გორში ავტოსაგზაო შემთხვევისას რამდენიმე ავტომობილი დაზიანდა

გორში, წმინდა წყლის დასახლების ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.ეროვნული თავდაცვის აკადემიის სიახლოვეს, ერთმანეთს სამი ავტომანქანა შეეჯახა, სატრანსპორტო საშუალებების შეჯახების დროს, დაზიანდა აღნიშნულ ტერიტორიაზე მოძრავი მუნიციპალური სატრანსპორტო პარკის კუთვნილი სამგზავრო ავტობუსიც.
,,ერთ-ერთი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც დაზიანდა, ჩვენი ავტოპარკის კუთვნილი სამგზავრო ავტობუსი გახლავთ. სწორედ იმ დროს, როცა ჩვენი ავტობუსი მოძრაობის ყველა წესის დაცვით შესაბამის მანევრს აკეთებდა, ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი ორი სხვა ავტომობილი შეეჯახა, ერთ-ერთმა მართვა დაკარგა და იქვე მდგარი მესამე ავტომობილიც დააზიანა. ავარიის მონაწილე ერთმა ავტომობილმა ავტობუსის სარკე მოტეხა, რა დროსაც გვერდითა საქარე მინაც დაზიანდა“, - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ზურაბ ჯირკველიშვილმა.
მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ, მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.

























