ფრიდონ ფუტკარაძე - Chaerte.sca.ge თქვენთვის, მოქალაქეებისთვის შეიქმნა

ხულოს, შუახევის, ქედისა ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატი აჭარის უმაღლეს საბჭოში - ფრიდონ ფუტკარაძე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალის მოსახლეობას შეხვდა.
აჭარის უმაღლესი საბჭოს ცნობით, შეხვედრაზე მან უმაღლესი საბჭოს ახალ ვებპლატფორმაზე - Chaerte.sca.ge-ზე ისაუბრა.
„Chaerte.sca.ge თქვენთვის შეიქმნა და მისი საშუალებით ნებისმიერ მოქალაქეს სახლიდან გაუსვლელად შეუძლია: ელექტრონული პეტიციების წარდგენა, მხარდაჭერა, კანონპროექტზე კომენტარის გაკეთება, უმაღლესი საბჭოსთვის განცხადებით მიმართვა, საშვის ელექტრონულად მოთხოვნა, სხდომებზე დასწრება“, - განაცხადა ფრიდონ ფუტკარაძემ.
დეპუტატის განმარტებით, ახალი ვებპლატფორმით, რომელიც სრულადაა ადაპტირებული შშმ პირებისთვის, მოქალაქეებს სახლიდან გაუსვლელად შეუძლიათ: უმაღლესი საბჭოს წევრებთან შეხვედრის წინასწარ ჩანიშვნა, აჭარის ბიუჯეტის, სადეპუტატო კითხვების, პასუხების, უმაღლესი საბჭოს ცალკეული წევრების, კომიტეტების, უმაღლესი საბჭოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების ანგარიშების გაცნობა.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა - ნინო ნიჟარაძემ შეხვედრის მონაწილეებს მიმდინარე პროგრამებზე, სხვადასხვა სფეროში დანერგილ სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე მიაწოდეს ინფორმაცია, უპასუხეს მათთვის საინტერესო კითხვებს.
ფრიდონ ფუტკარაძის განცხადებით, მსგავსი შეხვედრები აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართება.

























