“პოინტერი” რუსეთთან საინფორმაციო ომში “მითების დეტექტორის” როლზე წერს

პოინტერი: MDF-ის ფაქტების გადამოწმების პლატფორმა საგარეო ინფორმაციული ოპერაციებისა და შიდაპოლიტიკური პროპაგანდის წინააღმდეგ იბრძვის.
უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციის პარალელურად Facebook-სა და Instagram-ზე გავრცელებულ რუსულენოვანი დეზინფორმაციის გადამოწმებაში ფეისბუქის სხვა პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად მედიის განვითარების ფონდის (MDF) ფაქტების გადამოწმების პლატფორმა “მითების დეტექტორიც” ჩაერთო. პოინტერის ინსტიტუტმა, რომელიც ჯანსაღი ჟურნალისტიკისა და სამოქალაქო ჩართულობის გლობალური ქსელს წარმოადგენს, „მითების დეტექტორის“ საქმიანობას სტატია მიუძღვნა.
“მითების დეტექტორი” აქამდე ქართულ და საერთაშორისო აუდიტორიებზე იყო ორიენტირებული, შესაბამისად, მასალებსაც უმეტესად ქართულ და ინგლისურ ენებზე აქვეყნებდა. თუმცა, ახლა იგი რუსეთის სახელმწიფო და კერძო მედიის მიერ გავრცელებულ ცნობებსა და სოც. ქსელში რუსულენოვანი ანგარიშების მიერ გავრცელებულ ყალბ ამბებსაც შეისწავლის.
„ვებ-გვერდი მკითხველს ფაქტების გადამოწმების ფართო სპექტრს გვთავაზობს, მათ შორის უკრაინასთან დაკავშირებული დეზინფორმაციის ანალიზს. აგრეთვე, გვერდი ფოკუსირდება ისეთ საკვანძო საკითხებზე, როგორებიცაა გარე ინფორმაციული ოპერაციები, ქვეყნის შიგნით არსებული პოლიტიკური პროპაგანდა და ეკონომიკური სარგებლის მიღების გამო გავრცელებული ყალბი ინფორმაცია.“ - წერს პოინტერი.
პოინტერთან საუბრისას, მედიის განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა და „მითების დეტექტორის“ მთავარმა რედაქტორმა, თამარ კინწურაშვილმა აღნიშნა, რომ პლატფორმამ უკვე მოახერხა რუსულენოვან აუდიტორიაში შეღწევა, ვინაიდან გვერდის მკითხველთა მნიშვნელოვანი ნაწილი - თითქმის 20% - სწორედ რუსულენოვან აუდიტორიაზე მოდის. თამარ კინწურაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ორგანიზაცია განაგრძობს გაფართოებას, როგორც ადამიანური რესურსის, აგრეთვე წარმოებული პროდუქტის მხრივ.
პოინტერისთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა „მითების დეტექტორის“ მიერ უკრაინის კონტექსტში გადამოწმებული რამდენიმე კონკრეტული მაგალითი, სადაც რუსულენოვანი წყაროები ერთ შემთხვევაში, უკრაინის პრეზიდენტს ნარკოდამოკიდებულებაში ადანაშაულებდნენ, ხოლო მეორე შემთხვევაში კი ამტკიცებდნენ, თითქოს პოლონეთი, უნგრეთი და რუმინეთი უკრაინის ანექსიას და მისი ტერიტორიების გადანაწილებას გეგმავენ. ამასთან დაკავშირებით „მითების დეტექტორის“ მთავარმა რედაქტორმა პოინტერს უთხრა, რომ მნიშვნელოვანია ფართო სურათის დანახვა, რომელიც აჩვენებს, რომ დეზინფორმაციის კოორდინირებული გავრცელება, გარკვეულ შემთხვევაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში რუსეთის დიასპორის საპროტესტო აქციებში ჩართულობასაც გულისხმობს.
“ჩვენ საქმე გვაქვს დეზინფორმაციის კოორდინირებულ გავრცელებასთან ისეთი Facebook ანგარიშების მიერ, რომლებიც რუსულ დიასპორასთან არიან დაკავშირებული. შედეგად, ისინი არა მხოლოდ ავრცელებენ დეზინფორმაციას, არამედ უკრაინელი ლტოლვილების წინააღმდეგ საპროტესტო აქციებსაც მართავენ.” - განუცხადა თამარ კინწურაშვილმა პოინტერს.
პოინტერმა ყურადღება „მითების დეტექტორის“ ინგლისურენოვან მასალებზეც გაამახვილა, რომელიც ასევე რეგულარულად ქვეყნდება და საერთაშორისო აუდიტორიას აქტიურად იზიდავს. აქვე აღსანიშნავია, რომ MDF-ისა და „მითების დეტექტორის“ მიმართ ინტერესი სოციალურ მედიაში მნიშვნელოვნად მატულობს.
სტატიის სრულად ნახვა შესაძლებელია აქ.
(R)

























