მამუკა მდინარაძე - „ლელო“ „ნაცმოძრაობის“ დანაყოფად განიხილება, საგარეო მიმართულებით მათ არცერთ ინიციატივას არ განვიხილავთ

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველი გუნდი საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი დანაყოფების ინიციატივებს არც კი განიხილავს. ასე უპასუხა მდინარაძემ ჟურნალისტის კითხვას იმასთან დაკავშირებით, რა იქნება მმართველი გუნდის პოზიცია „ლელოს“ რეზოლუციის პროექტზე, სადაც პარტია აპირებს ჩაწეროს, რომ უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ქმედებები სამხედრო დანაშაულია.

მდინარაძემ არ გამორიცხა, რომ ოპოზიციამ პროვოკაციული წინადადება დააყენოს, რომელიც შეიძლება „დამღუპველი იყოს და რისკებს შეიცავდეს“.

„როცა კონკრეტული ინიციატივები არის ხოლმე, სამწუხაროდ, მათი უდიდესი ნაწილი შეიცავს პროვოკაციის ნიშნებს. შეიძლება ერთი შეხედვით იქ სიმართლე იყოს და პიარულად კარგი რაღაცები, მაგრამ მეორე მხრივ, სხვა ისეთი რამ ეწეროს, რომ შეიძლება კონკრეტულმა ადამიანმა მხარდაჭერისგან თავი შეიკავოს. ჩვენ შემთხვევით არ გაგვიკეთებია განცხადება, რომ „ნაცმოძრაობის“ და მისი დანაყოფების მხრიდან საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინიციატივა არც კი იქნება ჩვენს მიერ განხილული. ამ შემთხვევაში, „ლელო“ ჩემი მხრიდან „ნაცმოძრაობის“ დანაყოფად განიხილება და ეჭვიც არ მეპარება რომ ასეა. მათ შეიძლება, ერთი მხრივ, კარგი წინადადება დააყენონ, მოგეწონოს და მხარი დაუჭირო, მაგრამ მეორეს ისეთ პროვოკაციულს დააყენებენ, რომელიც შეიძლება დამღუპველი იყოს და რისკებს შეიცავდეს. მათ არცერთ ინიციატივას საგარეო მიმართულებით არ განვიხილავთ. ეს არის პრინციპული პოზიცია არა რომელიმე საკითხის შინაარსის გათვალისწინებით, არამედ იმ კონტენტის გათვალისწინებით, რასაც ისინი კადრულობენ ამ პერიოდის განმავლობაში“, - განაცხადა მდინარაძემ.

არსებული ინფორმაციით, პარტია „ლელო“ რეზოლუციის პროექტს ამზადებს, სადაც ჩაიწერება, რომ უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ქმედებები სამხედრო დანაშაულია.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა