა, საქართველო როგორმე მოტეხოს, რომ ის არ ჩანდეს. წარმოაჩინოს, თითქოს ეს მხოლოდ რუსეთ-უკრაინის პრობლემებია, იქ ნაცისტები არიან და დენაციფიკაცია განახორციელა. ჩვენთან ეს არ უქნია, კოსოვოს აღიარების ჯიბრით იმოქმედა და არც ნატოზე ამოუღია ხმა. რუსეთი ამბობს, საქართველოსთან პრობლემები ოდესღაც მქონდა, მაგრამ ახლა მოგვარებულია, ნახეთ, ქართველები როგორ ჩუმად არიანო. თუ ჩვენ ავხმაურდებით, გავაძლიერებთ უკრანასაც და დასავლეთსაც. უკრაინას ჩვენი მხარდაჭერა არ სჭირდება, ჩვენ გვჭირდება ჩვენივე მხარდაჭერა. თუ ჩვენს თავს არ დავეხმარეთ, არც დასავლეთი დაგვეხმარება და არც არავინ, ამიტომ საჭიროა გამოვიდეთ რუსული ნარატივიდან, რომ ყველაფერი კარგად არის. არ არის ყველაფერი კარგად. ყველაფერი ცუდად არის და რუსეთმა თავის ნაბიჯებზე პასუხი უნდა აგოს”, - დაასკვნის ზაქარეიშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო