ჯანდაცვის სამინისტრო განმარტავს, რატომ მიიღო იანვარ-მარტში საარსებო შემწეობა 8 ათასზე მეტმა ადამიანმა

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ინფორმაცია, რომ „ქვეყანაში სოციალურად დაუცველთა რიცხვი გაიზარდა“ რეალობას არ ასახავს.

ამ განცხადებით ჯანდაცვის სამინისტრო გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ ბოლო სამ თვეში საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა 8 929-ით გაიზარდა. როგორ უწყებაში განმარტავენ, სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმების პროცესი დროებით შეჩერებული იყო, რის გამოც ბაზაში მხოლოდ პირთა დამატება ხდება და არა სოციალური სტატუსის გაუმჯობესების შედეგად, მოქალაქეთა სოციალურად დაუცველთა სიიდან გადინება.

„მოგეხსენებათ, რომ ქვეყანაში Сovid-19-ის გავრცელებიდან გამომდინარე, 2020 წლიდან გამოცხადდა მორატორიუმი, რაც იმას გულისხმობს, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმების პროცესი დროებით შეჩერდა, შესაბამისად გაფართოვდა დახმარების მიმღებთა წრეც.

მორატორიუმის პერიოდში, არ ხორციელდება სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ხელახალი გადამოწმება. შესაბამისად, ბაზაში ხდება მხოლოდ პირთა დამატება და არ ხდება, სოციალური სტატუსის გაუმჯობესების შედეგად, მოქალაქეთა სოციალურად დაუცველთა სიიდან გადინება.

ამასთანავე, 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა ბავშვის ბენეფიტი და გაიზარდა აღნიშნული სარგებლის მიმღები ოჯახების რაოდენობაც. ბავშვის ბენეფიტს 100 000 ქულის მქონე ოჯახების ნაცვლად, უკვე იღებენ 120 000 ქულის მქონე ოჯახები, რამაც ასევე გაზარდა დახმარების მიმღებთა რაოდენობა.

აქედან გამომდინარე, ის განაცხადი, რომ ქვეყანაში სოციალურად დაუცველთა რიცხვი გაიზარდა არ ასახავს რეალობას“, - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ცნობისთვის, საქართველოში საარსებო შემწეობას 652 096 ადამიანი იღებს, რაც ქვეყნის მოსახლეობის 17.5%-ს შეადგენს. სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, სახელმწიფოსგან ფულადი დახმარების მიმღებ პირთა რაოდენობა მხოლოდ ბოლო სამ თვეში 8 929 ადამიანით გაიზარდა. 2021 წლის დეკემბრის თვეში საარსებო შემწეობა 174 379-მა ოჯახმა, ანუ 643 167-მა ადამიანმა მიიღო, მიმდინარე წლის იანვარში, თებერვალსა და მარტში კი ეს რაოდენობა გაიზარდა. კერძოდ, იანვარში საარსებო შემწეობა 648 176-მა ადამიანმა მიიღო, თებერვალში - 650 584-მა, მარტის თვეში კი სახელმწიფოსგან დახმარება 176 837-მა ოჯახს, ანუ 652 096 პირს ჩაერიცხა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა