საპენსიო სააგენტომ დოლარის შესყიდვა და ფონდის დივერსიფიკაცია აქტიურად დაიწყო

საპენსიო სააგენტომ მარტის თვეში გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, დოლარის შესყიდვა უკვე დაიწყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ფონდის დივერსიფიკაცია აქტიურ ფაზაში გადავიდა. 2022 წლის იანვრიდან, მეტი გამჭვირვალობისთვის, საინვესტიციო სამსახური ყოველთვიურ, დეტალურ საინვესტიციო ანგარიშს აქვეყნებს. დღეისათვის შენატანებზე დარიცხული სარგებელი 320 მილიონი ლარია, სამომავლო გეგმები, კი საკმაოდ ამბიციური, საპენსიო სააგენტო გლობალური ინვესტიციის ფარგლებში MSCI World Index-ის შეძენას გეგმავს, როგორც გოგა მელიქიძემ განმარტა, ეს უახლოეს მომავალში მოხდება.

ამ და სხვა კითხვებით საპენსიო სააგენტოს უფროს საინვესტიციო ოფიცერს გოგა მელიქიძეს მივმართეთ.

- იქნებ გაგვიზიაროთ რომელი არხებით განხორციელდა დოლარის შეძენა?

- ჩვენ დოლარს ვიძენთ სავალუტო ბაზარზე, როგორც ბანკებისგან პირდაპირ ასევე Bmatch-ის პლატფორმის საშუალებით. არ ხდება დიდი მოცულობებით შეძენა დოლარის, არამედ პატარა მოცულობებით, 100-500 ათასის დოლარის ფარგლებში და ეტაპობრივად. საპენსიო ფონდის თანმიმდევრულმა და მოზომილი მოცულობებით მონაწილეობამ სავალუტო ბაზარი დაასტაბილურა და თავიდან აგვარიდა მაღალი რყევები ბაზარზე, რაც საბოლოო ჯამში მაკრო სტაბილურობის საწინდარია.

- სად და როდის გეგმავთ აღნიშნული დოლარის ინვესტირებას?

- უმოკლეს პერიოდში ვგეგმავთ აღნიშნული დოლარის ინვესტირებას გლობალ ფასიან ქაღალდებში. როგორც ეს ჩვენ საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტშია აღწერილი, ჩვენ ვგეგმავთ MSCI World Index-ის შეძენას, რომელიც საკმაოდ დივერსიფიცირებული ინდექსია. იგი მოიცავს 23 განვითარებულ ეკონომიკას, მაგალითად აშშ-ს წილი ინდექსში 68%-ია, იაპონიის 6%, დიდი ბრიტანეთის 4%, კანადის, 3.5%, საფრანგეთის 3.2% და ა.შ.. ინდექსში შედის 1,539 კომპანია და ისეთი კომპანიები როგორებიც არიან Apple-ი, MicroSoft-ი, Google-ი, Amazon-ი, Tesla, Facebook-ი, JOHNSON & JOHNSON-ი და ა.შ..აღნიშნული ინდექსი ფარას 12 სხვადასხვა სექტორს, სადაც ტექნოლოგიებს უჭირავს 22%-ი, ფინანსურ მომსახურებას 14%, ჯანდაცვის სექტორს 12.6% და ა.შ..ასევე აღსანიშნავია, რომ ბოლო 3 წლის მანძილზე ინდექსი საშუალოდ 14%-ით იზრდებოდა წელიწადში.ერთი სიტყვით ამ ინდექსის შეძენით საპენსიო სქემის მონაწილეები ვხვდებით გლობალური ეკონომიკების მონაწილეები და საერთაშორისო მსხვილი კომპანიების მეწილეები, რა თქმა უნდა საპენსიო სქემის და აღნიშნული ინდექსის ფონდის გავლით.

- დღეის მდგომარეობით რა მოცულობის დოლარი გაქვთ შეძენილი?

- ჩვენ ბოლო რამდენიმე კვირაა, გარკვეული ეტაპობრივობით ვიძენთ დოლარს და დღეის მდგომარეობით ჩვენ შეძენილი გვაქვს 46 მლნ აშშ დოლარი, რაც ლარში არის მიახლოებით 144 მლნ ლარი. შეძენილი დოლარიც ამ ეტაპზე დევს ქართულ კომერციულ ბანკებში მიმდინარე ანგარიშებზე.

- რამდენად გააგრძელებს საპენსიო ფონდი დოლარის შეძენას ბაზარზე?

- საპენსიო ფონდი იქნება ქართული სავალუტო ბაზრის მონაწილე, ისევე როგორც ფასიანი ქაღალდების ბაზრის აქტიური მონაწილე. შესაბამისად საპენსიო ფონდი საჭიროებისამებრ შეიძენს ხოლმე დოლარს სავალუტო ბაზარზე ეტაპობრივად და არა დიდი მოცულობებით, იმისათვის რომ არ გამოიწვიოს ბაზარზე რყევები.

ლარის მყისიერი გაუფასურება, როცა 2.9-დან 3.4-მდე ავარდა, გამოწვეული იყო თუ არა საპენსიო ფონდის მიერ დოლარზე მოთხოვნით? არა, რამეთუ საპენსიო ფონდმა დოლარის შეძენა დაიწყო 17 მარტიდან, იმ დროს როდესაც ერთი დოლარის ღირებულება უკვე 3.22 ლარი იყო და გამყარების ტენდენცია იგრძნობოდა. ლარის მყისიერი გაუფასურება გამოწვეული იყო რუსეთის მხრიდან უკრაინაში ომის დაწყებით.

- სად არის განთავსებული საპენსიო დანაზოგები და როგორია მომგებიანობა დღეის მდგომარეობით?

- საპენსიო დანაზოგები კვლავ სრულად განთავსებულია ქართულ კომერციულ ბანკებში, კონკრეტულად 8 კომერციულ ბანკში. დანაზოგების 61%-ი განთავსებულია სადეპოზიტო სერტიფიკატებში, ხოლო დანარჩენი 39%-ი განთავსებულია მიმდინარე სარგებლიან ანგარიშებზე. ფონდის მიმდინარე წლიური ეფექტური ამონაგები წარმოადგენს 11.2%-ს, ხოლო ფონდის გაშვების დღიდან, ანუ 2019 წლის 1 იანვარიდან, მისი მომგებიანობა არის 34.7%, ხოლო ანალოგიურ პერიოდზე ინფლაცია არის 30.5%. ციფრებში, რომ გამოვხატოთ ფონდის მიმდინარე ღირებულება არის 2.23 მილიარდი ლარი, საიდანაც დარიცხული სარგებელი 320 მილიონი ლარია.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს