ზაზა ფირალიშვილი - არავინ მოითხოვს ხელისუფლებისაგან ომში ჩართვას, მას მოეთხოვება, ისე მოიქცეს, რომ განცხადებებითა და ქცევით ქვეყნის პრესტიჟი არ შელახოს და რუსეთთან ფარული თანამშრომლობის შთაბეჭდილება არ შექმნას

უკრაინაში და უკრაინის ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე, სავარაუდოდ, როგორ განვითარდება პროცესები უკრაინაში, ასევე იმაზე, რას შეიძლება ნიშნავდეს უკრაინაში მიმდინარე პროცესებისადმი საქართველოს ხელისუფლების ხშირ შემთხვევაში გაუგებარი დამოკიდებულება, ასევე იმაზე, რამდენად „ინტერპრესნიუსი“ ფილოსოფოს ზაზა ფირალიშვილს ესაუბრა.
- ბატონო ზაზა, 47დღეა გრძელდება რუსეთის აგრესია უკრაინაში. რაც მეტი დრო გადის მით მეტს ვიგებთ ჩვენ და დანარჩენი მსოფლიო უკრაინაში რუსული აგრესიის სისასტიკესა და ვანდალიზმზე.
იმის გათვალისწინებით, რომ აშშ და ევროპა უკრაინის დასახმარებლად მაქსიმუმს აკეთებენ, აშშ-მ უკრაინისთვის ლენდ ლიზის განხორციელებაზე გადაწყვეტილება მიიღო, ბევრი თვლის, რომ ომის ბედი გადაწყვეტილია უკრაინის სასარგებლოდ. შესაძლოა, ასეც მოხდეს, მაგრამ ჯერჯერობით რაც ჩანს ისაა, რომ ომი უკრაინაში არც ისე მალე დასრულდება, როგორც ვარაუდობენ.
უკვე ცხადია, რომ გადამწყვეტი ბრძოლები დონბასისთვის წინაა. ისიც ცხადია, რომ რუსი ჯარი უბრძოლველად არც იმ ქალაქებიდან გავა, რომელიც დაკავებული აქვს, და არც ისაა გამორიცხული, რომ კრემლმა კიევის აღება კიდევ მოინდომოს.
მიუხედავად იმისა, რომ კრემლმა განაცხადა, რომ ახლა მისი ამოცანა დონბასზე სრული კონტროლის დამყარებაა, ისიც ცხადად ჩანს, რომ რუსეთს არა აქვს ნათქვამი რუსული სცენარით უკრაინის დენაციფიკაციაზე, რაც პრაქტიკულად უკრაინელების, როგორც ერის განადგურებას ნიშნავს.
რა გახდა მიზეზი იმისა, რომ მას შემდეგ რაც რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო, აშშ-მ და დასავლეთმა მიიღო გადაწყვეტილება დახმარებოდა უკრაინას, უკრაინის ხელისუფლებასა და უკრაინელ ხალხს, რომელიც აგრესორთან ბრძოლას შეუპოვრად აგრძელებს?
- დღეისათვის ერთი ცხადია - დასავლეთი უკრაინელთა ბრძოლის უნარმა აიძულა, თავისი ღირებულებების სიმაღლეზე დამდგარიყო. უკრაინული საზოგადოების ნება უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორი აღმოჩნდა, ვიდრე რუსული შეიარაღებაა.
უკრაინელების შემართებამ დასავლეთი გამოაფხიზლა თვლემიდან და იძულებული გახადა, ეღიარებინა, რომ ამ თვლემის შედეგად, თურმე მის წინაშე აღმოჩნდა რუსული ნეოიმპერიული რევანშიზმი თავისი ბოდვითი გეოპოლიტიკური პრეტენზიებით და კიდევ უფრო ბოდვითი იდეით, რომ რუსეთი მსოფლიო ზნეობის გადამრჩენი ქვეყანაა.
იძულებული გახდა, მთელი სიცხადით გაეაზრებინა ის, რაც თითქოს უნდა სცოდნოდა და რის შესახებაც უკვე დიდი ხანია აფრთხილებდნენ: რუსულ სულიერებისა და რუსული სამყაროს იდეებს ამოფარებული იმპერიალიზმი უკვე დიდი ხანია დანაშაულებს სჩადის არა მხოლოდ თავად თავის ქვეყანაში, არამედ მის გარეთაც. რომ რუსული იმპერიალიზმი არსადაც არ წასულა და თუ ის ადრე კომუნიზმის იდეას იყო ამოფარებული, დღეს ის სრულიად შიშვლად არის გამჟღავნებული. მოკლედ, უკრაინელებმა აიძულეს მსოფლიო, ეღიარებინა, რომ, თურმე, ბოროტებას ძალა მოუყრია და მას დათრგუნვით ემუქრება.
რუსული იმპერიალიზმი არსადაც არ წასულა და თუ ის ადრე კომუნიზმის იდეას იყო ამოფარებული, დღეს ის სრულიად შიშვლად არის გამჟღავნებული. მოკლედ, უკრაინელებმა აიძულეს მსოფლიო, ეღიარებინა, რომ, თურმე, ბოროტებას ძალა მოუყრია და მას დათრგუნვით ემუქრება
ყოველ ომს, ადამიანთა გაუბედურებასა და სიკვდილთან ერთად თან სდევს იდეალებისათვის თავდადების, ბოროტების დამარცხებისა და სამყაროს განახლების განწყობები. უკრაინელებმა მსოფლიოს შეახსენეს, რომ არსებობს ის, რისთვისაც სიკვდილისა და ნგრევის საფასურის გაღება გვიწევს, თუ ადამიანები გვქვია.
დღეს უკვე უეჭველია, რომ ომის თავიდან აცილება შეუძლებელი იყო. ორი ათეული წელია, პუტინი და მისი გარემოცვა რუსეთში საომარი განწყობების აკუმულირებას ახდენს. გაიხსენეთ, გიორგის ლენტით მსვლელობები, გაიხსენეთ, თუ როგორ ზრუნავდა პუტინი, მეორე მსოფლიო ომის ისტორია რუსეთის მოსახლეობას აღექვა, როგორც სულ ახლანდელი და უაღრესად აქტუალური რამ და არა როგორც წარსული.
თუ როგორ დაასეირნებდნენ სამხედრო ფორმებში გამოწყობილი დედები ჯავშანმანქანების ფორმის ეტლებით ბავშვებს;ე.წ. სამხედრო-პატრიოტული აღზრდის როგორი კულტივირება ხდებოდა რუსულ სკოლებში, ისიც გაიხსენეთ, რომ აღმოსავლეთის კურორტებზე ყოველ ცხრა მაისს მთვრალი რუსი ტურისტები როგორ დასდევდნენ საცემრად გერმანელებს, როგორ ემუქრებოდნენ, რომ საჭიროების შემთხვევაში კიდევ ერთხელ ასწავლიდნენ ჭკუას და ასე შემდეგ.
ომის ენერგიის აკუმულირება პუტინისტური მართვის აუცილებელი ელემენტია. შედეგი კი ისაა, რომ თუ ეს ენერგია არსებობს, ხანგამოშვებით მაინც სადღაც უნდა დაიხარჯოს.
იდეოლოგიურად პუტინიზმი დღევანდელი რუსეთისათვის ორ ფუნდამენტურ გარემოებას განასახიერებს - დასავლეთისაგან მენტალურ სიუცხოვესა და მის მიმართ ტრადიციულ შურს, ერთი მხრივ, და „ცივ ომში“ დამარცხების გამო შურისძიების წყურვილს, მეორე მხრივ.
პუტინი უკვე ჩვენი საუკუნის დასაწყისშივე „ცივი ომის“ კატეგორიებით უდგებოდა დასავლეთთან ურთიერთობას: გავიხსენოთ, სხვადასხვა ქვეყნების არჩევნებში ჩარევა, კიბერშეტევები, გაზპრომის მილიარდებით ნაყიდი დასავლური პოლიტიკური ისტებლიშმენტი, დოპინგით გამოკვებილი სპორტსმენებით მსოფლიოსათვის თავისი უპირატესობის დამტკიცების მცდელობები და ა.შ.
უკრაინის ომი ამ სტრატეგიის ლოგიკური გაგრძელებაა.
დასავლეთი დიდხანს არიდებდა თვალს რუსეთში მიმდინარე პროცესებს. იქ საკმაოდ ღრმად იყო გამჯდარი ილუზია, რომ საბჭოთა დიქტატურისაგან გათავისუფლებული რუსული საზოგადოება ნორმალური განვითარების გზას დაადგებოდა.
დასავლეთი დიდხანს არიდებდა თვალს რუსეთში მიმდინარე პროცესებს. იქ საკმაოდ ღრმად იყო გამჯდარი ილუზია, რომ საბჭოთა დიქტატურისაგან გათავისუფლებული რუსული საზოგადოება ნორმალური განვითარების გზას დაადგებოდა... ამგვარი ზერელე დამოკიდებულების შედეგებს ახლა ვუცქერთ
ჩეჩნეთის ომს, 2008 წლის ომს ჩვენთან და ა.შ. ბევრი აღიქვამდა, როგორც ერთგვარ დროებით სიძნელეებს, წარსულის რეციდივებს, რომელთა განკურნებაც დაყვავებით შეიძლებოდა. ის გაფრთხილება, რომელიც ძირითადად აღმოსავლეთი ევროპიდან გაისმოდა, უყურადღებოდ რჩებოდა. ამგვარი ზერელე დამოკიდებულების შედეგებს ახლა ვუცქერთ.
- შესაძლოა ვცდებოდე, მაგრამ, რაც ახლა უკრაინაში ხდება, ძალიან ჰგავს 100 წლის წინანდელ პროცესებს, რომელიც 1917 წელს რუსეთის იმპერიაში ხდებოდა. ვგულისხმობ მეფე ნიკოლოზ-2-ის დამხობის შემდეგ რუსეთში ბოლშევიკების ხელისუფლებაში მოსვლას და იმავე იმპერიის ტერიტორიაზე ბოლშევიკური, საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისათვის ბრძოლას.
პრეზიდენტმა პუტინმა ღიად თქვა, რომ მას არა სსრკ-ს აღდგენა, არამედ 1917 წლამდე არსებული რუსეთის იმპერიის საზღვრებში აღდგენა უნდა. არადა, ჩვენში ხშირადაც გაიგონებთ საუბრებსა და მსჯელობას იმაზე, რომ უკრაინაში ომის დაწყება პრეზიდენტ ზელენსკის ბრალია. მეტიც, მათი აზრით, მას უნდა მიეღო პრეზიდენტ პუტინის წინადადებები და ასე შემდეგ. იგი კარგი კლოუნი იყო და აჯობებდა, კლოუნად დარჩენილიყო.
არადა ვხედავთ, რომ უკრაინის „კლოუნი“ პრეზიდენტი დღევანდელი ცივილიზებული სამყაროს ნაწილის ლიდერადაა ქცეული და თუ მსოფლიო უსაფრთხოების სისტემაში სერიოზული ცვლილებები მოხდა, ეს უკრაინელი ხალხისა და პრეზიდენტ ზელენსკის დამსახურება იქნება.
რამდენად ჰგავს ის, რაც ახლა ხდება უკრაინაში რუსეთის იმპერიაში 100 წლის წინანდელ პროცესებს? თუ კი, რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ ჩვენი საზოგადოების ნაწილი უკრაინელ ხალხს ადამიანურად კი თანაუგრძნობს, მაგრამ ზელენსკის კრიტიკას არ ერიდება?
- მე სხვაგვარად ვიტყოდი - დღეს ევროპის მორალური ლიდერია არა ზელენსკი, არამედ უკრაინული საზოგადოება და ზელენსკი მის სიმბოლიზებას ახდენს. თუ არა უკრაინელების თავისუფლების სიყვარული და ბრძოლის უნარი, ვერავინ ვერაფერს გააკეთებდა. უკრაინელები დღეს მთელს სამყაროს ახსენებენ, რომ ისტორია ჯერ არ დამთავრებულა და რომ თავისუფლებისათვის ბრძოლა დღესაც ისეთივე აუცილებელია, როგორც - გუშინ.
მათ სიცოცხლე შეიტანეს იმ სამყაროში, ფუფუნებამ რომ საგრძნობად გააზარმაცა, სადაც იდეალები ფორმალურ იდეოლოგიურ ალგორითმებად იქცა, ხოლო ადამიანის თავისუფლებისა და თანასწორობის იდეალები პოლიტკორექტულობის დოქტრინათა სისტემად ჩამოყალიბდა.
ადრეც ვთქვი და გავიმეორებ: პოლონეთი, უკრაინა და ბალტიის ქვეყნები და საზოგადოებებს ევროპისათვის სიცოცხლის ჩაბერვა ძალუძთ და ისინი დღეს ამას აკეთებენ კიდეც. ჩვენც გვქონდა, და ჯერ კიდევ გვაქვს შანსი, ამ საქმეში მათ გვერდით ვმდგარიყავით.
ზელენსკის კრიტიკა სულაც არ მიმაჩნია დაუშვებლად. ნუ დავივიწყებთ, რომ ომის დაწყებამდე მისი ავტორიტეტი და რეიტინგი ძალზე იყო დაცემული და ბევრ შეცდომას უშვებდა. საბედნიეროდ, მას აღმოაჩნდა ბევრი ისეთი თვისება, რომელმაც ის ომის ვითარებაში ლიდერად აქცია.
უკრაინაში სამხედრო საქმეს განაგებენ უკრაინელი გენერლები და არა ზელენსკი და მათ სახელებს ომის დამთავრების შემდეგღა გავიგებთ.ყველაზე მნიშვნელოვანი, ამ სიტუაციაში ისაა, რომ ზელენსკიმ შეძლო, პირველ დღეებშივე საინფორმაციო ინიციატივა წაართვა პუტინს და ამ სივრცეზე უთუოდ გამარჯვებულია.
ზელენსკიმ შეძლო, რომ დაედუმებინა დასავლეთის ის პოლიტიკური მოღვაწეები, ვინც პუტინთან დიალოგის საჭიროებაზე ლაპარაკობდა. უფრო მეტიც, მან მიაღწია, რომ დასავლეთში ალაპარაკდნენ არა რუსული აგრესიის შეჩერებაზე, როგორც ადრე იყო, არამედ უკრაინის გამარჯვებაზე და ეს დასავლეთის სტრატეგიაში ძირეული გარდატეხის ნიშანია.
ზელენსკიმ შეძლო, რომ დაედუმებინა დასავლეთის ის პოლიტიკური მოღვაწეები, ვინც პუტინთან დიალოგის საჭიროებაზე ლაპარაკობდა. უფრო მეტიც, მან მიაღწია, რომ დასავლეთში ალაპარაკდნენ არა რუსული აგრესიის შეჩერებაზე, როგორც ადრე იყო, არამედ უკრაინის გამარჯვებაზე და ეს დასავლეთის სტრატეგიაში ძირეული გარდატეხის ნიშანია
ომი სრულიად განსაკუთრებული მდგომარეობაა. ომმა ზელენსკი, რომელიც საკმაოდ უფერული პოლიტიკოსი ჩანდა, გმირად აქცია, არისტოვიჩი, რომელიც სნობის თავმოწონებით აფრქვევდა უკრაინული საზოგადოების მიმართ ნიჰილიზმს, დღეს ანტიპუტინისტური საინფორმაციო ომის ავანგარდშია და საკმაოდ კარგად აკეთებს თავის საქმეს და ა.შ.
უნდა გავიგოთ, რომ უკრაინელების ბევრი არასასურველი განცხადება იმ მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობით არის გამოწვეული, რომელშიც ისინი იმყოფებიან. მათ ირგვლივ ხომ ყოველდღიურად ასობით ადამიანი იღუპება და სახიჩრდება.
ჩვენი ხელისუფლების ლოგიკით, დასავლელები სულ უნდა გაბუტვოდნენ მას, როდესაც იგი მათგან ზნეობრივ და სინდისისმიერ ქმედებას მოითხოვს ბიუროკრატული აზროვნების ნაცვლად. თანაც, როგორც ჩანს, ისინი არ იყვნენ სწორად ინფორმირებულები და იოლად დაიჯერეს ზოგი რამ, მითუმეტეს, რომ ამას ხელი შეუწყო ზოგმა გარემოებამ.
თუნდაც ის რად ღირს, რომ ჩვენი მთავრობის ერთმა წევრმა საჯაროდ გამოხატა კმაყოფილება, რუსეთისათვის დაწესებული სანქციების შედეგად სოფლის მეურნეობის განვითარების შანსი გვეძლევაო.
ამ დროს სიტუაციის უპირველესი წამალი დაპირისპირების დისკურსიდან გამოსვლა, სიმშვიდისა და რაციონალიზმის შენარჩუნება იქნებოდა. ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებმა კი მოახერხეს და გააკეთეს ყველაზე ცუდი, რისი გაკეთებაც შეეძლოთ - უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ უკრაინელებთან კინკლაობისა და პოლემიკის გზას დაადგნენ და „ნაცებთან“ ბრძოლის ასპარეზი კიევამდე გააფართოვეს. ისევ თავის საყვარელ გზას დაადგნენ და საერთაშორისო ასპარეზზეც ყურადღების „ნაცების ხრიკებზე“ გადატანა მოინდომეს.
ასეთი ქცევა ევროპული პოლიტიკური თუ, უბრალოდ, ყოფითი კულტურისათვის სრულიად მიუღებელი რამ არის და მომავალში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს იმაში, თუ როგორი დამოკიდებულება ექნებათ დასავლეთის წარმომადგენლებს ჩვენი ხელისუფლების მიმართ
ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებმა კი მოახერხეს და გააკეთეს ყველაზე ცუდი, რისი გაკეთებაც შეეძლოთ - უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ უკრაინელებთან კინკლაობისა და პოლემიკის გზას დაადგნენ და „ნაცებთან“ ბრძოლის ასპარეზი კიევამდე გააფართოვეს. ისევ თავის საყვარელ გზას დაადგნენ და საერთაშორისო ასპარეზზეც ყურადღების „ნაცების ხრიკებზე“ გადატანა მოინდომეს
ჩვენი საზოგადოება, მართლაც, ბევრს აკეთებს უკრაინელებისათვის. თუნდაც ის რამდენს ნიშნავს, როცა უკრაინაში, სხვა ქართველებთან ერთად, ჩვენი ყოფილი თავდაცვის მინისტრი, პარლამენტის ახლანდელი წევრი და წალენჯიხის მერი იბრძვიან.
როგორ დამოკიდებულებაც არ უნდა გვქონდეს ამ ადამიანები პოლიტიკური ორიენტაციისა თუ წარსულის მიმართ, მათ შეძლეს ის, რაც ბევრმა ვერ შეძლო. და ეს ბევრი კარგი რამ ჩვენი ხელისუფლების არაადეკვატური ქცევის გამო იკარგება. იკარგება ისიც კი, რასაც ისინი რეალურად აკეთებენ, როდესაც საერთაშორისო ფორუმებზე უკრაინას უპირობოდ უჭერენ მხარს.
- უკრაინასთან დაკავშირებით კრიტიკული განცხადებები საქართველოს ხელისუფლებისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა არა ერთი განცხადება გააკეთეს. ასეთი განცხადებები იმდენი გაკეთდა, რომელიმე კონკრეტულზე შეჩერება არ ღირს.
გასაგებია, რომ ახლა როცა ჩვენს ირგვლივ ტურბულენციის ხარისხი მნიშვნელოვნად გაზრდილია, ხელისუფლება რუსეთთან მიმართებაში სიფრთხილეს იჩენს, მაგრამ, გაუგებარი ისაა, რომ ჩვენი ხელისუფლება ერთი მხრივ აცხადებს, რომ უკრაინას უჭერს მხარს, მაგრამ ქმედებებით ხშირად გაუგებარია იგი ცივილიზებული სამყაროს მხარესაა, თუ აგრესორი რუსეთის.
ამის თქმის საფუძველს ის ქმნის, რომ თავად რუსეთმა შეიყვანა საქართველო რუსეთის მეგობარი ქვეყნების სიაში. ხელისუფლებამ თავად თქვა, რომ ახლა ბიზნესისთვის შანსია რუსულ ბაზარზე იაქტიუროს.
შორსა ვარ იმ აზრისაგან, რომ საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთში სამხედრო ტექნიკა შევიდეს, მაგრამ ფაქტია რომ იანვარ-თებერვლის მონაცემებით 104% გაზრდილია საქართველოდან რეექსპორტი. ვიდრე მარტის მონაცემები არ დაიდება, რთულია იმის თქმა, რომ რეალურად რა ხდება. მაგრამ, დამკვირვებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ „რასაც ახლა საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან მიმართებაში აკეთებს, უფრო კაპიტულაციაა და არა - მშვიდობისთვის მზადება.“
რატომ ცდილობს საქართველოს ხელისუფლება უკრაინიდან დისტანცირებას? რბილად რომ ვთქვათ, რატომ ავლენს აშკარად ნეგატიური დამოკიდებულებას? და რას შეიძლება ნიშნავდეს ის, რომ კრემლმა საქართველო მისი მეგობრების სიაში შეიყვანა?
- ზელენსკი ზოგჯერ საკმაოდ მძიმე განცხადებებს აკეთებს ევროპელი ლიდერების მიმართაც. ამ განცხადებებს ხშირად პრევენციული ხასიათი აქვს. შეიძლება ვცდები და არ მახსენდება ერთი შემთხვევაც კი, გარდა საქართველოსა და უნგრეთის შემთხვევებისა, რომ დასავლელ ლიდერებს პოლემიკა გაემართოთ მასთან.
მესმის, ძალიან ცუდად იკითხება უკრაინელების მოთხოვნა, რომ ჩვენი მხრიდან მეორე ფრონტი გაგვეხსნა რუსეთისათვის. ისინი ამას, ამა თუ იმ სახით, ნატოს ქვეყნებისგანაც მოითხოვდნენ. ამგვარ განცხადებებს ყველგან გაგებით ეკიდებიან უკრაინელთა მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობის გამო.
ომი არ არის ის „დრო და ადგილი“, სადაც ამგვარი რეაქციები და პოლემიკა დასაშვებია, თუ ცხადია, ამ პოლემიკასაც რუსეთისათვის თავის მოწონების მიზანდასახულება არა აქვს. სამწუხაროდ, სწორედ ასე შეიძლება იკითხებოდეს საერთაშორისო მეთვალყურეების თვალში ისიც, რომ „ოცნების“ ლიდერები უკრაინაში ვიზიტის პირობად „ნაცმოძრაობასთან“ ასოცირებული პირების თანამდებობებიდან გათავისუფლებას და უკრაინელების განცხადებების გამო ბოდიშის მოხდას მოითხოვენ. ვიმეორებ, ეს ხდება ომის დროს.
ძალიან მძიმეა ბრალდება, რომ ჩვენი გავლით რუსეთში სამხედრო დანიშნულების საქონელი შედის. ზელენსკი საინფორმაციო ომის ლოგიკით მოქმედებს და ხანგამოშვებით სჭირდება, მსოფლიოს შეახსენოს, რომ არსებობს საერთო საქმის ღალატის საშიშროება. ვიღაცის წყალობით ამ როლში ჩვენ აღმოვჩნდით.
ცხადია, ბრალდების მტკიცებულებები უნდა მოგვეთხოვა და მოვითხოვეთ კიდეც. როგორც ვიცი, პასუხი არ მიგვიღია. ამ ეტაპზე, ალბათ, მეტი აღარ არის საჭირო. ბევრი რამ ომის დამთავრების შემდეგ გახდება შესაძლებელი. პოლემიკის გაგრძელებით და დაპირისპირებით ჩვენ კიდევ უფრო ვაღრმავებთ ეჭვს.
ცხადია, ბრალდების მტკიცებულებები უნდა მოგვეთხოვა და მოვითხოვეთ კიდეც. როგორც ვიცი, პასუხი არ მიგვიღია. ამ ეტაპზე, ალბათ, მეტი აღარ არის საჭირო. ბევრი რამ ომის დამთავრების შემდეგ გახდება შესაძლებელი. პოლემიკის გაგრძელებით და დაპირისპირებით ჩვენ კიდევ უფრო ვაღრმავებთ ეჭვს
შეგახსენებთ, რომ სწორედ ამ დღეებში უკრაინის საგარეო უწყების წარმომადგენლებმა შეიარაღების მიწოდების შეფერხების გამო ფარსი უწოდა მთელს გერმანულ დახმარებას.
კიდევ ერთხელ ვიტყვი - უკრაინა დღეს ყოფნა-არყოფნის საზღვარზეა და მისი ხელისუფლების ბევრი განცხადება ამ პრიზმიდან უნდა აღვიქვათ.
უკრაინის ომის წყალობით ჩვენთვის ახლა გაცილებით მეტია ცნობილი, ვიდრე მანამდე. რუსეთის სპეცსამსახურებმა უკრაინაში ექვს მილიარდ დოლარამდე დახარჯეს, რათა პოლიტიკური და საზოგადოებრივი საყრდენები შეექმნათ.
რამდენადაც ცნობილი გახდა, რუსეთის გამოძიების ფედერალური სამსახურის 150 ოფიცერი იყო ამ საქმეში ჩართული. ბედად, მათ ამ თანხების უდიდესი ნაწილი მოიპარეს. არა მხოლოდ არ გამოვრიცხავ, დარწმუნებულიც ვარ, რომ ჩვენც არ მოგვაკლებდნენ „ყურადღებას“ და ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ბევრი ჩვენგანის ქმედებები ამ პრიზმაში იქნება დანახული და აღქმული.
როდესაც ლამის ენთუზიაზმით ამბობ უარს სანქციებთან მიერთებაზე, როდესაც შენი მინისტრი არანაკლები ენთუზიაზმით აცხადებს საჯაროდ, რომ ეს სანქციები ჩვენი სოფლის მეურნეობის განვითარების შანსია, როდესაც მთავრობის მეთაური ლამის ნიშნისმოგებით ლაპარაკობს იმაზე, თუ როგორ დაისაჯნენ უკრაინელები, ასეთი ბრალდებები შესაძლებელი ხდება და რუსებსაც თავისი მეგობარი ქვეყნების სიაში შეჰყავხარ. იმედი მაქვს, ამას მხოლოდ რუსული აგრესიის საქართველოზე გავრცელების შიშით აკეთებენ და არა რაიმე სხვა მიზეზით.
მაგრამ, თუ „ქართული ოცნება“ასე განაგრძობენ, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მათი საყრდენი სოციალური ბაზა პრორუსული იდეოლოგიის თუ რუსეთის მიერ დაფინანსებული პოლიტიკური ჯგუფები და მესამე რომის იდეის ქართველი ადეპტებიღა იქნებიან.
იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენი ხელისუფლების ქცევა მხოლოდ არასაკმარისი პოლიტიკური უნარებითაა გამოწვეული და რომ პარლამენტის თავმჯდომარეს მართლაც გულწრფელად სჯერა, რომ სანამ ბუჩაში ჩავა, უკრაინელებმა ბოდიში უნდა მოუხადონ.
თუ „ქართული ოცნება“ ასე განაგრძობენ, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მათი საყრდენი სოციალური ბაზა პრორუსული იდეოლოგიის თუ რუსეთის მიერ დაფინანსებული პოლიტიკური ჯგუფები და მესამე რომის იდეის ქართველი ადეპტებიღა იქნებიან
საკმარისი გახდა, ქვეყნის პრეზიდენტს მოემოქმედებინა ის, რაც უნდა მოემოქმედებინა, რომ მის წინააღმდეგ საკანონმდებლო ზომების მიღება დაიწყეს. დარწმუნებული იყავით, რომ საერთაშორისო დამკვირვებლებს არც ეს გამორჩენიათ.
ნამდვილად გული მწყდება ხელისუფლების იმ რამდენიმე წევრზე, ვისაც ათწლეულების განმავლობაში წესიერ და გონიერ ადამიანებად ვიცნობდი. არ მესმის, რა აიძულებს მათ, რომ პოლიკარპე კაკაბაძესეული კაკუტას, ქუჩარას და ტიტე ნატუტარის პოლიტიკურ დისკურსში მიიღონ მონაწილეობა.
არავინ მოითხოვს ხელისუფლებისაგან ომში ჩართვას. მისგან მხოლოდ იმას მოვითხოვთ, ისე მოიქცნენ, რომ თავისი განცხადებებითა და ქცევით ქვეყნის პრესტიჟი არ შელახონ და რუსეთთან ფარული თანამშრომლობის შთაბეჭდილება არ შექმნან.
- საქართველოს ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარი გადაეცემა. ხელისუფლება კი აცხადებს, რომ ყურადღებით გაეცნობა და დაიწყებს მასზე მუშაობას, მაგრამ ჯერ არ მოგვისმენია აპირებს თუ არა „ქართული ოცნება“ დაუბრუნდეს შარლ მიშელის შეთანხმებას.
მანამდე ბრიუსელში ნატოს მინისტერიალზე გასაგებად გვითხრეს რომ ნატო და მზადაა რუსული საფრთხეების თავიდან ასაცილებლად მოგვცეს დახმარება, მაგრამ ინიციატივა საქართველოს ხელისუფლებიდან უნდა წამოვიდესო.
რამდენად გაქვთ მოლოდინი, რომ ხელისუფლება ევროკავშირის კითხვარის შესრულებას დაიწყებს და აშშ-სა და ნატოსაგან საფრთხეების ასაცილებლად შეიარაღებას მოითხოვს?
- ხელისუფლებამ უკვე ბევრჯერ თქვა, რომ შარლ მიშელის დოკუმენტთან დაბრუნებას არ აპირებს. ვშიშობ, საქმე ისევ წვრილმანი დისკუსიების სიბრტყეზე გადავა. ეროვნული თანხმობისა და ფართო კონსენსუსის გარეშე კითხვარის გადმოცემა უშედეგოდ ჩაივლის. ზოგადი განცხადებები არაფერს ნიშნავს.
მხოლოდ იმედი შეიძლება გვქონდეს იმისი, რომ ისინი ბოლოს და ბოლოს მიხვდებიან ისტორიული მომენტის მნიშვნელობას და რომ დღევანდელი დღე ხელისუფლებისაგან პოლიტიკური აზროვნების სხვა სიმაღლეს მოითხოვს. გვსურს თუ არა, ისტორიამ სწორედ მათ დააკისრა ძალიან რთული გამოცდის ჩაბარება.
იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენი ხელისუფლების ქცევა მხოლოდ არასაკმარისი პოლიტიკური უნარებითაა გამოწვეული და რომ პარლამენტის თავმჯდომარეს მართლაც გულწრფელად სჯერა, რომ სანამ ბუჩაში ჩავა, უკრაინელებმა ბოდიში უნდა მოუხადონ
რაც შეეხება სამხედრო დახმარებას, ღმერთმა ქნას, ვცდებოდე და ახლანდელი ვითარებიდან გამომდინარე ჩვენი ხელისუფლება, ალბათ, ძნელად გაბედავს ფიქრს დასავლეთისაგან რაიმე სამხედრო დახმარების მიღებაზე. გაგახსენებთ, რომ გაცილებით უვნებელ ვითარებებში როგორ იხევდნენ უკან. მარტო იმის გახსენება რად ღირს, როგორ დაამუხრუჭეს საერთაშორისო პროექტები, როგორ ეცადნენ, ანაკლიის პორტის იდეა მარიხუანას ეკონომიკის იდეით ჩაენაცვლებინათ და ა.შ.
დღევანდელი დღე ხელისუფლებისაგან პოლიტიკური აზროვნების სხვა სიმაღლეს მოითხოვს. გვსურს თუ არა, ისტორიამ სწორედ მათ დააკისრა ძალიან რთული გამოცდის ჩაბარება
მაინც იმედი გვქონდეს, რომ საზოგადოების უპირობო მოთხოვნის შედეგად ხელისუფლება მიხვდება მომენტის უნიკალურობას. ეს ისეთი მომენტია, როდესაც დავიწყებული უნდა იქნას ყველა ადრინდელი უთანხმოება, წყენა და შიში, როდესაც სიტუაცია გავალდებულებს, რომ საკუთარ თავს აჯობო, უფრო გონიერი და თამამი იყო, ვიდრე ადრე შეგეძლო, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოვლენების პერიფერიაზე აღმოჩნდები შელახული ავტორიტეტით და დაკარგული პატივისცემით.
არც ისტორია და არც მომავალი თაობა არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ აპატიებს მათი მდარე კინკლაობის გამო დღეს ხელიდან გაშვებულ ისტორიულ შესაძლებლობას.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი

























