ვახტანგ ძაბირაძე - უკრაინაზე ღარიბაშვილის განცხადების კონტექსტი ასეთია - ნატოზეც ვიტყვით უარს და რასაც მოსკოვი საქართველოსგან მოითხოვს, ყველაფერს გავაკეთებთ

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტიკის ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.

- ბატონო ვახტანგ, გასულ შაბათს „ქართული ოცნების“ დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა მუნიციპალური არჩევნები ბათუმის ერთ უბანში და საპარლამენტო არჩევნები ქალაქ რუსთავში.

უცნაური ისაა, რომ წინა არჩევნებზე ბათუმის ერთ უბანში „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელს ჰქონდა მოგებული დამაჯერებლად, ხოლო რუსთავში „ქართული ოცნების“ გამარჯვებულ კანდიდატსა და „ნაცმოძრაობის“ დამარცხებულ კანდიდატს შორის მიღებული ხმებს სხვაობა დიდი არ იყო. არჩევნებმა აჩვენა, რომ ახლა განწყობების თვალსაზრისით ვითარება აშკარად შეცვლილია.

როგორ შეაფასებდით არჩევნების შედეგებს მუნიციპალური არჩევნების შედეგებს ბათუმის ერთ უბანში და საპარლამენტო არჩევნების ქალაქ რუსთავში? რას შეიძლება უკავშირდებოდეს საზოგადოების ნაწილში განწყობების აშკარა ცვლილება?

- საკმაოდ დიდი დრო გავიდა ადგილობრივი არჩევნების შემდეგ. ბევრი რამ მოხდა როგორც ქვეყნის შიგნით ისე ქვეყნის გარეთ. განსაკუთრებით საგულისხმოა ის, რაც ახლა ხდება უკრაინაში. შესაძლოა, ომი უკრაინაში პირდაპირ არ აისახება საქართველოში არსებულ განწყობებზე, მაგრამ, ფაქტია, რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილი ცულის მოლოდინში უფროა, ვიდრე კარგის.

თითქმის 10 წელია ვლაპარაკობთ იმაზე, რომ ოპოზიცია არ იცვლება, ოპოზიციის თემა ერთია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც საქართველოში სააკაშვილი ჩამოვიდა, სულ მის ირგვლივ ტრიალებს ოპოზიციის პრობლემები. მხედველობაში მაქვს ოპოზიციაში ყველაზე ძლიერი „ნაცმოძრაობის“ გეგმები, თემები და ქმედებები.

სწორს ბრძანებთ განწყობები შეცვლილია, მაგრამ ასე რომაა, ამას ხელს თავად ოპოზიცია უწყობს ხელს. საპარლამენტო არჩევნებზე „ნაცმოძრაობის“ კანდიდატს რუსთავში საკმაოდ კარგი მაჩვენებელი ჰქონდა. ახლა მათ თავისი კანდიდატი მაინც უნდა დაესახელებინათ. რუსთავის არჩევნებში მმართველ პარტიას რეალური კონკურენტი არ ჰყავდა.

ბათუმსა და რუსთავში არჩევნების შედეგებზე იმოქმედა უკრაინაში ომის გამო ხალხში გაჩენილმა ცუდმა მოლოდინებმა. როცა საზოგადოებას ცუდი მოლოდინები აქვს, უნდა არ უნდა კონცენტრირებას მაინც ხელისუფლებაზე აკეთებს

დარჩა შთაბეჭდილება, რომ ოპოზიციას ყურადღება ბათუმზე ჰქონდა გადატანილი, მაგრამ, ფაქტია, რომ აქაც არჩევნები მუნიციპალიტეტის ერთ უბანში ოპოზიციისთვის კატასტროფული შედეგით დასრულდა. 69%-31%-ზე, ძალიან ცუდი შედეგია ოპოზიციისთვის.

გასაგებია, რომ ხელისუფლების მხრიდან ძალიან დიდი პროპაგანდა და ზეწოლის ფაქტები იქნებოდა, მაგრამ, ეს არჩევნები ხელისუფლების დიდი უპირატესობით რომ დასრულდა, ფაქტია.

ჩემი აზრით ბათუმსა და რუსთავში არჩევნების შედეგებზე იმოქმედა უკრაინაში ომის გამო ხალხში გაჩენილმა ცუდმა მოლოდინებმა. როცა საზოგადოებას ცუდი მოლოდინები აქვს, უნდა არ უნდა, კონცენტრირებას მაინც ხელისუფლებაზე აკეთებს.

- მუნიციპალურ არჩევნების შემდეგ გვახსოვს მმართველი გუნდის ქცევა იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც „ქართულ ოცნებას“ უპირატესობა არ ჰქონდა. მეტიც, იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც დანარჩენმა ოპოზიციამ ერთმანეთთან თანამშრომლობა დაიწყო, ისინი გახდნენ მმართველი გუნდის კრიტიკის სამიზნეები.

საპარლამენტო და მუნიციპალურმა არჩევნებმა დატოვა შთაბეჭდილება, რომ „ქართული ოცნება“ ერთპარტიული მმართველობისკენ აშკარად ავლენს მიდრეკილებას. თქვენ ასე არ ფიქრობთ?

- კი, რჩება ასეთი შთაბეჭდილება. მმართველი გუნდი სარგებლობს იმით, რომ მართვის საპარლამენტო მოდელი ჩვენში ახალია. ხელისუფლება ცდილობს საზოგადოების კონსოლიდირებას პოლიტიკურ ველზე „ნაციონალების“ არსებობის გამო. ანუ, იმავეს ცდილობს, რასაც ამ 10 წლის განმავლობაში აკეთებდა. ასევე ცდილობს ყველა ოპოზიციური ძალა მიატმასნოს „ნაცმოძრაობას“ და ამით შექმნას ოპოზიციის მიმართ საერთოდ ცუდი განწყობა.

უნდა ითქვას, რომ ამ პროცესში ახალი მომენტები შემოიტანა ექსპრემიერმა გიორგი გახარიამ. მან იმუშავა სწორედ ფარგლებში, რასაც საპარლამენტო რესპუბლიკა ჰქვია. ხელისუფლებას იმდენი კი ესმის, რომ ეს პროცესი ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებისთვის კარგი იქნებოდა, მაგრამ, მას, როგორც ჩანს, ეს ნაკლებად აინტერესებს და პიარზეა გადასული.

ვთქვი, რომ ოპოზიცია არ ცვლის თავის ქცევასა და ხელისუფლებისადმი დამოკიდებულებას, ზუსტად ასევე იქცევა ხელისუფლება, არც ის ცვლის ოპოზიციის მიმართ დამოკიდებულებას, მეტიც, ცდილობს ყველა ოპოზიციური ჯგუფი „ნაცმოძრაობას“ მიატმასნოს და ყველა ომის მომხრედ გამოიყვანოს. ხელისუფლება-ოპოზიციის ურთიერთობაში ახლა ახლი ესაა - ხელისუფლებამ ომის პარტიად გამოაცხადა ლამის მთელი ოპოზიცია.

ხელისუფლება-ოპოზიციის ურთიერთობაში ახლა ახლი ესაა - ხელისუფლებამ ომის პარტიად გამოაცხადა ლამის მთელი ოპოზიცია

გასაგებია, რომ რიგ შემთხვევაში ამას ოპოზიციის ზოგი განცხადებაც უწყობს ხელს. მაგრამ, ვიმეორებ, ხელისუფლება ძირითადად პიარით და ისევ „ნაციონალების“ კრიტიკითაა დაკავებული. სინამდვილეში კი იმას ცდილობს, რომ პოლიტიკურ ველზე ახალი, მესამე და ანგარიშგასაწევი ძალა არ გაჩნდეს. ხელისუფლებას ესმის, რომ მესამე და ანგარიშგასაწევი ძალის გაჩენა მისთვის კატასტროფა იქნებოდა.

ოპოზიცია სწორად მოქმედებს, როცა საკრებულოებში კოალიციებს ქმნის და სადაც შესაძლებელია მუნიციპალიტეტებს მართავს. დემოკრატიულ ქვეყნებში ეს ნორმალური პროცესია, მაგრამ, იმასაც ვხედავთ, რომ ამ პროცესზე მმართველი გუნდი როგორ რეაგირებს. ყველაფერი ჩვეულებრივი ჩვენთან „არაჩვეულებრივში“ გადადის.

ოპოზიცია სწორად მოქმედებს, როცა საკრებულოებში კოალიციებს ქმნის და სადაც შესაძლებელია მუნიციპალიტეტებს მართავს. დემოკრატიულ ქვეყნებში ეს ნორმალური პროცესია, მაგრამ, იმასაც ვხედავთ, რომ ამ პროცესზე მმართველი გუნდი როგორ რეაგირებს. ყველაფერი ჩვეულებრივი ჩვენთან არაჩვეულებრივში გადადის

როგორც ყველა წინა ხელისუფლებას, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასაც უნდა ქვეყნის ერთპარტიული მმართველი იყოს. რომ გითხრათ, რომ ეს მარტო საქართველოშია და სხვაგან არსად. ასე ნამდვილად არაა. ყველა მმართველ ძალას უნდა მხოლოდ თავად მარტოს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში არ გამოდით.

- სხვა ქვეყნებში, იქ სადაც სახელმწიფო ინსტიტუტებია ძლიერი, თუნდაც საპარლამენტო მმართველობის ქვეყნებში პარტიებს შორის იწილო-ბიწილო საშინაო პოლიტიკაში კრიზისულ ვითარებას არ და ვერ ქმნის...

- სამწუხაროდ, 30 წელია ქვეყანაში რეალურად სულ ერთპარტიული მმართველობა გვქონდა. ინსტიტუტები რომ არ გვაქვს იმის ბრალია, რომ ისინი უმრავლესობამ უნდა შექმნას. ამიტომაა რომ ერთპარტიულ მმართველობაში ჭირს ძლიერი და დამოუკიდებელი ინსტიტუტების მშენებლობა.

- უკრაინაში მიმდინარე ომის გამო მსოფლიოში ეპოქალური მნიშვნელობის პროცესები მიმდინარეობს, მაგრამ არ ჩანს, რომ საქართველოს ხელისუფლება ასე ხედავს და აღიქვამს.

ხელისუფლებამ ევროკავშირში ინტეგრაციის დაჩქარების განაცხადი კი შეიტანა, მაგრამ, ამ საქმეში ჩახედული ადამიანების მტკიცებით, განაცხადის შეტანის შემდეგ ხელისუფლებას ჯერ არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს ევროკავშირთან დაახლოების პროცესის დასაჩქარებლად.

უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით ხელისუფლების განცხადებები, ევროკავშირთან მიმართებაში არგადგმული ნაბიჯები როგორც მინიმუმ არ ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ხელისუფლებას კარგად ესმის თუ რა ხდება უკრაინაში.

მოდით საუბარი საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობებით გავაგრძელოთ. თუ ხელისუფლებას მართლაც სურს ევროკავშირთან დააჩქაროს ურთიერთობები, მას როგორც მინიმუმ ის მაინც უნდა ეთქვა, რომ უბრუნდება შარლ მიშელის შეთანხმებას, რომელშიც გაწერილია ქვეყნის საგზაო რუკა ევროკავშირისაკენ. ამის მსგავსი არაფერი მომხდარა.

რატომ არ დგამს ხელისუფლება ევროკავშირთან დასაახლოებლად ხელშესახებ ნაბიჯებს?

- ჩემი აზრით, ხელისუფლება არა მარტო ევროკავშირთან დაკავშირებით გადასადგმელ საკითხებში, არამედ ზოგადად ლოდინის რეჟიმშია. უკრაინაში ომია და ჯერჯერობით არ უჩანს ამ ომს ბოლო. ხელისუფლება იძულებულია ევროკავშირის თემაზე ილაპარაკოს, მაგრამ, ჩანს, რომ მას ეს დიდად არ სიამოვნებს. ასეა იმიტომ, რომ მისი ლოდინი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ შეიცვლება ვითარება უკრაინაში და როგორ დასრულდება ომი უკრაინაში.

ხელისუფლება მანამდე არ გადადგამს ევროკავშირის მიმართულებით მკაფიო ნაბიჯებს, ვიდრე უკრაინაში გაურკვეველი ვითარებაა. ხელისუფლება საგარეო ფრონტზე აქტიურობს, აღმასრულებელ ხელისუფლებაზე მეტად საგარეო ფრონტზე მეტად აქტიურობს პრეზიდენტი.

უკრაინასთან დაკავშირებით იკვეთება ხელისუფლების ორგვარი დამოკიდებულება. რაც თავის მხრივ იმის ლოდინითაა განპირობებული თუ როგორ განვითარდება პროცესები უკრაინაში. ანუ, მიდგომა ასეთია - ვნახოთ, რა და როგორ მოხდება უკრაინაში და ამის შესაბამისად იქნება უფრო მეტი აქტიურობა მერე.

უკრაინასთან დაკავშირებით იკვეთება ხელისუფლების ორგვარი დამოკიდებულება. რაც თავის მხრივ იმის ლოდინითაა განპირობებული თუ როგორ განვითარდება პროცესები უკრაინაში. ანუ, მიდგომა ასეთია - ვნახოთ, რა და როგორ მოხდება უკრაინაში და ამის შესაბამისად იქნება უფრო მეტი აქტიურობა მერე

როგორც ჩანს, აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან ევროკავშირთან გადასადგმელი ნაბიჯები უკრაინაში მიმდინარე მოვლენებსა და ომის შედეგებზეა დამოკიდებული.

დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინაში დაპირისპირება არა უკრაინასა და რუსეთს, არამედ დასავლეთსა და რუსეთს შორის დასავლეთის გამარჯვებით დასრულდება და ქართული ხელისუფლებაც არ იტყვის უარს ევროკავშირთან ინტეგრაციაზე, მაგრამ მან რომ კიდეც უარი თქვას, მათ მერე აღარავინ არაფერს შეეკითხება.

- გასაგებია რასაც ბრძანებთ, მაგრამ ამ თემაზე ხელისუფლების მისამართით საკმაოდ კრიტიკული მოსაზრება გამოთქვა „ქართული ოცნების“ მიმართ აქამდე ლოიალურად განწყობილმა მსოფლიო დონის ქართველმა მეცნიერმა გია დვალმა.

მან თქვა - „განცხადებები, რომელიც მთავრობამ უკრაინასთან დაკავშირებით გააკეთა, ცალსახად ჩანს, როგორც რუსეთის მხარდაჭერა“.

გასაგებია, რომ ხელისუფლება მოლოდინის რეჟიმშია, მაგრამ არ ჩანს, რომ ხელისუფლება რომელიმე სცენარისთვის ემზადება. თქვენ ასეთი შთაბეჭდილება არ გრჩებათ?

- სწორედ ამიტომ ვთქვი, რომ ხელისუფლება ლოდინის რეჟიმშია. ხელისუფლება არანაირი სცენარისთვის არ ემზადება. ხელისუფლება ნებისმიერ მოძრაობას ერიდება. მოლოდინები როგორი შეიძლება იყოს? ღმერთმა დაგვიფაროს და ჩვენ რუსეთთან ისეთივე პრობლემები შეგვექმნას, რაც ახლა უკრაინას აქვს.

ხელისუფლება ლოდინის რეჟიმშია. ხელისუფლება არანაირი სცენარისთვის არ ემზადება. ხელისუფლება ნებისმიერ მოძრაობას ერიდება. მოლოდინები როგორი შეიძლება იყოს? ღმერთმა დაგვიფაროს და ჩვენ რუსეთთან ისეთივე პრობლემები შეგვექმნას, რაც ახლა უკრაინას აქვს

შესაძლოა მოსკოვმა საქართველოსგან დენაციფიკაცია არ მოითხოვოს, მაგრამ ვთქვათ მოგვთხოვეს უარის თქმა ნატოზე, ევროკავშირზე? აფხაზეთისა და ცხინვალის რესპუბლიკების აღიარება, რაც მოსკოვის აღიარებული აქვს? ასეთ შემთხვევაში რას ვშვრებით? ამისთვის რომ ვემზადოთ, ეს ხელისუფლებას არ უნდა. ამიტომ აქვს ხელისუფლებას არჩეული ლოდინის რეჟიმი.

თუ რეალურად მოსალოდნელია საფრთხე, უნდა დაიწყო სამხედრო პოზიციების როგორღაც გამაგრება. ან ახლავე უნდა თქვა უარი ნატოზე და ევროპაზე. ჩვენი ხელისუფლება ისევე მოქმედებს, როგორც 24 თებერვლამდე, ანუ უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყებამდე მოქმედებდა. გარდა განცხადებებისა, საერთაშორისო ორგანიზაციებში უკრაინის მხარდაჭერისა, საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას არც ერთი კონკრეტული ნაბიჯი არ გადაუდგამს.

ჩვენი ხელისუფლება ისევე მოქმედებს, როგორც 24 თებერვლამდე, ანუ უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყებამდე მოქმედებდა. გარდა განცხადებებისა, საერთაშორისო ორგანიზაციებში უკრაინის მხარდაჭერისა, საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას არც ერთი კონკრეტული ნაბიჯი არ გადაუდგამს

- უკრაინასთან მიმართებაში ხელისუფლების განცხადებები ხშირ შემთხვევაში მართლაც ორაზროვანი იყო, მაგრამ ამ თემაზე პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ მოახერხა ჩვენი გაკვირვება.

ვითარებაში, როცა მთელი მსოფლიო გაოგნებული იყო უკრაინის ქალაქებში ბურჩაში, ირპენსა და სხვა ქალაქებში აგრესორი რუსეთის ჯარისკაცების ბარბაროსობის გამო, მან ამ თემებზე კი არ ისაუბრა, სხვა ქვეყნის ლიდერების მსგავსად კი არ დაუგმია მომხდარი, არამედ განაცხადა შემდეგი - „25 თებერვალს ვპროგნოზირებდი რომ უკრაინა დაიჩაგრებოდა და დაისჯებოდა.“

ამგვარი და ამის მსგავსი რიტორიკით საუბრობენ კრემლს დაქვემდებარებულ ტელევიზიებში კრემლის პროპაგანდისტები. სხვა თემაა, რა მოხდება დონბასის მიმართულებაზე, მაგრამ ვითარებაში, როცა უკრაინა ჩრდილოეთის მიმართულებაზე წარმატების უმკლავდება უკრაინაში შესულ დეზორიენტირებულ რუს ჯარისკაცებს, აშკარად გაუგებარი იყო პრემიერის ეს განცხადება.

თქვენ როგორ აღიქვით უკრაინასთან დაკავშირებით პრემიერის მორიგი განცხადება?

- ომის დროს რომ უკრაინა, როგორც აგრესიის მსხვერპლი ქვეყანა დაზარალდებოდა, ამას რა დიდი პროგნოზირება უნდოდა. ღარიბაშვილის სიტყვებში - „უკრაინა „დაისჯებოდა“, იმას ნიშნავს, რომ თითქოს უკრაინის ბრალია, რომ რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ანუ, უკრაინას ადანაშაულებს იმაში, რომ უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებები დაიწყო.

- ხელისუფლების წარმომადგენლებს ამგვარი აზრი მანამდეც არა ერთხელ გამოუთქვამთ.

იმის გათვალისწინებით, რომ ომის დაწყებამდე კრემლი დასავლეთისგან ითხოვდა წერილობით მიეცა რუსეთისთვის პირობა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი უკრაინას და საქართველოს ნატოში არ მიიღებდა, ჩვენი ხელისუფლების ამგვარი, აქამდე ორაზროვანი, მაგრამ, ახლა საკმაოდ ცხადი განცხადებები იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ოფიციალური თბილისი თავადაა მზად უარი თქვას ნატოზე, იმის სანაცვლოდ, რომ რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ ომი არ დაეწყოს?

- დიახ ასეა, მაგრამ ხელისუფლება ღიად ვერ ამბობს, რომ მზადაა ნატოზე თქვას უარი. თუ რუსეთმა ნატოსთან დაკავშირებული პრობლემები მოაგვარა, უკრაინასთან უკრაინასთან მიმართებაში ღარიბაშვილის განცხადების კონტექსტი ასეთია - თუ რუსეთმა უკრაინა დაიმორჩილა, კრემლს შეუძლია ჩათვალოს, რომ საქართველოსთან ნატოს თემაზე პრობლემები არ ექნება და ეს საკითხი მოგვარებული აქვს.

ხელისუფლება ღიად ვერ ამბობს, რომ მზადაა ნატოზე თქვას უარი

ყველაფერს რასაც მოსკოვი საქართველოსგან მოითხოვს გავაკეთებთ. სხვაგვარად, ჩვენი ხელისუფლების განცხადებები და ქმედებების ახსნა შეუძლებელია. გასაგებია, რომ ხელისუფლებას ეშინია რუსეთის. თუ რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ აგრესიაზე წავიდა, ხელისუფლება კაპიტულაციაზე კი წავა, მაგრამ არ უნდა რომ თავად დაისაჯოს.

ხელისუფლებას დასავლეთის არ ეშინია, ხელისუფლებას დასავლეთისგან პერსონალური ხიფათი არ აქვს და არც ელოდება. არა მგონია ხელისუფლება სახელმწიფოზე ფიქრობდეს. ღარიბაშვილმა ფაქტობრივად კატასტროფული რამ თქვა - უკრაინაა დამნაშავე, რადგან მან ვერ შეძლო რუსული აგრესიის შეჩერდება. აბა რა გითხრათ? დეკემბრიდან მოყოლებული ამ პროცესში მთელი დასავლეთი იყო ჩართული და დასავლეთმა ვერ შეძლო რუსების შეჩერება.

ეს მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ იცის. უცნაურია, რომ ეს ჩვენმა პრემიერმა არ იცის და უკრაინის წინააღმდეგ რუსების აგრესიაში უკრაინას ადანაშაულებს. სამწუხაროა, რომ უკრაინის საკითხში ხელისუფლებას ასეთი პოზიცია აქვს.

მე ერთ რამეში ვარ დარწმუნებული - საომარი მოქმედებები უკრაინაში როგორადაც არ უნდა დასრულდეს, დაპირისპირება რუსეთსა და დასავლეთს შორის გაგრძელდება და ეს დასრულდება იმით, რომ დაიწყება ევროპის აღმოსავლეთით გაფართოების მეორე ეტაპი. რა ვადებში მოხდება ეს, ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ, ასე რომ იქნება, დარწმუნებული ვარ.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს