ქართული პრესის მიმოხილვა 08.04.2022

რა ტიპის იარაღს ითხოვს უკრაინა და რის გადაცემაზე ყოყმანობს დასავლეთი
"ლელოს“, ვაშაძის პარტიისა და სხვების დამუნათების მცდელობები ტრაგიკომიკურია - გია აბაშიძე
***
რა ტიპის იარაღს ითხოვს უკრაინა და რის გადაცემაზე ყოყმანობს დასავლეთი
„უკრაინა დასავლეთისგან დამატებით იარაღს ითხოვს, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ეს ვლადიმერ პუტინის შესაკავებლად და რუსული არმიის დასამარცხებლად საუკეთესო გზაა. სამხედრო სფეროს ექსპერტთა შეფასებით, კიევი უფრო მეტად შემტევითი ტიპის შეიარაღებას ითხოვს, რომელიც უკრაინულ არმიას საშუალებას მისცემს, რომ საომარი მოქმედებების ზონებში სიტუაცია ძირეულად გარდატეხოს. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ გამოაქვეყნა მოწოდება ნატო-ს ქვეყნებიდან მეტი იარაღის მიწოდების შესახებ. რაც უფრო მალე მიიღებენ მარაგს, მით მეტი ადამიანის სიცოცხლე, ქალაქები გადარჩება ისეთი განადგურებისგან, როგორიც მსოფლიომ ბუჩაში იხილა”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, რა ტიპის იარაღს ითხოვს უკრაინა და რის გადაცემაზე ყოყმანობს დასავლეთი
„ჩემი დღის წესრიგი ძალიან მარტივია. ეს არის: იარაღი, იარაღი და იარაღი, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ნატოს შტაბ-ბინაში განაცხადა. მან ალიანსისა და „დიდი შვიდეულის" საგარეო საქმეთა მინისტრებს მოუწოდა უყოყმანოდ მიაწოდონ უკრაინას ყველაფერი, რაც მას სჭირდება, მისივე თქმით, „რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, დღეს იარაღი მშვიდობის მიზანს ემსახურება". „უკრაინის არმიამ და მთელმა უკრაინელმა ერმა აჩვენა, რომ ჩვენ ვიცით როგორ ვიბრძოლოთ. ჩვენ ვიცით როგორ მოვიგოთ. რაც უფრო მეტ იარაღს მივიღებთ და რაც უფრო მალე ჩავა ის უკრაინაში, მით უფრო მეტი ადამიანის სიცოცხლე გადარჩება, მით მეტი ქალაქი და სოფელი არ განადგურდება და აღარ იქნება მეტი ბუჩა",- განაცხადა კულებამ”, - აღნიშნავს გამაოცემა.
„უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ თუ იარაღს არ მიაწვდიან, რომელიც უკრაინას სჭირდება, ამას რუსეთი უფრო შორს წასვლის ნებართვად ჩათვლის. ამბობს, რომ დასავლეთს, რუსეთზე უფრო მკაცრი სანქციების დაწესებითა და უკრაინისთვის იარაღის მიწოდებით, აგრესიის შეჩერება შეუძლია. ,,კარგია, რომ შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა შეაჩერა რუსეთის შესაძლებლობა, ვალის გადასახდელად, აშშ-ის საბანკო ანგარიშები და მასთან დაკავშირებული აქტივები გამოიყენოს, ეს საგრძნობია და ამისთვის მადლობელი ვარ, მაგრამ კიდევ ბევრი რამ არის საჭირო, ომის შესაჩერებლად. „თუ არ იქნება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მართლაც მტკივნეული პაკეტი და თუ არ იქნება იარაღის მოწოდება, რომელიც ჩვენ ნამდვილად გვჭირდება და არაერთხელ მივმართეთ, რუსეთი ამას ჩათვლის როგორც ნებართვას, უფრო შორს წასვლის ნებართვას, თავდასხმების ნებართვას, დონბასში, ახალი სისხლიანი ტალღის დაწყების ნებართვას. „ამის თავიდან აცილება ჯერ კიდევ შესაძლებელია. ჯერ კიდევ შეიძლება ისეთი სანქციების დაწესება, რასაც უკრაინა დაჟინებით მოითხოვს, დაჟინებით მოითხოვს ჩვენი ხალხი. ჯერ კიდევ შესაძლებელია, მოგვცენ იარაღი, რომელიც ნამდვილად შეაჩერებს ამ აგრესიას, დასავლეთს ამის გაკეთება შეუძლია", - განაცხადა ზელენსკიმ”, - განაგრძობს გამოცემა.
„როგორც სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აღნიშნავს, უკრაინელები უფრო მეტად შემტევითი ტიპის იარაღის მიწოდებას ითხოვენ. იქიდან გამომდინარე, რომ ომში იარაღი ყოველთვის მილევადია, ასევე, საჭიროა თავდაცვითი ტიპის შეიარაღებაც. „უკრაინელები უფრო მეტად თავდაცვითი და შემტევითი ტიპის შეიარაღებას ითხოვენ, რომელიც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს საშუალებას მისცემს, რომ საომარი მოქმედებების ზონებში სიტუაცია ძირეულად გარდატეხონ. „უფრო მეტად საშუალო და მძიმე ტიპის შეიარაღების კომპონენტებზეა საუბარი. მაგალითად: ტანკები, ბრონირებული ჯავშანმანქანები, ოპერატიულ-ტაქტიკური ტიპის სარაკეტო სისტემები, რომლებსაც რუსეთის მძიმე შეიარაღებისა და საჰაერო თავდასხმების წინააღმდეგ გამოიყენებენ. „ასევე, საუბარია რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვით, საშუალო საარტილერიო სისტემებსა და კონტრსაბატარეო ტიპის მოწყობილობებზეც, რომლებიც საშუალებას იძლევა, რომ კონტრსაარტილერიო ტიპის დუელი განახორციელონ და მოწინააღმდეგის მნიშვნელოვანი წერტილები გაანადგურონ. ასევე, საუბარია საშუალო ტიპის საბრძოლო დრონებზე. „ამერიკელები კი დაჰპირდნენ, რომ „სვიჩ ბლაინდერებს" მისცემენ, რომელიც საშუალო ტიპის დრონებია და რომლებსაც შეუძლია კამიკაძე დრონის ტიპი შეითავსონ. უკრაინელები ასევე ითხოვენ ზუსტი შეიარაღების ელემენტებსაც, რომელიც ეხება სარაკეტო და საარტილერიო ტიპის კომპლექსებს. ითხოვენ საბრძოლო ავიაციის კომპონენტებსაც, რომლებიც მნიშვნელოვანია, თუნდაც ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების გასაუმჯობესებლად.„ბრიტანეთმა საკმაოდ სერიოზული ტიპის იარაღი ფრთოსანი ბალისტიკური რაკეტები „ჰარპუნი" მისცა, რომელიც არის ხმელეთი-ზღვა, მაგრამ, შეიძლება გამოიყენო, როგორც ხმელეთი-ხმელეთის ტიპის სარაკეტო კომპლექსი. „ბაირაქტარები" საშუალო ტიპის დრონია, თუმცა, რუსებს მათი მანევრები უკვე ათვისებული აქვთ. ამერიკული და ბრიტანული დრონებს უფრო მეტი მოწყობილობები აქვთ და უფრო ზუსტები და მანევრირებადები არიან და რუსებს შეხების წერტილი არ ჰქონიათ" - განაცხადა მაისაიამ. კითხვაზე, რა ტიპის იარაღზე იკავებს თავს დასავლეთი, ექსპერტმა განაცხადა, რომ ესაა ზე-ზუსტი და ჭკვიანი ტიპის იარაღი. „ზე-ზუსტი ჭკვიანი ტიპის იარაღის კომპონენტების გადაცემაზე მგონია, რომ აშშ და სხვა ქვეყნები თავს იკავებენ, ეს ახალი ტექნოლოგიაა. რუსული მხარე ამბობს, რომ დონბასში რუს სეპარატისტებს საკმაოდ ბევრი იარაღი ჩაუვარდათო, რა თქმა უნდა, რომ არ უნდათ რუსებმა ტექნოლოგია შისწავლონ. აშშ ასევე ხელოვნური ინტელექტის ტიპის შეიარაღების გადაცემაზე იკავებს თავს. მაგალითად ჩეხეთმა და სლოვაკეთმა საბჭოთა ტანკები გადასცა. „რადენიმე მიზეზია რის, გამოც დასავლეთი კონკრეტული იარაღის გადაცემაზე თავს იკავებს - ერთია ათვისება, მეორე ახალ ტექნოლოგიებს დრო უნდა და შესწავლის ვარიანტია, მესამე მიზეზია, ასეთი ტიპის იარაღის გადაცემამ არ გამოიწვიოს ის, რომ რუსებმა უფრო მეტი სისასტიკე ჩაიდინონ. „სამწუხაროდ, საბრძოლო მრავალფუნქციონირებად გადამჭერ თვითმფრინავებზე და ტაქტიკურ მოიერიშეებზე დასავლეთის ქვეყნები მაქსიმალურად თავს იკავებენ და ამ კუთხით უკრაინას პრობლემები აქვს" - განაცხადა მაისაიამ”, - წერს გამოცემა.
"როგორც „ბიბისი ნიუსთან" შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, ყოველ ერთ რუსულ ტანკზე ამერიკა და მოკავშირე ქვეყნები უკრაინას 10 ტანკსაწინააღმდეგო სისტემას მიაწვდიან. მისი თქმით, ეს რაც შეიძლება მალე მოხდება. „ყოველი რუსული ტანკის საწინააღმდეგოდ ჩვენ უკრაინას 10 ტანკსაწინააღმდეგო სისტემას მალე მივაწვდით. მათ აქვთ საჭირო იარაღი და ისინი განაგრძობენ ჩვენგან მიღებას. გვინდა, რომ ომის დასრულება მალე დავინახოთ, დასრულდეს სიკვდილი და დესტრუქცია, რომელსაც რუსეთი უკრაინაში ახორციელებს. „ასევე, არსებობს სავარაუდო სცენარი, რომ ეს გარკვეული პერიოდი გაგრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ რუსებმა უკან დაიხიეს კიევიდან, ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან, ისინი აღმოსავლეთით დონბასში აძლიერებენ ძალებს. მათ ჯერ კიდევ ბევრი ძალა ჰყავთ. „უკრაინელებს კი აქვთ რაღაც, რაც საბოლოოდ უფრო ძლიერია და ეს არის ძლიერი გამბედაობა და სურვილი დაიცვან თავიანთი ქვეყანა მსოფლიოს მრავალი სახელმწიფოს მხარდაჭერით", - განაცხადა ბლინკენმა. ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ დასავლეთი ძირითადად უკრაინას თავდაცვითი ტიპის შეიარაღებას აწვდის, თუმცა, შემტევითი ტიპი საჭიროა იმისთვის, რომ უკრაინამ რუსეთის მიერ დაკევებული ტერიტორიები გაათავისუფლოს. „დასავლეთი უკრაინას ძირითადად თავდაცვითი ხასიათის შეიარაღებას აწვდის, იგივე „სტინგერების" სარაკეტო სისტემას, რომელიც საფრენი ობიექტების გასანადგურებლად გამოიყენება, ან "ჯაველკინებს", რომელიც ტანკების გასანადგურებლად გამოიყენება. ასევე, გარკვეული სარაკეტო სისტემებია საზღვაო ხომალდების გასანადგურებლად, რომლებსაც ბრიტანეთი აწვდის. ასევე, აწვდიან ტყვია-წამალს, ავტომატებს, მაგრამ ეს ძირითადად თავდაცვითი საშუალებაა. „ჯერჯერობით უკრაინა შემტევით საშუალებებს არ იღებს, ჩეხეთი აღმოჩნდა პირველი ქვეყანა, რომელმაც ეს საშუალებები გამოუყო, რათა უკრაინამ ოკუპირებული ტერიტორიები გაათავისუფლოს. საუბარია პირველ რიგში ტანკებზე, რომლებიც შემტევითი საშუალებაა.უკრაინა ტანკებს და თვითმფრინავებს ითხოვს. სჭირდება როგორც თავდაცვითი, ისე თავდასხმითი საშუალებები, მაგრამ, ფაქტია, რომ მნიშვნელოვანი შეიარაღება მაინც მიეწოდება" - განაცხადა ჩიტაძემ. ჩიტაძემ ასევე „ლენდ-ლიზის" პროგრამაზეც ისაუბრა, რომელიც აშშ-ს სენატმა აღადგინა, და რომელმაც მეორე მსოფლიო ომის დროს ჰიტლერის დამარცხებაში დიდი წვლილი შეიტანა და რომლითაც მოკავშირეებისთვის საბრძოლო მასალის მიწოდება პროცედურული დაბრკოლებების გარეშე შეუძლია. „მეორე მსოფლიო ომის დროს ამერიკა მოკავშირე საბჭოთა კავშირს დახმარებას „ლენდ-ლიზის" ფარგლებში უწევდა. მარტო 20 ათასამდე საბრძოლო თვითმფრინავი მიაწოდა, რომ არაფერი ვთქვათ ტანკებზე და სხვა ტიპის შეიარაღებაზე. ეს პროგრამა არა მხოლოდ სამხედრო შეიარაღების მიწოდებას, არამედ ჰუმანიტარულ დახმარებას ითვალისწინებს, ასევე, აშშ საბჭოთა კავშირს საწვავითაც ამარაგებდა და სამხედრო დანიშნულების ტვირთსაც აგზავნიდა. "დღეს ეს პროგრამა მხოლოდ სამხედრო დანიშნულების ტვირთების მიწოდებას არ ითვალისწინებს,"- განაცხადა ჩიტაძემ”, - წერს სტატიის ავტორი.
"ლელოს“, ვაშაძის პარტიისა და სხვების დამუნათების მცდელობები ტრაგიკომიკურია - გია აბაშიძე
"ძალიან ტრაგიკომიკურია, „ლელოს", ვაშაძის პარტიისა თუ სხვათა დამუნათების, რომ თითქოს „ქართული ოცნება" რუსეთის მხარესაა. ეს ტყუილია, ამას არაერთი წონადი ნეიტრალური საერთაშორისო აქტორი ადასტურებს - აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი გია აბაშიძე”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, „ლელოს“, ვაშაძის პარტიისა და სხვების დამუნათების მცდელობები ტრაგიკომიკურია - გია აბაშიძე
"ლელომ" პარლამენტს უკრაინაში სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის თაობაზე რეზოლუციის პროექტი წარუდგინა. რეზოლუციის პროექტის მიხედვით, პარლამენტი ადასტურებს, რომ 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის ფედერაციამ განახორციელა არაპროვოცირებული და გაუმართლებელი შეჭრა უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე და ფართომასშტაბიანი სამხედრო თავდასხმა უკრაინის სახელმწიფოზე, რასაც „ქართული ოცნების" ლიდერების შეფასებით, საპარლამენტო უმრავლესობა ამას მხარს არ დაუჭერს. "თავის მოწონებამ და კეკლუცმა, რომ სანქციებს არ ვუერთდებით, გააჩინა კითხვები - უნდა გამოვიდეს მთავრობა და ღიად თქვას, რომ სანქციებზე მიერთებული ვართ, - ამის შესახებ კი „სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ პრემიერ-მინისტრის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა. როგორც ანალიტიკოსი გია აბაშიძე აცხადებს, რეზოლუციისა და სანქციების საკითხში საქართველოს ხელისუფლება სწორ ნაბიჯებს დგამს. ის სამარცხვინო ბრალდებას უწოდებს ოპოზიციის განცხადებებს, რომ „ქართული ოცნების" გუნდი უკრაინას მხარს არ უჭერს”, - აღნიშნავს გამოცემა.
„საქართელოს პარლამენტი თავის დროზე მსოფლიო ასპარეზზე ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც უკრაინაზე რეზოლუცია მიიღო და რომელსაც სამწუხაროდ ოპოზიციის ნაწილმა ხმა არ მისცა. ახლა ინდივიდუალური საკუთარ პარტიულ დღის წესრიგზე მორგებულ რეზოლუციებს საპარლამენტო უმრავლესობა არ აჰყვება. „იმის თქმა, რომ „ქართული ოცნების" გუნდი უკრაინას მხარს არ უჭერს, სრულიად სამარცხვინო ბრალდებაა, გადავხედოთ საქართველოს ხელისუფლებამ გაეროში რა შედეგები მოიტანა - ადამიანის უფლებათა საბჭოდან რუსეთის გარიცხვაზე, თუნდაც ევროკავშირის რომელი ერთი რევოლუცია ავიღოთ, სადაც საქართველოს ხმა მკაფიოდ არ ისმოდა სხვა პარტნიორებთან ერთად. „ძალიან ტრაგიკომიკურია „ლელო" იქნება ეს, ვაშაძის პარტიისა თუ სხვათა დამუნათების მცდელობა, რომ თითქოს „ქართული ოცნება" რუსეთის მხარესაა. ეს ტყუილია, ამას არაერთი წონადი ნეიტრალური საერთაშორისო აქტორი ადასტურებს”, - განაგრძობს გამოცემა.
„ნაცმოძრაობას" და მის სატელიტებს იმ უაზრობის ტირაჟირება ახასიათებს, რაც მანამდე იყო. თუ ოკუპანტს ვამბობთ აუცილებლად თავსართი უნდა იყოს ან პუტინი, ან კრემლი, აგრესორზე უნდა ითქვას რუსეთი?! უკაცრავად, მაგრამ მსოფლიო ასპარეზზე აგრესორი სხვა ვინ არის თუ არა რუსეთი. ამიტომ ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის განცხადებები და ფსევდოსოლიდარობა და ფსევდოპატრიოტიზმი სახლობანას თამაშს ჰგავს. ამას ქართული საზოგადოება და ჩვენი დასავლელი პარტნიორები ხედავენ. ჩემთვის, ისევე როგორც ქართული საზოგადოებისთვის უფრო წონადია ის თუ, პენტაგონი და სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოზე რას იტყვის, ვიდრე „ლელო" თუ ვაშაძისა პარტია." აბაშიძემ ისაუბრა იმაზეც, რომ საქართველოში უკრაინის დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მიიღო მიწვევა, თავად ჩავიდეს უკრაინის ქალაქ ბუჩაში და საკუთარი თვალით ნახოს ომის დანაშაულები. ამის შესახებ კასიანოვმა ბრიფინგზე განაცხადა, ხოლო საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს, უკრაინის რადას თავმჯდომარის მიწვევა ოფიციალურად არ მიუღია. „ბოლო პერიოდში სამწუხაროდ უკრაინის ხელისუფლებიდან დეზიონფორმაციას და უსაფუძვლო ბრალდებებს მიჩვეულები ვართ, ამიტომ უკრაინის მხრიდან ამ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ვენდობი. მე უფრო საქართველოს ხელისუფლებას ვენდობი, რომელიც სიმართლის მხარესაა და ამ სიმართლეს ჩვენი და უკრაინის საერთო სტრატეგიული პარტნიორები აღიარებენ," - განაცხადა აბაშიძემ”, - წერს სტატიის ავტორი.

























