ამბროლაურში ოფთალმოლოგიური ოპერაციები ჩატარდა

ამბროლაურის მუნიციპალიტეტისა და თვალის მიკროქირურგიის ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯის“ ერთობლივი თანამშრომლობით, საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში, ამბროლაურში ოფთალმოლოგიური ოპერაციები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ამბროლაურის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, სამედიცინო აქციის ფარგლებში, ოპერაცია მუნიციპალიტეტებში მცხოვრებმა 27-მა პაციენტმა გაიკეთა. მსურველებს კატარაქტას ექსტრაქცია და ხელოვნური ბროლით ფაკოემულსიფიკაცია ჩაუტარდათ.
ოპერაციებს პროფესორი არსენ შურღაია, მთავარ ექიმ სოფიო იმედაშვილთან და დამხმარე მედ–პერსონალთან ერთად ატარებს.
აქციის ფარგლებში 11 აპრილს ოფთალმოლოგიური ოპერაციები ჩატარდა, 12 აპრილს კი მოსახლეობას უფასო კონსულტაციებით სარგებლობის საშუალება მიეცა.
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი ჯანდაცვის და სოციალური პროგრამები ხორციელდება. ასევე, პერიოდულად ადგილზე ტარდება სხვადასხვა სახის უფასო სამედიცინო კვლევები და ოპერაციები, რომლის ფარგლებშიც, მსურველებს საშუალება აქვთ მოწვეული, სხვადასხვა პროფილის სამედიცინო პერსონალის მომსახურებით ისარგებლონ," - აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა, ზვიად მხეიძემ.

























