ქართული პრესის მიმოხილვა 11.04.2022

ქართული პრესის მიმოხილვა 11.04.2022

თენგიზ ფხალაძე - “რუსეთი ცდილობს გაჭიანურებული ომით დაქანცოს უკრაინა და მსოფლიოც”

მიიღებს თუ არა საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს დაჩქარებული წესით

ბადრი ჯაფარიძე - “ჩვენ შეგვიძლია ვამხილოთ “ოცნება” და მხარი დავუჭიროთ უკრაინელ ხალხს”

უკრაინაში გადამწყვეტი ბრძოლა იწყება - ანალიტიკოსები გენერალური შეტევის სავარაუდო თარიღსა და სცენარს ასახელებენ

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ რუსეთი­ უკრაინაში მიაღწევს მიზანს, აუცილებლად დადგება ჩვენი ჯერი”

* * *

თენგიზ ფხალაძე - “რუსეთი ცდილობს გაჭიანურებული ომით დაქანცოს უკრაინა და მსოფლიოც”

“არ ვიცი, რა ინფორმაცია აქვს უკრაინულ მხარეს, მაგრამ ღია წყაროებით გავრცელებული ინფორმაციით, ვიცით, რომ ქართულ და უკრაინულ სადაზვერვო სამსახურებს შორის უკვე შედგა კომუნიკაცია, ისინი თანამშრომლობენ, რაც თქვა უკრაინის რწმუნებულმაც. უკრაინული მხარის განცხადებაზე საქართველოს პირველი რეაქცია აბსოლუტურად არასწორი იყო - იყო პოლიტიკურ ოპონენტებზე სრულიად გაურკვეველი გადამისამართების ცდები მაშინ, როცა მსოფლიო, უკრაინა და ჩვენი ყველა პარტნიორი ელის კონკრეტულ ქმედებებს, რაც გამოიხატება უპირველესად იმაში, რომ ურთიერთობა უკრაინულ სამსახურებთან გაგრძელდეს იმ არხებით და ისე, როგორც წესია და არა განცხადებებით. არ შეიძლება სახელმწიფოები ერთმანეთში ასე ლაპარაკობდნენ!უმნიშვნელოვანესია იმ საერთაშორისო მექანიზმების სრულად ამოქმედებაც, რითაც მინიმუმამდე დაიყვანენ ან გამორიცხავენ ყოველგვარ სპეკულაციასა და მანიპულაციას”, - აცხადებს ექსპერტი თენგიზ ფხალაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “რუსეთი ცდილობს გაჭიანურებული ომით დაქანცოს უკრაინა და მსოფლიოც”.

“არავის ეპარება ეჭვი, რომ რუსეთი შეეცდება სანქციებისთვის გვერდის ასავლელად ყველა გზა გამოიყენოს, შესაბამისად, რისკები იზრდება. ვინმეს ეჭვი რომ არ გაუჩნდეს და ჩვენც დარწმუნებული ვიყოთ, უნდა გავაძლიეროთ კონტროლი და დაცვა, რისთვისაც არსებობს თანამშრომლობისა და კონტროლის საერთაშორისო მექანიზმები, რომელთა ამოქმედება შეიძლება. უფრო მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ ჩვენს საკუთარ რიტორიკას, რადგან ზოგ შემთხვევაში ისეთ განცხადებებს ვაკეთებთ, რითაც ძალაუნებურად ვიღაცას ეჭვს ვუჩენთ. ამ პრობლემის მოგვარება შესაძლებელია, თუ სწორად მოვიქცევით, გავაკეთებთ ნაკლებად ემოციურ განცხადებებს და გავაძლიერებთ საქართველოს დაცვას. ასე უფრო შევზღუდავთ და მინიმუმამდე დავიყვანთ კონტრაბანდის შესაძლებლობას, რითაც უპირველესად ჩვენი ქვეყანა იხეირებს და თან გამოვრიცხავთ პროვოკაციებსაც. დღეს საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ ბევრი მიმართულებით მიმდინარეობს ძირგამომთხრელი მუშაობა, მათ შორის ერთ-ერთი საჩუქარი პუტინისთვის ისიც იქნება, თუ ორი სტრატეგიული პარტნიორი ერთმანეთს წაეკიდება. ამიტომ ვერ გამოვრიცხავთ ვერც პროვოკაციას და ვერც სხვა ვერაგულ ჩანაფიქრს. ყოველივე ამასთან გამკლავებას მუშაობა სჭირდება და არა ყვირილი და შეთქმულების თეორიების შეთხზვა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თენგიზ ფხალაძე.

“ყველასთვის ცხადი უნდა გავხადოთ, რომ ჩვენ ვალდებულებებს პირნათლად ვასრულებთ და ამასთანავე გამოვიჩინოთ დიდი სიფრთხილე არსებული რისკებისა და საფრთხეების სწორი გაანალიზების წყალობით. დღეს ამ ომმა მსოფლიოში ვითარება მნიშვნელოვნად შეცვალა. ბოლო ერთი თვის განმავლობაში საქართველოში შემოვიდა რუსეთის რამდენიმე ათასი მოქალაქე, რომლებმაც სოკოებივით უცებ დაარეგისტრირეს კომპანიები. ამიტომ აუცილებლად უნდა გავაძლიეროთ კონტროლი ამ კომპანიებზე და გავარკვიოთ, მართლა კომერციული ორგანიზაციებია თუ ე.წ. ერთდღიანი კომპანიები, რომლებიც მაქინაციებისთვის შექმნეს. უნდა დავაკვირდეთ, როგორია რუსეთის მიმართულებით ტვირთების გადაზიდვის დინამიკა. ბევრი საკითხია, რომელთა გადასაწყვეტად თანამშრომლობა, უცხოელი ექსპერტების ჩართვა და კონტროლის გაძლიერება აუცილებელია. მაგალითად, უნდა გაიზარდოს რუსეთისკენ მიმავალი ტვირთების შერჩევითად შემოწმების ინტენსივობა. დღეს უმნიშვნელოვანესია არა განცხადებები, არამედ ის, თუ რა კეთდება... თუ მაინცდამაინც განცხადებებზე მიდგება საქმე, უნდა იყოს ხელისუფლების მკაფიო პოზიციის გამომხატველი, რომ მსგავსი კონტრაბანდისტული არხის საქართველოს ტერიტორიაზე გაჭრა გამორიცხულია და რომ ეს უმკაცრესად გაკონტროლდება”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“მინდა გითხრათ, რომ გავა ხანი და უკვე აღარავის ემახსოვრება, თუ რატომ არ ჩავიდა შალვა პაპუაშვილი ბუჩაში, ან რატომ გამოაცხადა საქართველომ, არ ვუერთდები სანქციებსო, როდესაც რეალურად სანქციების ნაწილს უკვე შეერთებულია, თუმცა შეეძლო ამ მიმართულებით კიდევ გაეკეთებინა სხვა რამ. მეხსიერებაში დარჩება მხოლოდ ის, რომ უკრაინა ეომებოდა ბოროტების იმპერიას, ამ ომში მის გვერდით იდგა ცივილიზებული სამყარო, მთელი დასავლეთი, ბუჩასა და სხვა ქალაქებში ჩადიოდნენ ევროკავშირის ხელმძღვანელობა, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი და სხვა დასავლური ქვეყნების პირველი პირებიც, მაგრამ მათ შორის არ იყვნენ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პარტნიორის, მეგობარი ქვეყნის, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები.ეს მოწვევა მარტო პაპუაშვილს კი არ გამოუგზავნეს, ის გაეგზავნა ყველა ქვეყნის პარლამენტის ხელმძღვანელობას. სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები ჩადიან უკრაინის მხარდასაჭერად და სოლიდარობის გამოსაცხადებლად, საქართველომ კი ეს არ გააკეთა”, - თვლის ექსპერტი.

“ვერავინ დამარწმუნებს, რომ ვინმეს სიამოვნებს ზელენსკის საყვედურები, ისეთი მკაცრი კილო, როგორითაც ელაპარაკება დასავლელ პოლიტიკოსებს თუ საერთაშორისო ორგანიზაციებს. მოვისმინეთ მისგან მწვავე კრიტიკა აშშ-ის კონგრესში, გერმანიის პარლამენტში თუ გაეროს ტრიბუნიდან, მაგრამ ამის გამო მას არავინ გაბუტვია.ზელენსკის განცხადებები ბევრს არ სიამოვნებს, მაგრამ დღეს საკითხი დგას ძალიან მარტივად - ან დგახარ სიმართლის მხარეს და ებრძვი ბოროტების იმპერიას, ან სიმართლის წინააღმდეგ გამოდიხარ. ამგვარი პოზიციის დაკავება - მე ამ დაპირისპირებაში არ ვერევიო, უკვე შეუძლებელია. შუაში დგომა დღეს არ გამოვა, რადგან სამყაროს წინაშეა ძალიან მკვეთრი არჩევანი, რომლის ერთ მხარესაც არის ნამდვილი ბოროტება, რომელიც ყოველდღიურად იღებს სულ უფრო ამორალურ და საზიზღარ სახეს, რეჟიმი, რომელიც აღიარებულია საერთაშორისო დამნაშავედ, და მეორე მხარეს არის დასავლური სამყარო, რომლის ნაწილიც გვსურს გავხდეთ, ყოველ შემთხვევაში, ამას ვამბობთ... ბოლოს და ბოლოს, უნდა გავიგოთ, რომ სამყარო დღეს, ფაქტობრივად, ეგზისტენციალური არჩევნის წინაშე დგას და სად იქნება საქართველო, ეს ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია. შესაბამისად, სრულიად უმნიშვნელოა, ვის რატომ არ მოსწონს ზელენსკის გადაწყვეტილებები თუ ბუჩაში მისაპატიჟებლად გამოგზავნილი მოწვევის წერტილ-მძიმე...” - მიიჩნევს თენგიზ ფხალაძე.

“კრემლის პირველი გეგმა რომ სრულად ჩავარდა, ეს უკვე სავსებით ცხადია. ამან მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია თვითონ რუსეთშიც. მაგალითად, ახლახან შეცვალეს უკრაინაში ე.წ. სამხედრო ოპერაციის ხელმძღვანელი და ახალი გენერალი დანიშნეს. მანამდე საფუძვლიანი წმენდა ჩატარდა უსაფრთხოების სპეციალურ სამსახურსა და სხვა სპეცსამსახურებშიც და ეს უთუოდ გაგრძელდება. ამ პირველი მარცხის შემდეგ იმდენად გაზარდა პუტინმა ფსონი უკრაინაზე, რომ მარცხი მისთვის ყველაფრის დაკარგვას ნიშნავს. ამიტომ ცდილობს ახლა სულის მოთქმას და გადაჯგუფებას იწყებს. იმავდროულად, რუსეთს უკვე ძალიან მძიმე ტვირთად აწვება სანქციები და რაც დრო გავა, წნეხი უფრო საგრძნობი იქნება. ეს უპირველესად შეეხება სწორედ სამხედრო მრეწველობას. ბრძოლის გაგრძელებას სჭირდება რესურსი, რომელზე წვდომასაც დასავლეთი რუსეთს მაქსიმალურად უზღუდავს. მიუხედავად კრემლის მტკიცებისა, რუსეთი თვითკმარი სახელმწიფოაო, ნამდვილად ასე არ არის. მისი სამხედრო-ტექნიკური კომპლექსი უამრავ რამეს საჭიროებს ისეთს, რაც უცხოეთიდან უნდა შევიდეს. ამ ყველაფრის გადაკეტვამ რუსეთი ძალიან რთულ დღეში ჩააგდო. ქვეყნის ხელმძღვანელობა, პუტინი, ამას კარგად ხედავენ და გზებს ეძებენ მდგომარეობიდან გამოსასვლელად”, - ამტკიცებს რესპონდენტი.

“ახლა კრემლის სტრატეგია ასეთია: გადააჯგუფოს ძალები და თავი მოუყაროს იქ, სადაც, მათი აზრით, უკეთესი პოზიციები აქვთ, იგულისხმება ლუგანსკი და დონეცკი. სავარაუდოდ, ეცდებიან, რომ შეტაკებებში ცოცხალი ძალით უფრო ნაკლებად შევიდნენ და უფრო გამოიყენონ საჰაერო დაბომბვა. ამიტომ არის ასეთი მნიშვნელოვანი უკრაინისთვის ანტისარაკეტო და საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება. პუტინი შეეცდება ომი რაც შეიძლება გააჭიანუროს, რადგან იმედოვნებს, რომ უკრაინა დაიქანცება და დანებდება.რუსეთს რომ უკრაინაზე მეტი რესურსი აქვს, გასაგებია, მაგრამ უმნიშვნელოვანესია ის დახმარება, რასაც დასავლეთი უწევს უკრაინას სწორედ იმისთვის, რომ ამ მებრძოლ ქვეყანას რესურსი არ ამოეწუროს. ეს არის როგორც ფინანსური და ეკონომიკური, ასევე სამხედრო დახმარება. უმნიშვნელოვანესია ახალ-ახალი სანქციების დაწესებაც. საფრანგეთმა განაცხადა უკვე, რომ მზად არის მთლიანად აკრძალოს ნავთობის იმპორტი რუსეთიდან. ბაიდენმა უკვე ხელი მოაწერა კანონს რუსეთიდან ენერგორესურსების იმპორტის აკრძალვის თაობაზე. მოკლედ, წნეხი უფრო და უფრო გაიზრდება. ახლა გაზაფხულია, ანუ ზამთრამდე, რომელსაც რუსეთი ბუნებრივ მოკავშირედ მიიჩნევს, რადგან გაზზე მოთხოვნა იზრდება, დიდი დროა და ვფიქრობ, ევროპა მოახერხებს გაზის მარაგის შევსებას”, - განმარტავს ექსპერტი.

“სხვათა შორის საქართველოსაც ადვილად შეუძლია უარი თქვას რუსულ გაზზე, რომელიც ჩვენი ბაზრის სულ რაღაც 5-10%-ს იკავებს. მისი ჩანაცვლება შესაძლებელია აზერბაიჯანული გაზით, რაც არა მარტო ძალიან სერიოზული პოლიტიკური ჟესტი იქნებოდა, არამედ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯიც ჩვენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მაგრამ ამას პოლიტიკური ნება სჭირდება... რუსეთი ახლა ცდილობს როგორმე გააჭიანუროს ომი და დაქანცოს მსოფლიოც და უკრაინაც. დარწმუნებული ვარ, ეს არ გამოუვა რამდენიმე მიზეზის გამო და მათ შორის უმთავრესია უკრაინის შეუპოვრობა, ასევე დასავლეთის უდიდესი დახმარება, რომელსაც მომავალშიც მიიღებს და რაც მთავარია, ცივილიზებული მსოფლიოს ერთიანი აზრი რუსეთზე, რომ მას მართავს სამხედრო დამნაშავე რეჟიმი, რომელმაც პასუხი უნდა აგოს. მსოფლიო ვეღარ აიტანს, არ შეეგუება კიდევ ერთ გაყინულ კონფლიქტს. პუტინს და მის რეჟიმს ნამდვილად მოუწევთ პასუხის გება დანაშაულებისთვის. უკვე ძალიან ნათლად ითქვა, რომ მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტა უკრაინაში საკმარისი არ იქნება რუსეთისთვის სანქციების მოსახსნელად”, - დაასკვნის ფხალაძე და შეკითხვაზე - “ჯერ ბუჩაში და შემდგომ კიევში ჩასულმა ევროკომისიის პრეზიდენტმა ზელენსკის ხელიდან ხელში გადასცა უკრაინას ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარი. როგორც ცნობილია, ამგვარ კითხვარს საქართველო 11 აპრილს ჩაიბარებს...” - პასუხობს:

“უკრაინის საკითხი განსაკუთრებულია. შეუძლებელია ამ ქვეყანას დღეს მიუდგე იმ ტრადიციული პროცედურით, რომელიც აქამდე მოქმედებდა. ეს პროცედურა შექმნილია იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ვითარდებიან მშვიდობიან პერიოდში და შესაბამისად, აქცენტი კეთდება ეკონომიკის მიღწევებზე, რეფორმებზე და ა.შ. ომში მყოფ ქვეყანას ამის შესრულებას ვერავინ მოსთხოვს. ვფიქრობ, უკრაინის მიმართ იქნება განსაკუთრებული მიდგომა. რამდენად სწრაფად მოხდება ეს, რთული სათქმელია, მაგრამ უკრაინას აქვს შანსი, რომ მართლაც დაჩქარდეს მისი ინტეგრაცია ევროპულ ოჯახში. სავარაუდოდ, ძალიან მალე უკრაინა მიიღებს კანდიდატის სტატუსს. როგორ განვითარდება მოვლენები შემდგომ, დიდწილად დამოკიდებული იქნება რუსეთ-უკრაინის ომსა და იმაზე, როგორ გაგრძელდება უკრაინაში ცხოვრება. მინდა გითხრათ, რომ ძალიან სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს უკრაინისთვის ე.წ. მარშალის ახალ გეგმაზე. რაც შეეხება საქართველოს, აშკარაა, რომ ჩვენი პარტნიორები ჩვენს მიტოვებას არ აპირებენ - მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ხელისუფლება გვიმტკიცებს, ყველაფერი კარგად არისო, აშკარაა, რომ საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებსა და საფრთხეებს ჩვენი პარტნიორები უკეთესად ამჩნევენ”.

“დღეს, როდესაც რუსეთი ასეთი აგრესიულია და აგერ ცხინვალის რეგიონის რუსეთთან შეერთებაზე დაიწყო ლაპარაკი, რეფერენდუმის ჩატარებასაც კი გეგმავენ, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ჰქონდეს საერთაშორისო მხარდაჭერა.როგორც უკვე ვთქვით, მსოფლიოში ბევრი რამ იცვლება და უახლოეს მომავალში კიდევ შეიცვლება, მაგრამ სად ვიქნებით ამ შეცვლილ სამყაროში, ეს უმნიშვნელოვანესი საკითხია და თუ გვსურს ღირსეული ადგილი დავიკავოთ, ამას ძალიან დიდი მუშაობა სჭირდება. თუ ვინმე ელოდება, რომ ამას ლანგრით მორთმეულ საჩუქრად მიიღებს, ცდება. ეს შეეხება არა მარტო საქართველოს... უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა, რომელსაც ახლა აგებენ, შეიქმნება მათ შორის იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის გავლენა შესუსტდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აღარ ექნება აღარანაირი გავლენა, ამიტომ თუ არ გვინდა ისევ რუსეთის გავლენის სფეროში აღმოვჩნდეთ, ძალიან უნდა ვიაქტიუროთ და ბევრი ვიშრომოთ. ახლა მართლაც იღება შესაძლებლობის ის ფანჯარა, რომელზეც წლების განმავლობაში ვლაპარაკობდით. თუ ხელიდან გავუშვით, მერე ძალიან ძვირის გადახდა მოგვიწევს... ჩვენი პარტნიორები ამ შესაძლებლობების ფანჯარას აუცილებლად დატოვებენ ჩვენთვის ღიას, დანარჩენი დამოკიდებული იქნება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენზე. ჩვენი მეგობრები შანსს გვაძლევენ, მაგრამ ჩვენს გასაკეთებელს ვერავინ გააკეთებს”, - დასძენს თენგიზ ფხალაძე.

მიიღებს თუ არა საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს დაჩქარებული წესით

“საქართველო ევროკავშირის კითხვარის მოლოდინშია - გვაქვს თუ არა პერსპექტივა, რომ დაჩქარებული წესით მივიღოთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი? შესაბამისი კითხვარი უკრაინაში ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა პირადად ჩაიტანა და კიევში იმედი აქვთ, რომ კანდიდატის სტატუსს მაისში ან ივნისში მიიღებენ. რა შანსი აქვს ამ მხრივ საქართველოს? საქართველო და მოლდოვა, რომელთაც უკრაინის პარალელურად ასევე გააკეთეს ოფიციალური განაცხადები ევროკავშირის წევრობაზე, შესაბამის კითხვარებს 11 აპრილს სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარის, ოლივერ ვარჰეისგან მიიღებენ. მმართველი გუნდის ოპონენტები ამბობენ, რომ კითხვარის შევსების პროცესში ჩართული უნდა იყოს როგორც ხელისუფლება და ოპოზიცია, ასევე არასამთავრობო სექტორი”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით მიიღებს თუ არა საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს დაჩქარებული წესით.

“ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ საჭიროა გადაიდგას ნაბიჯები, რომელიც საქართველოს ევროპასთან მეტად დააახლოვებს. ევროკავშირთან ურთიერთობების ახალ ეტაპზე საუბრობენ მმართველ გუნდში. “ქართული ოცნების” წევრების განცხადებით, ეს ეტაპი ბევრი მიმართულებით რეფორმებს გულისხმობს, რაც იქნება ერთგვარი შეფასება იმ პროგრესის, რომელსაც ქვეყანამ უკვე მიაღწია. ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი “რეზონანსთან” ამბობს, რომ ევროკავშირის მხრიდან ერთბაშად ყველა კითხვის გამოგზავნა არ მოხდება და კითხვარის შევსება ეტაპობრივად მოხდება. ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ შესაძლოა ამან წლები გასტანოს და საქართველოს ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსი 3 წელში მიენიჭოს. მისი თქმით, ყველაფერი ჩვენზე იქნება დამოკიდებული”, - აღნიშნავს გამოცემა.

“მე მგონი ჩვენ 3 წელს არ უნდა გადავაჭარბოთ და სადღაც ამ დროში უნდა ჩავეტიოთ. „ქართული ოცნება“ ამ განაცხადის შეტანას 2024 წელს აპირებდა, ახლა კი გამოვა, რომ სამ წელიწადს მოვიგებთ. ღმერთმა ქნას, 3-4 თვეში მივიღოთ ეს სტატუსი, მაგრამ ეს ფანტასტიკა იქნება და ამით თავი არ უნდა მოვიტყუოთ. კარგი ისაა, რომ მოძრაობა დავიწყეთ. არ აქვს მნიშვნელობა ნელა ვიმოძრავებთ თუ სწრაფად. მთავარია ეს პროცესი დაიძრა და იმედი გაჩნდა. ასე მგონია უკრაინაზეც და ძალიან ეჭვი მეპარება, რომ მათ ეს სტატუსი ივნისში მიიღონ. მართალია ომში მყოფი ქვეყანაა, ყველა ეხმარება, მაგრამ ასე მარტივად სიტუაცია არ არის. ევროკავშირში გაწვერიანება ჯილდო არ არის. ეს არის კარგად გაწრილი და დაგეგმილი წესები, რომელსაც ყველა ქვეყანა უნდა მიჰყვეს. მე იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ შესაძლო საქართველო უკრაინაზე მალე გაწევრიანდეს კიდეც. ძალიან გამიხარდება, თუკი ისინი ამას მალე შეძლებენ, მაგრამ ეჭვი მეპარება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

“კანდიდატის სტატუსს საქართველო აუცილებლად მიიღებს. მოლოდინი ნამდვილად პოზიტიურია, მაგრამ დროში ცოტა გაიწელება. თუკი უკრაინას ჩვენზე ადრე მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი, გული არ უნდა გავიტეხოთ. შესაძლოა წევრი მათზე ადრე გავხდეთ. ეჭვი მეპარება, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი 2024 წლს არჩევნებამდე მივიღოთ. მაინც მგონია, რომ ევროკავშირი არჩევნებს დაელოდება. დააკვირდება ჩატარდება თუ არა დემოკრატიულად. ამასაც ალბათ გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება. ასევე მნიშვნელობას მიანიჭებენ ადამიანის უფლებების დაცვას. მაინც მგონია, რომ მოგვთხოვენ რატომ არ ვასრულებთ შარლ მიშელის შეთანხმებას. დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობას ძალიან დიდ მნიშვნელობას მიანიჭებენ. ყველაფერი ცალ-ცალკე იქნება შეფუთული და პასუხსაც ამის მიხედვით მოგვთხოვენ. ასი კითხვიდან ერთზეც რომ არ გავცეთ პასუხი, პრობლემები შეიქმნება”, - დაასკვნის ზაქარეიშვილი.

“სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის და ევროპული კვლევის ფონდის დირექტორის კახა გოგოლაშვილის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე ომი ევროკავშირის გადაწყვეტილებებზე და დღის წესრიგზე გავლენას ვერ მოახდენს. გოგოლაშვილი “რეზონანსთან” ამბობს, რომ ასეთი გადაწყვეტილების მიღება მყისიერად არ ხდება, რადგანაც ძალიან დიდი პროცედურებია საჭირო. ხოლო ეს პროცედურა ბიუროკრატიისთვის კი არ არის მოგონილი, არამედ იმისთვის, რომ ევროკავშირში არ მოხვდეს ქვეყანა, რომელიც მზად არ არის და არ შეუძლია ის ვალდებულებები შეასრულოს, რაც წევრ ქვეყანას ევალება. ამიტომ საკითხი არ დგას ისე, რომ რადგანაც უკრაინას უჭირს, ამის გამო კანდიდატ ქვეყნად სწრაფად დაასახელონ”, - დასძენს გამოცემა.

“თუ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მოგვანიჭეს, შემდეგ ევროკავშირის მხრიდან უფრო სერიოზული ანალიზი მოხდება. სანამ მოლაპარაკება დაიწყება, მთლიანად ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობას შეამოწმებენ და ევროკავშირის კანონმდებლობას შეადარებენ. გაარკვევენ რა მიმართულებით და რა დარგში არის გარღვევები. პროგრამას შეადგენენ და ევროკავშირის 35-თავიან კანონმდებლობას ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობასთან ერთად დეტალურად შეამოწმებენ. ყველა თავთან დაკავშირებით ცალკე მოლაპარაკებებს გამართავენ. ჩვენს ქვეყანას მოსთხოვენ, რომ ეს და ეს შეასრულოს. ხოლო ყოველ წელს ამ გავლილი თავების ანალიზი მოხდება - საკანონმდებლო თავის მიხედვით ჩვენმა ქვეყანამ სად რა პროგრესი აჩვენა. ქვეყანამ ერთი თავი თუ დახურა და დააკმაყოფილა, მერე ისევ ახალ თავს ხსნიან. ასე ნელ-ნელა მიჰყვებიან და ეს ყველაფერი დროს მოითხოვს”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კახა გოგოლაშვილი.

“მისივე თქმით, ილუზია არ უნდა შევიქმნათ, რომ ეს ყველაფერი რამდენიმე თვეში მოხდება. ამას წლები სჭირდება. ხორვატიის შემთხვევაში ამ პროცესს დაახლოვებით 8 წელი დასჭირდა. თურქეთი კანდიდატის სტატუსს უკვე ატარებს, მოლაპარაკებები 2005 წელს დაიწყო, მაგრამ ევროკავშირის წევრი ქვეყანა დღემდე არაა. თურქეთმა კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე მოთხოვნა 1987 წელს შეიტანა, კანდიდატის სტატუსი 1999 წელს მიიღო, მოლაპარაკებები კი 2005 წელს დაიწყო. იმის შემდეგ მოლაპარაკება ვერ დაამთავრეს, რაც ნიშნავს იმას, რომ კანონმდებლობის იმპლემენტაცია ბოლომდე ვერ მიიყვანეს. ამიტომ გოგოლაშვილს მაჩნია, რომ ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული”, - წერს სტატიის ავტორი.

ბადრი ჯაფარიძე - “ჩვენ შეგვიძლია ვამხილოთ “ოცნება” და მხარი დავუჭიროთ უკრაინელ ხალხს”

“ქვეყანაში სავალალო ვითარებაა, ქვეყანას მართავს ძალა, რომელმაც ქვეყნის მართვის მანდატი მიითვისა, მოიპარა. ყველა სხვა მავნებლობასთან ერთად, ახლა ცდილობს ჩვენს ძმურ ქვეყანასთან ურთიერთობაში პრობლემა შექმნას. “ქართული ოცნების” სამარცხვინო, რუსეთის საამებელი განცხადებების შედეგად საქართველო-უკრაინის ურთიერთობა ისედაც ძალიან დაბალ დონეზე იყო, პაპუაშვილის დემარშმა კი მეგობარ სახელმწიფოს კიდევ ერთი ლახვარი ჩასცა ზურგში. თურმე პაპუაშვილს ეწყინა, რომ ღარიბაშვილის ყოვლად გაუგონარმა განცხადებებმა უკრაინის ხელისუფლების დამსახურებული კრიტიკა გამოიწვია. “ქართული ოცნებისთვის” შეურაცხმყოფელი აღმოჩნდა უკრაინის დაზვერვის ინფორმაცია, რომ რუსეთი საქართველოს გამოყენებას ცდილობს სანქცირებული ტვირთების გადასატანად. წესით, ჩვენი ქვეყნის თავდაცვა უნდა დაჰკავშირებოდა რუსულ იმპერიასთან უთანასწორო ომში მყოფი მეგობარი ქვეყნის დაზვერვის სამსახურს და გაერკვია, რა იდგა ამ განცხადების უკან. ამის ნაცვლად “ქართული ოცნებისგან” ვისმენთ ქედმაღლურ განცხადებებს - მტკიცებულებები დაგვიდონ ან ბოდიში მოგვიხადონო”, - აცხადებს “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ჩვენ შეგვიძლია ვამხილოთ “ოცნება” და მხარი დავუჭიროთ უკრაინელ ხალხს”.

“შორს რატომ მიდიან, თავად არ განაცხადეს, საქართველო არ შეუერთდება სანქციებსო?! ეს ხომ თავისთავად აძლიერებს ეჭვს, რომ საქართველომ შეიძლება არ შეზღუდოს ორმაგი დანიშნულების რეექსპორტი? იმისთვის, რომ ლეგიტიმური ეჭვი გავუქარწყლოთ მეგობარ სახელმწიფოს, საჭიროა საქართველოს მთავრობამ მიიღოს ოფიციალური გადაწყვეტილება და შეიზღუდოს ჩვენი ქვეყნის გავლით ისეთი ორმაგი დანიშნულების ტექნიკის გატარება, რომელიც სანქცირებულია და აკრძალულია ევროკავშირის მიერ. ჩვენ კარგად უნდა გავაანალიზოთ, რა ხდება ახლა. ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები მიმდინარეობს, რაც აუცილებლად აგრესორი სახელმწიფოს დასუსტებითა და დამარცხებით დასრულდება. სანქციები, რომლებსაც მუდმივად აწესებენ ევროკავშირი და შეერთებული შტატები, საბოლოო განაჩენი იქნება აგრესორი სახელმწიფოსთვის. ძალიან ცდებიან ისინი, ვისაც ჰგონიათ, რომ სანქციებს და შეზღუდვებს შედეგი არ მოჰყვება. საფრთხის წინაშე გვაყენებს ის, რომ საქართველო სანქციებს ფორმალურად არ შეუერთდა. ახლა საკმარისია ერთმა სანქცირებულმა პირმა, ორგანიზაციამ ან კომპანიამ საქართველოში მუშაობა დაიწყოს, რომ სანქციები ჩვენს ქვეყანაზეც გავრცელდეს. ჩვენ “ქართულ ოცნებას” არ მივცემთ იმის საშუალებას, რომ უკრაინისა და საქართველოს ურთიერთობა გააფუჭოს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ბადრი ჯაფარიძე.

“ამ ხელისუფლებამ მორალის ყველა ზღვარი გადალახა, ფსკერი გახვრიტა. ენას ძვალი არა აქვს - ჩვენგან ომის მოწოდება ვინ მოისმინა?! პირიქით, ხელისუფლებას მოვუწოდებთ ერთად ვიმოქმედოთ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, თავდაცვისუნარიანობა განვამტკიცოთ და სტრატეგიულ პარტნიორებთან უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლოთ, რათა აგრესორ რუსეთს ქვეყანაში შემოჭრის ცდუნება არ გაუჩნდეს. სინამდვილეში, ვინც მართლა ომის პროპაგანდას ეწევა, მათ “ოცნება” არც აკრიტიკებს. ყველაფერი ხელისგულზეა, პროდასავლური ოპოზიცია, მათ შორის “ლელო”, გამუდმებით ქვეყნის უსაფრთხოებასა და თავდაცვისუნარიანობის გაზრდაზე ზრუნავს. ამ დროს არიან ორგანიზაციები, რომლებიც რუსული აგრესიული პროპაგანდის ტირაჟირებას სხვადასხვა ჯგუფის, პარტიისა და მედიის საშუალებით პირდაპირ, დაუფარავად ახდენენ და ამას ხელს არავინ უშლის”, - განაგრძობს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “თქვენ რაში ხედავთ გამოსავალს, ხელისუფლებაში რომ იყოთ, რას გააკეთებდით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად?” - პასუხობს:

“ისეთ ვითარებაში, როგორშიც ახლა საქართველოა, ყველაზე სწორი რეაქცია იქნებოდა თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება და დასავლელი პარტნიორების გვერდით ყოფნა. ვინაიდან ხელისუფლება ამაზე არ ფიქრობს, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საკანონმდებლო ინიციატივებითა და უკრაინელი ძმების მხარდაჭერით შევამციროთ ის ზიანი, რომელსაც “ოცნება” აყენებს სახელმწიფოს. ჩვენ არ გაგვაჩნია საიმისო ბერკეტები, რომ საქართველომ ის ნაბიჯები გადადგას, რასაც ჩვენგან ელის საერთაშორისო საზოგადოებრიობა, მაგრამ შეგვიძლია ვამხილოთ “ოცნება” და მხარი დავუჭიროთ უკრაინელ ხალხს. საზოგადოებაც უნდა გააქტიურდეს და გამოვიყენოთ ევროკავშირში გაწევრების უნიკალური საშუალება”.

“ხელისუფლების ორმაგი თამაში განპირობებულია იმით, რომ კარგად იციან ხალხის მისწრაფება ევროპულ ოჯახში ინტეგრაციისკენ და ამიტომ უჭერენ მხარს სიტყვიერად დეკლარირებული კურსის გაგრძელებას, საქმით კი იმას აკეთებენ, რაც რუსეთის ინტერესებში შედის. რუსეთის გაღიზიანებას იწვევს ყველაფერი, რაც საქართველოს სუვერენიტეტს და თავისუფალ არჩევანს უკავშირდება. “ოცნების” არგაღიზიანების სამარცხვინო პოლიტიკამ რუსეთს ე.წ. სამხრეთ ოსეთში რეფერენდუმის ჩატარების ცდუნება უკვე გაუჩინა - ეს არის მოსკოვის პასუხი “ოცნების” კაპიტულანტურ პოლიტიკაზე. რაც მეტს დავუთმობთ, მით უფრო მეტი ცდუნება გაუჩნდება, ასეთია იმპერიის ბუნება. ამიტომ ჩვენი ერთადერთი ხსნა არის ევროსტრუქტურებში ინტეგრაცია. ახლა მაქსიმალურ ზეწოლაში უნდა გვყავდეს “ოცნება”, რომ კითხვარი, რომელიც ჩამოვა, სწრაფად იქნეს შევსებული. სამწუხაროდ, ვერ ვიტრაბახებთ ინსტიტუციური განვითარებით, დემოკრატიის ხარისხით, მაგრამ უნიკალური შანსი გვაქვს და ხელიდან არ უნდა გავუშვათ. ამ კითხვარის მიღებით საქართველო ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელოვან ეტაპზე გადავა. ძალიან ბევრი ბრძოლა და მუშაობა მოგვიწევს ხალხთან, სამოქალაქო სექტორსა და პროდასავლურ ოპოზიციასთან ერთად”, - დასძენს ბადრი ჯაფარიძე.

უკრაინაში გადამწყვეტი ბრძოლა იწყება - ანალიტიკოსები გენერალური შეტევის სავარაუდო თარიღსა და სცენარს ასახელებენ

“კვირაზე მეტი ხნის შედარებით სიმშვიდის შემდეგ, უკრაინის აღმოსავლეთში ახალი სისხლისმღვრელი ბრძოლებისთვის ემზადებიან. რუსების ახალი ფართომასშტაბიანი შეტევის დაწყების თარიღად 13-14 აპრილი სახელდება. ანალიტიკოსთა შეფასებით, ეს იქნება გარდამტეხი ბრძოლა, რომელიც, სავარაუდოდ, ომის ბედს გადაწყვეტს და თავისი მასშტაბით მე-2 მსოფლიო ომის დროინდელ სამხედრო დაპირისპირებებს გაუტოლდება. სამხედრო ექსპერტები აცხადებენ, რომ ძალების გადაჯგუფების დასასრულებლად რუსებს კიდევ 2-3 დღე სჭირდებათ. უკრაინის ტერიტორიაზე მყოფი სამხედროების გარდა, უკრაინის მოსაზღვრე რეგიონებში მათ 50 ათასიანი სამხედრო კონტიგენტი ჰყავთ მობილიზებული. ახალი ბრძოლებისთვის მზადებას ასრულებენ უკრაინელებიც, რომლლებიც მძლავრ თავდაცვით ხაზს ქმნიან, ქვეყანაში მობილიზაციის მესამე ტალღა გამოაცხადეს, კიევის ჩერნიგოვისა და სუმის ოლქებიდან გამოთავისუფლებული ნაწილები აღმოსავლეთისკენ გადაისროლეს და დასავლეთ უკრაინაშ ახალი ოპერატიულ რეზერვს ქმნიან”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით უკრაინაში გადამწყვეტი ბრძოლა იწყება - ანალიტიკოსები გენერალური შეტევის სავარაუდო თარიღსა და სცენარს ასახელებენ.

“ანალიტიკოსთა შეფასებით, ამ კვირაში დაწყებული ახალი საბრძოლო ოპერაცია იქნება ომის მეორე და გაცილებით სისხლისმღვრელი ფაზა, რომელიც შესაძლოა ორ თვემდე გაგრძელდეს. უკრაინის სამხრეთით ქალაქ იზიუმისკენ მიმავალი 13 კილომეტრიანი რუსული სამხედრო კოლონა, რომელიც სატელიტურ სურათებში ჩანდა და რომელიც დიდი ალბათობით პუტინს მეორე ფაზისთვის ჰყავდა გადმოსროლილი, უკრაინულმა სამხედროებმა გაანადგურეს. ამასთან, 10 აპრილის ღამეს დონეცკის, ლუგანსკის და ხარკოვის რეგიონები იბომბებოდა. რუსეთის ძალებმა ჯამში უკრაინის რამდენიმე რეგიონში 66 საარტილერიო შეტევა განახორციელეს, ხარკოვის ოლქის გუბერნატორის ინფორმაციით, ქალაქ დერგაჩიში სარაკეტო თავდასხმის შედეგად ორი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა. ახლა ძირითადი ბრძოლები ხარკოვსა და მარიუპოლშია. თუმცა როგორც ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაცია აცხადებს, რუსების მიერ ხარკოვისთვის ბრძოლა უკვე წაგებულია. უკრაინული მედიის ინფორმაციით, 9 აპრილს უკრაინელმა სამხედროებმა გაერთიანებული ძალების ოპერაციის ზონაში წარმატებით მოიგერიეს მოწინააღმდეგის რვა შეტევა და გაანადგურეს ოთხი ტანკი, რვა ჯავშანტექნიკა და შვიდი მანქანა, ასევე თვითმფრინავი და ოთხი უპილოტო საფრენი აპარატი”, - აღნიშნავს გამოცემა.

“რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში ომის წარმართვისთვის ახალი მეთაური, გენერალი ალექსანდრ დვორნიკოვი დანიშნა. რუსული მედია წერს, რომ დვორნიკოვმა მნიშვნელოვანი საომარი გამოცდილება მოიპოვა სირიაში რუსეთის ჯარების ხელმძღვანელის რანგში. კვირას რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსმა სამხედროებმა უკრაინული ბატალიონი “დნეპრის” შტაბი და ბაზა გაანადგურა. როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გენერალ-მაიორმა იგორ კონაშენკოვმა განაცხადა, შტაბი დნეპროპეტროვსკის რაიონის სოფელ ზვონეცკში მდებარეობდა. ადგილზე დარტყმა მაღალი სიზუსტის საზღვაო რაკეტებმა მიაყენეს. კონაშენკოვმა აღნიშნა, რომ უცხოელი მოხალისეები ბატალიონის ბაზაზე წინა დღეს მივიდნენ... როგორც სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია “რეზონანსთან” აღნიშნავს, შესაძლოა რუსეთმა უკრაინაში მეორე ფაზა მაქსიმუმ 15 აპრილამდე დაიწყოს, რისთვისაც ორივე მხარის დიდი მზადება შეინიშნება”, - განაგრძობს გამოცემა.

“ახლა უკვე სერიოზული ბრძოლები დაიწყება. რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა საკმაოდ გამოცდილი სარდალი ალექსანდრ დვორნიკოვი დანიშეს, რომელსაც სირიის კამპანიის და საქართველოს ომის დიდი გამოცდილება აქვს. რუსები მეორე ფაზის ოპერაციას სავარაუდოდ 13-14 აპრილიდან დაიწყებენ, რომელიც რამდენიმე ქვეფაზად დაიყოფა. რუსებს იოლი ბრძოლები არ ექნებათ და ალბათ ორ თვეს მაინც გაგრძელდება, მაგრამ მეორე ფაზისთვის საკმაოდ სერიოზულად ემზადებიან. ამერიკული დაზვერვის მონაცემებით, რუსეთის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიარაღებული ძალების გაცილებით მეტი კონცენტრაციაა, ვიდრე ეს 24 თებერვლამდე იყო. ამ ეტაპზე კურსკისა და როსტოვის მიმართულებით 40 საბატალიონო ტაქტიკური ჯგუფია გაერთიანებული, თითოეულ ბატალიონში 1000-1200 ადამიანია”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

“უკრაინელებს დონბასში საკმაოდ სერიოზული “მანერჰეიმის ხაზი”აქვთ, პლუს ხარკოვის, ნიკოლაევის და ოდესის აღება არცთუ ისე იოლია და რუსები ფიქრობენ, რომ დნეპრი აიღონ, თუ ეს მოახერხეს, შესაძლოა მერე კიევს სამხრეთიდანაც შეუტიონ. ამიტომაც ბრძოლის სიმძაფრე შესაძლოა მეორე მსოფლიო ომის დროინდელსაც შევადაროთ. ამას პლიუს შესაძლოა შეტევა ჩრდილოეთიდანაც დაიწყონ, როგორც 24 თებერვალს გააკეთეს. რა თქმა უნდა, უკრაინელები ამისთვის ემზადებიან. მობილიზაციის მესამე ტალღის ფარგლებში გაიწვიეს ყველა ის ადამიანი, ვინც სამხედრო კათედრა გაიარეს და პლიუს დასავლეთი სამხედრო ოლქში, რომლიც უკრაინის მთავარი სარეზერვო ბაზაა, სტრატეგიული რეზერვების მობილიზება ხდება. უკრაინამ დასავლეთიდანაც დამატებითი შეიარაღება მიიღო. ოდესაში ბრიტანული ბალისტიკური “ჰარპუნის” ტიპის რაკეტებია ჩამოტვირთული, რომელმაც შესაძლოა რუსეთის შავი ზღვის სამხედრო ფლოტის მოქმედებები სერიოზულად შეზღუდოს. ასევე ჩადის სხვა უფრო სერიოზული იარაღი, ვიდრე მანამდე აწვდიდნენ”, - თვლის რესპონდენტი.

“მეორე ფაზა შესაძლოა გაცილებით უფრო ფართომასშტაბიანი და სამწუხაროდ უფრო სისხლისმღვრელიც და დროში უფრო ხანგრძლივი იყოს. ცხელი წერტილები იქნება დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონები. ფრონტი ალბათ ნიკოლაევი-ოდესაშიც გაიხსნება. ასევე ცხელი წერტილი იქნება ხარკოვი და დნეპრი. არაა გამორიცხული, რომ რუსებმა კიდევ დამატებით ფრონტი გახსნან და ბელარუსიდან დასავლეთ უკრაინის მიმართულებით დაარტყან. უკრაინელებმა ომის პირველ ფაზას წარმატებით გაართვეს თავი, რომელიც “საბრძოლო ფრედ” დასრულდა, მაგრამ უკრაინელების გამარჯვებით, რადგან მათ გეოსტრატეგიული კვანძების შენარჩუნება შეძლეს - ესენია კიევი, ხარკოვი და სუმი. რუსები საკმაოდ სერიოზულად შეაკავეს ნიკოლაევის და ზაპოროჟიეს მიმართულებით და ტაქტიკური ინიციატივა მოიპოვეს სახმელეთო და საჰაერო ოპერაციების დროს, რაც პირველი ფაზის საკმაოდ სერიოზული გამარჯვებაა”, - განმარტავს ექსპერტი

“მეორე ფაზა იმაზე იქნება დამკიდებული, რა ძალით შევა რუსეთი ამ ფაზაში, ახალი მეთაური როგორი აღმოჩნდება უკვე ამ ომში. ასევე როგორ დახვდება უკრაინა და რა ტიპის მხარდაჭერა იქნება დასავლეთისგან. რუსები მეორე ფაზაში სავარაუდოდ საქართველოსთან ომის სტრატეგიას გამოიყენებენ. რუსეთმა პირველ ფაზაში სირიის მაგალითი გამოიყენა და ჩაუვარდა. საქართველოს მაგალითი ის იქნება, რომ უკრაინის შიდა ტერიტორიების ოკუპაციას შეეცდებიან, მართვის, ლოჯისტიკური და სხვა ტიპის ცენტრების განადგურებას შეეცდებიან, ასევე პირდაპირი შემტევი ოპერაცია ექნებათ, რომ უკრაინა შავი ზღვის აკვატორიიდან მოწყვიტონ. ცხრა მაისს კი პუტინი ისევ ეცდება, რომ თავის პროპაგანდით რუსი ხალხი რუსული ჯარის ე.წ. წარმატებაში დააჯეროს”, - დაასკვნის მაისაია.

“ჯიპას ასოცირებული პროფესორი და საგარეო პოლიტიკის ექსპერტი თენგიზ ფხალაძე კი “რეზონანსთან” აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში კრიტიკული და გარდამტეხი პერიოდი დაიწყება - რუსეთმაც რეორგანიზაცია და გადაჯგუფება განახორციელა, მაგრამ უკრაინა კიდევ უფრო ძლიერია, ვიდრე ეს პირველ ფაზაში იყო. “საიდუმლო არაა, რომ რუსული ძალები ჯგუფდებოდნენ. პუტინმა საბრძოლო ოპერაციის ახალი ხელმძღვანელი უკვე ოფიციალურად წარადგინა. გარდა ამისა, მან არა მხოლოდ გადაჯგუფება, არამედ სპეცსამსახურებში დიდი წმენდა განახორციელა, რადგან ის გეგმა, რომელიც რუსეთს ჰქონდა, ჩაფლავდა და სრული კრახით დასრულდა”, - თქვა ფხალაძემ, რომლის აზრით "ახლა მიდის გადაჯგუფება იმისათვის, რომ რაღაცა ტიპის წარმატებას მაინც მიაღწიონ", - დასძენს გამოცემა.

“უახლოეს პერიოდში საკაოდ კრიტიკული პერიოდი დაიწყება, მაგრამ დღეს უკრაინა კიდევ უფრო ძლიერია, ვიდრე ეს 24 თებერვალს იყო, როცა ომი დაიწყო. დღეს უკრაინას უპრეცენდენტო დახმარება აქვს და რაც მთავარია, ფსიქოლოგიური უპირატესობა მის მხარესაა. ამიტომაც დარწმუნებული ვარ, საერთაშორისო მხარდაჭერით, რუსეთზე ძალიან სერიოზული ზეწოლითა და იმ შემართბით, რასაც უკრაინა აჩვენებს, აუცილებლად გაიმარჯვებს. მეორე მსოფლიო ომის მერე, ევროპაში ასეთი ომი არ ყოფილა. რეალურად უკრაინაში მიდის, მაგრამ ესაა რუსეთის გამოუცხადებელი ომი მთელი ევროპისა და ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგ. ამიტომაც უკრაინას ცივილიზებული სამყაროს მხარდაჭერა აქვს. პუტინის რეჟიმისგან სისასტიკის გარდა რა თქმა უნდა არაფერს არ უნდა ელოდო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ძალისხმევა, რაც დღესაა და რაც მომავალში კიდევ გაიზრდება, ამ ბოროტების მანქანას აუცილებლად შეაჩერებს და ის რეჟიმი, რომელსაც დღეს სათავეში პუტინი უდგას, ჩადენილი დანაშაულებისთვის პასუხს აუცილებლად აგებს. მეორე მსოფლიო ომთან თუ რამე ანალოგი შეიძლება გავავლოთ, ალბათ უპირველეს ყოვლისა ის, რომ როგორც თავის დროზე ჰიტლერის რეჟიმი გასამართლდა, ასევე უნდა გასამართლდეს პუტინის რეჟიმიც”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თენგიზ ფხალაძე.

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ რუსეთი­ უკრაინაში მიაღწევს მიზანს, აუცილებლად დადგება ჩვენი ჯერი”

“რეგიონში არსებულ კონფლიქტში იმდენად სერიოზული აქტორები არიან ჩართული, რომ ჩვენი როლი და ფასი მიზერულია. ჩვენი ოპოზიცია იმისთვის კი არ მუშაობს, რომ არსებულ ვითარებაში საქართველო ღირსეულად წარმოჩნდეს, ცდილობს დასავლეთს აჩვენოს, რომ ხელისუფლება არაფერს აკეთებს. თავის მხრივ, ხელისუფლება ცდილობს ოპოზიცია “ომის პარტიად” წარმოაჩინოს და ეს შიდა მოხმარების საგნად გადააქციოს. გვესმის პრემიერის განცხადებები, რომელმაც ლამის უკრაინა დაადანაშაულა ომის დაწყებაში, როდესაც თქვა, რომ უკრაინა ისჯება და იჩაგრება. კონტექსტი ასეთი იყო - უკრაინა იმიტომ იჩაგრება და ისჯება, რომ ომის თავიდან არიდება ვერ შეძლოო”, - აცხადებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “თუ რუსეთი­ უკრაინაში მიაღწევს მიზანს, აუცილებლად დადგება ჩვენი ჯერი”.

“უცნაურია ოპოზიციის განცხადებებიც. ის ხელისუფლებისგან მეტ გახსნილობას მოითხოვს. კი, მაგრამ სად უნდა ვიყოთ გახსნილები?! საქართველო უერთდება ყველა იმ ინიციატივას, რეზოლუციას თუ დეკლარაციას, რომელთაც ჩვენი პარტნიორები იღებენ. კი, პრემიერმა თქვა, რომ საქართველო სანქციებს არ შეუერთდება, მაგრამ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ჩვენი ტერიტორიიდან რუსეთში არასდროს გავა სანქცირებული ტვირთები. ოპოზიცია არაფერს ამბობს იმაზე, რომ ხელისუფლება დასავლელი პარტნიორების ყველა ინიციატივას იზიარებს და იწყებს შავი ხვრელების ძიებას, თუ საიდან შეიძლება გადიოდეს სანქცირებული ტვირთები რუსეთში. ამ საკითხზე დეკანოიძის უკრაინის ტელევიზიით გაკეთებული განცხადება გამაოგნებელი იყო...”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ბახტანგ ძაბირაძე.

“ოცნება” უკვე დიდი ხანია ატარებს ე.წ. არგაღიზიანების პოლიტიკას, მაგრამ ცოტა ხნის წინ ბიბილოვის განცხადებაც მოვისმინეთ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დედარუსეთთან შეერთების თაობაზე და კრემლის აზრიც. ვერანაირი დათმობა და საამებელი განცხადებები ვერ შეცვლის რუსეთის იმპერიალისტურ ბუნებას. თუ კრემლში დასჭირდებათ სამხედრო ინტერვენცია საქართველოში, წამოვლენ კიდეც. ამ 30-წლიანი დამოუკიდებლობის განმავლობაში საქართველოს არც ერთი ხელისუფლება არ მოქმედებდა არსებული გეოპოლიტიკური ვითარების შესაბამისად. როდესაც გვეუბნებოდნენ, დინების საწინააღმდეგოდ მიდიხართო, ჩვენ ვპასუხობდით, დინებას მკვდარი თევზები მიჰყვებიანო; როდესაც გვირჩიეს, პროვოკაციას არ წამოეგოთო, ჩვენ ვთქვით, მაგათ ვინ ჰკითხავთო;­ ახლა მთელი დასავლეთი გაერთიანებულია, ჩვენც ამას მოგვიწოდებენ და ვამბობთ, არა, ჩვენ სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთო. ახლა რაშია პრობლემა? ჩვენი უსაფრთხოების გარანტია ხომ ყოველთვის დასავლეთის მხარდაჭერა იყო. ეს ნიშნავდა, რომ რუსეთი დასავლეთთან ურთიერთობის გაფუჭებას ერიდებოდა და ამიტომ ერიდებოდა საქართველოს აშკარა ინტერვენციას. დღეს რუსეთმა დასავლეთთან ურთიერთობაში ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა. დასავლეთმა რუსეთს უკვე ყველა ის სანქცია დაუწესა, რისი დაწესებაც­ შეიძლებოდა. პუტინი, ფაქტობრივად, სამხედრო დამნაშავედ გამოაცხადეს. ახლა არგაღიზიანების პოლიტიკა ვერ გვიშველის, ვეღარაფერი გვიშველის”, - დაასკვნის ექსპერტი.

“ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვითარდება პროცესები უკრაინაში, როგორ დამთავრდება ომი. ჩვენ დღეს უსაფრთხოების გარანტია აღარ გვაქვს. ამიტომ ხელისუფლების ვითომ ორმაგი თამაში შედეგს არ მოიტანს. თუ რუსეთი უკრაინაში მიაღწევს მიზანს, აუცილებლად დადგება ჩვენი ჯერი. ჩვენც წამოგვიყენებენ იმავე ულტიმატუმს და უარის შემთხვევაში ჩვენთანაც შემოიჭრება. ამისთვის მზადება უკვე დაწყებულიც უნდა გვქონდეს. მხოლოდ დასავლურ რეზოლუციებთან შეერთება არ არის საკმარისი. ჩვენ გვჭირდება გაცილებით აქტიური თანამშრომლობა იარაღისა და თავდაცვითი საშუალებების მისაღებად. თუ ამისთვის არ ვემზადებით, ესე იგი, მინდობილი ვართ უფალს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“არ გამოვრიცხავ, რომ უკრაინის დაზვერვას რაღაც ინფორმაცია აქვს, ოღონდ ხაზგასმით ვამბობ, ინფორმაცია და არა კონკრეტული ფაქტი. მეც არ გამოვრიცხავ, რომ რაღაც საუბრები ყოფილიყო საქართველოს ხელისუფლებასა და მოსკოვს შორის, ან მეორე პირებს შორის და უკრაინის თუ დასავლეთის დაზვერვამ­ ჩანაწერები მოიპოვა.­ თუ ეს მართლაც მოხდა, უკეთესიც კი იყო, რომ ეს უკრაინამ გაახმოვანა და არა დასავლეთმა. დღეს დასავლეთი ცდილობს შექმნას მასშტაბური ანტირუსული კოალიცია, შესაბამისად, ასეთი ინფორმაციის გახმაურება წამგებიანი იქნებოდა, უკრაინა კი დღეს ისეთ სიტუაციაშია, ბევრი რამ ეპატიება. ვხედავთ, როგორი მოთხოვნებით გამოვიდა ზელენსკი ევროპარლამენტში, ამერიკის სენატში,…ბოლოს კი ბუნდესტაგში, ფაქტობრივად, კედელთან მიაყენა მთელი გერმანია, ისინი კი ადგენენ და ტაში დაუკრეს”, - ამბობს ვახტანგ ძაბირაძე.

“დღეს უკრაინის დამარცხება-მოგებაზეა დამოკიდებული მთელი ევროპის უსაფრთხოება, მეტიც, ცივილიზაციის ბედი. შესაბამისად, დასავლეთისგან იმის თქმა, ვწუხვარ, უკრაინაში ხალხი რომ იღუპება, მაგრამ მე გაზის შეზღუდვის შიშით ვერაფერს ვიზამო, ცოტა არ იყოს, უხერხულია. გასაგებია, კომფორტი საჭიროა, მაგრამ, ადრე თუ გვიან, ამ პრობლემის მოგვარება შესაძლებელია, დაღუპულ ადამიანებს კი ვერავინ გააცოცხლებს. ამიტომაც ისმენენ ზელენსკის საყვედურებს დასჯილი ბავშვებივით. ჩვენი ხელისუფლება ამ მხრივაც გამონაკლისია - ზელენსკისთვის ტაშის დაკვრას ვინ ჩივის, იქით ადანაშაულებს ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტს. ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი რომ უკრაინის სოლიდარულია, ამაზე ღარიბაშვილის განცხადების შედეგად გამართული აქციებიც მეტყველებს, მაგრამ, მეორე მხრივ, ხალხი ცუდი მოლოდინის ტყვეობაშია, ქვეყანაში უკვე ომის შიშია დათესილი. შესაბამისად, უნდათ თუ არა, მაინც ხელისუფლებას უჭერენ მხარს. დარწმუნებული ვარ, რეფერენდუმი რომ ჩატარდეს ასეთი შეკითხვით: თანახმა ხართ თუ არა რუსეთს სანქციები დაუწესდეს, რის შედეგადაც ჩვენი ცხოვრება გაძვირდება, უმრავლესობა სანქციების დაწესებას დაუჭერს მხარს, მაგრამ თუ კითხვა ასეთი ფორმულირებით იქნება: მზად ხართ თუ არა უკრაინის მხარდასაჭერად ომში ჩასართველადო, მაშინ სხვაგვარ შედეგს მივიღებთ”, - ამტკიცებს ექსპერტი.

“რაც შეეხება რუსების სისასტიკეს მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ, რუსი ჯარისკაცი ყოველთვის სასტიკი იყო. უბრალოდ, ჩვენ გაყალბებულ ისტორიას გვასწავლიდნენ, თუნდაც მეორე მსოფლიო ომზე. ყველას გვაქვს ნანახი “ჯარისკაცის მამა”, სადაც რუსმა ჯარისკაცმა ვენახს ტანკით არ გადაუარა. ასეთი შემთხვევა სინამდვილეში რომ ყოფილიყო, რუსი ჯარისკაცი ვენახსაც გადაუვლიდა და ჯარისკაცის მამასაც ზედ მიაყოლებდა. რუსული არმია 1968 წელს ჩეხოსლოვაკიაში რომ შევიდა, პრაღა მიწასთან გაასწორა. კორპუსებს საძირკველში ესროდნენ ყუმბარსატყორცნებს, რათა მოსახლეობა მთლიანად მოყოლილიყო ნანგრევებში. რუსები სასტიკად მოქმედებდნენ ცხინვალსა და აფხაზეთშიც, უბრალოდ, ახლა მასშტაბია სხვა და ამიტომ არის მსოფლიო შოკში”, - დასძენს ძაბირაძე და შეკითხვაზე - “თქვენ რა გაძლევთ იმედის საფუძველს, რომ რუსეთი უკრაინაში დამარცხდება?” - პასუხობს:

“დღეს რუსეთი სრულ იზოლაციაშია. პოლიტიკის ისტორიიდან არ მახსენდება ფაქტი, როდესაც მთელ მსოფლიოს დაპირისპირებულ ერთ სახელმწიფოს გაემარჯვოს. გარდა ამისა, ეკონომიკური სანქციები ხვალ-ზეგ რუსეთს დიდ დარტყმას მიაყენებს. მთავარია, სანქციები არ მოიხსნას და რუსეთი ისე ჩამოიქცევა, როგორც თავის დროზე საბჭოთა კავშირი. რუსეთი იძულებული გახდება დათმობებზე წავიდეს და პუტინიც ჩამოშორდეს ხელისუფლებას. ჩემი აზრით, ეს ყველაფერი რუსული იმპერიალიზმის დამარცხებით დასრულდება და ჩვენც მოგვეცემა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საშუალება­ მშვიდობიანი გზით”.