გორის მერმა ჭიდაობის ტურნირის გამარჯვებულები დააჯილდოვა

გორის მუნიციპალიტეტის მერმა, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა მამის, გიორგი ხინჩეგაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირის გამარჯვებულები დააჯილდოვა.
გორის მერიის ინფორმაციით, შეჯიბრებას შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ცენტრალური სასპორტო სკოლა ორი დღის განმავლობაში მასპინძლობდა. მასში მონაწილეობას უმცროსი ასაკის ჭაბუკები იღებდნენ. ასპარეზობა ვაჟებს შორის 11, ხოლო გოგონებს შორის 2 წონით კატეგორიაში მიმდინარეობდა.
„საპრიზო ადგილებზე გასული სპორტსმენები თასებით, მედლებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. გარდა ამისა, გამარჯვებულებს სპეციალური პრიზებიც გადაეცათ.
ღონისძიება ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა.
ტიტულოვანი სპორტსმენის, ახალგაზრდებს შორის მსოფლიო და ევროპის ჩემპიონის, გიორგი ხინჩეგაშვილის სახელობის ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში მე-5 წელია იმართება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

























